“ახალი ხმის" მონაწილემ _ ნინი ცნობილაძე მაყურებელს განსაკუთრებული ხმის ტემბრითა და შესრულების მანერით პირველსავე ტურში დაამახსოვრა თავი. როგორც იცით ამ კონკურსზე ის მეორე ადგილი გავიდა და საკმაოდ სოლიდური პრიზებიც ერგო. 20 ათასი ლარი და ინგლისში მოგზაურობა. ნინი ბავშვობაზე, “ახალ ხმასა" და მომავალის გეგმებზე გვესაუბრა.
– მუსიკასთან ადრეული ასაკიდან “ვახლობლობ". პირველ კლასში ვიყავი, როდესაც მუსიკალურ სასწავლებელში ჩავაბარე. და რვა წლედი დავამთავრე. თავიდან სკოლაში ძალიან კარგად ვსწავლობდი, გარდატეხის ასაკში გავზარმაცდი, საბოლოო ჯამში სკოლა მაინც ფრიადებზე დავამთავრე.
– შენს ოჯახზე მოგვიყევი. სიმღერის ნიჭი ვისგან გამოგყვა?
– დედა კონსერვატორიაში მუშაობს, ფორტეპიანოზე დაკვრას ასწავლის. მთელი ბავშვობა მუსიკოსების გარემოცვაში გავატარე. მუდამ ამ სფეროს წარმომადგენლებთან მიწევდა ურთიერთობა. რაც შეეხება მამას, ის სუხიშვილების ანსამბლში ცეკვავდა. ერთი ძმა მყავს, 22 წლის. ახლახან დაოჯახდა. ფორტეპიანოზე ძალიან კარგად უკრავს და დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ სულ სხვა გზა აირჩია.
– როგორც ვიცი, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობ . . .
– ასეა! მესამე კურსზე ვარ. ეს პროფესია იმიტომ ავირჩიე, რომ ძალიან მიყვარს ხალხთან ურთიერთობა, აქტიური ცხოვრება. სკოლაშიც ქართულს კარგად ვსწავლობდი. ჩემი ჩანახატებიც მაქვს გაკეთებული.
– საბერძნეთში იყავი, სპექტაკლი გქონდათ წაღებული. მოგვეყევი ამის შესახებ...
– სკოლაში დაიდგა სპექტაკლი “ჰეროტოკრიტოსი". მე პრინცესას როლი მქონდა, თან ვმღეროდი. ოთხი ბავშვი აგვარჩიეს და საბერძნეთში, კრეტაზე გაგვიშვეს. ძალიან დასამახსოვრებელი იყო. კარგად გავერთეთ. უამრავი მეგობარი შევიძინე სხვადასხვა ქვეყნიდან. შემოქმედებითი კუთხითაც მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ეს გასტროლი, რადგან ჩემი დებიუტი იყო სცენაზე. ავიღე პირველი ადგილი სიმღერის კონკურსში. იმასაც გეტყვით, რომ “ახალ ხმამდე" აღარსად გამოვსულვარ კონკურსებზე. ჩემმა მეგობარმა გახსნა ბარი და მხოლოდ იქ ვიმღერე, ისიც მისი თხოვნით.
– რატომ არ განაგრძე კონსერვატორიაში სწავლა?
– არ ვიცი. ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ არ ვარ კლასიკური მუსიკის მიმდევარი. მოსმენა მსიამოვნებს, მაგრამ არ მინდოდა რატომღაც ეს პროფესიად მექცია. თანაც რაღაც პერიოდის განმავლობაში მოდუნებული ვიყავი. მშობლების მხრიდანაც არ ყოფილა დაძალების მომენტი. ყოველთვის არჩევანის თავისუფლება მქონდა.
– “ახალ ხმამდე" იყო სხვადასხვა მუსიკალური პროექტები. რატომ არ მიიღე მონაწილეობა?
– ყველას აინტერესებს აქამდე რატომ არსად მივიღე მონაწილეობა. მაგალითდ “ჯეოსტარში" ყველა მონაწილე უნდა ჩაჯდეს რაღაც ჩარჩოში და თავისუფლებას არ გაძლევენ მუსიკალური თვალსაზრისით. ეს ძალიან არ მომწონდა. მეტნაკლებად ყველა პროექტს აქვს თავისი მოთხოვნები კონკურსანტის მიმართ, მაგრამ “ახლა ხმაში" სტილს მაინც გინარჩუნებენ. სხვაგან კი ესეც არ ხდებოდა.
