სხვა ვინ იყო სტალინური რეპრესიების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი და როგორ წარიმართა მისი ცხოვრება? 24 ნოემბერი, 12:38 70 წლის წინ, 1954 წლის 22 ნოემბერს, ნიუ-იორკში გარდაიცვალა გამოჩენილი საბჭოთა მოღვაწე, პროკურორი და დიპლომატი ანდრეი ვიშინსკი. ის 70 წლის იყო. ეთნიკური პოლონელი პირველ რიგში საზოგადოებას დაამახსოვრდა, როგორც 1930-იანი წლების პოლიტიკური რეპრესიების იურიდიული ორგანიზატორი. მისი ემოციური გამოსვლები, რომელიც სავსე იყო "ხალხის მტრების" ზიზღით დ დაცინვით, ეპოქის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა. იმისათვის, რომ ნათელი წარმოდგენა შეგვექმნას საბჭოეთში წარმოებული უსასტიკესი რეპრესიების ერთ-ერთი ორგანიზატორის, საბჭოთა კავშირის გენერალური პროკურორის 1935-1939 წლებში - ანდრეი ვიშინსკის პიროვნების შესახებ, საკმარისი იქნება გავიხსენოთ როლანდ ფრეისლერის, ჰიტლერული გერმანიის სასამართლო პალატის თავჯდომარის სიტყვები – „იგი ჩემთვის მისაბაძი მაგალითიაო”. ვიშინსკი იყო სსრკ-ს პროკურორი (1935-1939), სსრკ საგარეო საქმეთა მინისტრი (1949-1953), სსრკ-ს მუდმივი წარმომადგენელი გაეროში (1953-1954). ასევე სკკპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის წევრი (1939 წლიდან), სკკპ ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის კანდიდატი (1952-1953 წწ.). სსრკ მე-7 მოწვევის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, სსრკ 1-ლი, მე-2 და მე-4 მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. სახელმწიფო და სოციალურ (იურიდიულ) მეცნიერებათა დოქტორი (1935) პროფესორი, ხოლო 1925-1928 წლებში მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1939). მაგრამ ამ შთამბეჭდავი კარიერის ფონზე, ყველაზე მთავარი-"დიდი ტერორის" ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი იყო. აი ერთ-ერთი მისი ტიპური გამოსვლა: "მთელი ჩვენი ქვეყანა, პატარიდან დაწყებული მოხუცამდე, ერთს ელოდება და ითხოვს: მოღალატეები და ჯაშუშები, რომლებმაც მტერს მიჰყიდეს სამშობლო, დაიხვრიტოს ბინძური ძაღლებივით!... გავა დრო. საძულველი მოღალატეების საფლავები სარეველებითა და ეკლებით დაიფარება, დაიფარება პატიოსანი საბჭოთა ხალხის, მთელი საბჭოთა ხალხის მარადიული ზიზღით. და ჩვენს და ჩვენი ბედნიერი ქვეყანის თავზე, მზე გააგრძელებს მხიარულად ნათებას თავისი კაშკაშა სხივებით. ჩვენ და ჩვენი ხალხი, გავაგრძელებთ წარსულის უკანასკნელი ბოროტი სულებისა და სისაძაგელებისგან გზის გასუფთავებას რომელსაც ხელმძღვანელობს ჩვენი საყვარელი ბელადი და მასწავლებელი - დიდი სტალინი - წინ და წინ კომუნიზმისკენ!" სტალინის ბიოგრაფი, გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი წერდა: „ლევ ტროცკი სტალინის დაუძინებელი მტერი იყო. ბალადის მიმართ ყველაზე მეტი დაუმსახურებელი ეპითეტიც სწორედ მას ეკუთვნის. თუმცა, ზოგჯერ ტროცკიც ვერ მალავდა სტალინის ღირსებებს და მის ნაწერებში ბელადის მიმართ დადებითი კონტექსტის სიმართლის ამოკითხვაცაა შესაძლებელი. ტროცკი სტალინს დიდ „დოზიროვშჩიკს“ უწოდებდა და თავის სიტყვებს ასე ხსნიდა – სტალინის ერთ-ერთი დიდი სატანური ძალა იმაში მდგომარეობდა, რომ მას, ერთი მხრივ, უტყუარად შეეძლო საჭირო კადრების შერჩევა. მეორე მხრივ კი, როგორც გენიალურ რეჟისორს სჩვევია, ამ კადრების თანდათანობით შეყვანა იმ დიდ სპექტაკლში, რომელსაც ის დგამდა და, რა თქმა უნდა, მთავარი როლის შემსრულებელიც, დრამატურგიცა და რეჟისორიც თავად იყო. ამის შესანიშნავი მაგალითია ანდრე ვიშინსკი. ეს კაცი სტალინმა დიდი წარმატებით გამოიყენა ჩემი და ჩემი მომხრეების წინააღმდეგ.