საზოგადოება გენდერის პრობლემები საბჭოური რეჟიმის პერიოდში 2024, 30 ნოემბერი, 6:33 მამაკაცისა და ქალის უფლებრივი თანასწორობა – გენდერი – მეცნიერებაში გამოიყენება ე.წ. “სოციალური სქესის“ აღსანიშნავად, რაც დაკავშირებულია ქალსა და მამაკაცს შორის ფიზიკურ, სხეულებრივ განსხვავებასთან. ცნება “გენდერი“ კი მიუთითებს მათ ფსიქოლოგიურ, სოციალურ და კულტურულ თავისებურებებზე. სქესი ბიოლოგიურად არის განსაზღვრული, გენდერი კი სოციალური და კულტურული ფაქტორებით არის განპირობებული და აღნიშნავს ქალისა და მამაკაცის სოციალურად ნასწავლი ქცევების, თვისებებისა და დამოკიდებულებების ნაკრებს. მოკლედ რომ ვთქვათ, გენდერი სოციალურ და პოლიტიკურ თეორიებში მამაკაცებსა და ქალებს შორის არსებულ სოციოკულტურულ სხვაობებს ნიშნავს.
ქალის ქცევის ნორმები და სტერეოტიპები ცვალებადია და განსხვავებულია არა მარტო სხვადასხვა ეთნიკურ კონტექსტში, არამედ ეთნიკური კულტურის ისტორიული განვითარების სხვადასხვა ეტაპზეც. მის ფორმირებაზე გავლენას ახდენს სხვადასხვა ასპექტები: ისტორიული, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული, რელიგიური, პოლიტიკური და, ამავე დროს, მაინც რჩება გარკვეული ეთნოსის ტრადიციებით, წარმოდგენებით, ქცევის ნორმებით შემოსაზღვრულ ჩარჩოებში. კაცობრიობის განვითარების მთელი ისტორიის მანძილზე ჩამოყალიბდა გაუცნობიერებელი დაპირისპირება ქალსა და მამაკაცს შორის, რომელიც ვითარდება სოციალიზაციის პროცესში და ტრადიციების მეშვეობით გამოხატულებას პოულობს ქალისა და მამაკაცის ქცევის ნორმებში, სტერეოტიპებსა და ავტოსტერეოტიპებში. ამ ფაქტის აღიარებამ საზოგადოებრივი აზროვნების კვლევის პროცესში, მეცნიერება მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ სიღრმისეულ მენტალურ დონეზე ფაქტიურად მთელი რეალობა, ფასეულობები, წარმოდგენები დაყრდნობილია სქესობრივ ურთიერთ-დაპირისპირებაზე: ქალი – მამაკაცი = ოპოზიციას, სადაც ქალი ობიექტია, მამაკაცი კი სუბიექტი, ქალი – ქვეშევრდომი, მამაკაცი – დომინანტი. მკვლევართა დასკვნით, სქესი, კლასისა და ეთნოსის მსგავსად, შეიძლება მიჩნეულ იქნეს კიდევ ერთ სოციალურ დეტერმინანტად.
ძველ რუსეთში დაოჯახების დროს პატარძალი თუ ქალიშვილი არ აღმოჩნდებოდა, დედამისთან ერთად ჩასვამდნენ ვარცლში, გობში ან გეჯაში და, როგორც შემარცხვენლებს ჩამოატარებდნენ სოფელში. ბოლოს შემაღლებული ადგილიდან ჩააგდებდნენ არხში ან მდინარეში. მოგვიანებით რუსეთში ქალი ქმრის მონად იქცა. ასეთ ვითარებას ხელი შეუწყო წმინდა ფსიქოლოგიურმა ფაქტორმაც, რომელიც განმტკიცდა რელიგიითა და საზოგადოებრივი აზრით. რუსული საქორწინო ჩვეულების მიხედვით პატარძლის მამა ან ძმა თავის დიდ ძალაუფლებას გადასცემდა საქმროს. ეს იდეა უხეში, თითქმის პირველყოფილი ფორმით იყო გამოხატული ქორწინების წესში. რიტუალის შესრულების დროს მამა ზურგზე მათრახს დაარტყამდა ქალს სამჯერ, რომელსაც შემდეგ სასიძოს გადასცემდა. საინტერესოა, რომ რუსეთში ქორწინების ასეთი უხეში რიტუალი დაცული ყოფილა მეფეთა ქორწინების ცერემონიალშიც. მაგალითად, პეტრე პირველის ქორწინება ლოპუხინის ასულზე ასეთი რიტუალით შესრულებულა. როგორც ჩანს, ქრისტიანობის დამკვიდრების შემდეგაც წარმართული ბატონობა - მორჩილებით ურთიერთობას ოჯახში ჯერ კიდევ არ დაეკარგა თავისი ძალა.
