ტექნიკური კილოგრამიანი აგური 30 წუთი საუბრის რეჟიმით - როგორი იყო მსოფლიოს პირველი მობილური ტელეფონი? 8 მაისი, 23:15 ![]() 1973 წლის აპრილის ერთ მზიან შუადღეს, მარტინ კუპერი, რომელიც Motorola-ს ნიუ-იორკის ოფისში ინჟინრად მუშაობდა, მეექვსე ავენიუზე ხელში აგურის მსგავსი, ანტენის მქონე მოწყობილობით სასეირნოდ გავიდა. ცნობისმოყვარე ფეხით მოსიარულეები მას მისჩერებოდნენ. ინჟინერმა კი ამ დროს ყურთან მიიტანა თავისი “აგური” და ნომერი აკრიფა. ვინ იყო ზარის მიმღები? ეს გახლდათ ჯოელ ენგელი, Bell Labs-ის კვლევის ხელმძღვანელი - Motorola-ს მთავარი კონკურენტი პირველი მობილური ტელეფონის შექმნის რბოლაში. „ჯოელ, მე შენ ახლა ნამდვილი მობილური ტელეფონიდან გირეკავ“, - ტრიუმფალურად განუცხადა კონკურენტს კუპერმა. ხაზზე სიჩუმემ დაისადგურა - და ამ 90-წამიანი ზარით მობილური რევოლუცია დაიწყო. აღმოჩნდა, რომ კუპერის პირველი ზარი მხოლოდ საქმიანი არ იყო - მან მოგვიანებით აღიარა, რომ მისი მოტივაციის ნაწილი კონკურენტისთვის ნიშნის მოგებაც გახლდათ! ტელეფონი, რომელმაც ყველაფერი დაიწყო, 10 დღევანდელ iPhone-ზე უფრო მძიმე გახლდათ. ელემენტის ხანგრძლივობა 30 წუთი ჰქონდა საუბრის რეჟიმში, რის შემდეგაც 10-საათიანი დატენვა სჭირდებოდა. მისი მეშვეობით მხოლოდ ზარების განხორციელება იყო შესაძლებელი - ყოველგვარი ტექსტური შეტყობინებების, კამერის და აპლიკაციების გარეშე. გარდა ამისა, მოწყობილობას ფასიც საარაკო ჰქონდა: 1400 დოლარი, რაც დღევანდელი 10, 000 დოლარის ეკვივალენტია. რატომ შეძრა ამ ზარმა ინდუსტრია? დავითი გოლიათის წინააღმდეგ: Motorola-მ (იმ დროისთვის მცირე რადიო კომპანიამ) დაამარცხა ტელეკომუნიკაციების გიგანტი AT&T/Bell Labs. Motorola-მ სამყაროს აჩვენა, რომ მობილური კომუნიკაცია შესაძლებელია მანქანების და ოფისების გარეთ. ეს იყო კულტურული რევოლუცია, რამაც გზა გაუხსნა ჩვენი მუდმივად ქსელში ჩართული სამყაროს ფორმირების პროცესს. 13 შეფასება არ არის
|