x
მეტი
  • 19.04.2025
  • სტატია:141773
  • ვიდეო:351928
  • სურათი:514416
რომელი იყო ყველაზე პოპულარული კერძები შუა საუკუნეების საქართველოში?
კერძი


ქართული სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი, უნიკალური და გამორჩეულია. გარდა კვებითი დანიშნულებისა, ძველ დროში თითოეულ ქართულ კერძს სიმბოლური და რელიგიური დატვირთვაც ჰქონდა. ჩვენი წინაპრები გარკვეულ სარიტუალო მნიშვნელობას ანიჭებდნენ იმას, თუ რით იკვებებოდნენ.


ხაჭაპური


ხაჭაპური ერთ-ერთი უძველესი ქართული კერძია, რომელიც ანტიკურ ხანაში გაჩნდა. იგი მზის ან მთვარის სიმბოლოდ ითვლებოდა. მას სარიტუალო დანიშნულებაც ჰქონდა, განსაკუთრებით კი იმერეთსა და გურიაში. გურული ხაჭაპური შობის დღესასწაულზე მზადდებოდა კვერცხით, ხოლო საზღვაო ხომალდის ფორმის აჭარული ხაჭაპური უმეტესწილად მეთევზეების და მეზღვაურების საუზმე იყო.



ხინკალი


ხინკალი ჩვენი ქვეყნის მთიან რეგიონებში (თუშეთი, ხევსურეთი, ფშავი) გავრცელებული კერძი გახლდათ, რომელიც ძირითადად ცხვრის ან ძროხის ხორცით მზადდებოდა. იგი ძალიან მაღალკალორიული იყო და მწყემსებისთვის იდეალურ საკვებს წარმოადგენდა. ხინკლის მრგვალი ფორმა სავარაუდოდ მზის კულტთან იყო დაკავშირებული.


მჭადი (ფეტვის ან ღომის პური)


დასავლეთ საქართველოში სიმინდის შემოსვლამდე (მე-16 საუკუნე) ფეტვის ან ღომის პურს ამზადებდნენ. ფეტვისგან კვერებსაც აცხობდნენ, ხშირად ყველით. ამ კერძებიდან ზოგიერთი მარხვის პერიოდში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა.


ყველისა და ხორცის პროდუქტები


ძველ ქართველებს რაციონში ჰქონდათ ხშირად ხორცი (ძირითადად ცხვრის, საქონლის და ფრინველის) და რძის პროდუქტები (ყველი, მაწონი). ჩვენი წინაპრები ხორცს სახლის საცივე კუთხეებში ინახავდნენ, სადაც მზის სხივები არ აღწევდა და გრილ პირობებში კარგად ინახებოდა.


ჩურჩხელა


ყურძნის წვენისა და ნიგოზისგან დამზადებული ეს დესერტი უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა. მეომრებს ისინი ბრძოლებში მიჰქონდათ და საჭირო კალორიებს მისგან მარტივად იღებდნენ.


სხვადასხვა შეჭამანდები


ძალიან პოპულარული იყო ფეტვის შეჭამანდი, რომელსაც წყალში ხსნიდნენ და სუპის მსგავს მასას იღებდნენ. ეს კერძი განსაკუთრებით მიღებული იყო ომის დროს, როდესაც საჭირო იყო გამძლე და მარტივად შესანახი საკვები.


ფეტვის შეჭამანდის გარდა დიდი პოპულარობით სარგებლობდა ასევე შინდის შეჭამანდიც. შინდის ნაყოფს (ეს მცენარე მასიურად იყო გავრცელებული მთელ საქართველოში და იოლად ხარობდა), ახმობდნენ და ამ გამხმარი სახით ინახავდნენ საზამთროდ. გარდა ამისა, შინდისგან შესანიშნავი მშვილდი და ისრებიც მზადდებოდა.


ძველ დროში ძალიან პოპულარული იყო ასევე სხვადასხვა მხალეული, რასაც ქართველები ნიგვზით ანელებდნენ და მარხვის პერიოდში მიირთმევდნენ.


უძველესი ქართული სამზარეულო დღემდე ძალიან პოპულარულია. ის ჩვენს დროშიც გვაოცებს თავისი დახვეწილობითა და მრავალფეროვნებით, რაც მისი თითოეული კომპონენტის გამორჩეულობას უსვამს ხაზს.


0
218
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
218
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0