განქორწინება არცერთ შემთხვევაში არ შეიძლებოდა. გაქცეულს უკან აბრუნებდნენ და ქალიც ითმენდა წამებას იმ დრომდე, ვიდრე სიკვდილი არ გაანთავისუფლებდა ასეთი ცხოვრებისაგან. ამ პერიოდში რუსეთის ზოგიერთ ტერიტორიაზე ცოლის დაგირავებას ჰქონია ადგილი. პატრიარქი ფილარეტი წერილში ციმბირისა და ტობოლსკის არქიეპისკოპოსისადმი აღნიშნავს, რომ ბევრი მოხელე, რომელთაც ვოევოდები და პრიკაზის მესვეურები აგზავნიან სამსახურის საქმეებზე, ცოლს აგირავებდა განსაზღვრული ვადით. კრედიტორები კი ქმრების მიერ დაგირავებული ცოლის გამოხსნამდე ყოვლად უსირცხვილოდ მრუშობდნენ მათთან. ერთი სიტყვით, ცოლის დაგირავებისას გირაობის ხელშეკრულება გადიოდა თავის ყველა სტადიას. რუსეთში ცოლის დაგირავებისა და გაქირავების ჩვეულების შესახებ მრავალი იმდროინდელი მოგზაურიც მოგვითხრობს. 1718 წლის 26 ნოემბრიდან პეტრე პირველის ბრძანების გამოქვეყნებით იწყება ახალი ეპოქა რუსეთის ისტორიაში ქალის უფლებებთან დაკავშირებით. კერძოდ, ქალისა და მამაკაცის საზოგადოებაში ერთად ყოფნის უფლება, რაც ადრე ტრადიციულად აკრძალული იყო. ასეთი ნაბიჯის მცდელობას ჯერ კიდევ 1700 წელს ჰქონდა ადგილი, თუმცა ვერ განხორციელდა. პეტრემ სერიოზულად და დაჟინებით მოითხოვა, რომ რუს ქალს საზოგადოებაში დაეკავებინა ისეთი ადგილი, როგორიც დიდი ხანია არსებობდა საფრანგეთში. გასაგებია, ქალის მდგომარეობისა და უფლებების რა დონე უნდა ყოფილიყო რუსეთში, როდესაც იმპერატორის კარზე გაუგონარმა უსირცხვილობამ დაისადგურა. დედოფალი ელისაბედი თავის საყვარლებს ჩუმად იღებდა, “ხოლო ეკატერინემ თავისი ოთახი გადატიხრა, რომლის იქით ყოველთვის იჯდა რომელიმე ფავორიტი, იქვე გვერდით კი მიღებას აწარმოებდა. ტიხრის იქით ჩვეულებრივი ადამიანური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ღამის ქოთანი ედგა. ეკატერინემ იმდენად დაკარგა ქალურობა, რომ ტიხრის იქით ქოთანზე მჯდომარე ისმენდა მინისტრების მოხსენებებს“. მისი იმპერტორობის დროს რუსეთში სქესთა შორის ურთიერთობა საგრძნობლად დაირღვა. ოჯახებს ქალები მართავდნენ, ქალები მოღვაწეობდნენ მეცნიერებაში, სახელმწიფო სამსახურში. მხოლოდ ერთი რამ აკლდათ: ქალი – მთავარსარდალი. ეს, რაც შეეხება გაბატონებულ წოდებას, მაგრამ რა ვითარება იყო დაბალ ფენებში? გლეხის მიერ 10-13 წლის ქალიშვილის გაყიდვა ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენდა. მყიდველს უფლება ჰქონდა გოგონას ქალწულობა მშობლების თვალწინ “შეემოწმებინა“. XVIII საუკუნეში რუსეთის სოფლებში გავრცელდა ტრადიცია – დაექორწინებინათ 10 ან ოდნავ მეტი წლის ბიჭი უფროს გოგონაზე. ასეთი ქორწინება ხდებოდა მშობლების სურვილით. ოჯახი ბიჭს აქორწინებდა იმ მოტივით, რომ მოყვანილი ცოლის სახით ოჯახს შემატებოდა მუშახელი. ქალის მშობლები ასეთ შემთხვევაში ცდილობდნენ გვიან გაეთხოვებინათ. აღნიშნული ფაქტები დასტურდება თვითმხილველის, ამავე საუკუნის განმანათლებლის ალექსანდრე რადიშჩევის დაკვირვებითაც. ამასთან ერთად, ა. რადიშჩევი მიუთითებს, რომ “რუსეთში იყო ისეთი ფაქტებიც, როდესაც მამამთილი თვითონ უწვებოდა ლოგინში თავის ახალგაზრდა რძლებს, სანამ ვაჟიშვილები წამოიზრდებოდნენ“.
