"გაიტაცეს... ემუქრებოდნენ ბავშვების უსაფრთხოებით" - თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ მის ქმარს ვიდეოს ჩაწერა აიძულეს
მარცხნივ: კოტე იოსელიანი / სქრინი 08.06.2025-ში გამოქვეყნებული ვიდეოდან, სადაც ის კიდევ ერთხელ ბოდიშს უხდის უტა ივანიშვილს | მარჯვნივ: თინა ბოკუჩავა / სქრინი 09.06.2025-ში გაკეთებულ თინა ბოკუჩავას ბრიფინგის ვიდეოდან, სადაც ის აცხადებს, რომ მისი ქმარი გაიტაცეს და 8 საათიანი ზეწოლისა და მუქარის შემდეგ ვიდეო ძალით ჩააწერინეს
"8 საათის განმავლობაში ახორციელებდნენ მასზე ზეწოლას. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა და მუქარა. ემუქრებოდნენ კონკრეტულად ბავშვების უსაფრთხოებით" - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა თინა ბოკუჩავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე. მან მისი ქმრის კოტე იოსელიანის იმ ვიდეოს ჩაწერის მიზეზებზე ისაუბრა, რომელშიც მისი ქმარი კიდევ ერთხელ ბოდიშს უხდის 7 წლის წინ უტა ივანიშვილის ორიენტაციაზე გამოთქმულ მოსაზრების გამო. თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ იოსელიანის გატაცების რეალური მიზეზი არა ბოდიშის მოხდა არამედ მისი დაშინება და გაჩუმებაა.
თინა ბოკუჩავას განცხადება დღევანდელ ბრიფინგზე:
"
საზოგადოების ნაწილმა იხილა ვიდეო, რომელიც გუშინ ჩემმა მეუღლემ კოტე იოსელინმა გამოაქვეყნა, სადაც ის თითქოს ბოდიშს იხდის 2018 წელს გაკეთებული საჯარო კომენტარის გამო უტა ივანიშვილთან დაკავშირებით.
მე მინდა საზოგადოებას მოვუყვე რა მოხდა ამ ვიდეოს ჩაწერამდე.
ჩემს მეუღლეს, ჩვენი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ვაკის აუზთან, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ჩვენ 3 მცირეწლოვან შვილთან ერთად, ღამით ჩაუსაფრდა 5 ნიღბიანი პირი. მას ეს ხუთი ნიღბიანი პირი თავს დაესხა, თუმცა მძიმე ფიზიკური დაზიანებების მიყენება მათ ვერ შეძლეს.
ამ ფიზიკური დაპირისპირების შედეგად ჩემი მეუღლე ჩასვეს მანქანაში. მას აუხვიეს თვალები და თვალებახვეული და ხელებშეკრული გაიტაცეს უცნობი მიმართულებით.
რა თქმა უნდა, ჩვენთვის შეუძლებელია დავადგინოთ ზუსტი ლოკაცია მისი გატაცების, რადგან ის იყო თვალებახვეული მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. თუმცა დისტანციიდან და ტრაექტორიიდან გამომდინარე ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ის გაიტაცეს და შემდგომ მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ე.წ. მოდულის შენობაში.
ადგილზე მიყვანის შემდეგ გამტაცებლები 8 საათის განმავლობაში ახორციელებდნენ მასზე ზეწოლას. უსახელებდნენ მას მისი ყოველდღიური გადაადგილების მარშუტს, მათ შორის ჩვენი უფროსი 10 წლის შვილის სკოლის და ჩვენი ორწლინახევრის ტყუპების ბაღის ადგილმდებარეობას.
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა და მუქარა და მას ემუქრებოდნენ, და ემუქრებოდნენ კონკრეტულად ბავშვების უსაფრთხოებით.
მიუხედვად იმისა, რომ, მე ბუნებრივია მთელი ღამის განმავლობაში ვცდილობდი ჩემს მეუღლესთან დაკავშირებას, მას არ აძლევდნენ თავის პირად ტელეფონთან წვდომას.
ყველას პირადი ცხოვრება პირადია. წერტილი!
მაგრამ ყველას კარგად გვესმის, რომ უტა ივანიშვილზე 7 წლის წინ გაკეთებული განცხადება, რომელზეც კოტემ ფაქტიდან 3 დღეშივე მოიხადა საჯაროდ ბოდიში, გუშინდელი კოტეს ძალადობრივი გატაცების რეალური მიზეზი არაა, რეალური მიზეზი კი არის ჩემი დაშინება და ჩემი გაჩუმება.
ახლა მინდა ძალიან გარკვევით ვთქვა, ბიძინა ივანიშვილის, მისი ყველა ოჯახის წევრის, კოტეს გამტაცებლების და გატაცების დამკვეთების, მათ შორის გელა გელაძის, რომელიც, როგორც მეუბნებიან - მე როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიტიკურ მეცნიერებას ვსწავლობდი, ვანო მერაბიშვილის ყურმოჭრილი მონა იყო. ყველას გასაგონად მინდა გარკვევით ვთქვა, არ მეშინია, არ გავჩუმდები და ვიბრძოლებ თქვენი ძალადობრივი, მოღალატეობრივი რეჟიმის დემონტაჟისთვის" - განაცხადა ბოკუჩავა ბრიფინგზე.
თინა ბოკუჩავა ბიძინა ივანიშვილის პარტიის "ქართული ოცნების" მთავარი ოპოზიციური ძალის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერია. ივანიშვილი ენმ-ს განადგურებით და მისი პარტიის წევრების დაჭერით წლებია იმუქრება, თუმცა მისმა პარტიამ ეს მუქარა რეალობად მხოლოდ რუსული კანონების მიღების შემდეგ მოახერხა და ახლა ყოველდღიურად მიმდინარეობს ოპოზიციური პარტიის წევრების, ისევე როგორც ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების, დევნა, შევიწროვება, დისკრიმინაცია, ცემა, გატაცება და დაპატიმრება.
კოტე იოსელიანის გუშინდელი ვიდეო-ბოდიში უტა ივანიშვილის მიმართ:
თინა ბოკუჩავას ქმარი კოტე იოსელიანი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრია.