სხვა კლუნის მადლიერების სასწაული ანუ როგორ გაუნაწილა ჰოლივუდის ვარსკვლავმა მეგობრებს $14 მილიონი 11 მაისი, 15:10 ![]() მადლიერება ადამიანის ერთ-ერთი საუკეთესო თვისებაა. უმადური ადამიანი საშინელებაა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის მკვლელია, რადგან ადამიანში ადამიანობას კლავს. როცა ვინმეს სიკეთეს უკეთებ, ის კი ამ სიკეთეს ვერ ხედავს, თანდათან გული გიცრუვდება ცხოვრებასა და ადამიანებზე და საკუთარ ნაჭუჭში იკეტები. საბედნიეროდ, არსებობენ მადლიერების გრძნობით აღსავსე, დიდებული ადამიანები ამქვეყნად და ერთ-ერთი მათგანი ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯორჯ კლუნია. 2013 წელს მან ჰოლივუდის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გულუხვი ნაბიჯი გადადგა. ვარსკვლავმა ვახშამზე თავისი 14 უახლოესი მეგობარი დაპატიჟა — ისინი, ვინც მას დიდებისა და სიმდიდრის მოხვეჭამდე დიდი ხნით ადრე უჭერდნენ მხარს — და თითოეული მათგანი 1 მილიონი დოლარით დაასაჩუქრა. თანაც ეს ყოველივე აბსოლუტურად ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე გააკეთა. აი ასე, ამოიღო 14 მილიონი და თითო მეგობარს თითო მილიონი ჩამოურიგა. აღმოჩნდა, რომ კლუნის იმ მეგობრებიდან, ვინც ჰოლივუდის ვარსკვლავის გულუხვი საჩუქრის ბენეფიციარი გახდა, ზოგიერთს ხელფასიდან ხელფასამდე თავი ძლივს გაჰქონდა. კლუნიმ გადასახადებიც კი დაფარა, რათა მათ საკუთარი თანხა, ერთი მილიონი დოლარი სრულად მიეღოთ. „როცა ღარიბი ვიყავი, მათ დივნებზე მეძინა“, - თქვა ვარსკვლავმა. „მათ გარეშე არ მექნებოდა ის, რაც მაქვს“. ასე რომ, კლუნი არამხოლოდ გენიალური მსახიობია, არამედ სიკეთით და მადლიერების გრძნობით აღსავსე ადამიანიც. ამჟამად სწორედ მის მიერ დაფუძნებული “ფონდი სამართლიანობისთვის” ახორციელებს სინდისის პატიმარ და რუსული რეჟიმის ტყვე მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესების მონიტორინგს. უდავოა, რომ ეს მონიტორინგი ობიექტურობის და სამართლიანობის სრული დაცვით წარიმართება. 83 1-ს მოსწონს
|