x
მეტი
  • 29.09.2024
  • სტატია:137321
  • ვიდეო:351965
  • სურათი:511305
ბრაზილიის სოციალურ - ეკონომიკური და პოლიტიკური დახასიათება
ბრაზილიის მდებარეობადედაქალაქი: ბრაზილია
ოფიციალური ენა: პორტუგალიური
ფართობი: 8, 514, 877 კმ 2
ვალუტა: რეალი
მოსახლეობა: 201, 009, 622 (2013 წ.)
სიმჭიდროვე: 22, 4 კაცი/კმ2
უდიდესი ქალაქი: სან-პაულუ
საკანონმდებლო ორგანო: ორპალატიანი ეროვნული კონგრესი
დამოუკიდებლობა: 1822 წელი, 7 სექტემბერი (გათავისუფლდა პორტუგალიისაგან)


“ტროპიკული გიგანტი”, “კონტინენტი კონტინენტში” – ასე ხშირად ახასიათებენ სამხრეთ ამერიკის ყველაზე დიდ ქვეყანას – ბრაზილიას. ფართობით ბრაზილია მთელი კონტინენტის – სამხრეთ ამერიკის – ცამეტი ქვეყნიდან უდიდესია, მსოფლიოში კი ამ მაჩვენებლით იგი მეხუთე ადგილს იკავებს. მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა მოსახლეობის რაოდენობის მაჩვენებლითაც.
ქვეყნის ფარგლებში მდებარეობს მსოფლიოს ყველაზე წყალუხვი მდინარის – ამაზონის აუზის უდიდესი ნაწილი. სადაც მდინარე ქმნის მსოფლიოში უდიდეს ტროპიკულ დაბლობს – ამაზონის დაბლობს – რომლის ფართობი 1, 6 მლნ კმ2-ია.
ფიზიკური მდებარეობის გამო ქვეყანა გამოირჩევა ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებითა და ენდემური ჯიშების სიმრავლით.

ქვეყანა ძალზედ საინტერესოა კულტურული თვალსაზრისითაც. მსოფლიოსათვის კარგად ნაცნობი ტრადიციაა რიოს კარნავალი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ფესტივალად ითვლება და დაახლობით XVIII საუკუნის დასაწყისიდან იღებს სათავეს. კარნავალი მსოფლიოს ყველა კუთხიდან იზიდავს მილიონობით ტურისტს.


ქვეყნის ზოგადი დახასიათება


ბრაზილია (ოფიციალურად - ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკა) მდებარეობს დასავლეთ ნახევარსფეროში, სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე. სახელწოდება ქვეყანას მიღებული აქვს მის ტერიტორიაზე გავრცელებული სანდალოზის ხისაგან - “პაუ-ბრაზილისაგან”, რომლის მერქნიდანაც წითელი ფერის საღებავს იღებდნენ.
ქვეყნის მთლიანი ფართობი 8 514 877 კმ2-ია. აქედან წყალს დაახლოებით 0, 65 %, ხოლო ხმელეთს 99, 35 % უკავია. ის ფართობით მცირედ ჩამორჩება ამერიკის შეერთებულ შტატებს. როგორც უკვე ავღნიშნე, ფართობის მიხედვით ქვეყანას მსოფლიოში მეხუთე, ხოლო კონტინენტზე – პირველი ადგილი უჭირავს.

