სისხლის სამართალი გამსახურდია შევარდნაძეს ადანაშაულებდა,თქვენ დახვრიტეთ ქართველი პატრიოტი ვლადიმერ ჟვანია, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ადამიანიო 3 ივნისი, 10:49 ![]() საბჭოთა უშიშროების ყოფილი პოლკოვნიკი აწ გარდაცვლილი გურამ სოფრომაძე წლების წინ მიყვებოდა როგორ გაუჭირდა მაშინდელ უშიშროებას ტერორისტის გამოვლენა და დაკავება. თავად სოფრომაძე აქტიურად იყო ჩართული საგამოძიებო ოპერაციებში. ამბობდა, ჟვანია არ უნდა დაეხვრიტათო. მის სიკვდილში ედუარდ შევარდნაძეს ადანაშაულებდა პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიაც იმ ცნობილ წერილში, რომელიც მან შევარდნაძეს მისწერა. გამსახურდია წერს, თქვენ 1976 წელს დახვრიტეთ ქართველი პატრიოტი ვლადიმერ ჟვანია, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ადამიანიო. უშიშროების არქივში შემონახული მასალების მიხედვით, მოვლენები ასე განვითარდა. გასული საუკუნის 70-იან წლებში საქართველოს დიდ ქალაქებში - სოხუმში, თბილისსა და ქუთაისში მძლავრი აფეთქებები მოხდა. საბჭოთა სივრცეში ეს წარმოუდგენელი იყო. 1975 წლის 22 ივნისს, დილის 11 საათზე, სოხუმში, აფხაზეთის საოლქო კომიტეტის შენობასთან აფეთქების ხმა გაისმა და სამწუხაროდ, ამ აფეთქებას მსხვერპლის გარეშე არ ჩაუვლია. ლენინგრადიდან ჩამოსული დამსვენებელი სერგეი ლევიტინი ადგილზე დაიღუპა. ![]() ოთხ დღეში კი ქუთაისის წულუკიძის სახელობის ცენტრალურ ბაღში გაისმა აფეთქების ხმა. მთელი ტრაგედია ის იყო, რომ უძლეველი საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების აპარატი უძლური აღმოჩნდა დანაშაული გაეხსნა. საკავშირო უშიშროების კომიტეტი უკმაყოფილო იყო საქართველოში საგამოძიებო კომისიის მუშაობით და მკაცრ დირექტივებს იძლეოდა. მოსკოვიდან მოსული ექსპერტიზების დასკვნებით აფეთქების ადგილებზე ნაპოვნი ასაფეთქებელი მოწყობილობები კუსტარულად იყო დამზადებული, ამფეთქებელის შესაძლო პროფესიები კი იყო - გამნაღმველი, სეისმოლოგი, სამთო მომწყობი ან ფიზიკოსი. ![]() გადამოწმდა ყველა შესაძლო ვერსია და საეჭვო პირთა კარტოთეკა, მაგრამ ხელჩასაჭიდი არაფერი ჩანდა. საგამოძიებო ჯგუფი მხოლოდ ერთადერთ ღირებულ ინფორმაციას ფლობდა: სამივე შემთხვევის დროს, თვითმხილველთა ჩვენებებით, დივერსიული აქტის ჩამდენი გამხდარი, საშუალოზე მაღალი, მარჯვნივ თმაგადავარცხილი მამაკაცი უნდა ყოფილიყო... მაგრამ ვინ იყო და რატომ აფეთქებდა სახელმწიფო ობიექტებს - გაურკვეველი რჩებოდა. აწ გარდაცვლილი უშიშროების პოლკოვნიკი გურამ სოფრომაძე მიამბობდა, როგორ ეძებდნენ ტერორისტს. გურამ სოფრომაძის მონათხრობიდან: "ამ აფეთქებებმა ყველა საგონებელში ჩააგდო. 1976 წელს, შუა ზამთარში, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მომხდარი აფეთქების შედეგად მთავრობის სახლის, სამხატვრო სახლისა და კინოთეატრ რუსთაველის ფანჯრები მთლიანად დაიმსხვრა, სისხლი არ დაღვრილა. მაშინ ქუთაისის უშიშრობაში ვმუშაობდი, საყაზარმო მდგომარეობა გამოცხადდა. დავიწყეთ დამხმარე ძალებთან ხშირი შეხვედრები, რათა მათგან ამფეთქებლებზე ინფორმაცია მიგვეღო. არც სოხუმის ფაქტი იყო გამოძიებული. სოხუმშიც თვითნაკეთი საათის