საზოგადოება ჰიტლერი და ანტისემიტიზმი 3 დეკემბერი, 12:55 ცნება – ანტისემიტიზმი – პოლიტიკურ ტერმინოლოგიაში XIX საუკუნის ბოლოს დამკვიდრდა. ანტისემიტი ეწოდებოდა ისეთ ადამიანს, რომელსაც სძულდა ებრაელები, რადგან მიაჩნდა რომ ისინი მსოფლიო ბატონობისაკენ მიისწრაფოდნენ და მოუწოდებდა მოქალაქეებს წინააღმდეგობა გაეწიათ მათთვის. მოგვიანებით, ებრაელების საკითხის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას, უწოდეს ჰოლოკოსტი, ან შოა. ევროპის ქვეყნებში, განსაკუთრებით გერმანიასა და ავსტრიაში ანტისემიტური ტრადიციები არსებობდა. ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში მცხოვრებ ებრაელს გვარი არ უნდა ჰქონოდა, ხოლო XIX საუკუნეში მათთვის გვარის მიცემა რეგლამენტირებული იყო. 1887 წლის მორიგი კანონით ებრაელებს აუკრძალეს “ძველი აღთქმიდან“ აეღოთ “ებრაული“ სახელები. 1918 წელს მიუნხენში ყოფნის დროს ჰიტლერს ხელში ჩაუვარდა ნაციონალისტური შინაარსის ანტისემიტური პროკლამაციები და პამფლეტები, სადაც აღნიშნული იყო, რომ გერმანიის დამარცხებაში დამნაშავეები მხოლოდ ებრაელები იყვნენ. “ბოლოს და ბოლოს აღარ მეეჭვებოდა, რომ სოციალ-დემოკრატიული პრესა მთლიანად ებრაელთა ხელში იყო – აღნიშნავდა ჰიტლერი თავის წიგნში “ჩემი ბრძოლა“. უფრო მეტიც, დავრწმუნდი, რომ არც ერთი გაზეთი, რომელთანაც ვინმე ებრაელს რაიმე შეხება ჰქონდა, არ შეიძლება ყოფილიყო ნაციონალისტური იმ აზრით, როგორც ეს მე მესმოდა. რაც შეეხება მარქსისტულ პრესას, იქ, დაწყებული რედაქტორიდან, დამთავრებული უმცროს თანამშრომლამდე, ყველანი ებრაელები იყვნენ.
სოციალ-დემოკრატების ყველა ბროშურის ავტორებიც ებრაელები იყვნენ. სოციალ-დემოკრატიული გაზეთების თითქმის ყველა სტატიას ხელს ებრაელი ჟურნალისტები აწერდნენ, ებრაელები დომინირებდნენ რაიხსტაგში. მუშათა კავშირებში, თავმჯდომარეობდნენ სხვადასხვა ორგანიზაციებს. იყვნენ ქუჩის აგიტატორები“. ჰიტლერი თვლიდა, რომ ებრაელები არასოდეს “გაგერმანელდებოდნენ“. მისი აზრით “ისინი გამხრწნელ ელემენტებს წარმოადგენდნენ“. მან შეიძულა ებრაელები. გულგრილი დამკვირვებლიდან, ფანატიკური ანტისემიტი გახდა. ჰიტლერის ანტისემიტიზმს ძალას მატებდა ნაციონალ-სოციალისტური პარტიის პროგრამა. რომლის თანახმად ებრაელებსა და “ებრაელთა შთამომავლებს“ ერთმეოდათ გერმანიის მოქალაქეობა (პუნქტი 4), გერმანიაში შეეძლოთ ეცხოვრათ დროებით (პუნქტი 5) და არ ჰქონდათ უფლება დაეკავებინათ რაიმე ოფიციალური თანამდებობა (პუნქტი 6). თუ რუსეთში ბოლშევიკებმა ყველაზე ოდიოზური ბიბლიური პერსონაჟი, გამყიდველი იუდა “კაცობრიობის პირველ რევოლუციონერად“ გამოაცხადეს და სხვადასხვა ქალქში ძეგლი დაუდგეს, ჰიტლერს ბიბლიური მოსე ბოლშევიზმის ლიდერად მიაჩნდა, რომელმაც სისხლიანი რევოლუციის მოსაწყობად ებრაელები ეგვიპტიდან გამოიყვანა. ძალაუფლების მოპოვების შემდეგ, ჰიტლერმა ანტიებრაული პოლიტიკა ეტაპებად განახორციელა, რომელთაგან თითოეული წინაზე უფრო რადიკალური იყო. პირველად დაიწყო იმის განსაზღვრა, ვინ იყო ებრაელი. ამის შემდეგ რეჟიმმა დაიწყო ებრაელების გერმანული ცხოვრებიდან იზოლაციის კამპანია და მათი ქონების ექსპროპრიაცია. შემდგომ, ყველა ებრაელი, რომელმაც ქვეყანა 1933-1938 წლებში არ დატოვა, გერმანული საზოგადოებიდან ძალით გამოაცალკევეს და ცნობილ საკონცენტრაციო ბანაკებში