საზოგადოება თბილისზე შეყვარებული ყარაბაღელი მილიონერის წარმატება და ტრაგიკული ცხოვრება 28 აპრილი, 18:50 ![]() მიქაელ არამიანცი 1843 წელს მთიანი ყარაბაღის სოფელ კეატუკში დაიბადა. 28 წლისამ აბრეშუმითა და შაქრით ვაჭრობით მცირე კაპიტალი დააგროვა და თბილისში გადავიდა. ძალიან მალე პირველი მილიონიც დააგროვა, ვაჭრობდა აბრეშუმით, შალით. 1884 წელს თბილისიდან ბაქოში გადაბარგდა ცოლთან ერთად, სადაც ალექსანდრე მანთაშოვთან ერთად ნავთობის კომპანია დააარსა. მოგვიანებით ალექსანდრე მანთაშოვმა ფარულად დაიწყო კომპანიონების აქციების შესყიდვა და სხვა აქციონერების ბიზნესიდან განდევნა. ბაქოდან ჩამოსული არამიანცი თბილისში დაფუძნდა.
1878 წელს არამიანცი ცნობილი თბილისელი კომერსანტის 18 წლის ქალიშვილზე, ეხისაპეტ შოლკოიანცზე დაქორწინდა. ახალგაზრდა ქალს მუდმივად გართობაზე ეჭირა თვალი, თბილისელ ალფონს გევორქ შალამიანსა და ბაქოს გუბერნატორობის კანდიდატ ვარლამოვთან მის რომანზე მთელი ქალაქი ჭორაობდა. არ სჯეროდა მხოლოდ მიქაელს, სანამ სატრფიალო ბარათი არ ჩაუვარდა ხელთ, მხოლოდ ამის შემდეგ გაშორდა ცოლს.
პირად ცხოვრებაში უბედურ არამიანცს, მრავალწლიანი მარტოობის შემდეგ, ბედნიერება ეწვია - ევგენია შხიანცი შეუყვარდა. სამწუხაროდ არც მეორე ქორწინება გამოდგა იღბლიანი, ევგენიამ არამიანცს თავისივე ექიმთან უღალატა. წლების შემდეგ გაქცეული სატრფო დაბრუნდა; დაბრუნდა ავადმყოფი და მომაკვდავი. დიდსულოვანმა და მოსიყვარულე არამიანცმა მიუტევა და ევგენიამ მიქაელის ხელში დალია სული.
ეხისაპეტთან ქორწინებიდან მიქაელ არამიანცს ხუთი შვილი დარჩა, რომლებიც უსაზღვროდ უყვარდა. ბედისწერით მიყენებული ამდენი დარტყმის მერე საქმესა და შვილებზე იყო გადაგებული. ააგო მდიდრული სასტუმრო, რომელსაც შვილების სახელების პირველი ასოებისგან შემდგარი სახელი, "არფასტო" უწოდა (ახლა ამ შენობაში შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტია განთავსებული).
1903 წლის 14 აპრილს არამიანცმა ქალაქის თავს წერილი მისწერა: "მაქვს პატივი, ვაცნობო თქვენს ბრწყინვალებასა, რომ ქალაქის საავადმყოფოს მშენებლობას 100.000 მანეთს ვწირავ". წერილში არამიანცი იმასაც წერდა, რომ საავადმყოფოსთვის მისი სახელი ეწოდებინათ. საავადმყოფო რამდენიმე წელს შენდებოდა და 1909 წლის 21 დეკემბერს გაიხსნა. საავადმყოფოს მიქაელ არამიანცი საკუთარი სახსრებით ინახავდა, ავადმყოფების გადასახადებსაც იხდიდა და თანამშრომლების ჯამაგირსაც.
ტფილისის საპატიო მოქალაქემ, უმაღლესი გილდიის ვაჭარმა, მილიონერმა მიქაელ არამიანცმა, 1922 წელს სიღატაკეში ახლანდელი მაჩაბლის ქუჩაზე საკუთარი სახლის სარდაფში 79 წლის ასაკში დალია სული. ბოლშევიკებმა მას ყველაფერი წაართვეს. ის ქალიშვილ ფლორასა და ორ შვილიშვილთან ერთად ცხოვრობდა. არამიანცის დაკრძალვაზე მთელმა თბილისმა მოიყარა თავი, ის ხოჯევანქის სომხურ სასაფლაოზე დაკრძალეს. წლების შემდეგ კომუნისტებმა სასაფლაოზე დიდი პარკი გააშენეს და არამიანცის საფლავი სამუდამოდ დაიკარგა.
143 1-ს მოსწონს
|