ამასვე ადასტურებს ფრიდრიხ ენგელსი, როდესაც აღნიშნავს, რომ “რუსეთში მაინც, სახლის უხუცესი, როგორც ცნობილია, ძალიან ბოროტად იყენებს თავის მდგომარეობას თემის ახალგაზრდა ქალების, განსაკუთრებით თავისი რძლების მიმართ და ხშირად მათგან ჰარამხანას მართავს თავისთვის; ამას საკმაოდ მჭევრმეტყველურად ადასტურებს რუსული ხალხური სიმღერები“.
მიუხედავად ქალისადმი ასეთი დამოკიდებულებისა, XIX საუკუნის შუა ხანებამდე რუსეთის იმპერიაში პროსტიტუცია აკრძალული იყო. მსგავსი საქმიანობის ქალებს იჭერდნენ და “გულგრილად“ სჯიდნენ. მათ ემუქრებოდათ არა მხოლოდ დაპატიმრება და საკანში მშვიდად ყოფნა, არამედ, სამუდამო გადასახლება ციმბირში. ფაქტია, რომ ვერავითარი დამსჯელი ღონისძიებები ვერ შეაჩერებდა “ფრანგული“ დაავადების რიცხვის ზრდას. მთავრობა მიხვდა, რომ, მხოლოდ გასამართლება და სასჯელი შედეგს ვერ მოიტანდა. ამიტომ, აღნიშნული პრობლემის მოგვარებისადმი შეხედულება შეცვალა. იმპერატორ ნიკოლოზ I-ის სპეციალური ბრძანებულებით ლეგალიზებულ იქნა ეს ძველი პროფესია. ახლა, “ღამის პეპლები“, როგორც მათ უწოდებდნენ ჩათვალეს საზოგადოების მსხვერპლად, რომლებიც სიბრალულს იმსახურებდნენ. მათ ელოდათ მკაცრი სახელმწიფოებრივი აღრიცხვა, ყოველმხრივი კონტროლი და სავალდებულო სამედიცინო შემოწმება. ამ მიზნით შეიქმნა „სამედიცინო-პოლიტიკური კომიტეტი“, რომელიც რეგისტრაციაში ატარებდა ყველა მსურველს, გამხდარიყო “სიყვარულის მსხვერპლი“. მცირე ზომის ლიმონის ფერის მოწმობა ეძლეოდათ პასპორტის ნაცვლად ასეთი პროფესიის ქალებს. “ყვითელი ბილეთის“ რვა გვერდზე განთავსებული იყო მფლობელის პირადი მონაცემები და ფოტოსურათი, ქცევის წესები საჯარო ადგილებში, ასევე, სამედიცინო შემოწმების მონაცემები. ექიმთან რეგულარული კონსულტაციები პოლიციის მიერ მკაცრ კონტროლზე იყო აყვანილი. ასეთი ბილეთის მიღება შეეძლო ნებისმიერ ქალს, რომელიც გამოთქვამდა სურვილს საკუთარი სხეულის გაყიდვით მიეღო ანაზღაურება. მთავარია მას ნებაყოფლობით დაეწერა თხოვნა პოლიციის განყოფილებაში და გაეცვალა პასპორტი “სამახსოვრო მოწმობაზე“. ![]() თანამედროვე თაობა, რატომღაც მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირში მოქმედებდა თითქმის შუასაუკუნეობრივი პურიტანული ზნე-ჩვეულება. არ იყო მოდა, სექსი, ქორწინებამდელი სიყვარული. რუსეთში რევოლუციისა და სამოქალაქო ომის წლებში მნიშვნელოვნად დაეცა და შეირყვნა სქესობრივი ურთიერთობის სფეროში არსებული მორალური კოდექსი. დაიწყო ე.წ. “თავისუფალი სიყვარულის“ პროპაგანდა, ხოლო ზოგიერთ ოლქში გამოიცემოდა დეკრეტები “ქალების ნაციონალიზაციის“ თაობაზე. მაგალითად, 1918 წელს ქალაქ ვლადიმირში გამოცემული დეკრეტი იუწყებოდა, რომ 18 წელს მიღწეული ქალი, თუ გაუთხოვარი რჩებოდა უნდა გატარებულიყო “თავისუფალი სიყვარულის“ ბიუროს რეგისტრაციაში; მას უფლება ეძლეოდა შეერჩია მეუღლე ვაჟი – 19-დან 50 წლის ასაკამდე. ვაჟსაც ჰქონდა ანალოგიური უფლება. მსურველებს ქმრის ან ცოლის არჩევა შეეძლოთ თვეში ერთხელ.