გააგზავნეს. მასობრივი დეპორტაცია წინ უსწრებდა მეოთხე და საბოლოო ეტაპს: ყველა ებრაელი კაცის, ქალისა და ბავშვის განადგურებას, ვისზეც ხელი მიუწვდებოდა მესამე რაიხს. ნაციზმის ერთ-ერთმა მთავარმა იდეოლოგმა, ბალტიისპირელმა გერმანელმა ალფრედ როზენბერგმა ჰიტლერს გააცნო “ებრაელთა მსოფლიო შეთქმულების“ დეტალები “სიონის ბრძენთა ოქმებიდან“. ჰიტლერმა მართლაც ირწმუნა, რომ ბოლშევიზმი ებრაელთა მიერ იყო დაფუძნებული. სწორედ ეს გახდა მისი იდეოლოგიის საფუძველი. ჰიტლერი ებრაელებს მიიჩნევდა, როგორც რასას. უგულებელყოფდა მათ რელიგიურ აღმსარებლობას და მათ წინააღმდეგ ბრძოლას გადაუდებელ ამოცანად თვლიდა არა ემოციური, არამდე რაციონალური მოტივებით. ჰიტლერის გარემოცვაში თითქმის ყველა, ფიურერის შეხედულებებს იზიარებდა. მაგალითად, ნაცისტების პოლიტიკური მოღვაწე იულიუს შტრაიხერი (1885-1946), რომელსაც გამორჩეულად სძულდა ებრაელები თავის თავს უწოდებდა “1 ანტისემიტს“. ის იყო ნიურნბერგში ებრაელთა დარბევის ორგანიზატორი და ყოველდღიური ანტისემიტური გაზეთის გამომცემელი (1923 წლიდან). თავის გამოსვლებსა და სტატიებში მოსახლეობას მოუწოდებდა ებრაელთა წინააღმდეგ საბრძოლველად. მისი გაზეთის ფურცლები აჭრელებული იყო ებრაელების კარიკატურებით, პუბლიკაციებით ებრაელთა მიერ რიტუალური მკვლელობების შესახებ, პორნოგრაფიული სურათებით ებრაელთა ცხოვრებიდან და წერილებით, სადაც ყველაფერში დამნაშავე მხოლოდ ებრაელი იყო. 1937 წლის მაისში დირიჟაბლი “ჰინდენბურგის“ დაღუპვასაც კი შტრაიხერის გაზეთი ებრაელთა შეთქმულებით ხსნიდა. 1933 წლის 1 აპრილიდან რეიხში გამოცხადდა ებრაულ საქონელზე ბოიკოტი. ებრაელთა მაღაზიებთან მორიგეობდნენ “მოიერიშეთა რაზმები“ პლაკატებით, რომლებიც მოუწოდებდა გერმანელებს არაფერი ეყიდათ ურიებისაგან. 1935 წლის 15 სექტემბერს ვილჰელმ ფრიკის მონაწილეობით ნიურნბერგში მიღებული იქნა კანონი მოქალაქეობისა და რასის შესახებ, რომელიც ზღუდავდა ებრაელთა უფლებებს და აცხადებდა მათ მეორე ხარისხის მოქალაქეებად. ამავე დროს ფრიკის ბრძანებით 100 ათასი ადამიანი გაიგზავნა საკონცენტრაციო ბანაკში. იგივე კანონი კრძალავდა შერეულ ქორწინებას ებრაელებსა და გერმანელებს შორის, რათა არიული სისხლი და გერმანული ხელოვნება გადაერჩინათ ებრაელების დამღუპველი გავლენისაგან. ებრაელებს კი საყელოზე და ზურგზე ექვსქიმიანი ვარსკვლავი უნდა ეტარებინათ, არ უნდა ემგზავრათ ავტობუსით და ტრამვაით და არ უნდა გაერეცხათ სარეცხი არიულ სამრეცხაოებში.
1938 წლის ნოემბრის ერთ ღამეს გერმანიის საიდუმლო პოლიციის წევრებმა დაარბიეს ებრაელების მაღაზიები, ცეცხლი წაუკიდეს სინაგოგებს, აწამებდნენ, ან კლავდნენ ქუჩაში შემხვედრ ყოველ ებრაელს, რათა დაეჩქარებინათ მათი წასვლა გერმანიიდან. “ანშლიუსიდან“ რამდენიმე თვის შემდეგ 1938 წლის 17 აგვისტოს, ავსტრიის ყველა ებრაელი მამაკაცი აიძულეს ეტარებინათ სახელი ისრაელი, ხოლო ებრაელ ქალებს – სარა. ამავე დროს ქვეყანაში მომსახურე ყველა ებრაელს გადაეცა უწყება შტატების შემცირებასთან დაკავშირებით. უწყების თანახმად თოთხმეტი დღის ვადაში ებრაელებს სამსახური უნდა დაეტოვებინათ. არსებობს მონაცემები, რომ 5 ივლისს ძალიან ბევრმა ებრაელმა თვითმკვლელობით დაამთავრა სიცოცხლე. 1938 წლის 22 ივლისს ბერლინის მთავრობამ გამოსცა ბრძანება, რომელიც ყველა ებრაელს ავალდებულებდა საიდენტიფიკაციო ბარათები ეტარებინათ. 