x
image
თავისუფალი თაობა
ალასანიას ივანიშვილთან დაძაბული საუბარი ჰქონდა
ირაკლი ალასანია. ბიძინა ივანიშვილი.

თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას ქვეყნის მოწყობის განსხვავებული ხედვა აქვს. ამ თემაზე კოალიციაში შემავალ პარტიებს შორისაც განსხვავებული პოზიციებია.
"მე ვარ მომხრე, რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს საპრეზიდენტო რესპუბლიკა, ძლიერი საპარლამენტო ზედამხედველობით. ეს არის ის განსხვავება, რომელიც გვაქვს კოალიციის პარტიებთან, თუნდაც რესპუბლიკურ პარტიასთან. მაგრამ ჩვენ ვართ კოალიციის წევრი და ჩვენი პოზიცია კოალიციასთან უნდა შევაჯეროთ. ჩემი აზრით ეს ხალხმა უნდა გადაწყვიტოს რეფერენდუმზე, პლებისციტით", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ მისი პარტიის შიგნით პრეზიდენტობის კანდიდატის საკითხს განიხილავდნენ, რასაც პრემიერის შეშფოთება და ალასანიასა და ივანიშვილს შორის დაძაბული საუბარი მოჰყვა.
"საპრეზიდენტო კანდიდატზე ლაპარაკი ნაადრევია, კოალიციაში ამაზე არ გვისაუბრია. პარტიაში "თავისუფალ დემოკრატებში" გვქონდა პოზიციების გაცვლა, ვაპირებთ თუ არა კოალიციას კანდიდატი შევთავაზოთ. არ დაგიმალავთ იმასაც, რომ ამ საკითხზე პრემიერთან საკმაოდ მძიმე საუბარი გვქონდა. პრემიერი შეშფოთებული იყო, რომ ეს განხილვა ხდებოდა მასთან შეუთანხმებლად. მე ვეთანხმები ბიძინა ივანიშვილს, რომ ეს კანდიდატურა უნდა იყოს შეჯერებული კოალიციასთან. მე არ მესიამოვნა, რომ ასეთი უხერხული საუბარი შედგა და მიზეზი გაჩნდა ასეთი უხერხულობის. საბოლოო ჯამში ჩვენ გვქონდა ჯანსაღი დიალოგი ხელმძღვანელსა და მისი გუნდის წევრს შორის. შევთანხმდით იმაზე, რომ გავაგრძელებთ ერთობლივად მუშაობას და ამ საკითხს კოალიცია ერთობლივად გადაწყვეტს". - განაცხადა ალასანიამ.

ირაკლი ალასანია პრეზიდენტობის კანდიდატად საკუთარ თავს ჯერჯერობით არ განიხილავს და ამბობს, რომ კანდიდატის ვინაობას, საბოლოოდ, პრემიერი გადაწყვეტს.
"ის საქმე, რაც მე ჩავიბარე ჩემთვის არის დიდი პატივი და ფიქრის დროც არ მქონდა საკუთარი თავი პრეზიდენტის კანდიდატად განმეხილა. ეს საბოლოო ჯამში არის კოალიციის ლიდერის გადასაწყვეტი. ჩვენ გვაქვს რამდენიმე თვე, დარწმუნებული ვარ ღირსეული კანდიდატი გვეყოლება, რომელიც გაიმარჯვებს". -განაცხადა ალასანიამ.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის - ირაკლი ალასანიას ზუგდიდში ამავე რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინისას განაცხადა, რომ ალასანია ქვეყნის მართვას თავისუფლად მოახერხებს.


imageმოგვიანებით ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე "ნიშნავს თუ არა კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერის მხრიდან მსგავსი განცხადება იმას, რომ ალასანია შეიძლება კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელდეს?" - ასეთი პასუხი გასცა:
„რატომაც არა, მე სიამოვნებით გავიმეორებდი, რომ ირაკლი ალასანია შეიძლება ვიხილოთ საქართველოში ნებისმიერ მაღალ პოსტზე. რაც შეხება საპრეზიდენტო კანდიდატს, დღეს ჩვენ არ ვაცხადებთ ამას, თუმცა ალასანიას რესურსი ნამდვილად აქვს“.

არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა ეს პოზიცია შეცვალა და საქართველოს მომავალ პრეზიდენტად ორჯერ ვახტან ხმალაძე მოიაზრა.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ირაკლი ალასანიას აშშ_ში ჯერ კიდევ 1997 წლიდან მოიაზრებდნენ საქართველოს მომავალ პრეზიდენტად და მას დღემდე დიდი მხარდაჭერა აქვს საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები და ვინ იქნება საბოლოოდ ბიძინა ივანიშვილის ფავორიტი.

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 2013 წელს გაიმართება.

0
387
3-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:თავისუფალი თაობა
თავისუფალი თაობა
387
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0