x
მეტი
  • 18.07.2025
  • სტატია:143405
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515443
მუმიფიცირება – ეგვიპტური კულტურის ელემენტი

imageბერძნებმა კემეს მიწებს ეგვიპტე უწოდეს, რაც საიდუმლოს, ამოუცნობს ნიშნავს. მართლაც საოცრებაა პირამიდები - ეგვიპტის ღვთაებრივი ხელოვნებისა და საკაცობრიო ცივილიზაციის სიმბოლო. პირამიდები შესანიშნავი ძეგლებია ძველი ეგვიპტის ხუროთმოძღვრებისა, მაღალი საინჟინრო ხელოვნებისა, რომელიც ხუთი ათასი წლის წინათ შეიქმნა.
ეგვიპტე ყოველთვის წარმოადგენდა მეცნიერთა და მკვლევართა ინტერესის სფეროს. მეცნიერთა არმიებს, სიძველის მოყვარულ მდიდარ პიროვნებებს ყოველთვის იზიდავდა ეგვიპტე. ისინი სწავლობდნენ დიდი კულტურის შემქნელი ერის ისტორიას შემორჩენილი ძეგლების, წარწერების, ნახატების, სამარეების სარკოფაგში აღმოჩენილი ნივთების საშუალებით. საინტერესოა არამარტო პირამიდები - პირველნი, ქვეყნიერების შვიდი სასწაულიდან, არამედ თვით მუმიის დამზადების ტექნიკა, სარკოფაგის - ადამიანის სხეულის სამუდამო განსასვენებლის - მოწყობა და მრავალი თითქოსდა წვრილმანი საკითხი, რისთვისაც დიდებულთათვის პირამიდებს აშენებდნენ.
მუმიფიკაცია ეგვიპტეში ისტორიული თვალსაზრისით უნიკალური არაა. მას იყენებდნენ სხვა ხალხებიც, მაგრამ სხვა ტექნოლოგიით. მუმიების დამზადების ხერხები საუკუნეების მანძილე იცვლებოდა თვით ეგვიპტეშიც. ეპოქის დასაწყის პერიოდში, რომელსაც ისტორიულს უწოდებენ, მუმიფიკაციას უკეთებდნენ მხოლოდ სამღვდლო პირებსა და ფარაონებს.

ეგვიპტელთა აზრით, არსებობდა ერთი სიცოცხლე, რომელიც მიისწრაფვოდა წინ ორ ფეხზე - სიცოცხლე და სიკვდილი. ეს ციკლი მეორდებოდა, სანამ ეს გზა არ შეუერთდებოდა მთავარ ღვთაებას, მზის სულს „ამონ რას“, სადაც კოსმოსის დონეზე იმყოფება სამყაროს მეფე - ოსირისი. არსებობს მითი, რომლის თანახმად პირველად მუმიფიკაცია გაუკეთა ანუბისმა (ისტორიამდელი ღვთაება) სწორედ ოსირისს. აქედან დამკვიდრდა მუმიფიკაციის ტრადიცია. ოსირისი მოკლა სეტმა და ნაკუწებად აქცია. ოსირისის სხეულის მუმიფიკაცია გააკეთა ანუბისმა. მას ეხმარებოდა ქალი - მაგი ისიდა, იგივე ოსირისის ცოლის და. ოსირისის სასქესო ორგანოები ვერ იპოვეს, , იგი აღმოაჩინა გორი უფროსმა - ფრინველთა უდიდესმა სულმა, რომელსაც კლანჭებით მიჰქონდა ოსირისის სასქესო ორგანოები, მან ფრთა შეახო ქალწულ ისიდას და იგი დაორსულდა. ოსირისის ორგანო (ფალოსი) ჩაიძირა ნილოსში, ხოლო გორ უფროსი დაუბრუნდა თავის კოსმიურ სამფლობელოს. ისიდამ შვა ვაჟი. ის როგორც ყველა ღმერთის შვილი, ქალწულისაგან შობილი, ფლობდა ზებუნებრივ ძალას, მიწისა და ცის გასაერთიანებლად.
თვით სიტყვა ისიდა საფეხურ-საფეხურს ნიშნავს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ - კიბეს. გორ უმცროსი შეებრძოლა თავის მამის მკვლელ სეტს. აიძულა იგი უკან დაეხია, ჭაობში, სადაც სეტი დაიმალა ნიანგების მეფის - სებეკის სახით. ბრძოლაში გორმა დაკარგა თვალი. ეს თვალი დამოუკიდებლად განაგრძობდა სიცოცხლეს. იგი გადაიქცა უდჯატად, დამცველ თვალისჩინად, რომელშიც სამუდამოდ გაიყინა ცოცხალ არსებათა მიმართ შებრალების ცრემლი.