1939 წელს კი, გერმანელებმა გამოსცეს კანონი, რომელიც ებრაელებს მანქანის მართვას უკრძალავდა და თუ საჭესთან წააწყდებოდნენ, საკონცენტრაციო ბანაკში აგზავნიდნენ. ებრაელებზე მხეცური ანგარიშსწორება კიდევ უფრო საშინელ ფორმებს იღებს მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ. ერიხ ფრომის აზრით არ არის იმის დამადასტურებელი ფაქტები, რომ ომის დაწყებამდე ჰიტლერი აპირებდა ებრაელების ამოწყვეტას: ნაცისტების პოლიტიკა მიმართული იყო გერმანიიდან ებრაული ემიგრაციის მხარდაჭერაზე, და მთავრობა იღებდა კიდეც სპეციალურ ზომებს, რათა ებრაელებისათვის ქვეყნიდან გასვლა შეემსუბუქებინა. მაგრამ 1939 წლის 30 იანვარს ჰიტლერმა სავსებით გულახდილად განუცხადა ჩეხოსლოვაკიის საგარეო საქმეთა მინისტრს ხვალკოვსკის: “ჩვენ ვაპირებთ ებრაელების განადგურებას. ისინი ვერ გაექცევიან სასჯელს იმისათვის, რაც მათ ჩაიდინეს 1918 წლის 9 ნოემბერს. ანგარიშსწორების დღე დადგა“. იმავე დღეს რაიხსტაგში გამოსვლისას მან ფაქტიურად იგივე გაიმეორა, მაგრამ უფრო ბუნდოვანი ფორმით. გერმანელები ყველა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ებრაელებისათვის განსაკუთრებულ ნორმებს აწესებდნენ. სწორედ ეს იყო ანტისემიტიზმის ჰიტლერული პოლიტიკა. ანა ფრანკის დღიური გვამცნობს, რომ ჰოლანდიის ოკუპაციის შემდეგ ებრაელებისათვის აქ განსაკუთრებული რეჟიმი დამყარდა: "ებრაელებს უნდა ეტარებინათ ყვითელი ვარსკვლავი, ჩაებარებინათ ველოსიპედები, ეკრძალებოდათ ტრამვაით მგზავრობა, ავტომობილზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. რაიმეს ყიდვა მხოლოდ სამიდან ხუთ საათამდე შეეძლოთ, ისიც მხოლოდ ებრაელთა სავაჭროებში. საღამოს რვა საათის შემდეგ არა მარტო ქუჩაში გამოსვლის, არამედ ბაღში ან აივანზე გაჩერების უფლებაც აღარ ჰქონდათ. ებრაელებს აუკრძალეს თეატრსა და კინოში სიარული, ვერც სხვა გასართობ ადგილებში შედგამდნენ ფეხს. მათ ეკრძალებოდათ ცურვა, ჩოგბურთისა და ჰოკეის თამაში, საერთოდ, სპორტის ყველა სახეობა. ებრაელებს აღარ ჰქონდათ უფლება ქრისტიანებს სწვეოდნენ. ებრაელ ბავშვებს ებრაულ სკოლებში უნდა ესწავლათ“. “ებრაელებს უფლება ჰქონდათ ესარგებლად მხოლოდ ერთადერთი ტრანსპორტით, “პატარა ნავით“ და ზოგჯერ ველოსიპედით“. როდესაც ებრაელის ოჯახს ან რომელიმე წევრს გესტაპოდან უწყება მოუვიდოდა, ეს ნიშნავდა, რომ საკონცენტრაციო ბანაკში – ვესტერბორკში მიჰყავდათ. ტყვეებს არც დაბანის საშუალება ჰქონდათ და არც ტუალეტები იყო საკმარისი. ბანაკებში ტევა არ იყო. პატიმრებს ადვილად სცნობდნენ გადაპარსული თავითა თუ წმინდა ებრაული გარეგნობით. ადოლფ ეიხმანის მოადგილე ოტო გუნშე, არის საიდუმლო ბრძანების ავტორი, რომელსაც ხელს აწერს კალტენბრუნერი, რომლის მიხედვით “ებრაელთა საკითხის საბოლოო გადაწყვეტის“ აქცია ვრცელდებოდა გერმანიის გარდა სხვა ქვეყნების ებრაელ მოქალაქეებზე. ჰოლანდიის ქალაქების ქუჩებში ყოველ საღამოს მწვანე და შავი ფერის მანქანები დაჰქროდნენ. გერმანელი “ესესელები“ მწვანე მანქანებში ისხდნენ, ჰოლანდიის ფაშისტური პოლიცია კი შავში და ებრაელებს დაეძებდნენ. თუ სადმე ერთ კაცს აღმოაჩენდნენ, მთელ ოჯახს აპატიმრებდნენ. ოჯახებს აცალკევებდნენ, ბავშვებს დედ-მამას აშორებდნენ. ხშირად სკოლიდან დაბრუნებულ ბავშვს შინ მშობლები აღარ ეგებებოდნენ, სავაჭროდ გასულ ებრაელ ქალს ბინა დალუქული ხვდებოდა, ხოლო ოჯახი გასახლებული. თავად ჰოლანდიელი ბავშვები ოკუპირებულ ტერიტორიაზე ზამთარში თხელი ბლუზების ამარა, უპალტოოდ, უქუდოდ, უხელთათმანოდ დატანტალებდნენ. ფეხზე ხის ქოშები ეცვათ. კუჭი ცარიელი ჰქონდათ, სტაფილოს ღრღნიდნენ, ცივი ბინიდან სველ ქუჩაზე გამორბოდნენ, სკოლაში მიდიოდნენ და გაყინულ ნესტიან კლასში სხდებოდნენ. ჰოლანდია იქამდე მივიდა, რომ ბავშვები ქუჩაში გამვლელებს პურის ნატეხს სთხოვდნენ. ჰიტლერმა ოფიციალურად დაავალა ჰიმლერს განეხორციელებინა გეგმა, რომელსაც ეწოდა “ევროპასა და დასავლეთის ქვეყნებში ებრაული პრობლემის საბოლოო გადაწყვეტა“. გეგმა ითვალისწინებდა 11 მილიონი ებრაელის განადგურებას. საქმე ეხებოდა იმ დროისათვის უკვე ოკუპირებულ ტერიტორიებზე – ჩეხოსლოვაკია, პოლონეთი, საფრანგეთი, ბელგია, ჰოლანდია და საბჭოთა კავშირის ის ნაწილი, სადაც ებრაელებს ნახავდნენ. წლების მანძილზე ჰიტლერული რეჟიმის რეიხსბანკის დირექტორი იალმარ შახტი, როგორც ნიურნბერგის პროცესზე აღიარა, ყოველთვის მხარს უჭერდა ებრაელთა დევნის პოლიტიკას და პირადად გასცემდა მითითებებს, რის საფუძველზეც ებრაელ მოქალაქეთა ქონების ძარცვა არ ექვემდებარებოდა დანაშაულთა ნუსხას – სასამართლომ არ გამოუტანა გამამტყუნებელი განაჩენი. ნიურნბერგის ერთ-ერთმა “გმირმა“ იულიუს შტრაიხერმა 1946 წლის 1 ოქტომბერს დაასრულა სიცოცხლე. ჯერ კიდევ 1944 წლის თებერვალში “გერმანელი ახალგაზრდობის უდიდესი აღმზრდელი“, როგორც მას ჰიტლერი უწოდებდა, წერდა: “ის ვინც აკეთებს იმას, რასაც აკეთებს ებრაელი, – არამზადა და დამნაშავეა, ხოლო ვინც იმეორებს მის მოქმედებას და სურს მიბაძოს მის საქციელს, იმსახურებს იგივე ბედს–განადგურებას, სიკვდილს“. 1944 წლის ივლისში ეიხმანის ზონდერებმა ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში მიიყვანეს 437 402 ებრაელი. “სიკვდილის ფაბრიკაში“ მიყვანისთანავე დედები განაცალკევეს შვილებისაგან, ცოლები ქმრებისაგან. ამ ადამიანების უმრავლესობა მაშინვე გაგზავნეს გაზის კამერებში, მხოლოდ ყოველი მეათე დროებით გამოყენებულ იქნა მძიმე სამუშაოებზე.
ფიურერის ბრძანებით, ჯერ კიდევ 1943 წლის 1 ივლისამდე გერმანიის იურისდიქციაში არსებულ ტერიტორიებზე ებრაელები უნდა აღეგავათ პირისაგან მიწისა. პირველი აპრილიდან პირველ მაისამდე უტრეხტის პროვინცია უნდა გაწმენდილიყო ურიებისაგან. პირველი მაისიდან პირველ ივნისამდე – ჩრდილო და დასავლეთ ჰოლანდიის ტერიტორიაზე მცხოვრები ებრაელები “სასაკლაოზე უნდა გაერეკათ“. საერთოდ, ნაცისტური პოლიტიკიდან გამომდინარე წინასწარ იქნა გაწერილი მესამე რაიხისათვის “ზედმეტ ადამიანთა“ ჩამონათვალი. საკონცენტრაციო ბანაკებში გადაგზავნას ექვემდებარებოდნენ კომუნისტები, პოლიტიკური ოპოზიცია, ებრაელები, ბოშები, პოლონელები, სამხედრო ტყვეები და რეჟიმისათვის არასასურველი ნებისმიერი პირი. გერმანული საკონცენტრაციო ბანაკების განსაკუთრებულ ტიპს წარმოადგენდა “სიკვდილის ბანაკები“, სადაც ტყვეები მიღებისთანავე ნადგურდებოდნენ. „არასრულფასოვანი“ ერების, პირველ რიგში – ებრაელების მიზანმიმართულად განადგურებისათვის ნაცისტების მიერ 7000-მდე ბანაკი და გეტო იქნა დაარსებული; ვაშინგტონის “ჰოლოკოსტის მემორიალური მუზეუმის“ მონაცემებით, მსგავსი დაწესებულებების რაოდენობა 20 000-ს აღწევდა.
