წმინდა ნილოს მირონმდინარე (ათონელი)
იგი 16_ე საუკუნეში, საბერძნეთში, ათონის მთაზე ცხოვრობდა. წმინდანად სიკვდილის შემდეგ შერაცხეს, რადგან იმ გამოქვაბულიდან, სადაც დაკრძალეს, სასწაულმომქმედმა მირონმა იწყო დენა. სამი საუკუნის შემდეგ, ათონის მთაზე მოღვაწე ბერ თეოფანეს წმინდა ნილოსი გამოეცხადა და ანტიქრისტეს შესახებ თავისი წინასწარმეტყველება აუწყა.
მისი თქმით, ბოლო ჟამის წინ ადამიანები მეტისმეტად ურწმუნონი გახდებიან და ძალიან დაშორდებიან ღმერთს. სახარება აღარც კი ემახსოვრებათ, სამაგიეროდ, გააღმერთებენ ფუფუნებაში ცხოვრებას. მთელი მსოფლიო გარყვნილების ჭაობში აღმოჩნდება და აი, სწორედ ამ ზნედაცემულ ადამიანებს მოევლინებათ ანტიქრისტე. იგი იმდენ სასწაულს მოახდენს, მესია ეგონებათ, როგორც ერთადერთ მბრძანებელს, მას მთელი დედამიწა დაემორჩილება. იგი ყველას ძალიან კეთილი მოეჩვენება.
ამ პერიოდისთვის მთელ პლანეტაზე საშინელი შიმშილობა იქნება, ისეთი საშინელი, ადამიანები მიცვალებულების ჭამას დაიწყებენ. შიმშილობას ხელს შეუწყობს ბუნების სახეცვლილება - აღარ იქნებიან მცენარეები, ცხოველები და ფრინველები. ადამიანები ანტიქრისტეს შეჰღაღადებენ შველას და არა უფალს. იგი მათ დაიმორჩილებს და თავისი ბეჭდით დაბეჭდავს. ასეთები საერთოდ დაკარგავენ ადამიანურ თვისებებს და რაც მთავარია, საღად აზროვნების უნარს. ისინი ეშმაკისეულები გახდებიან. მათი სულების გადარჩენა უკვე აღარავის შეეძლება.
ორი წინასწარმეტყველი - ენოქი და ილია ამხელენ ანტიქრისტეს, მაგრამ იგი მათ დახოცავს. დემონური ბუნების გამო, ადამიანები გარეგნულადაც შეიცვლებიან, კერძოდ, სიმაღლეში შემცირდებიან და დაბლები იქნებიან. ანტიქრისტეს საბოლოოდ ზეციდან მოაკვდინებენ.
ნეტარი პელაგია რიაზანელი
იგი 19_ე საუკუნის ბოლოს დაიბადა რუსეთში, რიაზანის ოლქში, სოფელ ზახაროვოში. დედის მუცლიდან ბრმამ, წინასწარჭვრეტის უნარი ჯერ კიდევ 3 წლიდან გამოავლინა. მისი წინასწარმეტყველებით, ადამიანებს დიდი განსაცდელი გველის. იმ პერიოდისთვის საყოველთაო ურწმუნოება იქნება. თვით ქრისტეს ეკლესიაშიც კი უღალატებენ უფალს. მამათმავლობის ცოდვა მათაც დაერევათ.
სწორედ ასეთ ზნედაცემულ პერიოდში ამერიკიდან მოგვევლინება ანტიქრისტე. იგი თავს მთელი მსოფლიოს მეფედ გამოაცხადებს. მისი მსოფლიო მბრძანებლად კურთხევა იერუსალიმში მოხდება. სწორედ მაშინ ძალიან ბევრი ებრაელი მიხვდება, რომ ეს პიროვნება ანტიქრისტეა და განუდგებიან მას. ისინი სამუდამოდ ცხონდებიან.
ანტიქრისტე მოკლავს წინასწარმეტყველ ილიასა და პატრიარქ ენოქს. ისინი სამი დღის შემდეგ აღდგებიან.