ზემოთხსენებული მისტიკური რიტუალი შემდგომ მიწაზე განმეორდა. მუმიებს ამზადებდნენ ოსტატები, რომელთაც ეს საქმე მემკვიდრეობით ჰქონდათ გადმოცემული. მუმიის დამზადება სხვადასხვა ფასი ღირდა. როდესაც ოსტატებს გვამს მიუტანდნენ, პატრონს უჩვენებდნენ ნიმუშებს. ხელობის ფასის და გარდაცვლილის რანგის შესაბამისად, მუმიას შემდეგნაირად ამზადებდნენ: გვამი ირეცხებოდა რიტუალის მიხედვით, მუშავდებოდა როგორც შიგნიდან ისე გარედან. ანტისეპტიკური ნივთიერებები შეყავდათ ყველა ნახვრეტიდან, გარდა თვალების, პირისა და ყურებისა. ცხვირიდან მოკალული რკინით, კაუჭით გამოჰქონდათ თავის ტვინი. ასევე ხელოვნურად გამოჰყავდათ რბილი ქსოვილები. ასობით მუმიის თავის ქალების შესწავლამ ცხადჰყო, რომ ცხვირიდა თავის ტვინის გამოღებისას ცხვირის ხრტილიც კი არ ზიანდებოდა.
მუმიის ხელოსნები დიდი გულმოდგინებით ამუშავებდნენ გვამებს. მუცელს მარჯვენა მხარეს ჭრიდნენ და ამოჰქონდათ ყველაფერი, შიგნეულობა, გული და ფილტვები. ყველაფერი ირეცხებოდა საგულდაგულოდ არომატულ ნივთიერებებში. შემდგომ დებდნენ ოთხ თასში, რომელსაც ბერძნები კანოპს ეძახდნენ. კანოპის სახურავებზე გამოსახული იყო გორის ოთხი ვაჟი (ოთხი ელემენტი, ოთხი ძალა). ერთს ჰქონდა ტურის თავი - „დამუტეფი“, მეორეს - ჩიტის თავი - „კეფსენუფი“, მესამეს - მაიმუნის თავი - „ხაპი“, მეოთხეს - ადამიანის თავი - „ამსეტი“, ბოლო გამოხატავდა მიცვალებულს. ზემოთხსენებული ეს ოთხი კანოპი ვერტიკალურად იდებოდა სპეციალურ ყუთში, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ სკივრი. სკივრის თავსახურავი მოხატული იყო ნავის გამოხატულებით.
imageმიცვალებულის სულს ეხმარებოდნენ როგორც ღვთაება „რა“, ისე სულების მფარველები, ხუთი გენია. ოთხი გენი იყო კანოპში, მეხუთე კი გადაბმული იყო მუმიასთან სარკოფაგში. მეექვსე გენი ეხმარებოდა „ორეულ-კა“_ს, რომ გაქცეულიყო სამარხის ცრუ კარებიდან, რომელსაც ხანდახან მაგიური წარწერებით აძლიერებდნენ. მეშვიდე ეზოთერული გენია, მისი სახელი არასოდეს არ იხსენიება, მას ჰქონდა განსაკუთრებული მისია, გულის აწონის დროს.