ომის დასასრულს, კვალის დაფარვის მიზნით, უმეტესი მათგანი ნაცისტებმა სრულიად გაასწორეს მიწასთან. საკონცენტრაციო ბანაკებში, გესტაპოს მაღალი ჩინების ხელდასხმით, ნაცისტი ექიმები წლების განმავლობაში ატარებდნენ დანაშაულებრივ სამედიცინო ექსპერიმენტებს ჰიპოთერმიის გამოყენებით, მალარიის ვირუსის შეყვანით, მხუთავი გაზის, საწამლავების, სხვადასხვა ხარისხის დამწვრობის, მაღალი წნევის ზემოქმედებით. დოქტორებმა – იოზეფ მენგელემ და ზიგმუნდ რაშერმა ასიათასობით ბოშა, ებრაელი, საბჭოთა სამხედრო ტყვე გამოიყენეს სამედიცინო ცდებისას. ცოცხლად გადარჩენილთა მცირე ნაწილი გესტაპომ ფიზიკურად გაანადგურა. ოსვენციმის, ლვოვის, მაიდანეკის და სიკვდილის სხვა ბანაკებში მომხდარი ტრაგედიების შესწავლამ მრავალი საშინელი ფაქტი გამოავლინა. მაგალითად, დანცინგში (გდანსკი) 1943 წელს ნაცისტებმა ააშენეს შენობა, რომლის აბრაზე ეწერა: “მედიცინის აკადემიის ფარმაკოლოგიური ინსტიტუტი“. მათ აქ შექმნეს ნახევრად სამრეწველო მასშტაბის საპნის წარმოება, რომელსაც ამზადებდნენ ადამიანის სხეულისაგან. შენობაში იყო გვამების სათავსო, გეჯა და აბაზანა ადამიანის კანის გასარეცხად. ცალკე ჰქონდათ ლაბორატორიული მოწყობილობა ადამიანის ქონის მისაღებად. გონება უძლურია დაიჯეროს, რომ ეს ყველაფერი მოიფიქრა და შექმნა ადამიანმა. მართალია ნაცისტები ტყვეებს ერთნაირი სისასტიკით ანადგურებდნენ, მაგრამ განსაკუთრებული აქცენტი მაინც ებრაელებზე კეთდებოდა. აი, ერთ-ერთი ტიპიური ბრძანება სდ-სა და უშიშროების პოლიციის უფროსის მიერ გაცემული, რომელიც 1944 წლის 21 ივლისით თარიღდება: “რამდენადაც ფრონტზე არსებული მდგომარეობა მოითხოვს, აუცილებელია თავის დროზე მივიღოთ ზომები ციხეების მთლიანი ევაკუაციის შესახებ. მდგომარეობის მოულოდნელი ცვლილების შემთხვევაში, რაც შეუძლებელს გახდის ტყვეების გადაადგილებას ისინი უნდა გავანადგუროთ. ამასთან გვამები დავწვათ, შენობა კი ავაფეთქოდ და ა.შ. ასე უნდა მოვექცეთ ებრაელებს. არ მივცეთ საშუალება, რომ ტყვეები გაანთავისუფლონ დასავლეთელმა მოკავშირეებმა ან წითელმა არმიამ“. თვითმხილველებმა, რომლებმაც გადაიტანეს ოკუპაციის სუსხი ოდესის მხარეში, კარგად ახსოვთ 1941-1942 წლებში, როგორ ანადგურებდნენ ებრაელებს ფაშისტები: ოდესიდან მოყავდათ ებრაელთა 50 კაციანი ჯგუფები ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტში და მაშინვე ხვრეტდნენ. მოწმეთა ჩვენების თანახმად მხოლოდ ერთ სოფელში 20 ათასზე მეტი ებრაელი გაანადგურეს. ანტისემიტიზმის ნაცისტური პროგრამა ინტენსიურად მუშაობდა. მაგალითად, 1942 წლის იანვარში უსაფრთხოების სამსახურის პატაკში აღნიშნულია, რომ "ესტონეთი გაწმენდილია ებრაელებისაგან“. საკონცენტრაციო ბანაკებში ებრაელები მკერდზე ატარებდნენ ყვითელ ვარსკვლავს, ასოციალური ელემენტები შავ სამკუთხედს, პოლიტიკური პატიმრები წითელ სამკუთხედს, ჰომოსექსუალები კი, როგორც სოციალური ელემენტების განსაკუთრებული კატეგორია, ატარებდნენ ვარდისფერ სამკუთხედს. "სიკვდილის ბანაკებს“ ადამიანთა მოსპობის საკუთარი მეთოდები ჰქონდათ შემუშავებული. ზოგიერთ ბანაკში, ვიდრე ფიზიკურად გაანადგურებდნენ ნაცისტები წამების სხვადასხვა ექსპერიმენტს ატარებდნენ პატიმრებზე. ეს იყო ნამდვილი ჯოჯოხეთი. ამცირებდნენ, ცხოველებად აქცევდნენ ადამიანებს. ბანაკის მართვის შენობის ქვედა სართულზე მდებარეობდა ე.წ. საწამებელი საკანი, სადაც პატიმრებს ჩხვლეტდნენ ნემსებით ენაზე, ტანზე კვეთდნენ ვარსკვლავებს, კიდებდნენ ფეხებით, თხრიდნენ თვალებს, აჭრიდნენ ცხვირს.