ბრაზილიის პორტუგალიური კოლონიზაცია განხორციელდა XVI საუკუნის დასაწყისში, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც მდებარეოვდა ყველაზე დიდი ქალაქი – სალვადორი, რომელიც წარმოადგენდა არა მარტო განვითარებული ეკონომიკური რაიონის ცენტრს, არამედ კოლონიის დედაქალაქიც იყო. თუმცა, 1763 წელს დედაქალაქი გადაიტანეს რიო-დე-ჟანეიროში, რომელიც XVI საუკუნის დასაწყისში დაარსდა.
ჯერ კიდევ XVI საუკუნის 30-იან წლებში ბრაზილიის სანაპირო ტერიტორიები დაყოფილი იყო 15 საკაპიტნოდ, რომელთა მიწებს მეფე გადასცემდა პორტუგალიური წარმოშობის ფეოდალებს. ასე წარმოიშვა მოსახლეობის განსახლების ოკეანისპირა ტიპი, რომელიც დღემდეა შენარჩუნებული.
თავდაპირველად ინტერესი დაპყრობილი ტერიტორიის მიმართ გამოიწვია ძვისრფასი წითელი ხის ტყეების აღმოჩენამ. მისი მერქანი ათეულობით წლის მანძილზე გაჰქონდათ ევროპაში. წითელი ხით დაინტერესებამ XVI საუკუნის შუა ხანებამდე გასტანა, შემდეგ პორტუგალიელებმა გამდიდრების ახალი საშუალება აღმოაჩინეს: იმ დროისათვის ევროპაში შაქრის ლერწამი ძვირად ფასობდა, შესაბამისად ხელი მიჰყვეს შაქრის ლერწმის გაშენებას, რასაც მოჰყვა მოკლე ხანში ქვეყნის შაქრის ლერწმის უდიდეს მწარმოებლად გადაქცევა. ალმასისა და ოქროს საბადოების აღმოჩენამ ქვეყანას შესაძლებლობა მისცა ახალ როლში გამოსულიყო საერთაშორისო ბაზარზე. XVIII საუკუნეში ბრაზილია ალმასითა და ოქროთი ამარაგებდა პორტუგალიას. ამ პერიოდში ბრაზილია მსოფლიოში მოპოვებული ოქროს თითქმის ნახევარს მოიპოვებდა. XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან ბრაზილიის ეკონომიკაში გადამწყვეტ როლს თამაშობს ყავის წარმოება, რადგან ამ პერიოდისათვის ევროპაში ყავის მოთხოვნა ძალზე დიდი იყო. XX საუკუნის დასაწყისში ბრაზილია ყავის მსოფლიო წარმოების 75 %-ს აწარმოებდა.
ბრაზილიამ დამოუკიდებლობა მოიპოვა 1822 წელს და იგი 1889 წლიდან ფედერაციული რესპუბლიკაა. 90-იან წლებში განხორციელებულმა რეფორმებმა ხელი შეუწყო ქვეყნის ეკონომიკის სტაბილიზაციას, და დღეისათვის ბრაზილია ეროვნული შემოსავლის პოტენციალით პირველი ქვეყანაა ლათინურ ამერიკაში, იგი მთელი რიგი მაჩვენებლებით შედის მსოფლიოს უმსხვილეს სახელმწიფოთა ათეულში.
უნდა აღინიშნოს, რომ ბრაზილიის ეკონომიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანია უცხოური კაპიტალი, რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს აშშ-ს, გერმანიას, იაპონიას, შვეიცარიას, გაერთიანებულ სამეფოს.
ქვეყნის მოკლე ისტორიულ-ეკონომიკური ექსკურსის შემდეგ საინტერესოა მისი გეოგრაფიული მდებარეობა.
ბრაზილია მდებარეობს ტროპიკულ და სუბტროპიკულ კლიმატურ სარტყელში, ამიტომ მას უდიდეს “ბოტანიკურ ბაღს” უწოდებენ. აღსანიშნავია რომ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილი დაკავებული აქვს ამაზონს თავისი გაუვალი და ამოუცნობი ჯუნგლებით. ამაზონიას, რომელსაც ქვეყნის 1/3 ნაწილი უკავია უწოდებენ “პლანეტის ფილტვებს”, რადგანაც დედამიწის ჟანგბადის თითქმის 50% ამაზონის ტყეებში გამომუშავდება. მისი ფლორის მხოლოდ 80%-ია შესწავლილი, მსოფლიოს ფარმაცევტული საშუალებების 25% მიიღება ამაზონის ტყეების მცენარეებისაგან.
ბრაზილიას კონტინენტის თორმეტი ქვეყნიდან ათთან გააჩნია სახმელეთო საზღვარი (ჩილესა და ეკვადორის გარდა), ამათგან, ყველაზე გრძელი საზღვარი ბოლივიასთან (3 423 კმ), ხოლო ყველაზე მოკლე სურინამთან (593 კმ) აქვს. აღმოსავლეთის მხრიდან მას ესაზღვრება ატლანტის ოკეანე, რომელთანაც ბრაზილიას აქვს 7, 451 კმ-იანი სანაპირო ხაზი.
ქვეყნის ტერიტორია აღმოსავლეთიდან დასავლეთით გადაჭიმულია 4 348, ხოლო ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ – 4 320 კმ-ზე (ბრაზილია ფართობით დაახლოებით 2-ჯერ ჭარბობს დასავლეთ ევროპას). ბრაზილია მდებარეობს სამ სასაათო სარტყელში.
ქვეყნის ტერიტორიაზე გამოიყოფა ორი მსხვილი ბუნებრივი ოლქი: ამაზონის დაბლობი, რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთით ვრცელდება და ბრაზილიის მთიანეთი, რომელიც იკავებს ქვეყნის სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილებს და ტერიტორიის დაახლოებით 2/3-ს მოიცავს. ბრაზილიის უმაღლესი მწვერვალია პიკო-და-ნებლინა (ნისლიანი პიკი), რომლის სიმაღლეც ზღვის დონიდან 2 994 მ-ია.
ქვეყანა მმართველობის ფორმის მიხედვით არის საპრეზიდენტო რესპუბლიკა, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობით კი 26 შტატისა და ერთი ფედერალური ოლქისაგან შემდგარი ფედერაციაა. იგი განვითარებადი ქვეყნების რიგს მიეკუთვნება.


ქვეყნის ბუნებრივ-რესურსული პოტენციალის სამეურნეო შეფასება
ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალს მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ბუნებრივი რესურსების არსებობა ქვეყნის ტერიტორიაზე.
ბრაზილია მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკური პოტენციალის მქონე ქვეყანაა. მას გააჩნია წყლის უხვი რესურსები, ნოყიერი ნიადაგები და საძოვრები. მრავალფეროვანი და მდიდარია მისი მინერალურ-სანედლეულო ბაზა, სადაც განსაკუთრებული ადგილი უკავია მსოფლიო მნიშვნელობის რკინის, მანგანუმის, ბოქსიტების და რიგი მინერალური ნედლეულის (დაახლოებით 50-მდე სახეობის) მარაგს. ქვეყანა მეორე ადგილზეა ლათინურ ამერიკაში ტიტანის, ვოფრამის, კობალტის, კალის, აზბესტის და კალიუმის მარილების მარაგით. ამავე დროს ქვეყანა ენერგეტიკული რესურსების მნიშვნელოვან სიმცირეს განიცდის.
ბრაზილიის სიმდიდრეა ამაზონის დაბლობის ნოტიონ ეკვატორული ტყეები, რომელსაც ქვეყნის ტერიტორიის 2/3 უჭირავს. ტყის რესურსები ბრაზილიაში დღეისათვის აქტიურად გამოიყენება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დროს ეს ტყეები დაუნდობლად იჩეხება, რაც იწვევს მთელი ბუნებრივი კომპლექსის შეცვლას. გარდა ამისა, ამ ტყეების მასიური განადგურება არა მარტო ბრაზილიის, არამედ მთელი მსოფლიოს პრობლემაა, რადგანაც, როგორც უკვე ავღნიშნე, ამაზონის ტყეებში დედამიწის ჟანგბადის თითქმის 50 % გამომუშავდება.
წყლის რესურსები ქვეყანაში წარმოდგენილია მდინარეების დიდი რაოდენობით, ქვეყნის მთავარი მდინარეა ამაზონი (მსოფლიოში ყველაზე წყალუხვი მდინარე). ამაზონის აუზი შეიცავს თვითონ მდინარე ამაზონსა და მის 200-მდე შენაკადს. ეს გიგანტური სამდინარო სისტემა მთელი მსოფლიოს მდინარეების მეხუდედს შეიცავს. ქვეყნის უდიდესი ტბებია მერენი და პატუსი.
ბრაზილიაში არის ასევე სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის ხელსაყრელი აგროკლიმატური და მიწის რესურსები
ქვეყნის მოსახლეობისა და მეურნეობის გეოგრაფიული სურათი
ლათინური ამერიკის მოსახლეობის თანამედროვე ეთნიკური შემადგენლობის ჩამოყალიბება სამი განსხვავებული რასობრივი ელემენტის თანდათანობითი შერევის ისტორიულ-გეოგრაფიული პროცესით არის განპირობებული.
აღსანიშნავია, რომ ადრე ამ რეგიონში სახლობდა ბევრი ხალხი და ტომი, რომელიც ერთმანეთისაგან განსხვავდებოდა გარეგნული იერით, ენით, რელიგიით და კულტურის დონით. რეგიონის დაპყრობისას ევროპელებმა მათ საერთო სახელი – “ინდიელები” უწოდეს. აბორიგენთა რიცხვის შემცირებამ (დამპყრობლური ომების, შემოტანილი ავადმყოფობების და გაჟლეტის გამო) აფრიკიდან შავკანიანი მონების დიდი რაოდენობით ჩამოყვანა (პლანტაციებზე სამუშაოდ) განაპირობა. ამავე დროს კოლონიზაციის გაფართოებას მოჰყვა კრეოლების რიცხვის ზრდაც. აღნიშნული სიტუაციიდან წარმოიქმნა ასიმილაციის რთული პროცესები და შერეული ქორწინებების რიცხვმაც იმატა. ამის შედეგად წარმოიშვა მეტისების, მულატების და სამბოს ეთნიკური ჯგუფები, რომლებიც ევროპელებთან ერთად ლათინური ამერიკის თანამედროვე დემოგრაფიულ სურათს განსაზღვრავენ. ქვეყნის ძირითადი მცხოვრებნი (95 %) ბრაზილიელები არიან.
ბრაზილიაში შობადობის მაჩვენებელი (2010 წლის მონაცემებით) დაახლოებით 18 ‰ –ს უდრის. ისევე როგორც ზოგადად რეგიონი, ქვეყანაც საკმაოდ მაღალი შობადობით ხასიათდება, შესაბამისად მოსახლეობაში ახალგაზრდების ხვედრითი წილი მაღალია (0-14 წლის - 26, 2 % ; 15-64 წლის - 67 % ; 65+ წლის - 6, 7 %)
კონტინენტის ქვეყნების უმრავლესობაში მოსახლეობა კათოლიციზმს მისდევს, რომელიც ერთადერთ ოფიციალურ რელიგიად განიხილება. ბრაზილიის მოსახლეობის უმრავლესობასაც კათოლიკეები წარმოადგენენ.

