სისხლის სამართალი ძველი ტფილისის დამნაშავენი ნაწილი ნაწ-VI 21 ივნისი, 15:46 ![]() სახლი კუკიაზე ნიკოლოზ არღუთინსკი, ჯიბგირი იოსებ გურულაშვილი და ჯორიაშვილი ისააკა – სახლის კუთხესა და მოფარებულში იდგნენ – აი, აქედან გამოსული დამინახამს, განა ერთხელ, – ამბობდა გურულაშვილი. – ხოდა, თუ დაგინახამს და ასე ვქნათ, შენ წინიდან შედი, ჩვენ ჩორნი ხოდიდან. ადი და ეგებ არუქფარუქი რამ გამოგიჩნდეს, თუ არა და დაველოდოთ მერე ან მოსვლას მისას, ან წასვლას, – თან თვალებს ფანჯრებს არ აშორებდა ისააკა, თითქოს შიგ რამე არ გამორჩენოდა. – ხო ეხა საპოგის ქუსლზე სამჯერ შემოტრიალდები და მერე, – გაცლა სცადა გურულაშვილმა და ნაბიჯიც გადადგა. – რამდენს ლაპარაკობ? – ისააკამ კლანჭები დამქაშს ჩაასო. – მინდა, ავალ, მინდა არა, – გამოგლიჯა იოსებამ მხარი. – აქ პოლიციას ნუ შეყრით და მე ავალ, – თქვა უცებ არღუთინსკიმ, იქაურობას მოსწყდა და სადარბაზოში შევიდა. სადარბაზო იყო სუფთა და ფართო, კიბე ბორჯომის ხეობიდან მოზიდული ხისაგან გამოთლილი და ზედ საღებავგადასმული. არღუთინსკი აუყვა კიბეს, იმის მოაჯირსაც ხელი ჩასჭიდა და უეცრად ჩამომავალ ჯეელს შეეჯახა და ეს მისი ბილიარდის პარტნიორი გამოდგა. მოულოდნელობამ შეხვედრისა არღუთინსკის ულვაში შეუთამაშა. ეს მისი ნაცნობი კი მეტად აღრეული და ნერვიული უცქერდა და გაწვდილ ხელსაც არა და არ ართმევდა. – ინფლუენცია ხომ არ შეგყრიათ? – იკითხა არღუთინსკიმ. ნამდვილად ინფლუენცია თუ იქნებოდა, ან სხვა რამ სახადი, რაკი კნაბემ უეცრად მას თვალში მუშტი მოუღერა, მეორეც მიარტყა და კიბეზე დააგორა. თავად კი კიბეს სირბილით ზევით აუყვა. არღუთინსკი წამოდგა ბარბაცით და ინსტინქტურად კნაბეს გაეკიდა და ამ დროს ისააკა და გურულაშვილიც შემოვარდნილიყვნენ სადარბაზოში, გაეგონათ რა ხმაური. კნაბე კი არბოდა და ამ დროს შემდეგ სართულზე კარი გაიღო და იქიდან ანაფორმაში ჩაცმული კაცი გამოვიდა და მას, ჩანს, მასპინძელი გამოჰყვა გამოსაცილებლად. კნაბემ ვერ შეიჩერა თავი, დაეჯახა მათ და ორთავე წააქცია. გვერდითა კარიდან კი ამ დროს გამოვიდა სხვა არავინ თუ არა აბრამ მოშიკაშვილი. მანდაკუნი, გასპარიანცი, კნაბე და მოშიკაშვილი ერთად მოხვდნენ კიბის თავზე, როცა ჯერ არღუთინსკი, მას უკან კი ისააკა და გურულაშვილიც ამოჰყვნენ სირბილით. – აი, ეგაა ახალი ჯანიბეკოვი! – დასძახა ისააკამ და ქამრიდან რევოლვერს დასწვდა. და უეცრად იქაურობა დაზანზარდა, თითქოს და მიწისძვრა იყო და მართლაც ამ ზანზარში კიბე ჩამოინგრა და ყველა ქვეშ ჩამოიყოლა. როგორც მერე წერდნენ, ამისთანა მიწისძვრა არ ყოფილა ტფილისში ბოლო სამოცი წელია. იქ გაჯისა და მტვრის ბუღი დატრიალდა. დიდხანს არ გაუვლია და ნანგრევებიდან ყველა სათითაოდ ამოძვრა და გამოიქცა. გარბოდნენ ქუჩაში, ყველა თავისი გზით და მიმართულებით. არღუთინსკის, ისააკასა და გურულაშვილს დრო დასჭირდათ, რათა გამორკვეოდნენ მათ თავს რაც მომხდარიყო და როცა ჩამოქცეულ სართულსა და კიბეს თავი დააღწიეს, უმალ ამ „ახალ ჯანიბეკოვს“ გამოედევნენ. თავადი გიორგი ერისთავი, რომელსაც ევროპისა და ამერიკის პოლიცია კუდში დასდევდა და მის შეპყრობას ცდილობდა, ეტლით მიხეილის ქუჩაზე მოემართებოდა. ახალი ხლესტაკოვი, როგორც მას უწოდებდნენ, ვისაც უამრავი თაღლითობა ჩაედინა ბერლინსა და პეტერბურგში, ოდესასა და პარიზში უამრავი რამ დაეტყუა ვაჭრებისათვის და საფრანგეთის სატუსაღოში ჯდომაც მოესწრო და ვინაც ნიუ-იორკში თავს ბოლგარიის ტახტზე რუს პრეტენდენტად ასაღებდა, ახლა ტფილისის დასატოვებლად და უკან ევროპაში გასაბრუნებლად ემზადებოდა და ფიქრში იყო გართული, როცა უეცრად გერმანელების ქუჩის კუთხიდან ვიღაც გადმოუხტა და თავი კიღამ ჩლიქებს გაათელია. ის ვიღაც იყო ერთიანად დასვრილი მტვრითა და გაჯით და დაკაწრული სახით, უქუდო და შარვალგახეული. ერისთავი დააცქერდა ამ კაცს და უეცრად დასძახა: – ისევ შენ და ისევ გარბიხარ! ამ სამოსში ვერც კი გიცნობდი. ვარდო როსტომოვი, შაქრო ბუღიშვილი და იაკობ აზაზიანცი – იყვნენ ხოჯივანქის სასაფლაოს ჯიბგირები, არაერთხელ ნასამართლევი. ისინი დიდ დასაფლავებებს ამოირჩევდნენ, იქ მყოფებში გაერეოდნენ და იმათ ჯიბეებს დაუვლიდნენ. 1903 წელს პირველი გილდის ვაჭრის, ხუბლაროვის დასაფლავებისას პორტმანე ამოაცალეს აზნაურ ტუნიბეკოვს და ამაზე ჩავარდნენ. აზიზიანცი ქრთამად ხუთ მანეთს აძლევდა გარადავოი მანუშევიჩს, რომ გაეშვა, მაგრამ ქრთამიანად მიათრიეს განყოფილებაში და მერე მეტეხის ციხეში გადაიყვანეს. ვანო რთველაძე – იდგა ქარგლად სასახლის ქუჩაზე, სათავადაზნაურო ბანკის ქარვასლაში, აბრამ აკოფაშვილის სახელოსნოში, სადაც წიგნებს ჰკაზმავდნენ და ყდებს აკეთებდნენ. როდესაც ქართველიშვილმა მიხაი ზიჩის სურათებიანი „ვეფხისტყაოსანი“ დაბეჭდა, ყდის გაკეთება მან აკოფაშვილს მიანდო. რთველაძე კი სხვა ქარგალ ტიგრან შახინოვს შეუამხანაგდა და ისინი ნელ-ნელა იპარავდნენ წიგნებს. საღამოობით, როცა სახელოსნოს დაჰგვიდნენ და ნაგავს კალათაში ჩაყრიდნენ, იქვე მალავდნენ „ვეფხისტყაოსანსაც“ და მერე იაფად ქუჩებში და ბაზარში ასაღებდნენ. როცა ქურდობა აღარ დაიმალა და მათ მიაგნეს, გამოაცხადეს, რომ საროსკიპოში ცუდი ავადმყოფობა შეგხვდა, წიგნი ხარაზს მივყიდეთ და იმან გვიწამლაო. სულ ორმოცდაორი წიგნი მოიპარეს. რთველაძე ასე მოხვდა 1888 წელს პირველად რვა თვით მეტეხის ციხეში. მერე იქიდან გამოსული ქარგლად აღარავინ აიყვანა და ქურდობა გააგრძელა. (წიგნიდან „ძველი თბილისის დამნაშავენი“) წინა ნაწილები იხილეთ <ამ ბმულზე> 119 2-ს მოსწონს
|