x
მეტი
  • 15.07.2025
  • სტატია:143340
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515408
"ნაზი კომუნისტური წყობის წინააღმდეგი არ იყო"-სიმართლისთის დასჯილი ნაზი შამანაური
image


5 ივლისს დაბადებიდან 85 წელი შეუსრულდა კომუნისტურ რეჟიმს შეწირულ ჟურნალისტს, ნაზი შამანაურს, რომელიც გაბედულად წინ აღუდგა და ამხილა გაზულუქუებული ჩინოვნიკები, თუმცა ჟურნალისტი სიმართლისთვის სამაგალითოდ დასაჯეს. გოგონა, რომლის გაჩუმებაც მაშინდელმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს და შემდგომ სასტიკად აწამეს.



ნაზი ფრანგულის სპეციალისტი იყო, მერე ჟურნალისტიკის ფაკულტეტიც დაამთავრა და ხალხის გასაჭირზე დაიწყო წერა, რასაც საბჭოთა ცენზურის პირობებში ძნელად თუ ვინმე ბედავდა.


ცნობილია, რომ ნაზი შამანაური დისიდენტი არ ყოფილა. ის სოციალისტურ ხელისუფლებას კი არ ებრძოდა, არამედ ამ ხელისუფლების თითქმის ყველა რგოლში მოკალათებულ პირებს, კორუფციაში ჩაძირულებს, ათასგვარი ბოროტებისა და უმსგავსობის ჩამდენთ.



"ნაზი კომუნისტური წყობის წინააღმდეგი არ იყო. პირიქით, ყოველთვის ამბობდა, რომ ლენინური სიმართლით უნდა გვეცხოვრა. ის იმ პარტიულ ფუნქციონერებს ვერ იტანდა, ვინც ხალხის შრომით მდიდრდებოდნენ. სხვათა შორის, ნაზი მორწმუნე და ეკლესიური იყო - დღე არ გავიდოდა, სანთელი არ დაენთო და არ ელოცა...(ტარიელ ინაშვილი, ნაზის ბიძაშვილი)

image

ნაზი აქტიურად აქვეყნებდა სამხილებელ წერილებს. ბოლო წერილი მან 1974 წლის 7 ივნისს გაზეთ "სოფლის ცხოვრებაში" გამოაქვეყნა, რის შემდეგაც, დაიწყო მისი, როგორ ჟურნალისტის, დევნა და შევიწროვება.




"1982 წელს დუშეთში შევარდნაძე ჩამოვიდა. ნაზი რაიკომის შენობის შესასვლელთან დახვდა და მოწიწებით სთხოვა, რომ მოესმინა. შევარდნაძემ თავი დაუქნია, მაგრამ რაიკომის მდივანმა და მისმა ქვეშევრდომებმა ლაპარაკი არ აცალეს, გიჟია, რას უსმენთო", - იხსენებდა ნაზის ბიძაშვილი ტარიელი.

image


1982 წლის 13 აგვისტოს ნაზი შამანაურმა „კომუნისტის“ რედაქციაში ნარკვევი მიიტანა დუშეთში მომხდარ „მეტად მძიმე დანაშაულებებზე“. გაზეთში სტატია არ გამოუქვეყნეს.






მეორე დღეს 1982 წლის 14 აგვისტოს ჩარგალში გამართული ვაჟაობის დღესასწაული კი მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. ნაზიმ სიტყვას ითხოვა, უნდოდა 77 გვერდიანი ნარკვევის წაკითხვა, მაგრამ უარი უთხრეს. როგორც იქნა ტრიბუნამდე მიაღწია, მიკროფონს ხელი სტაცა და დაიყვირა:

“ხალხო, გატყუებენ, ლამაზ-ლამაზ ფერებში ხატავენ ცხოვრებას, სინამდვილეში, კოლმეურნეები დაიმონეს, სასაქონლო გეგმის შესრულების მიზნით, მოსახლეობას მეწველი ძროხები წაართვეს, რა გვეზეიმება? ვაჟა რომ წამოახედოთ, სირცხვილით დაიწვება.”


ზვიად გამსახურდია შემდეგ წერდა, რომ დუშეთის რაიონის უშიშროებისა და მილიციის თანამშრომლებმა ქალს ნარკვევის წაკითხვა არ აცალეს, წაართვეს და იქვე დააკავეს დედასთან ერთად. დედა-შვილი მალევე ასათიანის სახელობის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაამწესეს.

image


ფსიქიატრიულში გატარებულ დღეებს ნაზი შამანაურის დღიურიდან ვიგებთ:



“ამ დღიდან დაიწყო ჩემი ტანჯვა-წამება. გამატიტვლეს ყველას თვალწინ, თმებით მითრიეს, 13 დღის ნაშიმშილარს შემიკრეს ზეწრებით ხელ-ფეხი, ზოგი თმას მიჭერდა, მუცელში მცემდნენ, თმას მექაჩებოდნენ, ცხვირზე ხელს მიჭერდნენ, რომ პირი გამეღო.კანი მეწოდა, დამილურჯდა ტუჩები, სასა დამისივდა, ისე მაგრად მკოჭავდნენ, რომ ძარღვები დახეთქვაზე მქონდა.”

***

20.10.82 “მთელი კბილები ჩამამტვრიეს, სახეზე არ შემეხედებოდა. სულ ჩამოვხმი. როგორც არასდროს, ისე მინდა სიკვდილი. სიმწრისაგან ვრაფერს ვგრძნობდი, წამომივიდა პირიდან სისხლი.დეიდას ვეხვეწები მოგვიტანოს დარიშხანი მე და დედას, ოღონდ ასე წამებით ნუ მოვკვდებით.”

ვალიდა აბუსერიძე:” ხომ დაგწიწკნე და დაგასისხლიანე, ჯერ სადა ხარ დასისხლიანება ახლა იქნება, ისეთ რამეს დაგარტავ, რომ დრინჩი გვერძე მოგექცეს.”

***

“პროტესტის ნიშნად ვშიმშილობდით, როცა შეიტყვეს, თმებით მათრიეს იატაკზე, ნაშიმშილებ მუცელზე პეხი დამაჭირეს.მერე ძუძუზე ფეხი დამაჭირეს სუნთქვის შეკვრამდე.

მერე ზეწრებით შემკრეს, ლანცეტი სასამდე დამაჭირეს, რომ პირი გაეღებინებინათ და კოვზს ბურღივით მიტრიალებდნენ ხახაში, თმებს მქაჩავდნენ ისე, რომ ბღუჯა-ბღუჯა თმები ბალიშზე ეყარა. 3-4 სანიტარი მაწამებდა ერთდროულად, მცემდნენ მთელი გამეტებით სახეში, ზურგში, კისერს მიდრეკდნენ საქონელივით. ხითხითებდნენ გამომწვევად…”

***

76 დღის შიმშილი… ფილტვებს უჭირს სუნთქვა, სხეულს მოძრაობა… პირში აცეტონის მკვეთრი სუნი მაქ. მედპერსონალი მერიდება: ” ფუუ.. როგორ ყაარს. არ სჭამს და მა რა იქნება…


ფსიქიატრიულის მედპერსონალის მიერ სასტიკად ნაცემი და ნაწამები ნაზი შამანაური 1983 წლის 12 იანვარს

თბილისის მე-9 კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ნაზი შამანაური გონს მოუსვლელად, 20 იანვარს, 42 წლის ასაკში გარდაიცვალა.



მანამდე, 1983 წლის 10 იანვარს ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტები ცნობილმა ფსიქიატრმა, აკადემიკოსმა ავლიპ ზურაბიშვილმა ინახულა.

„ბატონო ავლიპ, რატომ ღალატობთ თქვენს აკადემიურ ღირსებას? როდემდე უნდა გვტანჯოთ უდანაშაულოდ დედა-შვილი?“ - მიაძახა მას ნაზიმ.

ავლიპი, რომელიც უკვე წასვლას აპირებდა, შემობრუნდა და თქვა, ორ დღეში ჯერ დედას გავუშვებ, მერე - შვილსო, - წერს ნაზი შამანაური თავის დღიურში.


მისი ჩანაწერები 1983 წლის 11 იანვარს წყდება, ამ ამბიდან ერთი დღის შემდეგ.


2011 წლის აგვისტოში მედიაკავშირმა "ობიექტივმა" ნაზი შამანაურის სახელობის ოქროს მედალი დააწესა. ჯილდო და სიგელები იმ ჟურნალისტებს გადაეცემათ, რომლებიც საკუთარ პროფესიას ერთგულად ემსახურებიან, საზოგადოებას მართალ, ობიექტურ ინფორმაციას აწვდიან და ამასთანავე, ადამიანის უფლებების დასაცავად იბრძვიან.


imageსქრინი 1983 წლის 6 მაისის გაზეთ "კომუნისტიდან" სათაურით "იყო კი წამებული?", სადაც რედაქცია ცდილობს, დაამტკიცოს, რომ ნაზი შამანაური ნამდვილად ფსიქიკურად შერყეული იყო.

0
76
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
76
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0