ლინგვისტური შემადგენლობის თვალსაზრისით ბრაზილია არ გამოირჩევა, იგი ერთენოვანი ქვეყანაა და ოფიციალურ ენად პორტუგალიურია გამოცხადებული. თუმცა, ქვეყნის ზოგიერთ რაიონში ესპანური, იტალიური, გერმანული, ინგლისური და იაპონურიც კი არის გავრცელებული.

იგრაციული სალდო, 2013 წლის მონაცემებით, უარყოფითია და -0, 07 ‰-ს უდრის, რაც გულისხმობს რომ ქვეყანაში ემიგრანტების რიცხვი ჭარბობს იმიგრანტებისას.
უმუშევრობის დონე ქვეყანაში 17, 8 %-ია (15-24 წლის ახლაგაზრდები) და მსოფლიოში ამ მაჩვენებლით იგი 64-ე ადგილს იკავებს.
საქალაქო მოსახლეობის წილი მთელს მოსახლეობაში 87%-ია, ხოლო ურბანიზაციის ყოველწლიური ცვლილების დონე 1, 1 %-ია (2010 წ.).
რეგიონის აგლომერაციებს შორის თავისი ზომითა და მნიშვნელობით განსაკუთრებით გამოირჩევა 4 უმსხვილესი აგლომერაცია: მეხიკო, რიო-დე-ჟანეირო, სან-პაულუ და ბუენოს აირესი. ამ ოთხი უმსხვილესი აგლომერაციიდან ორი ბრაზილიაში მდებარეობს. სან-პაულუს აგლომერაცია რეგიონში მეორე ადგილზე დგას, მსოფლიოში კი მხოლოდ მეხიკოსა და ტოკიოს ჩამორჩება.
სან-პაულუს მოსახლეობა ჩამოყალიბდა მასობრივი იმიგრაციის პერიოდში. მოსახლეობის ძალიან სწრაფი ზრდა უკანასკნელ ათწლეულში დაკავშირებულია ძირითადად მასობრივ შიდა მიგრაციებთან.
სან-პაულუს აგლომერეციაში გამოიყოფა სამი სოციალურ-გეოგრაფიული ზონა. პირველი ეს არის ცენტრალური ზონა, რომელიც უპირველეს ყოვლისა განსაზღვრავს ქვეყნის არქიტექტურულ სახეს. აქ მდებარეობს აგლომერაციის საქმიანი ცენტრი, თავმოყრილია მოსახლეობის “ელიტარული” ნაწილი. მეორე ეს არის გარდამავალი ზონა, სადაც ცხოვრობს საზოგადოების ნაკლებად უზრუნველყოფილი ფენა. მისთვის დამახასიათებელია განაშენიანების უფრო მაღალი სიმჭიდროვე და საცხოვრებელი პირობების უფრო დაბალი დონე. მესამე, ეს არის პერიფერიული ზონა – სოფლიდან ჩამოსულ ღარიბ ფენათა დასახლების ადგილი, სადაც ხალხი განსაკუთრებული სიდუხჭირის პირობებში ცხოვრობს. ბრაზილიის მთავრობის რეგიონული პოლიტიკა მიმართულია დიდი სან-პაულუს აგლომერაციის მოსახლეობისა და მრეწველობისაგან განტვირთვისაკენ. ამ მიზნით “ზრდის პოლუსებად” მიჩნეულია 36 საშუალო ქალაქი, რომელიც მისი გავლენის სფეროშია.
რაც შეეხება რიო-დე-ჟანეიროს აგლომერაციას, იგი მსოფლიოში სიდიდით მეათე ადგილზე დგას, მაგრამ რეგიონში მესამე-მეოთხე ადგილს იყოფს ბუენოს-აირესთან ერთად. თავიდან ის ასრულებდა სამხედრო და ადმინისტრაციული ფორპოსტის როლს, მაგრამ იმპერატორ პედრუ II-ის მმართველობის დროს დედაქალაქის, პოლიტიკური და კულტურული ცენტრის თვისებები შეიძინა. აქ მდებარეობს ადმინისტრაციული, საქმიანი და მდიდარი საცხოვრებელი კვარტლები ცათამბჯენებით, კოპაკაბანას ცნობილი სანაპირო რკალით.
ქვეყანაში არის მოსახლეობის განსახლების ოკეანისპირა ტიპი - ვიწრო ოკეანისპირა ზოლის საზღვრებში, რომელსაც ბრაზილიის ტერიტორიის მხოლოდ 7% უკავია ცხოვრობს მთელი მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი, ამავე დროს, ქვეყნის დასავლეთ ნახევარში, რომელსაც უკავია 1/2-ზე მეტი, მოდის მოსახლეობის მხოლოდ 5%, ხოლო საშუალო სიმჭიდროვე აქ ვერ აღწევს 1 კვ. კმ-ზე 1 კაცს.