“ ანდრეი ვიშინსკი იყო, „მოსკოვური პროცესების“ მთავარი ბრალმდებელი. ეს პროცესები კი ტროცკისეული ოპოზიციის წინააღმდეგ გაიმართა, ე. წ. „დიდი ტერორის“ დროს და მან (ვიშინსკიმ) შესანიშნავად გაართვა თავი ტროცკისტების განადგურებას. იმავდროულად, სწორედ ვიშინსკი იყო „სამხედრო შეთქმულების“ ცნობილი პროცესების ბრალმდებელიც. ვიშინსკი შესანიშნავი ორატორი, უაღრესად განათლებული ადამიანი და სანიმუშო შემსრულებელი იყო. ნიშანდობლივია, რომ „მოსკოვურ პროცესებს“ ყველა ბურჟუაზიული გაზეთისა და ჟურნალის ცნობილი კორესპონდენტი ესწრებოდა. აგრეთვე, მსოფლიო მნიშვნელობის მწერლები. მათ შორის არა ერთი ნობელის პრემიის ლაურეატი. და ხაზგასასმელია ის, რომ არცერთ მათგანს ეჭვიც კი არ შეუტანია ტროცკისტული ოპოზიციის დამნაშავეობაში. როდესაც ისინი თავიანთ ქვეყნებში დაბრუნდნენ, ამ პროცესებს დადებითი შეფასება მისცეს. თქვეს და დაწერეს, რომ ტროცკისტებმა სავსებით დამსახურებული სასჯელი მიიღეს. ეს კი დიდწილად ამ პროცესზე ვიშინსკის თანამიმდევრული, ლოგიკური და მრისხანე გამოსვლების დამსახურება იყო. სანამ სტალინის ყველაზე ცნობილ ჯალათს, გენრიხ იაგოდას თავად დახვრეტდნენ: „მითხარი, გამცემო და მოღალატე იაგოდა, მართლა არასოდეს განგიცდია ოდნავი სინანული ან ოდნავი მონანიება შენს ყველა საზიზღარ და მოღალატურ საქმიანობისას? - დაუყვირა სსრკ პროკურორმა ანდრეი ვიშინსკიმ და მწველი მზერა მიაპყრო შინაგან საქმეთა ყოფილ სახალხო კომისარს, რომლის სახეზეც კარგად ჩანდა ღამის დაკითხვის კვალი. ”-და ახლა, როცა საბოლოოდ აგებთ პასუხს პროლეტარული სასამართლოს წინაშე ყველა თქვენი საზიზღარი დანაშაულისთვის, ოდნავ მაინც არ ინანიებთ ჩადენილის გამო?” -დიახ, ვნანობ, ძალიან ვწუხვარ... - გაისმა ეჟოვის მისუსტებული ხმა. -რას ნანობ, ჯაშუშო და დამნაშავე იაგოდა?" - იქედნურად გაუღიმა ვიშინსკიმ. ”ძალიან ვნანობ, რომ როცა ამის გაკეთება შემეძლო, ყველა თქვენ არ მიგახვრიტეთ!” -უპასუხა იაგოდამ. სტალინის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში ამ პირსისხლიანმა კაცმა თავისი აღსასრული ნიუ-იორკში, კერძოდ-კი, „გაერო”-ში მუშაობის პერიოდში ჰპოვა. ოფიციალური ვერსიით, გულის შეტევას ემსხვერპლა. სხვა ვერსიით კი, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ანდრეი ვიშინსკის გარდაცვალების შემდგომ, მის სამუშაო კაბინეტში განთავსებული სეიფი შესაბამისმა სამსახურებმა გახსნეს. მასში აღმოჩენილი იქნა დატენილი ბრაუნინგი და წითელი საქაღალდე ერთადერთი დოკუმენტით. ეს უკანასკნელი გახლდათ დასასმენი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტი, დაწერილი საბჭოთა პოლიტიკური მოღვაწის – დიმიტრი მანუილსკის მიერ თვითონ ანდრეი ვიშინსკის წინააღმდეგ. სტალინისადმი განკუთვნილი დოკუმენტი შემდეგი სიტყვებით მთავრდებოდა – „ბევრი სიმართლე რომ იცოდეთ ვიშინსკის შესახებ, ასეთ მატყუარა ადამიანს გვერდით არ დაიყენებდითო”. არა და სტალინი პირადად გაეცნო ამ დოკუმენტს, რის შემდგომაც იგი „რატომღაც” თავად ვიშინსკის გადაუგზავნა გასაცნობად. ისტორიკოსთა მტკიცებით, ასეთი მეთოდით საბჭოთა გენსეკმა დამატებითი კაუჭით გამოიბა ფეხზე სტალინური რეპრესიების ერთ-ერთი შემოქმედი. 1525 2-ს მოსწონს 1-ს არა
|