x
მეტი
  • 20.06.2025
  • სტატია:142881
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515281
ბოროტების პრობლემა
ბოროტების პრობლემა


დღეს უკვე ფართოდ აღიარებულია მოსაზრება, რომ სამყარო ინფორმაციულ სტრუქტურებზეა დაფუძნებული. ამ ინფორმაციის წყარო დიდი ალბათობით უნდა ვეძიოთ გონებაში, ინტელექტსა და ცნობიერებაში. სწორედ ამ გონებიდან მომდინარეობს მათემატიკური და ლოგიკური წესრიგი, რომელიც ფიზიკური რეალობის საფუძველს ქმნის. მსჯელობის სიმარტივისთვის, ამ გონს ვუწოდოთ "ღმერთი".


ისმის კითხვა: როგორია ეს გონება? შესაძლებელია თუ არა მისი თვისებების გაგება? არსებობს გზა ამის გასაგებად? პასუხი, როგორც ჩანს, დადებითია. ამის გასაგებად საჭიროა გავიგოთ, როგორია მის მიერ შექმნილი რეალობა - ჩვენი სამყარო. რა არის სამყაროს რაც შეიძლება ზუსტი შესწავლის მეთოდი? დაკვირვება და ექსპერიმენტი - მეცნიერება.


რა ირკვევა მეცნიერების საშუალებით? როგირია ჩვენი სამყარო? თუ ამას შევაფასებთ ადამიანური მორალით, უფრო ზუსტად - ქრისტიანული მორალით, მაშინ ეს სამყარო არის კეთილიც და ბოროტიც - ნეიტრალურია, განზავებული, ერთდროულად შეიცავს როგორც სიკეთეს, ისე ბოროტებას. ვერაფრით იტყვი, რომ სრულად კეთილია ან სრულად ბოროტი.


ამ რეალობის მოწყობა საშუალებას იძლევა, რომ მასში მცხოვრებმა არსებებმა განიცადონ წარმოუდგენლად საშინელი ტანჯვა ან დიდი სიამოვნება.


ჩანს, რომ ბოროტება, ტანჯვა, მისი ხარისხი, სიდიდე ან საერთოდ არ არის ხელოვნურად შეზღუდული, ან იმდენად დიდი დიაპაზონითაა დაშვებული, რომ ამას ვერ დავარქმევთ მოწყალებას ან სიყვარულს - ეს ეჭვქვეშ აყენებს ამ რეალობის შემოქმედის მოწყალე და მოყვარულ ბუნებას, თუ მას ქრისტიანული მორალის მიხედვით განვსჯით.


მაგალითად, რაც ნამდვილად ვიცით, არის ის, რომ ევოლუცია ხდება. დროში ცვალებადობა ხდება. ამ პროცესის მეშვეობით ჩამოყალიბდა ადამიანი. სიცოცხლე მილიარდობით წლის განმავლობაში ვითარდებოდა შედარებით მარტივი ერთუჯრედიანი ფორმებიდან ადამიანის ჩამოყალიბებამდე. ადამიანი დგას მილიარდობით წლით მიმდინარე პროცესზე, რომელიც მოიცავს მუდმივ სისხლისღვრას, მკვლელობას, ბუნებრივ გადარჩევას, სიცოცხლის ფორმების მიერ ერთმანეთის ჭამას, აგრესიულ და მუდმივ კონკურენციას - ე.ი. მუდმივ ტანჯვას.


ბოროტების პრობლემა


ჩნდება კითხვა: რატომ მიიღო გადაწყვეტილება ღმერთმა, რომ სწორედ ასეთი გზით, ევოლუციის გზით შეექმნა ადამიანი? საერთოდ იყო სხვა გზა? თუ ვიტყვით, რომ ღმერთი ყოვლისშემძლეა, სამართლიანი, სიყვარულია და ლოგიკური, მაშინ რა საჭირო იყო ამდენი და ამხელა დოზით ტანჯვა ან ამ ტანჯვის დაშვებულობის ამხელა დიაპაზონი?

რა სავარაუდო პასუხები არსებობს ზოგადად ამ კითხვაზე, რომელსაც მოკლედ უწოდებენ ხოლმე"ბოროტების პრობლემას"?


1) ადამის დაცემა - ძველი აღთქმის ტექსტებზე დაყრდნობით, ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ სანამ ადამი ცოდვით დაეცემოდა, იქამდე ამ სამყაროში არ არსებობდა ტანჯვა და სიკვდილი, ანუ მაგალითად ცხოველები ერთმანეთს არ ჭამდნენ. მეცნიერება გვიჩვენებს, რომ ეს ვერსია ნამდვილად არასწორია.


2) ანგელოზის დაცემა - ქრისტიანულ თეოლოგიაში გაჩნდა ასეთი ვერსიაც, რომ კეთილი სამყაროს დაცემა მოხდა მაშინ, როცა დაეცა ანგელოზი და მასთან ერთად აჯანყებული ანგელოზების მესამედი. ეს ვერსია მეტაფიზიკურია და არ ექვემდებარება ემპირიულ შემოწმებას.