მოსახლეობის ტერიტორიული განლაგების მაჩვენებლების მიხედვით ბრაზილიის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ნაწილი სახრეთი-აღმოსავლეთ რეგიონია, მასზე თითქმის 5-ჯერ ნაკლები მოსახლეობით არის დასახლებული ჩრდილოეთ რეგიონი. ყველაზე მცირედ დასახლებული რეგიონია ცენტრალური ნაწილი, თუმცა ჩრდილოეთ ნაწილისაგან მოსახლეობის რაოდენობით ბევრად არ განსხვავდება.
რაც შეეხება დასაქმების სტრუქტურას, მოსახლეობის უმეტესობა მომსახურების სფეროშია დასაქმებული (68 %), სოფლის მეურნეობაში მოსახლეობის 5, 2 %-ია ჩაბმული, ხოლო მრეწველობაში - 26, 3 % (2012 წ).
ბრაზილიის მეურნეობას საკმაოდ რთული პოლიცენტრული ტერიტორიული სტრუქტურა გააჩნია. ქვეყანას მსოფლიოში უკავია მეცხრე ადგილი ერთობლივი შიდა პროდუქტის მოცულობით, მერვე ადგილი ავტომობილებიდ, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის ექსპორტით, ფლობს ძლიერ სამეცნიერო-ტექნიკურ პოტენციალს.
მრეწველობაში ქვეყნის ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის (ეამ) 13, 3%-ია დასაქმებული. საერთო სამრეწველო პოტენციალით იგი შედის მსოფლიოს 15 დიდ სახელმწიფოს შორის. მრეწველობა წარმოების მაღალი კონცენტრაცით გამოირჩევა, ასევე მაღალია ტერიტორიული კონცენტრაცია, მაგ. სან-პაულუ, რომელიც ქვეყნის ტერიტორიის მხოლოდ 3%-ს იკავებს და მოსახლეობის 20% ცხოვრობს, აწარმოებს ეროვნული მრეწველობის 55%-ს.
ბრაზილიის ეკონომიკის ტრადიციულ დარგებს განეკუთვნება კვების (შაქრის მრეწველობა, ხორცის, თამბაქოს) და მსუბუქი მრეწველობა. ასევე განვითარებულია ცემენტისა და ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობა.
სოფლის მეურნეობა ბრაზილიის ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი და მნიშვნელოვანი დარგია. სოფლის მეურნეობაში ჩართულია ეამ-ის 15, 7%. ქვეყნის სოფლის მეურნეობაში განსაკუთრებული ადგილი საექსპორტო კულტურების (ყავა, კაკაო, შაქრის ლერწამი, სიზალი ფორთოხალი, ბანანა, ანანასი და სხვა) მოყვანას უკავია. ყავის მოყვანით ბრაზილია პირველი ქვეყანაა მსოფლიოში. იგი ძირითადად პარანას შტატის ჩრდილოეთ ნაწილში, სან-პაულუს შტატის ჩრდილო-დასავლეთით, მინას-ჟერაისის შტატის სამხრეთ ნაწილსა და ესპირიტუ-სანტუს შტატში მოჰყავთ. სოფლის მეურნეობაზე მშპ-ს 6, 1 % მოდის.
ეამ-ის უმრავლესობა (71%) ჩაბმულია მომსახურების სფეროში, რომელიც მოიცავს პროდუქციის გაყიდვასა და მიწოდებას, კერძო და საერთო მომსახურებას.
ქვეყნის სატრანსპორტო-საკომუნიკაციო სისტემები
ბრაზილიის ტრანსპორტის უმნიშვნელოვანეს სახეობას საავტომობილო ტრანსპორტი წარმოადგენს. ქვეყნის საავტომობილო გზების საერთო სიგრძეა 1 580 964 კმ. ქვეყნის მნიშვნელოვანი მაგისტრალია BR-101 (ოფიციალურად Rodovia Governador), რომელიც ბრაზილიის თორმეტ შტატს კვეთს.

