x
მეტი
  • 16.10.2024
  • სტატია:137640
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511515
როგორ გახდა ლაშა შავდათუაშვილი სტიქაროსანი. ოლიმპიელის ბავშვობის შესახებ

image28 ივლისს გორელმა ლაშა შავდათუაშვილმა წელს საქართველოს პირველი ოლიმპიური ოქრო მოუტანა. ლაშა ჯერ მხოლოდ 20 წლისაა და განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ჩვენს ქვეყანას აქამდე, 20 წლის ოლიმპიური ჩემპიონი არ ჰყოლია. მის გამარჯვებას მშობლებსა და ნათესავებთან ერთად მთელი საქართველო ზეიმობდა.
ჩემპიონის ცხოვრების საინტერესო დეტალებზე ლაშას დედამ - ქალბატონმა თეა შავდათუაშვილმა გვიამბო:
- ბავშვობაში ლაშა ძალიან მშვიდი, გაწონასწორებული იყო. არ მახსოვს, გავებრაზებინე. იყო ძალიან გულჩათხრობილი ბავშვი და ამაზე მთელი ოჯახი ძალიან ვწუხდით. იმისთვის, რომ უფრო აქტიური ყოფილიყო და ადამიანებთან უკეთ დაემყარებინა კონტაქტი, 2000 წელს ძიუდოზე შევიყვანეთ. იმას კი ნამდვილად არ ველოდით, ამხელა წარმატებას თუ მიაღწევდა. ნამდვილად არ ჰქონია ფიზიკურად ამის მონაცემები... მინდა გითხრათ, რომ ჩემი მეუღლეც ჭიდაობდა და ძალიან უყვარს სპორტის ეს სახეობა. სამწუხაროდ, რაღაც მიზეზების გამო, თავი დაანება.

- ქალბატონო თეა, როდის მიაღწია პირველად ლაშამ წარმატებას, როდის დაგარწმუნათ, რომ მას ეს საქმე კარგად გამოსდიოდა?
- პატარა იყო, როდესაც შიდა ტურნირში გაიმარჯვა. ამას მოჰყვა საქართველოს ჩემპიონობა. შემდგომი სერიოზული ჯილდო - ევროპის ჩემპიონობა იყო დიდების ნაკრებში. აქვს ასევე მოპოვებული ბევრი გამარჯვება საზღვარგარეთ. ახლა კი, როგორც უკვე იცით, ამხელა ჯილდო შემატა თავის მიღწევებს.

- როგორი განწყობილებით მიდიოდა ლაშა ოლიმპიადაზე? სჯეროდა, რომ გაიმარჯვებდა?
- გეტყვით იმას, რომ ძალიან შრომისმოყვარეა. იმდენი იწვალა, რომ ეს ყველაფერი დაუფასდა... თავდაჯერებულად წავიდა, თუმცა რამდენად დარწმუნებული იყო, რომ მოიგებდა, ამის რა გითხრათ. როგორც იცით, ძალიან ტიტულოვან და ძლიერ მოჭიდავეებთან მოუხდა შერკინება. მაინც მგონია, რომ ლაშას ეს წარმატება - ღვთის სასწაულია. ლაშას წასვლამდე ახლობლისთვის უთქვამს, - 2 კილო მაქვს დასაკლები ოლიმპიადამდე, მაგრამ ოღონდ გავიმარჯვო და ყველაფერს გავაკეთებო.