XX საუკუნის 20-იან წლებში საბჭოთა კავშირში დაიწყეს სახლი - კომუნების მშენებლობა, სადაც “საბჭოთა ადამიანებს“ ერთად უნდა ეცხოვრათ. ასევე ერთად უნდა მიეღოთ საკვები. საერთო, საზოგადოებრივი საკუთრების შემოღება ხშირად აბსურდამდე მიდიოდა. ზოგიერთ საცხოვრებელ ბინებში საწოლებიც საერთო იყო, ხოლო მეუღლეებს განმარტოება შეეძლოთ სპეციალურ შენობებში სიის მიხედვით. ამავე დროს მთელი სიმწვავით დადგა დღის წესრიგში სქესთა ურთიერთობის პრობლემები. წინა პლანზე წამოიწია “თავისუფალი სიყვარულისა“ და “სექსუალური რევოლუციის“ საკითხებმა. ამ თემაზე იმართებოდა გახმაურებული დისკუსიები, იბეჭდებოდა სკანდალური წიგნები, რომლებიც მოგვიანებით აკრძალული ლიტერატურის რიცხვში მოხვდა. სოციალური უზრუნველყოფის სახალხო კომისარი, მოგვიანებით მსოფლიოში პირველი ელჩი – ქალი ალექსანდრა კოლონტაი პროპაგანდას ეწეოდა “ეროტიკული ძმობის“, როგორც სექსუალური ფორმის შესახებ. კოლონტაი ცდილობდა მასებში დაენერგა ე.წ. “ჭიქა წყლის“ თეორია, რაც შემდეგში მდგომარეობდა: რატომ არ შეიძლება კლასობრივი, წოდებრივი და სხვა გადმონაშთებისაგან თავისუფალ საზოგადოებაში მოქალაქეები შევიდნენ ერთმანეთთან ინტიმურ ურთიერთობაში, როგორც ჭიქა წყალი ცხელ დღეს? ასეთი მსოფლმხედველობიდან გამომდინარე ჯერ საბჭოთა რუსეთში და შემდეგ საბჭოთა კავშირში 20-იანი წლების საწყის ეტაპზე ფართოდ გაუღეს კარი ფსიქოანალიზს. ამ დროს, ის ყველაზე პოპულარულ მიმდინარეობად ითვლებოდა. თარგმნიდნენ, გამოსცემდნენ ფროიდის ნაშრომებს. მოსკოვის გულში მალაია ნიკიტინსკაიაზე, 1921 წელს საბავშვო ბაღილაბორატორიაც კი გახსნეს პარტიული ელიტის შვილებისთვის, ფროიდის თეორიების მიხედვით ახალი ადამიანის – ზეკაცის – “გამოსაყვანად“. სტალინმაც კი ანდო თავისი ვაჟი, ვასილი, ფროიდის მიმდევრებს აღსაზრდელად. ბაღში ბავშვებს ყველაფრის უფლებებს აძლევდნენ, ხმას არ უწევდნენ, “სქესობრივი თამაშები“ ისევე ნებადართული იყო, როგორც წყურვილის დაკმაყოფილება, საშარდე სისტემის დაცლა. აღმზრდელებს მუდმივი მიმოწერა ჰქონდათ ფროიდთან, მაგრამ ექსპერიმენტი ჩავარდა. ბაღის დაკეტვა მისი მფარველის, ლევ ტროცკის მოსკოვიდან გაქცევას მოჰყვა. მერე აგორდა და აგორდა. ყველა განუდგა ფროიდის მოძღვრებას – ვინც მანამდე მხარს უჭერდა: ლენინი, კრუპსკაია, კოლონტაი... სტალინმა იგი საბჭოთა ხელისუფლების მთავარ მტრად გამოაცხადა, ფსიქოანალიზი – ცრუ მეცნიერებად. აღნიშნულ პერიოდში ფართოდ გავრცელდა მიმდინარეობა “შიშველი სხეულის კულტი“ – ნუდიზმი (ლათინურად შიშველი). ნუდისტების შესახებ ე.