x
მეტი
  • 19.04.2025
  • სტატია:141772
  • ვიდეო:351928
  • სურათი:514416
ანა ბაჯი - სახელგანთქმული ქალი განსაკუთრებული ფიზიკური ძალით
ანა ბაჯი
ანა ბაჯი სახელგანთქმული, ერეკლე II-ის თანამედროვე ქალი იყო. ის გამოირჩეოდა განსაკუთრებული ფიზიკური ძალით. ეხერხებოდა ცხენზე ჯდომა, ხმლის ხმარება, ჭიდაობა და ამარცხებდა სახელოვან ფალავნებს.
ხალხის გადმოცემით, ანა უნდა დაბადებულიყო XVIII საუკუნის მეორე ნახევარში, ქალაქ თბილისში, სიონის უბანში, ქართველი ღარიბი ხელოსნის ოჯახში. ანამ სახელი გაითქვა გულადობითა და განსაკუთრებული ფიზიკური ძალით. ბავშვობა თბილისში გაატარა, 16 წლისა ცოლად გაჰყვა მუხათელ კაცს და მუხათშივე დასახლებულა. ჰყავდა სამი შვილი, – ორი ვაჟი და ერთი ქალი. „ბაჯი“ შერქმეული სახელია და „დას“ ნიშნავს. ამ ქალის შთამომავლები მისმიმართ პატივისცემის გამო დღესაც ბაჯიაშვილებად იწოდებიან.
ძველი თბილისის აშუღს, იეთიმ გურჯს დაწერილი აქვს საკმაოდ ვრცელი პოემა „გმირი ქალი ანა ბაჯი“, რომელშიც მოთხრობილია ანას მამაცური თავგადასავალი. როგორც იოსებ გრიშაშვილი წერს, თათრებმა გულადობისათვის ქალს ძმობა აღუთქვეს და ანა ბაჯი დაარქვეს.
მუხათში ერთ დილით რძლები კამეჩებს წველიდნენ, როდესაც უცებ მოვარდა ბუღა და პირუტყვს დაერია. ქალები წივილ-კივილით აქეთ-იქით გაიფანტნენ, ხოლო იქვე მდგომმა ანამ ბუღას ფეხებში ხელი დაავლო და შორს მოისროლა. ანა გათხოვებიდან ორი წლის თავზე სტუმრად იყო წყნეთში. საღამო ხანს მეზობელი ქალები და გოგონები ტყეში შინდის საკრეფად წავიდნენ და თან ანაც წაიყვანეს. იქ გადაჰყრიან ცნობილ წყნეთელ მონადირეს, თევდორეს, რომელმაც მათ თვალწინ დათვი დაჭრა. დათვი ქალებს გამოენთო, იმათ წივილ-კივილი ატეხეს. ანა არ დაიბნა, ნადირს წინ დახვდა და შეებრძოლა, ფეხებში ხელი დაავლო და მიწაზე დააგდო. თევდორეს ხმალი ამოაცალა და მხეცს ჩასცა. დათვის მოკვლის ამბავი მთელ სოფელს მოედო. ახალგაზრდა ქალს ყველა ულოცავდა სახელოვან გამარჯვებას.
ერთხელ ანა წასულა დღეობაში. ნახა, რომ დამთვრალა ერთი სომეხი, რომელსაც მღვდელი გაუგდია და სახარება წაურთმევია. ანამ რომ დაინახა, არავის უშვებდა საყდარში, ისე აკრა სილა, რომ „სამ საჟენზე გააგორა, როგორც სამი წლისა ბოშვი“.
ერთხელ ანა ბაჯი მეუღლისა და მამამთილის თანხლებით წავიდა კვირაცხოვლობის დღეობაზე, სადაც მამაკაცებმა ჭიდაობა გამართეს. თელეთელმა გიორგიმ წააქცია მუხათელი სიმონა. ამის შემდეგ მუხათიდან საჭიდაოდ აღარავინ გავიდა და მუხათი დამარცხებულად გამოაცხადეს. ანამ თავი დამცირებულად იგრძნო. ქმრისა და მამამთილის დაუკითხავად საჭიდაოდ წრეში შევიდა და რამდენიმე კაცი ზედიზედ წააქცია.
მარბიელ ლეკებშიც დიდი „ავტორიტეტი“ ჰქონია და მისი წყალობით მუხათელი და ვაშლოვნელი მოსახლეობა მოსვენებული ყოფილა. ამბობენ, მუხათში ანას მისვლის შემდეგ იქაურმა გლეხებმა გუთნის შორს გატანა გაბედესო.
ერთხელ ანა ქორწილში ყოფილა წასული. ლეკებს უსარგებლიათ მისი არყოფნით და ერთი გლეხის ახლაგაზრდა ქალი გაუტაციათ. გამწარებული მეზობლები ანას ქორწილში მისდგომიან. ანა მტერს მარაბდის ბოლოს დასწევია, გაუჟუჟავს და ქალი მშობლებისთვის დაუბრუნებია. ბაჯიც მაშინ შეურქმევიათ – თურმე, დამარცხებული ლეკები ევედრებოდნენ, – ბაჯი (დაო), ნუ დაგვხოცავ, შეგვიბრალეო.
არსებობს გადმოცემა, რომ ანას ოჯახში ჰყავდა სტუმრები, ერთ-ერთმა მას საჭმელში საწამლავი ჩაუყარა, რის გამოც ანა შეუძლოდ გახდა, ხოლო მეორე დღეს გარდაიცვალა. თბილისიდან და ახლომახლო მდებარე სოფლებიდან ბევრი პატივისმცემელი ჩავიდა გმირი ქალის ცხედრის გამოსამშვიდობებლად. გარდაცვალების მეოთხე დღეს, დაკრძალეს მუხათის ტაძრის ეზოში.
0
177
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
Mediator image
177
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0