ანტიქრისტეს მეფობისას მთელ მსოფლიოში საშინელი გაჭირვება იქნება. ადამიანები შიმშილისა და წყურვილისაგან ისე დაოსდებიან, ერთმანეთს დაუწყებენ ჭამას. ანტიქრისტე თავის ერთგულებს ბეჭდით დადაღავს. მათ მხოლოდ 6 თვის განმავლობაში მიეცემათ ცოტაოდენი შვება, სამაგიეროდ ისინი დემონები გახდებიან.
ანტიქრისტეს გამეფებიდან იესო ქრისტეს მეორედ მოსვლამდე მთელ დედამიწაზე ერთიანი სარწმუნოება გამეფდება, მაგრამ ვერც მისი მიმდევრები შეძლებენ ღმერთთან მიახლოებას. ანტიქრისტეს მხოლოდ ჭეშმარიტი მართლმადიდებლები არ დამორჩილდებიან. ასეთი კი ძალიან ცოტა იქნება, რადგან მთელ დედამიწაზე მხოლოდ და მხოლოდ შვიდი წაუბილწავი მართლმადიდებლური ტაძარი დარჩება, ქრისტიანებს სასტიკ დევნას დაუწყებენ.
პლანეტაზე ბუნებრივი კატაკლიზმებიც მრავლად იქნება: რუსეთის დედაქალაქი მოსკოვი აღარ იარსებებს - მიწაში დაიმარხება, სანქტ-პეტერბურგს ზღვა წალეკავს.
მამა პაისი
საბერძნეთში, ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე მამა პაისი თვლიდა, რომ დღევანდელი ახალგაზრდები „ბოლო ჟამს“ მოესწრებიან. მისი წინასწარმეტყველებით, თურქეთს რუსეთი დაიპყრობს. ამ ომის დროს თურქების 1/3 გაწყდება, 1/3 ერაყის ტერიტორიაზე გადასახლდება, ხოლო დანარჩენები გაქრისტიანდებიან. ასე რომ, თურქეთის სახელმწიფოსგან აღარაფერი დარჩება. რუსეთი ევროპის სხვა ქვეყნებთანაც იომებს. რაღაც საშინელი ომები იქნება. ღვთის ნებით, საბერძნეთს უძველეს კონსტანტინოპოლს დაუბრუნებენ.
ცნობილია, რომ იერუსალიმში, მორიას მთაზე, უძველესი ებრაული ტაძრის - სოლომონის ტაძრის ადგილას - ამჟამად აღმართულია ომარის მეჩეთი. მამა პაისის თქმით, როცა ომარის მეჩეთი დაინგრევა და მის ადგილას სოლომონის ტაძრის აღდგენითი სამუშაოები დაიწყება, ესაა ნიშანი, რომ ბოლო ჟამი უკვე ახლოა. ამის მეორე ნიშანი იქნება ისიც, როცა მდინარე ევფრატის დაშრობის ამბავს შევიტყობთ.
ევფრატს თურქები დააშრობენ, რადგან მის წყალს სარწყავად გამოიყენებენ. ეს არმაგედონის ომის დაწყების მომასწავებელია. ჩინეთის მრავალმილიონიანი არმია სწორედ დამშრალი ევფრატის კალაპოტზე გამოივლის და იერუსალიმს მიადგება. ამის შესახებ იოანე ღვთისმეტყველის აპოკალიფსშიცაა ნათქვამი. კერძოდ, იქ ვკითხულობთ, რომ როცა მეექვსე ანგელოზი თავის საყვირს ჩაბერავს, გათავისუფლდება ის „ოთხი ანგელოზი, რომლებიც შეკრულნი არიან დიდ მდინარეზე ევფრატისა“. მათი მხედრობის რიცხვი „ორასი ათასჯერ ათასია“. მათი შემოსევის შედეგად, კაცობრიობის 1/3 გაწყდება. საგულისხმოა, რომ ჩინეთის არმიის რიცხვი ამჟამად სწორედ 20 მილიონს შეადგენს.