წ. “საბჭოთა ადამიანებს“ არც სმენოდათ, და დიდი ხნის განმავლობაში არა მარტო აკრძალული არ იყო, არამედ მის კულტივირებასაც ეწეოდნენ. XX საუკუნის 20-იანი წლებიდან საბჭოთა რუსეთში მიმდინარეობდა აშკარა აგიტაცია, რომელიც პირდაპირ მოუწოდებდა მასებს საზოგადოებრივ ადგილებში მოეშორებინათ “ტანსაცმლის ბორკილები“ და საკუთარი სხეული დაეთმოთ სუფთა ჰაერისა და თბილი მზის აბაზანებისათვის. საბჭოთა ქვეყანაში მრავალ ადგილზე გამოჩნდა ნუდისტური ანუ შიშველი სხეულის პლიაჟები. პირველად ასეთი სანაპიროები გაიხსნა შავი ზღვისპირეთში – ყირიმსა და კავკასიაში. ასეთი იდეის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი იყო ცნობილი პოეტი და პუბლიცისტი მაქსიმილიან ვოლოშინი, რომელმაც ყირიმის სანაპიროზე პირველმა გახსნა ნუდისტური პლიაჟი. აქ პირველ რიგში ჩამოდიოდნენ იმ პერიოდის შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლები, როგორიც იყვნენ ცვეტაევა, მანდელშტამი, ბულგაკოვი და სხვ. ცოტა ხანში ასეთი პლიაჟი შეიქმნა მოსკოვში მდინარის სანაპიროზე. ერთი იყო, რომ გაიმიჯნა ადგილები ქალებისა და მამაკაცებისათვის. 1924 წელს დაფუძნდა საზოგადოება – “ძირს სირცხვილი!“ მის მონაწილეებს სჯეროდათ, რომ გენდერული თანასწორობა და საყოველთაო სამართლიანობა სიშიშვლით განისაზღვრებოდა. საზოგადოების წევრებს უნდოდათ მოეწყოთ მსვლელობა მოსკოვსა და ხარკოვში სრულიად შიშვლებს, ისე, როგორც დედამ შობა, მაგრამ მოსახლეობის ძირითადი ნაწილის წინააღმდეგობის გამო თავი შეიკავეს. ეს ვაკხანალია აღკვეთა მაშინდელმა ჯანდაცვის სახალხო კომისარმა სემაშკომ. მან ეს ყველაფერი ძალიან ტაქტიკურად განახორციელა. უფრო სწორად, მას არ აუკრძალავს მსურველებისათვის შიშვლებს ევლოთ მოსკოვის ქუჩებში. უბრალოდ აღნიშნა, რომ დედაქალაქში “არ იყო შესაფერისი კლიმატი, ძალიან დაბალი ტემპერატურა მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის საფრთხეს წარმოადგენდა. ჯანდაცვის კომისარმა ასევე განმარტა, რომ ჰაერი ქალაქის ქუჩებში დაბინძურებული იყო მტვრითა და ბაქტერიებით, რაც გამოიწვევდა კანის დაავადებებს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში იწყებოდა თანდათანობით “ჭანჭიკების მოჭერა“, 30-იანი წლების დასაწყისშიც მოდაში იყო სრულიად შიშველი ბანაობა და მზის აბაზანების მიღება. “შიშველთა პლიაჟები“ აყვავებას განიცდიდნენ იალტაში, გურზუფში, ანაპაში და ა.შ. ერთ-ერთ მათგანში, რომელიც ბათუმში მდებარეობდა, ამერიკელებმა მხატვრული ფილმიც კი გადაიღეს; ფილმმა დასავლეთში ფურორი მოახდინა. 30-იანი წლების დასაწყისში ნუდისტური სანაპიროები მრავალი ქალაქის ცენტრში მდებარეობდა. წესრიგის დამცველები ამ დროს პრეტენზიასაც არ გამოთქვამდნენ დედიშობილა ადამიანების ქუჩებში სეირნობაზე. 30-იანი წლების შუა ხანებში კი გევლო ქუჩაში “შიშველსა და ბედნიერს“ აღარ შეიძლებოდა. როდესაც სტალინმა ხელისუფლების შედარებით მყარად გაკონტროლება შეძლო, ლენინისაგან განსხვავებით აღნიშნულ მოვლენას წერტილი დაუსვა. აიკრძალა კოლონტაის პუბლიკაციების დიდი ნაწილი. ოჯახური სიწმინდე ძირითად ღირებულებად გამოცხადდა. წყარო: ავთანდილ სონღულაშვილის – ისტორია პოლიტიკა საერთაშორისო ურთიერთობები 76 2-ს მოსწონს |
მერკელიც ნუდისტი იყო...