- როგორც სატელევიზიო ეთერით თქვით, ლაშას შერკინებებს არ უყურებდით. როგორც ჩანს, ძალიან ნერვიულობდით.
- სიმართლე გითხრათ, აქამდე ვერ ვიპოვე ჩემს თავში ის ძალა, რომ ლაშას შეჯიბრებებს ვუყურო. არ შემიძლია - ძალიან ვნერვიულობ ხოლმე. მთელი დღის განმავლობაში ვლოცულობდი, ღმერთს ვევედრებოდი, რომ ლაშას გაემარჯვა და ვესახელებინეთ. ლაშა პატარაობიდან ეკლესიაში დადიოდა, უფლის მოშიში და მოყვარულია. კარალეთის ეკლესიაში სტიქაროსანია. ძალიან პატარა იყო, როდესაც ჩემთან მოვიდა და მითხრა, - დედა, სტიქაროსნად უნდა მომნათლონო. მე გამიკვირდა. ცოდვა გამხელილი ჯობს და, არ ვიცოდი, რა იყო სტიქაროსანი. როგორც მოგეხსენებათ, ჩემი თაობის ადამიანები ნაკლებად ეკლესიურები ვართ. მთხოვდა ხოლმე, მასთან ერთად მევლო ეკლესიაში - პატარა იყო და მარტო სიარულის რცხვენოდა. კარგად მახსოვს, აღდგომა იყო, როდესაც სტიქაროსნად მონათლეს. ეს მისთვის დიდი სიხარული იყო.

- ლაშას ჰყავს და ან ძმა?
- კი, ლაშას ჰყავს 17 წლის ძმა ბექა. ისიც ჭიდაობს. ლაშას ამ გამარჯვებით გახარებული და ამაყია. ძმის ეს ჯილდო უფრო დიდ სტიმულს მისცემს.

- ქალბატონო თეა, გარკვეული სახსრები იყო საჭირო იმისთვის, რომ ლაშას აქამდე მიეღწია. როგორ ახერხებდით ამ ყველაფერს სოფელში მცხოვრებლები?
- ძალიან დიდი შრომა დაგვჭირდა. საბედნიეროდ, ჩემი მეუღლე მუშაობს და ვცდილობდით, ყველანაირად შეგვეწყო შვილისთვის ხელი. ლაშა არ იყო მომთხოვნი. მთავარი იყო გზის ფული ჰქონოდა, რომ ვარჯიშზე წასულიყო. სხვა დანარჩენი, მატერიალური, მისთვის მეორეხარისხოვანი იყო. მინდა, ყველა ახალგაზრდას ვურჩიო, რომ იყვნენ შრომისმოყვარენი, მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღწევა წარმატება. ყველას ბედნიერებას ვუსურვებ!

სვეტა გოგიაშვილი, შავდათუაშვილების მეზობელი:
- 2008 წლის ოლიმპიური თამაშები გორელებისთვის მტკივნეული გასახსენებელია. მსოფლიო ზეიმობდა ამ დღეს, გორი კი ომის ქარცეცხლში იყო გახვეული. წლევანდელი ოლიმპიადა კი მისი სიხარულით დაიწყო - ლაშას გამარჯვებამ მთელი გორი, მთელი საქართველო გაახარა. ვუყურებდი ტელევიზორს და ხმამაღლა ვტიროდი, ვკიოდი, ადგილს ვერ ვპოულობდი... ამ დღეს ზეიმობდა მთელი ჩვენი სოფელი, ისმოდა შეძახილები, მანქანების სიგნალები. ლაშა ძალიან კეთილი, მშრომელი და ღვთის მორწმუნე ბიჭია. ყველას ძალიან უყვარს და ყველა გაახარა თავისი წარმატებით. ამ დიდ გამარჯვებას ვულოცავ ლაშას დედიკოს, მთელ სოფელსა და მთელ საქართველოს. დაე, სიხარული, სიყვარული, ხალისი და მომავლის რწმენა გაჰყოლოდეს ცხოვრების საგზლად ჩემს სახელოვან ბიჭს.


1
740
2-ს მოსწონს
ავტორი:ჟანა გოგინაშვილი
ჟანა გოგინაშვილი
740
  
2012, 25 ოქტომბერი, 23:31
ეს ბიჭი ძაალიან მევასება.მაგარი როჟააა
0 1 1