სარკინიგზო ტრანსპორტი კონკურენციას ვერ უწევს საავტომობილოს. სარკინიგზო სისტემის საერთო ხაზის სიგრძე შეადგენს 28 538 კმ-ს. სარკინიგზო ქსელის სიხშირით გამოირჩევა სამხრეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი ოკეანის სანაპირო.

რაც შეეხება სამდინარო ტრანსპორტს, მას ძირითადად ადგილობრივი მნიშვნელობა გააჩნია. განსაკუთრებულია მდინარე ამაზონის როლი, მთავარი ნავსადგურებია ბელენი, მანაუსი, სორტუ-სანტანა.

საზღვაო ტრანსპორტი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქვეყნის საგარეო კავშირების განვითარებაში. დიდი მნიშვნელობა გააჩნია კაბოტიჟურ გადაზიდვებს ატლანტის ოკეანის სანაპიროზე. უნდა აღინიშნოს რომ, რეგიონის სანედლეულო სპეციალიზაციის გამო რეგიონის ნავსადგურებიდან გაზიგული ტვირთების რაოდენობა გაცილებით მეტია შემოზიდულზე. რეგიონის საზღვაო ფლოტის საერთო ტონაჟის თითქმის ნახევარი კი ბრაზილიაზე მოდის. ნავსადგურებიდან აღსანიშნავია – უნივერსალრი – რიო-დე-ჟანეირო, ხოლო სპეციალიზირებული – სან-სებასტიანი (ნავთობი) და ტუბარანი(მადანი).
მნიშვნელოვანია საჰაერო ტრანსპორტის როლი, როგორც საშინაო, ასევე საგარეო ტვირთბრუნვის საქმეში. ქვეყანაში 1500-ზე მეტი აეროპორტია, რომელთა შორის 21 საერთაშორისო კლასისაა. საერთაშორისო ფრენების ძირითადი ნაწილი სან-პაულუს გუარილიოსისა და რიო-დე-ჟანეიროს გალეონის საერთაშორისო აეროპორტებზე. ბრაზილია შიდაეროვნული მგზავრთგადაყვანების მოცულობის მიხედვით მსოფლიო ქვეყნების პირველ ათეულშია.
ქვეყნის შედარებითი უპირატესობა და ადგილი მსოფლიოში
ქვეყნის შედარებით უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს მრავალფეროვანი ბუნებრივი და ანთროპოგენული რესურსების არსებობა მის ტერიტორიაზე, რაც ქვეყნის უდიდეს ტურისტლ პოტენციალს განაპირობებს.
ბრაზილიის ძირითადი ეკონომიური რაიონი და მთავარი ტურისტული ზონა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილია. აქ მდებარეობს მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი რიო-დე ჟანეირო. სამხრეთის ყვავილების მრავალფეროვნება, მთების სიმწვანე, ზღვისა და ცის სილურჯე, მცხუნვარე მზე მთელი წლის განმავლობში, კოპაკაბანას მრავალკილომეტრიანი კომფორტული პლიაჟები, იპანემა, ლებლონი, ქალაქის სიმბოლო – ქრისტეს გიგანტური ქანდაკება, რომელიც რიო-კორკოვადოს მთიდან გადაჰყურებს ქალაქს.