მექანიზმით დამონტაჟებული ბომბი საოლქო კომიტეტის შენობასთან სქელ თუჯის ურნაში ჰქონდა ტერორისტს ჩადებული. იქ სასეირნოდ გამოსული ტურისტი დაიღუპა, ამან გაამწვავა სიტუაცია და დიდი ვნებათაღელვა იყო. დღეში ორჯერ, ყველა სასტუმროსა და საეჭვო ხალხის თავშეყრის ადგილების შემოვლა ხდებოდა, რომ საჭირო ინფორმაცია მიგვეღო, მაგრამ უშედეგოდ. მახსოვს, მარტი იყო, დილით ჩემს "ისტორიულ" კაბინეტში შევედი, ისტორიულს იმიტომ ვეძახდით, რომ იმ ოთახში თურმე თავად დადეშქელიანს მეფისნაცვალ გაგარინისათვის ხმლით თავი წაუგდებინებია და მეორე სართულიდან გადამხტარა. ამ კაბინეტში ჩემი შესვლიდან რამდენიმე წუთში ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა, ცხადი იყო ქუთაისშიც ტერორისტმა ააფეთქა მოწყობილობა. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ იყო ქუთაისშიც. პირველ სკოლასთან ახლოს მოხდა აფეთქება და ირგვლივ მინები ჩამსხვრეული იყო. ასაფეთქებელი მოწყობილობა თუჯისფეხებიანი ხის სკამის ქვეშ ჰქონდა ტერორისტს დატოვებული. იქვე ახლოს იყო მესაათის ჯიხური, რომელიც ნაფოტებად იქცა. მესაათე ჯიხურში არ იყო და გადარჩა. ![]() მერე დაკითხული ადამიანები ამბობდნენ, გამვლელებს აფრთხილებდა, იქით არ გაიაროთ საშიშიაო. ეს გამვლელები მერე ამას ყვებოდნენ ჩვენებებში. აფეთქების დროს 600 მეტრი ჰქონია გავლილი ჟვანიას და ხმა რომ გაუგია, ისევ უკან მობრუნებულა, რომ გაეგო მსხვერპლი ხომ არ იყო. ამ დროს თურმე ქალები საპარიკმახეროდან ილანძღებოდნენ, მათთვის უთქვამს, რატომ ილანძღებით, ვითომ თქვენ არ გიხარიათ, რაც მოხდაო. ის ტერაქტის დროს მსხვერპლს ყოველთვის ერიდებოდა. არ უნდოდა ადამიანები დაღუპულიყვნენ. ქუთაისშიც ისეთ დროს მოხდა აფეთქება, როცა ბავშვები სკვერში არ იყვნენ. ქუთაისში მომხდარი აფეთქებიდან დაახლოებით ერთ თვეში შეგვატყობინეს, რომ ბათუმში იყო დაკავებული ვლადიმერ ჟვანია. არ დამავიწყდება მისი გამოხედვა, წყნარი, მშვიდი მსჯელობა. კორექტული პასუხები ჰქონდა. არსებული წყობით იყო უკმაყოფილო, უმძიმესი ცხოვრება ჰქონდა გამოვლილი. ნამდვილად არ იყო დახვრეტის ღირსი, რომ არა მისი ასეთი ცხოვრება, ის ნამდვილად კარგი ადამიანი იყო. ჭეშმარიტი ეროვნული ერთობისთვის მებრძოლი ადამიანი. უშიშროების არქივის მასალებიდანაც ჩანს, როგორ მოხდა მისი დაკავება. ცხადია საგონებელში ჩავარდა ხელისუფლება, რადგან ბოლო აფეთქებიდან რამდენიმე დღის შემდეგ საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის, საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და საქართველოს მინისტრთა საბჭოს სახელზე შემოვიდა 1976 წლის 19 აპრილით დათარიღებული "საქართველოს განმათავისუფლებელი ფრონტის" მომართვა, რომელშიც ავტორმა წამოაყენა ანტისაბჭოთა მოთხოვნები: საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება; ქვეყნიდან რუსეთის ჯარის გაყვანა; საქართველოს ნეიტრალიტეტის აღიარება; დემოკრატიული პარტიის ცნობა; საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დაუყოვნებლივ დანიშვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში კომუნიკაციებისა და მაღალი ძაბვის ანძების აფეთქებით იმუქრებოდა. ![]() 380 2-ს მოსწონს
|