ებრაელების უმეტესობა არ ცნობს ანტიქრისტეს და იესო ქრისტეს მიმდევარი გახდება.
სქიმარქიმანდრიტი - ლავრენტი ჩერნიგოველი
იგი მეოცე საუკუნეში რუსეთში მოღვაწეობდა. მისი წინასწარმეტყველებით, ბოლო ჟამი უკვე ძალიან ახლოსაა. საშინელი ომის შედეგად, ადამიანები გაწყდებიან. სულ რამდენიმე სახელმწიფოღა შემორჩება. სწორედ მაშინ გაჩნდება იდეა, რომ მთელი მსოფლიოსათვის ერთი მეფე აირჩიონ. სწორედ იგი იქნება ანტიქრისტე. არჩევნების მიზნით, ხელმოწერების შეგროვებასაც დაიწყებენ და მოსახლეობის უმკაცრესად აღწერასაც შეუდგებიან. ვინც ხელს არ მოაწერს, ვეღარაფერს იყიდის, ვერც გაყიდის.
ბოლო ჟამის წინ ეკლესია_მონასტრების გარეგნულ მხარეზე ძალიან იზრუნებენ - ვითომ დიდად მორწმუნენი არიან. თვით უმოქმედო ტაძრებსაც კი განაახლებენ და მათ გუმბათებს სულ ოქროთი მოავარაყებენ. მაგრამ ამ ტაძრებში უფლის მადლი აღარ იქნება, რადგან სინამდვილეში, ისინი სატანის მიმდევართა ბუდე გახდება. ამიტომაც ქრისტიანებმა იმ პერიოდში ტაძრებში სიარული უნდა შეწყვიტონ.
ანტიქრისტეს მსოფლიო მმართველად კურთხევა იერუსალიმში მოხდება. ამ საზეიმო ცერემონიალს მღვდელმსახურებიც დაესწრებიან. საგანგებოდ გამოწყობილ ანტიქრისტეს ხელთათმანები ეცმევა. პირჯვრის გადაწერის დროს იგი ხელთათმანს წაიძრობს და სწორედ მაშინ მის გვერდით მდგომი პატრიარქი მისი ხელის თითებზე ფრჩხილების ნაცვლად ბრჭყალებს მოჰკრავს თვალს. იგი მიხვდება, რომ ეს ანტიქრისტეა და შეძრწუნდება.
ცერემონიის მსველობისას ანტიქრისტე სასულიერო პირებს ნებას არ დართავს, წაიკითხონ შემდეგი წინადადება „მრწამსიდან“. „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო“. იგი ყველას გასაგონად დაგმობს ქრისტეს. შეძრწუნებული პატრიარქი დაიყვირებს, ეს ანტიქრისტეაო. მას მოკლავენ.
ანტიქრისტეს საქვეყნოდ მხილებას მხოლოდ ორი წინასწარმეტყველი დაიწყებს - ენოქი და ილია, მაგრამ მათ მოკლავენ. ისინი ცად ამაღლდებიან.
ანტიქრისტე დედით ებრაელი იქნება. იგი ბავშვობიდან გამორჩეული ნიჭიერების იქნება, ხოლო 12 წლის ასაკში, მაშინ, როცა იგი დედამისთან ერთად ბაღში ისეირნებს, მის სხეულში თავად სატანა შევა და დაეპატრონება. შეშინებულ ბიჭს იგი საქვეყნო დიდებას დაპირდება. ამის შემდეგ, რა გასაკვირია, რომ მას სასწაულების მოხდენის დიდი უნარი ექნება. იგი მსოფლიოს გააოცებს, მაგრამ ეს ეშმაკის ცრუ სასწაულები იქნება. რაც მთავარია, ანტიქრისტე თავიდან შეძლებს, ადამიანებს ძალიან სათნოდ მოაჩვენოს თავი. იგი ადამიანებს თავისი ბეჭდით დადაღავს. ვინც ამაზე უარს იტყვის, ვერაფერს იყიდის, ასე რომ, შიმშილით სიკვდილი ელოდება.
