x
მეტი
  • 17.05.2025
  • სტატია:142347
  • ვიდეო:351928
  • სურათი:514714
შესაძლოა, მზის სისტემაში მეცხრე პლანეტა იმალებოდეს
image


უკვე წლებია, მკვლევარები ამჩნევენ რაღაც უცნაურსა და ამოუხსნელს, რაც გარე მზის სისტემაში ხდება. კოიპერის სარტყელში - ნეპტუნის მიღმა რეგიონში, რომელიც სავსეა კომეტებითა და ჯუჯა პლანეტებით - ყინულოვან ობიექტებს უჩვეულო ტრაექტორია აქვთ. ამ ობიექტებიდან ბევრი მიჰყვება ელიფსურ ტრაექტორიებს, რომლებიც ერთი მიმართულებით არის დაჯგუფებული. ზოგიერთი ეს ციური სხეული დანარჩენი პლანეტების საპირისპიროდ ბრუნავს.


ეს უცნაური ქცევა შეიძლება აიხსნას მხოლოდ ერთი რამით: მასიური, უცნობი პლანეტა იზიდავს ამ
კომეტებს და პლანეტოიდებს თავისი მძლავრი გრავიტაციით.


ეს „რაღაც“ შეიძლება იყოს მეცხრე პლანეტა.



ახალი კვლევა ერთმანეთს ადარებს მონაცემებს ღრმა ცის ორი ინფრაწითელი დაკვირვებიდან - NASA-ს IRAS-ის მისიიდან, რომელიც 1983 წელს განხორციელდა და იაპონიის თანამგზავრ AKARI-დან, რომელიც 2006 წელს გაუშვეს - რათა მოძებნოს შორეული ობიექტები, რომლებიც ამ 23-წლიანი პერიოდის განმავლობაში ოდნავ გადაადგილდნენ ცაზე.


და მართლაც მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ერთი კანდიდატი გამოირჩევა! ის წარმოუდგენლად მკრთალია, სავარაუდოდ იმიტომ, რომ ძალიან შორს არის და მხოლოდ მცირე რაოდენობით მზის სხივებს ირეკლავს.


მაგრამ ობიექტი ავლენს საკმარის მოძრაობას იმის საფიქრებლად, რომ ეს არ არის ფონური ვარსკვლავი ან გალაქტიკა. ის მზის გარშემო ბრუნავს.


თუ ობიექტი რეალურია, შესაძლოა, ის ზომით ნეპტუნის მსგავსი იყოს და მზის გარშემო ყოველი სრული წრის გაკეთებას 10, 000-დან 20, 000 წლამდე პერიოდს ანდომებდეს.


ეს მანძილი ახალ პლანეტას პლუტონზე გაცილებით შორს, მზის სისტემის ცივ, ბნელ და ძირითადად შეუსწავლელ რეგიონში უჩენს ადგილს. იმის გამო, რომ ციური სხეული ძალიან შორსაა, მისი აღმოჩენა ხილული სინათლის გამოყენებით, ჩვეულებრივი ტელესკოპებით შეუძლებელი იქნებოდა. თუმცა, ინფრაწითელი ტელესკოპები, რომლებიც სითბოს აფიქსირებენ, ყველაზე ცივი შორეული სამყაროების სუსტი თერმული ნიშნების დაჭერასაც ახერხებენ.


ეს ახალი მტკიცებულება ადასტურებს კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტის ასტრონომების, მაიკ ბრაუნის და კონსტანტინ ბატიგინის მიერ წლების განმავლობაში ჩატარებულ გრავიტაციულ სიმულაციებს, რომლებმაც პირველად წამოაყენეს მეცხრე პლანეტის ჰიპოთეზა შორეული კოიპერის სარტყლის ობიექტების კლასტერული ორბიტების ასახსნელად. მათმა ნაშრომმა ზუსტად ისეთი ორბიტალური ქცევა იწინასწარმეტყველა, როგორსაც მეცნიერები ახლა ამ კანდიდატში ხედავენ.


მიუხედავად იმისა, რომ ობიექტი სრულად არ არის დადასტურებული - და მისი ორბიტისა და მასის გამოსათვლელად მეტი დაკვირვება იქნება საჭირო - აღმოჩენამ შეიძლება შეცვალოს ჩვენი წარმოდგენა მზის სისტემის სტრუქტურის შესახებ. ეს იმაზე მიუთითებს, რომ დიდი პლანეტები შესაძლოა გაცილებით უფრო დიდ გავლენას ახდენდნენ მზის სისტემის ფორმირებაზე, ვიდრე აქამდე გვეგონა.

0
24
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0