3) დემიურგი - გნოსტიკოსების ვერსიით, ამ ჩვენი სამყაროს შექმნა გამოიწვია ღვთაებრივ, პირველად არსებულ, მარადიულ, უსასრულო და სრულყოფილ სამყაროში (პლერომაში) მომხდარმა შიდა დაცემამ, რაც გამოიხატა პლერომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებლის თუ არსების, სიბრძნის (სოფიას) დაცემით. ამ მოვლენამ თავის მხრივ, გამოიწვია წარმოშობა დაცემული ცნობეირების (გონების, ინტელექტის) რაღაც ცალკეული ახალი ზეარსების, რომელიც იყო ძლიერი გონი, მაგრამ არასრულყოფილი. ამიტომ მან შექმნა თავისი მსგავსი არასრულყოფილი, უხეში, ტანჯვით სავსე რეალობა - ჩვენი სამყარო.


4) კარმა და რეინკარნაცია - ინდუიზმი, ბუდიზმი, ჯაინიზმი. ამ რელიგიების მიხედვით, ტანჯვა არის შედეგი წინა ცხოვრებებში ან ამავე ცხოვრების წარსულში ჩადენილი ქმედებების - კარმის შედეგი.


5) გამოცდა და ხასიათის ჩამოყალიბება - იუდაიზმის, ქრისტიანობის და ისლამის ზოგიერთი ინტერპრეტაცია გვთავაზობს ვერსიას, რომ როგორც ცეცხლში იწრთობა რკინა და ყალიბდება მჭრელ იარაღად, ისე იწრთობა ადამიანის სული ტანჯვის ცეცხლით. მაგრამ კითხვა მაინც რჩება: "რატომ სჭირდება ყოვლისშემძლე ღმერთს ასეთი სასტიკი მეთოდი ადამიანების სულიერი ზრდისთვის?


6) თავისუფალი ნების არსებობით გამოწვეული აუცილებელი გვერდითი ეფექტი - ამ თვალსაზრისით, ბოროტებას წარმოშობს არა ღმერთი, არამედ ადამიანი ან ანგელოზი, რომელსაც ღმერთმა მისცა თავისუფალი ნება. ეს კი გულისხმობს იმის ფიქრს და კეთებას, რასაც თითოეული თავისუფალი გონება გადაწყვეტს. ამან კი აუცილებლად შემოიტანა დაცემა, ბოროტება ამ სამყაროში. ბოროტება არ არის ცალკეული რამ. არამედ ეს არის როგორც სიბნელე. რა არის სიბნელე? სინათლის ნაკლებობა. ადამიანი ან ანგელოზი, ზოგადად, ნებისმიერი თავისუფალი ნების მქონე არსება ირჩევს რამდენად დაშორდეს სინათლის წყაროს, ღმერთს, ჭეშმარიტებას და შესაბამისად რამდენად იქნას მოცული ბნელით (ბოროტებით).


7) ილუზორულობა - ადვაიტა ვედანტას და ზოგიერთი ბუდისტური წყაროს მიხედვით, ტანჯვა და ბოროტება არის ილუზია (მაია). ჩვენი ცნობიერება ცდომილებაშია, სამყაროს არასწორად აღვიქვამთ, როგორც განცალკევებულ და კონფლიკტურ რეალობას მაშინ, როცა ჭეშმარიტება ერთიანობაშია. ადვაიტა ვედანტაში საბოლოო რეალობა არის ბრაჰმანი - ერთიანი გონი. ინდივიდუალური ტანჯვა არსებობს მხოლოდ იქამდე, სანამ არ გავიღვიძებთ ამ ერთიანობის ჭეშმარიტებაში. ბუდიზმი ქადაგებს ასეთივე რამეს და ამბობს, რომ ტანჯვისგან ხსნა სურვილებისა და ცრუ იდენტობისგან გათავისუფლება და ნირვანაში შესვლაა, რაც ამ დიდ, უმაღლეს იდენტობაში გათქვეფას ნიშნავს.


8) ირანული ზოროასტრიზმი - კოსმიური დუალიზმის ვერსიას გვთავაზობს, სადაც არსებობს კეთილი და ბოროტი ძალების მუდმივი ბრძოლა მეტაფიზიკურ და ფიზიკურ სამყაროში. ადამიანის თავისუფალი არჩევანი განსაზღვრავს რომელი ძალა გაიმარჯვებს კონკრეტულ მომენტში. საბოლოოდ სიკეთე გაიმარჯვებს და აღდგება სამყაროში სრულყოფილი წესრიგი. თუმცა ამ ხედვასაც აქვს კრიტიკა: რატომ არსებობს საერთოდ ეს ბოროტი ძალა? რატომ არ გააქრო ღმერთმა ის თავიდანვე, თუ ყოვლისშემძლეა?


კრებულები

1. მეცნიერება - ნაწილი I

2. მეცნიერება - ნაწილი II

3. მეცნიერება - ნაწილი III

4. მეცნიერება - ნაწილი IV

5. მეცნიერება - ნაწილი V

6. სხვადასხვა - ნაწილი I

7. სხვადასხვა - ნაწილი II

8. ქართული მითოლოგია

9. რელიგია

10. საქართველო - ნაწილი I

11. საქართველო - ნაწილი II

12. ქართული სახელმწიფოები

13. პროტოქართველები

14. კავკასიური კულტურები

15. პარანორმალი

16. ჰომოს გვარი - ადამიანების სახეობები და ქვესახეობები

17. ჰომო საპიენსის არქეოგენეტიკური მოდგმები


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
91
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
91
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0