საბუნებისმეტყველო მეცნიერებმა მზეზე 100 მილიონჯერ უფრო დიდი მოხეტიალე კოსმოსური მონსტრი აღმოაჩინეს 11 მაისი, 14:45 ![]() 600 მილიონი სინათლის წლის მოშორებით, ასტრონომებმა აღმოაჩინეს მოხეტიალე სუპერმასიური შავი ხვრელი, რომლის მასა მზის მასას 100 მილიონჯერ აღემატება და რომელიც თავისი გალაქტიკის ცენტრიდან შორს მოძრაობს. მკვლევარებმა კოსმოსური მონსტრი მაშინ დააფიქსირეს, როცა ეს უკანასკნელი რომელიღაც ბედკრულ ვარსკვლავს ნთქავდა. როდესაც ვარსკვლავი ძალიან ახლოს მიდის შავ ხვრელთან, კოსმოსური მონსტრის კოლოსალური გრავიტაციული ძალები მას ანადგურებენ. შედეგად ვიღებთ რადიაციული ფონის აფეთქებას. მსგავსი აფეთქება მოხეტიალე შავი ხვრელის შემთხვევაში იმდენად ინტენსიური იყო, რომ დროებით კონკურენცია გაუწია მთელი გალაქტიკის სიკაშკაშესაც კი ჰერკულესის თანავარსკვლავედში. ამ აღმოჩენას განსაკუთრებულს ხდის ასევე ისიც, რომ ეს შავი ხვრელი არ მდებარეობს გალაქტიკის ცენტრში, სადაც ჩვეულებრივ ასეთი მასიური ობიექტები გვხვდება. ამის ნაცვლად, ის ცენტრიდან დაახლოებით 2600 სინათლის წლით არის გადახრილი, რაც მას ცენტრიდან გადახრილი ზემასიური შავი ხვრელების პირველ დადასტურებულ შემთხვევად აქცევს. ჰაბლის ზუსტმა გამოსახულებამ ასტრონომებს საშუალება მისცა, კონკრეტულად დაედგინათ აფეთქების ადგილმდებარეობა, რამაც დაადასტურა, რომ ის გალაქტიკაში დამოუკიდებლად მოძრავი მასიური შავი ხვრელიდან მოდიოდა. გალაქტიკის ბირთვი უკვე შეიცავს კიდევ ერთ სუპერმასიურ შავ ხვრელს, მაგრამ ორივე მათგანი გრავიტაციულად არ არის ურთიერთდაკავშირებული. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მოხეტიალე შავი ხვრელი შეიძლება იყოს გალაქტიკების შერწყმის ნარჩენი, სადაც ის გრავიტაციული ურთიერთქმედების შედეგად ცენტრიდან ამოვარდა. ის საბოლოოდ, შესაძლოა, გალაქტიკის სპირალის შიგნით შევიდეს და ცენტრალურ შავ ხვრელს შეერწყას. თუმცა, ამ ეტაპზე მარტო დახეტიალობს. ეს აღმოჩენა ასტრონომებს აძლევს ახალ, ძლიერ მტკიცებულებას, რომ მასიური შავი ხვრელები შესაძლოა გალაქტიკური ცენტრებიდან შორს არსებობდნენ, რაც თეორეტიკოსების მიერ წლების განმავლობაში გაკეთებული პროგნოზი იყო, მაგრამ აქამდე მსგავსი რამ პირდაპირ არასდროს დაკვირვებულა. ეს აღმოჩენა კარს უხსნის მეტი მოხეტიალე გიგანტის გამოვლენას კოსმოსის თვალუწვდენელ სივრცეებში. 119 შეფასება არ არის
|