გაწმენდილ მუცლის ღრუს ავსებდნენ დანაყილი სუფთა მურით, კასიით და სხვა ნელსაცხებლებით, გარდა გუნდრუკისა; შემდეგ ისევ კერავდნენ მუცლის ღრუს. ამის შემდგომ აბალზამებდნენ გვამს ტუტიანი მარილით და მასში ინახავდნენ 70 დღეს. ამ დროის გასვლის შემდეგ განბანდნენ გვამს და მთელი სხეული იბინტებოდა თასმებად დაჭრილი გრძელი ბინტით. ბინტი მზადდებოდა სამეფო სელისაგან. თხელ ტილოს წასმული ჰქონდა აკაციის ხის ფისი (გერმანულად Gummy), რასაც წებოს მაგივრად ხმარობდნენ ეგვიპტელები. ცხედარი რომ სულს არ გაჰყროდა, ამ მიზნით ეგვიპტელები მუმიის კაპიშონზე, თასმებად დაჭრილ ბინტზე და კერამიკის თხელ ძაფებისაგან დამზადებულ ჩადრზე ათავსებდნენ ამულეტებსა და მაგიურ წარწერებს.
მუმიის ხელები ჯვარედინად იყო დაწყობილი, სხვადასხვა ხერხებით, რანგის, სქესისა და ეპოქის გათვალისწინებით. მუმიის ორივე ფეხი ერთად იკვრებოდა, როგორც ერთი, ოსირისის მსგავსად, რომელსაც მხოლოდ ერთი ფეხი აქვს. თითქოსდა იმეორებდნენ ოსირისის პოზას. ფეხის ტერფის კანი იჭრებოდა და მასზე სანდლებს ამაგრებდნენ. სანდლები დამზადებული იყო სამეფო სელისაგან და პაპირუსისაგან, ზოგჯერ მასზე დახატული იყო თვალები, რათა დაეცვათ მიცვალებული მიწაზე დაბრუნების არასწორი ნაბიჯისაგან. სხეული რომ არ ამდგარიყო, სიმბოლურად დებდნენ შიგ უსულო საგანს, კერძოდ, ნამდვილი გულის ნაცვლად იდებოდა ქვის ან კერამიკული, ან ძვირფასი ლითონისაგან დამზადებული გული. გვამის ასე დამუშავება ძვირი ჯდებოდა, ეს ალბათ ყველასათვის ხელმისაწვდომი არ იყო.

არსებობდა გვამის დამუშავების სხვა წესიც, რაც უფრო იაფი ღირდა. ოყნას ავსებდნენ კედრის ზეთით და ამით უვსებდნენ მიცვალებულს მუცლის ღრუს, ისე რომ არც ჰკვეთდნენ და არც შიგნეულობას უღებდნენ. ეს სითხე საჯდომიდან შეჰყავდათ და აფერხებდნენ მის უკან გამოსვლას.ამის შემდეგ აბალზამებდნენ გვამს რამდენიმე დღის განმავლობაში.
უკანასკნელ დღეს მუცლის ღრუდან უშვებდნენ კედრის ზეთს. ეს ზეთი შლიდა მთელს შიგნეულობას, დაშლილი გამოჰქონდა მთელი შიგთავსი. ხორცს ტუტიანი მარილი შლის და გვამისაგან მხოლოდ კანი და ძვლებიღა რჩებოდა. ამის შემდეგ გვამი ეძლეოდა ნათესავებს.
უპოვართათვის დაბალზამების სხვა მეთოდი არსებობდა, რაც იაფი ჯდებოდა. გვამს მუცლის ღრუს გამოურეცხავდნენ ბოლოკის ზეთით და აბალზამებდნენ სამოცდაათი დღით, შემდეგ აძლევდნენ პატრონებს წასაღებად. გამოჩენილი პიროვნებების ცოლებს გარდაცვალებიდან მესამე ან მეოთხე დღეს აძლევდნენ დასაბალზამებლად, ასევე განსაკუთრებული სილამაზისა და სახელგანთქმულ ქალებსაც.
მუმიფიკაციის ბოლო შტრიხი იყო სხეულისათვის და უშუალოდ სახის ნაკვთებისათვის ბუნებრივი სახის გამომეტყველების მიცემა, რათა მისი ცნობა შესაძლებელი ყოფილიყო.