განსაკუთრებით საშინელი პერიოდი სამწელიწადნახევარს გასტანს. მოსავალი აღარ მოვა, წყლები, ზღვები სულ დაშრება. დედამიწა სიცხისაგან ნაპრალებად დასკდება. არც ანტიქრისტეს ბეჭედდასმულები იქნებიან სხვებზე უკეთეს დღეში. მათაც შიმშილი ელის, რადგან ანტიქრისტე მათ ვერ უშველის.
ნამდვილი ქრისტიანების დევნა დაიწყება. ებრაელები მიხვდებიან, რომ მათ მიერ ასე დიდხანს ნალოდები მესია იესო ქრისტე ყოფილა და არა ანტიქრისტე, ისინი გაქრისტიანდებიან.
ნეტარი იოანე (მაქსიმოვიჩი)
იგი მეოცე საუკუნეში რუსეთში მოღვაწეობდა. მისი თქმით, ანტიქრისტე იქნება ჭკვიანი ადამიანი, გარეგნულად მომხიბვლელი და ასევე ექნება ადამიანების მოხიბვლის დიდი ნიჭი. იგი, ერთი შეხედვით, ძალიან სათნო იქნება და თვალის ასახვევად, უამრავ სიკეთეს ჩაიდენს და გულმოწყალებას გამოიჩენს, იგი ნიღაბს მხოლოდ მაშინ ჩამოიხდის, როცა ძალაუფლებას განიმტკიცებს.
ანტიქრისტე თავის სატახტო ქალაქად იერუსალიმს შეარჩევს. იგი მოჩვენებითად ყველას თავისუფლებას აძლევს - მის დროს უბრწყინვალეს ტაძრებს ააშენებენ, მღვდელმსახურება თავისუფლად აღესრულება. ხალხს ყველაფრის ნება ექნება, სამაგიეროდ, იგი მოითხოვს, სწორედ მას სცენ თაყვანი და არა უფალს. ეპისკოპოსთა უმრავლესობა სინამდვილეში ქრისტეს განუდგება. ურწმუნოება ისე დაეპატრონება ადამიანებს, ისინი თავადაც ვერ მიხვდებიან ამას. ეპისკოპოსები თავს იმით იმშვიდებენ, რომ ეკლესიები ასე მდიდრული და ოქროში ჩასმული არასდროს ყოფილა.
როცა ანტიქრისტე ნამდვილ სახეს გამოაჩენს, ქრისტიანებს დევნას დაუწყებს. მის მიმდევრებს ექნებათ ნიშანი შუბლზე და მარჯვენა ხელზე. ორი წინასარმეტყველის - ენოქისა და ილიას მოკვლის შემდეგ ქვეყნის აღსასრულის ჟამიც დადგება. ანტიქრისტე ზეცისგან განიგმირება. მთელი მსოფლიო თვალისდახამხამებაში შეიცვლება. როგორც პეტრე მოციქული წერდა: „ამჟამად ქვეყანა ინახება ცეცხლისათვის“, „დედამიწა და ყოველი საქმე მასზედა დაიწვება“.
მიცვალებულები აღდგებიან და დაიწყება საშინელი სამსჯავრო. ყველა ცოდვა ჩაწერილია ადამიანის სულში და ეს ცოდვები ყველასათვის ცხადი ხდება, რადგან ეს ჩანაწერები - ანუ „წიგნები“ - გაიშიფრება. ცოდვილნი ცეცხლით განიწმინდებიან, მართალნი გაიხარებენ.
ასეთია ქრისტიან წმინდანთა წინასწარმეტყველება მსოფლიოს მომავლის შესახებ.
წყარო: ჟურნალი "ფენომენი", 2010 წლის ოქტომბერი, N10 (100)
სტატიის ავტორი – მაია თუნგია