სასამართლო პროცესზე მოტანილი დოკუმენტების მიხედვით, მაიდანეკის საკონცენტრაციო ბანაკში პატიმრებმა ერთ-ერთ დამსჯელ ჯგუფს შეარქვეს “სისხლიანი ბრიგადა“. ბრიგადის წევრები თავის “ავჩარკებს“ გეშავდნენ ებრაელ ფეხმძიმე ქალებზე და სიამოვნებით უყურებდნენ, როგორ გლეჯდნენ ძაღლები მათ მსხვერპლს. დოკუმენტური კადრები გვამცნობენ, როგორ ისროდა ნაცისტი გერმანელი ქალი ჰერმინა ბრაუნშტაინერი (ზედმეტი სახელი კობილა) ძუძუს ბავშვებს კრემატორიუმის ღუმელში და ხარობდა თუ როგორ იწვოდნენ ცოცხლად. გზას მატარებლიდან გაზის კამერამდე, კაცები უნდებოდნენ ათ წუთს, ქალები კი საათის მეოთხედს, ვინაიდან მათ ხშირი და ხარისხიანი თმა ქონდათ და მის შეჭრას უფრო დიდი დრო სჭირდებოდა. მოჭრილი თმით, ლეიბებს ტენიდნენ, ან აკეთებდნენ თოჯინებისთვის პარიკებს. იმისათვის, რომ ხალხს სადგურზე ხმაური არ აეტეხა, ეუბნებოდნენ, რომ ჯერ ყველა მიდიოდა აბანოში, ხანდახან ბილეთებსაც ურიგებდნენ, ვითომ, აბანოს სალაროში უნდა წარედგინათ. ირგვლივ სახლებზე კი წარწერები ეკიდა: ბუფეტი, სალარო, ტელეგრაფი და ა.შ. და ხალხსაც თუმცა ეშინოდა, მაგრამ მაინც ფიქრობდა, რომ სადგურზე იმყოფებოდნენ და სხვა ადგილას წაიყვანდნენ, ხოლო, გახდა და თმის შეჭრა საჭირო იყო ჰიგიენის დაცვის თვალსაზრისით, რადგან გერმანელები ძალიან ზრუნავდნენ ჰიგიენაზე და ას კილოგრამ თმაში სამმართველო სახელმწიფოსაგან იღებდა რეიხის ხუთ მარკას. გერმანელები ამბობდნენ, რომ ბანაობის შემდეგ ყველა წავიდოდა მეორე ბანაკში, სადაც ისინი იმუშავებდნენ, ვინაიდან ბეჯითი მუშაობა საუკეთესო გზა იყო გამოსწორებისკენ. გაზის კამერებში, ხალხი შედიოდა ხელებაწეული, რაც შეიძლება ბევრი რომ დატეულიყო, ხოლო მათ ზევით დარჩენილ სივრცეში ბოლო წუთს ბავშვებს შეყრიდნენ, ისინი პატარები იყვნენ და დიდ ადგილს არ იკავებდნენ. ზოგჯერ, “სადგურზე“ ორკესტრი იდგა, რომელიც შედგებოდა ახალგაზრდა პატიმარი გოგონებისაგან, თეთრ ბლუზებსა და მეზღვაურის ლურჯ ქვედაკაბებში და არიებს უკრავდნენ ოპერეტებიდან. პირველი გაზის კამერა ოსვენციმში 1942 წლის მაისში ამოქმედდა. ოსვენციმის კრემატორიუმის საშუალო “გამტარუნარიანობამ“ დღეში 20 ათასს მიაღწია. როგორც უკვე აღვნიშნეთ საკონცენტრაციო ბანაკებში “სამეცნიერო ცდებსაც“ ატარებდნენ. უმეტესად, ეს იყო სტერილიზაციისა და კასტრაციის სხვადასხვა მეთოდები, ან ტკივილგამძლეობის ტესტირება. ამ პროცედურებს ძირითადად უტარებდნენ ახალგაზრდა, ფიზიკურად ძლიერ პატიმრებს. რომელიმესთვის, მაგალითად შეიძლება მოეჭრათ ფეხზე პატარა ნაჭერი, ან ძვლამდე აეძროთ ხორცი და ა.შ. ან სხვადასხვა ცდებს ტყუპებზე, რომელიც ახალი ჰიპოტეზის ფორმულირების საშუალებას იძლეოდა გენეტიკაში, და რაზედაც, სამეცნიერო წრეებში ბევრს ლაპარაკობდნენ. თუ, პატიმართა შორის აღმოჩნდებოდა ვინმე, ვინც ებრაელს გავდა, თავს აჭრიდნენ, მას პრეპარირებას უკეთებდნენ და აგზავნიდნენ გერმანულ სკოლებში, სკოლის მოზარდებს, რომ შესძლებოდათ პირველივე შეხედვით ეცნოთ ებრაელი. ხაზგასასმელია, რომ მესამე რაიხის რასისტულ პოლიტიკას ზოგად-ბიუროკრატიული ევფემიზმის გამოყენებით “ებრაელთა საკითხის საბოლოო გადაწყვეტა ეწოდა, რაც ევროპის ებრაელთა სრულ განადგურებას გულისხმობდა. ბრძანებას 1941 წლის 31 ივლისს გერინგმა მოაწერა ხელი. გესტაპო გამოავლენდა, გაასახლებდა ან ფიზიკურად სპობდა ნებისმიერი აღმსარებლობის და სტატუსის მქონე ებრაული წარმომავლობის პირს. მობილურობისთვის “გაზვაგონებსაც“ – სატვირთო მანქანაზე დამონტაჟებულ გაზის კამერებს იყენებდა. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ცნობილი გახდა ნაცისტების მიერ ჩადენილი შემაძრწუნებელი ფაქტები: ევროპის ებრაელთა 60% და მსოფლიო ებრაელთა მესამედი განადგურებულიყო, სხვადასხვა წყაროებით – 4, 5 მილიონიდან 8 მილიონამდე, რაც “ჰოლოკოსტის“, “კატასტროფის“ და “შოას“ ტერმინებით დამკვიდრდა მსოფლიო ისტორიაში. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ ამერიკული პრესის მონაცემების თანახმად, ომის შემდეგ 5 ათასზე მეტმა ნაცისტმა დამნაშავემ თავშესაფარი ჰპოვა ამერიკის შეერთებულ შტატებში. აქვე გვინდა შევეხოთ დებატებს ჰოლოკოსტზე კათოლიკურ ეკლესიასთან მიმართებაში. კვლავ ისმის კითხვა: რამდენად ინფორმირებული იყო ვატიკანი? არქიეპისკოპოსი საპეგა, რომელიც ებრაელთა გეტოდან რამდენიმე წუთის სავალზე ცხოვრობდა და ოსვენციმთანაც ახლოს იყო, ყოველ ღონეს ხმარობდა სიმართლის გამოსააშკარავებლად. 1942 წლის დასაწყისში მიტროპოლიტმა კარდინალმა უშუალოდ რომის პაპს მისწერა საკონცენტრაციო ბანაკებში გამეფებული სისასტიკის შესახებ. იგი წერდა, რომ “ამ ბანაკებიდან იშვიათად თუ ვინმე გამოდის ცოცხალი“, ეს არის ადგილი, სადაც “უფლებებს მოკლებული ტყვეები უნებურად ექცევიან იქ გამეფებული სისასტიკის გავლენის ქვეშ და ადამიანობის ნიშანწყალსაც კარგავენ“. ყველაზე გავლენიანი ფიგურა – ეუჯენიო პაჩელი, პიუს XII მთელი მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში და მისი დამთავრების შემდეგ კიდევ დიდხანს რომის პაპი იყო. დღევანდელი გადასახედიდან პაჩელი წინააღმდეგობრივ პიროვნებად წარმოგვიდგება, რადგან იმ დროს აშკარად არ დაგმო ჰოლოკოსტი. “ჰიტლერის პაპი“ – ამ სათაურით გამოსულმა ჯონ კორნუელის გახმაურებულმა წიგნმა თანამედროვეობის სახელით განაჩენი გამოუტანა პიუს XII-ს. მაგრამ გასული საუკუნის ოთხმოციანი წლების რომაელებისათვის იგი ეროვნული გმირი და სულიერი ლიდერი იყო. მთელი გერმანული ოკუპაციის პერიოდში პაპი ვატიკანში რჩებოდა. თავისი პოსტი არც მოკავშირეთა მიერ განხორციელებული დაბომბვის დროს დაუტოვებია და საჰაერო თავდასხმების გამო რუზველტს საპროტესტო მიმართვაც კი გაუგზავნა. იგი საგანგებო ბომბსაფარის აშენებას მოითხოვდა ვატიკანში დაცული იშვიათი წიგნებისათვის, თავად კი უარი თქვა თავშესაფარზე. როცა ამერიკულმა თვითმფრინავებმა მიზანში ამოიღეს და დაბომბეს ლატერანის წმინდა იოანეს ტაძრის მახლობლად მდებარე ერთ-ერთი პუნქტი, რომის პაპი დაუყოვნებლივ გაეშურა დაჭრილების მოსანახულებლად. პიუს XII იტალიელებისათვის იგივე იყო, რაც ინგლისელებისათვის დედა-დედოფალი. ომის დროს მან აკრძალა ცენტრალური გათბობა ვატიკანში და ამით სოლიდარობა გამოუცხადა რომის მცხოვრებლებს; პაპის ვილა კასტელ განდოლეოში პოლიტიკური ან რელიგიური ნიშნით დევნილთა თავშესაფარად იქცა. ომის პერიოდში ევროპაში მყოფი ქართული ემიგრაცია და განსაკუთრებით ის ნაწილი, რომელიც ვერმახტის სამსახურში ჩადგა გულგრილი არ დარჩენილა ებრაელთა ბედისადმი. როცა გერმანელებმა პარიზიდან ებრაელთა დეპორტაცია დაიწყეს, ქართველებმა ისინი ეთნიკურად ქართველებად გამოაცხადეს და ყალბი დოკუმენტების შექმნით სიკვდილს გადაარჩინეს, როგორც ქართველი, ისე მრავალი ევროპელი ებრაელი. მათ შორის იყო ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ქართველ ებრაელთა თავკაცი იოსებ ელიგულაშვილი. საქმეში ჩაერია მიხეილ კედია, რომელმაც მანმადე დოკუმენტურად დაუსაბუთა გერმანელებს, რომ ქართველი მაჰმადიანები ეთნიკურად ქართველები არიან.