საგულდაგულოდ დამზადებულ და დამუშავებულ მუმიას სარკოფაგში ათავსებდნენ. სიტყვა სარკოფაგი ბერძნული წარმოშობისაა და ნიშნავს „ხორცის მჭამელს“. გვამი იხრწნებოდა და მხოლოდ ჩონჩხი რჩებოდა, ამასთანაა დაკავშირებული ეს სახელწოდება. უნდა ავღნიშნოთ, რომ ძველ ეგვიპტეზე საუბრისას სარკოფაგი ნიშნავს იგივე კუბოს, რაშიც იდებოდა მუმია. ფარაონი, ქურუმი და ცნობილი პიროვნების მუმია იდებოდა რამდენიმე კუბოში. პირველი კუბო მზადდებოდა ხისაგან, ხოლო უფრო გვიან პერიოდში მას ამზადებდნენ მუყაოსაგან. გარეთა საყდარი კეთდებოდა ქვისაგან. იგი წარმოადგენდა ოთხკუთხედი ფორმის ყუთს, განსხვავებით სხვა კუბოებისაგან არ იმეორებდა ადამიანის სხეულის ფორმას. ფარაონის ცხედარი, როგორც წესი, იდებოდა რამდენიმე კუბოში, რომლებიც ერთმანეთში თავსდებოდნენ.
იშვიათ შემთხვევაში კუბო მზადდებოდა ლითონისაგან (აუცილებელი არ იყო ოქრო, როგორც ეს ტუტანჰამონის შემთხვევაშია), ან სხვა ლითონთა შენადნობისაგან.
imageმაგალითისათვის შეგვიძლია მოვიყვანოთ ტუტანჰამონის სარკოფაგი. იგი შიგნიდან და გარედან მოხატული იყო იეროგლიფებითა და მაგიური ნიშნებით. შიგნით მხარეზე მოთავსებული იყო მრავალრიცხოვანი ღმერთების გამოსახულება, განსაკუთრებით დედა „ნუტ“_ის, გამოხატული მერცხლის ფრთებით. მუმია პირდაპირ კუბოს ფსკერზე გამოსახული ქალღმერთის გამოსახულებაზე იწვა, ისე, რომ იგი თითქოს ფრთების გარემოცვაში იყო. ტუტანჰამონი ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა, მისთვის პირამიდა არ იყო აშენებული, არამედ იგი მოათავსეს დიდებული პიროვნების „ეიე“_სათვის განკუთვნილ სამარხში. სამარხი დიდი არაა, თანაც ჩამოწოლილ მეწყერს ჩაუკეტავს შესასვლელი და ამიტომაც მოაღწია ჩვენამდე ხელუხლებლად. სარკოფაგები, რომლებშიც მუმია იყო მოთავსებული, კაიროს მუზეუმში ინახება, თვით მუმია კი თავის საყდარში მოათავსეს და დაინტერესებულ დამთვალიერებლებს შეუძლიათ დაიკმაყოფილონ ნახვის სურვილი. მუმია განთავსებული იყო შემდეგ ნაგებობებში: დიდი ზომის ხის საყდარი, მოპირკეთებული ოქროთი, მაგიური სიმბოლოებითა და რელიეფით. მეორე საყდარი ფორმით პირველს ჰგავს, იგი მოთავსებულია შიგნით და მოგვაგონებს ნავს, რომელსაც გადაჰყავს ნეტარები. მეორე საყდრის შიგნით მოთავსებული იყო კიდევ ერთი, პირველის მსგავსი საყდარი. შემდეგი საგრძნობლად მომცრო და უფრო სადაა. ეს ოთხი საყდარი ინახება კაიროს მუზეუმში. მეოთხე საყდარში მოთავსებულია ბრწყინვალე სარკოფაგი მოწითალო კვარციტისაგან. კუთხეებს ამშვენებს ოთხი ფრთიანი ქალღმერთი. პირველ კუბოზე ფარაონის სახე უბრალოდ და მკაცრად არის გამოსახული. მეორე კუბოზე, რომელიც ასევე გაკეთებულია ხისაგან, დაფარულია ოქროთი. მასზე გამოსახული ფარაონის სახე ნაკლებ მკაცრადაა წარმოდგენილი. მთავარი კუბო ოქროსაგან ჩამოსხმული იყო და ჰქონდა „U”_ს ფორმა.