რიოს ხედი

შემდეგი ტურისტული ცენტრი არის ქალაქი – გიგანტი - სან-პაულუ. ეს არის უმსხვილესი სამრეწველო ცენტრი არა მარტო ბრაზილიაში, არამედ მთელ ლათინურ ამერიკაში. აქ მდებარეობს სტადიონი “პაკაემბუ”_ სადაც გამოდიოდა პელე, აქვე არის ცნობილი გველების ნაკძალი “ბუტანტა” და ბოტანიკური ბაღი სადაც 32 ათასი სახეობის ორქიდეა ხარობს.

მთავარი ბუნებრივი ღირსშესანიშნაობა აქ არის იგუასუს ჩანჩქერები, ისინი მდებარეობენ სამი ქვეყნის _ ბრაზილიის, არგენტინის და პარაგვაის საზღვარზე. ჩანჩქერები წარმოიქმნება ორი მდინარის - პარანასა და იგუასუს შეხვედრის ადგილას და ქმნის შთამბეჭდავ სანახაობას. ჩანჩქერის სიმაღლე 60-82 მეტრს შორის მერყეობს (დამოკიდებულია წყლის დონეზე), წარმოიქმნება 150-300 ჩანჩქერის ნაწილი, ვარდნილი წყლის ხმა კილომეტრებზე ვრცელდება.


იგუასუს ჩანჩქერი

დასავლეთი ზონის დიდი ტერიტორია ტურისტებისთვის მიმზიდველია იმიტომ, რომ აქ მდებარეობს ქვეყნის ახალი დედაქალაქი – ბრაზილია. თუ კი მის აერო ფოტოს დავხედავთ დედაქალაქის ფორმა მოგვაგონებს თვითმფრინავს ან პეპელას. დედაქალაქი ხასიათდება თადამედროვე არქიტექტურით. მთავარი მაგისტრალი გაყოფილია ორად _ მანქანების სამოძრაო და ფეხით მოსიარულეთათვის. ტურისტებს შორის პოპულარობით სარგებლობს ბოტანიკური ბაღი და ზოოპარკი.
ქვეყნის ჰუმანური განვითარების ინდექსი

ჰუმანური განვითარების ინდექსი აერთიანებს ისეთ საზომებს როგორიცაა: სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, განათლების დონე და მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე. ჰუმანური განვითარების ინდექსი ყოველწლიურად გამოითვლება გაეროს განვითარების პროგრამისა და დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფის მიერ.
ჰუმანური განვითარების დონის მიხედვით ქვეყნები ერთიანდებიან ოთხ ჯგუფში:
1) ძალიან მაღალი ჰუმანური განვითარების ქვეყნები
2) მაღალი ჰუმანური განვითარების ქვეყნები
3) საშუალო ჰუმანური განვითარების ქვეყნები
4) დაბალი ჰუმანური განვითარების ქვეყნები
გაეროს 2013 წლის ანგარიშით ბრაზილის ჰუმანური განვითარების ინდექსი 0, 730-ია და ინდექსის მაჩვენებლით იგი მაღალი ჰუმანური განვითარების ქვეყნბის ჯგუფს მიეკუთვნება.

0
1241
შეფასება არ არის
ავტორი:სამეა
სამეა
1241
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0