გერმანიამ გაითვალისწინა რა თავისი მოკავშირე თურქეთის ინტერესებიც და ეს არგუმენტებიც მიიღო. მ.კედიამ შეძლო ბანაკებიდან ქართველი მუსლიმების გათავისუფლება. ამის შემდეგ მან ახალი, მაგრამ ყალბი საბუთები წარუდგინა გერმანელებს, რომ ქართველი ებრაელებიც წარმომავლობით და ანთროპოლოგიურად ქართველები არიან, მაგრამ მოსეს რჯულის მიმდევრები, ამიტომაც განსხვავდებიან ისინი ებრაელებისაგან ზნე-ჩვეულებებითა და გარეგნობით.ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა კონსტანტინე კანდელაკმა, საქართველოს მთავრობის სახელით, შეადგინა შესაბამისი დოკუმენტები, თუმცა ეს დიდ რისკთან იყო დაკავშირებული. მიხეილ კედიას ეს მანევრი წარმატებით გამოიყენეს ქართველებმა პოლონეთშიც, ამ გზით 1000-ზე მეტი ქართველი ებრაელი გადაარჩინეს სიკვდილს, რამაც ერთი-ორად აამაღლა ქართველთა ავტორიტეტი და მრავალი ახალი მეგობარი შესძინა მათ. ამ კამპანიაში მონაწილეობდნენ იოსებ ელიგულაშვილი, ალექსანდრე ცომაია, ალექსანდრე ქორქია, გიორგი მაღალაშვილი და სხვები. ანტისემიტიზმისა და საერთო ისტერიის ფონზე ეს იყო იმდენად უნიკალური მოვლენა, რომ მ. კედიამ და ნ. ჟორდანიამ პარიზის დიდი რაბინის ვაისის და ებრაული საზოგადოების პრეზიდენტის მოსერის მადლობის წერილები მიიღეს: "ბატონ მიხეილ კედიას, ბატონ ელიგულაშვილისაგან შევიტყვეთ, იმ დიდი სამსახურის შესახებ, რაც თქვენ გაგიწევიათ ებრაული აღმსარებლობის თქვენი თანამემამულეებისათვის დიდსულოვანი დახმარებით რასისტული კანონისაგან მათი გადარჩენით, და მე ვუერთდები იმ მადლიერების გრძნობას, რასაც ისინი თქვენდამი განიცდიან. გთხოვთ მიიღოთ ჩემი პირადი მადლობა მათი კეთილდღეობის დაცვისათვის და მიიღეთ ჩემი დიდი პატივისცემა. პარიზის დიდი რაბინი იულიუს ვაისი“. "ბატონ მიხეილ კედიას, ძვირფასო ბატონო, გვაქვს პატივი მინისტრ გეგეჭკორის წინაშე გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება მისი და მისი მეგობრების მიმართ ჩარევის გამო ოკუპანტ გერმანელთა წინაშე cj-religionis ე.ი. ქართველ ებრაელთა სასარგებლოდ. გვინდა მოგახსენოთ, რაოდენ ბედნიერნი ვართ თქვენი მამაცური და გულითადი მოქმედებების გამო. გმადლობთ თქვენი შეუპოვრობისა და სამართლიანობის გამახვილებული გრძნობისათვის, რომელიც ასე დამახასიათებელია კეთილშობილი ქართველი ერის ტრადიციებისათვის. თქვენ არა მარტო დაეხმარეთ თქვენს თანამოძმე ებრაელებს დამამცირებელი რასისტული კანონების თავიდან აცილებაში, რომელსაც ჩვენ ოთხ წელზე მეტია განვიცდით, არამედ ყველაზე მეტად თქვენ გაათავისუფლეთ უამრავი ტყვე საკონცენტრაციო ბანაკებიდან. ჩვენ მოვალეობად მიგვაჩნია მადლობა გადაგიხადოთ და გამოვხატოთ ჩვენი გულწრფელი მადლიერება მორალური კმაყოფილების ღრმა გრძნობები. გულწრფელად თქვენი ჯ. მოსერი“. თვით იოსებ ელიგულაშვილი ასე აფასებდა ამ დახმარებას: “ბევრი, ბევრი ქართველი დაგვეხმარა ჩვენ ამ საქმეში, ამას ვერ დავივიწყებთ, მაგრამ ყველაზე მეტად ის ქართველი დაგვეხმარა, რომელსაც საქართველოს ისტორია ეწოდება“. მუსლიმთა და ებრაელთა შემდეგ, როცა გერმანელებმა სოციალ-დემოკრატთა დეპორტაციაც დაიწყეს, ი. ელიგულაშვილმა დიდი თანხის საფასურად ავტომანქანა იშოვა და ნ. ჟორდანია პარიზიდან გაიყვანა. ბოლოს ჩნდება კითხვა: რატომ ჰქონდა ჰიტლერს განსაკუთრებული სიძულვილი ებრაელების მიმართ? მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს “ანტისემიტიზმმა“ კულმინაციას მიაღწია და მილიონობით ებრაელის სიცოცხლე შეიწირა. აღსანიშნავია, რომ მისივე მოგონებით ვენაში ჩასვლამდე ის ებრაელებს ვერ არჩევდა გერმანელებისაგან, რადგან ასწლეულების განმავლობაში მათი გარეგნობა დაუახლოვდა ევროპულს და გახდა ადამიანური. ერთადერთ განსხვავებას ის ხედავდა მხოლოდ რელიგიურ აღმსარებლობაში. ომის პერიოდში ჰიტლერის გარემოცვას გაუჩნდა ეჭვი მისი წარმომავლობის შესახებ. ფაქტია, რომ რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ებრაელთა სასაფლაოზე დაკრძალულია ებრაელი ვინმე ადოლფ ჰიტლერი (1832-1892 წწ.). რა ნათესაური კავშირი არსებობდა ებრაელ ადოლფ ჰიტლერსა და მესამე რაიხის ფიურერს – ადოლფ ჰიტლერს შორის მისი მრავალრიცხოვანი ბიოგრაფები დღემდე დუმილს ამჯობინებენ. წყარო: ავთანდილ სონღულაშვილი – ისტორია პოლიტიკა საერთაშორისო ურთიერთობები 45 2-ს მოსწონს
|