მისი წონა 200 კგ_ია, სისქე 2 სმ_ია. კუბო ინკრუსტირებული იყო ნახევრად ძვირფასი ქვებით, მინისებური მასით დამცირე რაოდენობის სხვადასხვა ლითონით. აქ ფარაონის სახის გამომეტყველება გაცილებით რბილია და ახალგაზრდულია. კუბოს ჰქონდა სახელურები, რომელიც ოსტატურად იყო დამალული, კუბოს სამოძრაოდ და სახურავის ასახდელად. მთავარი ნივთი არის ოქროს ნიღაბი, რომელიც გაკეთებულია თითქმის იგივე მეთოდით ან უფრო ფაქიზად, როგორც ოქროს კუბო. ნიღაბზე გამოსახულ ახალგაზრდულ სახეს ღიმილი დასთამაშებს. ერთი შეხედვით, ფარაონის გამოსახულება, კუბოთი დაწყებული და ნიღბით დამთავრებული ქმნის გაახალგაზრდავების და სახის ღიმილით გაბადვრის წარმოდგენას. ამ ეფექტს გააჩნია სასულიერო მნიშვნელობაც, და გამოხატავს ძველ ეგვიპტელთა რწმენას, რომ სიკვდილი არის სულის გაკეთილშობილებისა და სამარადისო გაახალგაზრდავების საშუალება. ზეთითა და საცხებით გაჟღენთილი მუმია დაიშალა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ მუმია მზადდებოდა არა შენახვისათვის, არამედ სულის განწმენდისათვის. მიწაზე განხორციელებული ეს რიტუალი განსაზღვრული იყო სულის გადასასვლელად ანარეკლ მიწაზე - „ამენტი“_ზე. გახრწნილ მუმიაზე აღმოჩენილი იქნა მრავალრიცხოვანი სამკაულები, ბეჭდები, მძივები, ქანდაკებები, ამულეტები, რომლებიც წარმოადგენდნენ მერცხალ სულს.

არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტი, რომ მუმიებს ატანდნენ „მიცვალებულთა წიგნს“. ის შეიცავდა ლოცვებსა და დარიგებებს. ეს წიგნი განკითხვის დღეს დასჭირდებოდა გარდაცვლილის სულს, როცა იგი წარსდგებოდა ოსირისის წინაშე თავის გასამართლებლად. მიცვალებულს, ოსირისისა და ორმოცდაორი ღვთაების წინაშე სათითაოდ უნდა ჩამოეთვალა რაშიც დანაშაული არ მიუძღვოდა. მაგალითისათვის მოვიყვანთ ნაწყვეტს: „შიმშილით არავინ მომიკლავს, არავინ ამიტირებია, არავინ მომიკლავს, არც მკვლელი წამიქეზებია, ცუდკაცობა არ ჩამიდენია, ეკლესიები არ განმიძარცვავს, მე არ ვაკეთებდი იმას, რაც ამცირებს ღმერთს, მშიერთათვის მიმიცია პური, მწყურვალთათვის - წყალი, ბაგენი ჩემი წმინდაა და ხელი ჩემი წმინდაა ყოველი ბოროტისაგან“.
ვისაც მიცვალებულის წიგნი ჰქონდა, ის გაიმართლებდა და დაიცავდა განკითხვის დროს თავს და მისი ყიდვა აუცილებელი იყო. მას ქურუმები ჰყიდნენ. დაბალი ფენა წიგნის გარკვეულ ნაწილს შოულობდა.

ეგვიპტელების აზრით, მიწაზე ბრუნდებოდა ის სული, რომელიც ჯერ კიდევ კარგად არ იყო დახვეწილი. შესაწირავს ისინი სამარხში დებდნენ, რათა „ორეული“ ადვილად გასულიყო სულთან ერთად.
ეგვიპტელებს სჯეროდათ, რომ სული სხეულს ტოვებს ტანჯვით და ამიტომ სულიერი მამები ცდილობდნენ დახმარებოდნენ სულს გასვლაში. ვფიქრობთ, რომ ამ მიზნით ხდებოდა განწმენდა, მუმიის დამზადება, ყოველი რიტუალის გულმოდგინედ და ზუსტად შესრულება. სარკოფაგის მნიშვნელობა სულის დაცვა იყო ასტრალური ქარებისაგან და სხვა ბოროტი ძალებისაგან.
დამთვალიერებლები კაიროს მუზეუმში თითქოს ფეხის წვერებზე დადიან ეგვიპტური სიძველეების დასათვალიერებლად. ამ დროს კი უხილავი ძალა გვეჩურჩულება: „ადამიანო, ნუ გეშინია, სიცოცხლე გრძელდება“.

წყარო: ნინო გომართელი – მსოფლიო ცივილიზაციები

0
118
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
118
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0