უცხოურ “ხმას" ვადევნებდი თვალს სამი წლის განმავლობაში და ძალიან მომწონდა. საქართველოში, რომ ქასთინგი გამოცხადდა თავიდან საცდელად გავაგზავნე სააპლიკაციო ფორმა. საბედნიეროდ აქამდე მოვედი.
ძალიან მომწოს ამ გადაცემის ფორმატი. პირველ რიგში ის, რომ თავიდანვე ფასდება შენი ხმა და არა ვიზუალი. ასევე ძალიან დიდი გამოცდილებაა რინგი, ლაივ შოუები. პირველი სიმღერა რაც შევასრულე ჩემი არჩეული იყო. მინდოდა, რომ ყველასთვის საყვარელი სიმღერა ამერჩია. მერე ჩემებურად გავაკეთე და უკმაყოფილო არავინ არ დარჩა.
– რატომ აირჩიე მაია და სტეფანე?
– მათში თავიდანვე ძალიან ბევრ ადამიანურ თვისებას ვხედავდი და ამიტომაც მინდოდა მათ გუნდში ვყოფილიყავი. მაიას შემოქმედებას კარგად ვიცნობდი. რაც შეეხება სტეფანეს კარიერას, ამ პროექტის შემდეგ უფრო ბევრი რამ შევიტყვე და უკეთესად დავაფასე იგი. გადაწყვეტილი მქონდა მათ გუნდში ვყოფილიყავი და ძალიან გამეხარდა პირველები, რომ შემოტრიალდნენ. სამწუხაროდ პროექტი დიდი ხნის განმავლობაში არ მიმდინარეობდა, ამიტომაც დიდად ვერ გაიზრდები მუსიკალური თვალსაზრისით. ჩემთვის პირადად დიდი რამე იყო ის, რომ სცენაზე ვიდექი და ამის არ მეშინოდა. მუსიკალურადაც რა თქმა უნდა გავიზარდე და ამ მხრივ გემოვნება ძალიან შემეცვალა, დამეხვეწა.
– რინგზე ნუკრი მენთესაშვილს დაუპირისპირდი. ჟიურის გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდა. როგორ ფიქრობ სამართლიანად მოუგე მას?
– ეს ჟიურის გადასაწყვეტი იყო ვის გადაიყვანდა შემდეგ ტურში. მე შესაძლებელია იმ მომენტში სხვანაირად მოვქცეულიყავი. ჩემი აზრით შეცდომა იყო ის, რომ დაწყვილება ძალიან სპონტანურად მოხდა. მონაწილეთა შესაძლებობები კი მუშაობაში გამოიკვეთა. ამით თვითონაც გაკვირვებულები დარჩნენ. ერთი მოსმენით ადამიანში იმას ვერ შეაფასებ, თუ რა შეუძლია მას. ცოტა სხვანაირად უნდა მომხდარიყო დაწყვილება.
– ლაივ შოუებზე ხშირად ესემეს ლიდერი იყავი. ვინ გიჭერდა მხარს? ალბათ ოჯახი, მეგობრები. . .
– ჩემთვის მე ერთი ესემესიც კი არ გამიგზავნია. ოჯახი, რომ დამხმარებოდა ამას წინასწარი მობილიზება სჭირდებოდა, რაც ჩვენ არ გაგვიკეთებია. ძირითადად საზოგადოება მიჭერდა მხარს და ჩემი მეგობრები. პიარ აქციები ნამდვილად არ მიტარებია.
– როგორი დამოკიდებულება იყო მონაწილეებს შორის?
– ჩვენს გუნდში ძალიან კარგი დამოკიდებულება იყო მონაწილეებს შორის. ერთმანეთს ვამხნევებდით და მხარს ვუჭერდით. სხვა გუნდებშიც მგონი, რომ ასეთი სიტუაცია იყო, რაც ძალიან სასიხარულოა. ხშირად კონკურსებზე კონკურენცია წინა პლანზე დგას ხოლმე და მეგობრობა მეორე ადგილას ინაცვლებს. “ახალ ხმაში" ასე არ მომხდარა.
