x
image
თავისუფალი თაობა
სამეგრელოში იარაღით და ნარკოტიკით სავსე შენიღბული სამალავები აღმოაჩინეს

imageშინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, სამეგრელოში აღმოჩენილია ყოფილი ხელისუფლების შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების უშუალო ორგანიზებითა და ხელმძღვანელობით მიწის ქვეშ შენიღბულად მოწყობილი, სპეციალური კამუფლაჟით დაფარული სამალავები, რომლებშიც ნაპოვნია ფართომასშტაბიანი საბრძოლო ოპერაციების, მათ შორის, დივერსიული საქმიანობის წარმოებისათვის გათვალისწინებული დიდი ოდენობით ფეთქებადი ნივთიერებები და ასაფეთქებელი მოწყობილობები, ხელყუმბარები, ავტომატური და სხვა ცეცხლსასროლი იარაღი, კავშირგაბმულობის საშუალებები, სამხედრო ამუნიცია, აგრეთვე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ძლიერმოქმედი ფსიქოტროპული ნივთიერებები, კერძოდ, „ჰეროინი“, „კოკაინი“, „ოპიუმი“, „სუბუტექსი“ და სხვა.

image


ჩხრეკისას ამოღებულია წინა ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი იმ პირების ფოტოსურათებისა და პირადი მონაცემების შემცველი არქივი, რომელთა დაპატიმრებაც იგეგმებოდა, სხვადასხვა გაყალბებული და ფალსიფიცირებული ბრალდებებით, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვების შემთხვევაში. ნიშანდობლივია, რომ ცალკეული დოკუმენტები შედგენილია ხელით, რაც ქმნის მნიშვნელოვან მტკიცებულებით ბაზას დამნაშავე პირების სწრაფად იდენტიფიკაციისა და დაკავებისათვის.


გარდა ამისა, სამალავებში ნანახი იქნა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ადამიანების სასტიკი წამების, მათზე სექსუალური ძალადობის განხორციელების, ცემის, დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი მოპყრობის ამსახველი არაერთი ვიდეოფირი, რომელთა შესწავლისათვის ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.

როგორც შსს–ს პრესსამსახურის ხელმძვანელმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა: ზემოაღნიშნული სამალავების მიკვლევისა და დროული განეიტრალების შედეგად თავიდან იქნა აცილებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული, განსაკუთრებით მძიმე და საშიში დანაშაულები, რომელთა შესახებაც დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას გამოძიების მიმდინარეობის პარალელურად მივაწვდით."

0
153
3-ს მოსწონს
ავტორი:თავისუფალი თაობა
თავისუფალი თაობა
153
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0