– ალბთ შენი ოჯახი ძალიან ღევალდა კონკურსის განმავლობაში.
– ძალიან. შეიძლება ითქვას ჩემზე მეტადაც კი. მე მიწევდა მათი დამშვიდება. ჩემთვის მთავარი იყო, რასაც მავალბდნენ კარგად შემესრულებინა, კარგად მემეღერა. მგონი ჩემს ოჯახის წევრებს ნერვოზი დამართა ამ პროექტმა (იცინის).
– ნახევარფინალის დროს, ჟიურის წევრებმა მაყურებელი გაურკვეველ სიტუაციაში ჩააგდო. საუბრობდნენ, რომ ისეთი პრობლემა გქონდა, გმირი იყავი იმ სიტუაციაში სიმღერა, რომ შეძელი. რაზე იყო საუბარი?
– ზოგადად მგონია რომ, როდესაც სცენაზე დგახარ, შენი პირადი პრობლემები უკან უნდა გადაწიო. იმ დროს მოხდა ისე, რომ მაყურებელი გაურკვევლობაში ჩააგდეს. გარდაიცვალა ბებიაჩემი და ლაივ შოუს წინა დღეს იყო დაკრძალვა. ძალიან სტრესულ მდგომარეობაში ვიყავი და თან რეპეტიციების გაცდენა მომიწია.
– რა მოლოდინები გქონდა კონკურსის მსვლელობისას?
– როდესაც გავიგე, რომ გამარჯვებული ესემესების საშუალებით უნდა გამოვლენილიყო, სიმართლე გითხრათ არ ველოდი, რომ ფინალში აღმოვჩნდებოდი.
როგორც იცით სალომემ 7%-ით მაჯობა. ძალიან კარგი მომღერალია და თქვენი ჟურნალის საშუალებით კიდევ ერთხელ მივულოცავ. ყველა მონაწილეს წარმატება მინდა ვუსურვო. სამწუხაროდ ბევრ ნიჭიერ მონაწილეს არ მიეცა იმის საშუალება, რომ საკუთარი თავი ბოლომდე გამოევლინა.
– მეორე ადგილი დაიკავე და პრიზებიც კარგი შეგხვდა. რაში გეგმავ მოგებული 20 ათასი ლარის დახარჯვას?
– ერთ-ერთი პრიზის თანახმად, ინგლისში მივდივარ ივნისის თვეში. ორი კვირის განმავლობაში დავისვენებ და ოთხი არაჩვეულებრივი მომღერლის კონცერტს დავესწრები. რაც შეეხება თანხას, არ ვიცი ზუსტად რაში დავხარჯავ. ალბათ უფრო ჩემს შემოქმედებას მოვახმარ. სიმღერის ჩაწერა იქნება თუ სხვა რამ.
– “ახალი ხმის" შემდეგ ალბათ გაქვს შემოთავაზებები. რა გეგმები გაქვს სამომავლოდ?
– ძალიან ბევრი შემოთავაზება მაქვს. ზუსტად არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მივიღებ. მაყურებელი იხილავს როგორ გავაგრძელებ ჩემს კარიერას. საზღვარგარეთაც ვაპირებ მაგისტრატურის გასაგრძელებლად წასვლას და პარალელურად სასიმღერო კარიერასაც მივხედავ. მაგრამ კონკრეტულად სად, ჯერ არც მე არ ვიცი.
– პირად ცხოვრებაში რა ხდება? შეყვარებული გყავს? ალბათ პროექტის შემდეგ მოიმატა თაყვანისმცემელთა რიცხვმა.
– კი თაყვანისმცემლებმა იმატეს. ალბათ ყველა მონაწილესთან ასეა. მსიამოვნებს პატივისცემას, რომ გამოხატავენ ჩემს მიმართ. შეყვარებული არ მყავს და არც არაფერს არ ვგეგმავ ამ კუთხით.
P.შ. ძალიან დიდი მადლობა მინდა მოვუხადო ნატო დუმბაძეს. მანამ, სანამ “ახალ ხმაში" გავიდოდი რჩევები მომცა, რაც ძალიან გამომადგა.