x
image
თამილა გურაშვილი
გალაქტიონმა ჯიბიდან საფულე ამოიღო, ხუთი ასმანეთიანი გადათვალა ...

image

“მუდმივად უფულო, გაჭირვებულმა გალაკტიონმა, როგორღაც მოახერხა და პატარა სახლი აიშენა თავის სათაყვანებელ აფხაზეთში, სოხუმის მთის ძირას, ეგნატე ნინოშვილის ქუჩაზე. (სადაც მეტად მცირე დროის გატარება შეძლო).
ნინოშვილის ქუჩა კვეთდა დიმიტრი გულიას სახელობის ქუჩას, საიდანაც ხელისგულივით მოჩანდა პოეტის საოცნებო ზღვა. გალაკტიონი ყოველ დილით დაუყვებოდა გულიას სახელობის ქუჩას და გადიოდა მდინარე ბესლეთის შესართავთან.
იქვე, სანაპიროზე იყო ევკალიპტის პატარა ხეივანი, სადაც სოხუმელ სომეხს მომცრო ფარდული ჰქონდა. აქ იყიდებოდა ღვინო, არაყი, გამაგრილებელი სასმელები, ხილი და ნაყინი. ეს ადგილი „შატალოზე“ გასული სტუდენტების ერთგვარი თავშესაფარი იყო.
ერთ დღეს, დილით, ფარდულს ეწვია უფულო პოეტი (როგორც შემდეგ გავიგეთ, იგი წინა დღის ჩამოსული იყო თბილისიდან, სოხუმში ჰონორარი უნდა აეღო, თუმცა რაღაც გაუგებრობის გამო თანხის გადაცემა რამდენიმე დღით დაუგვიანეს). ფული არ ჰქონდა, მაგრამ წინა დღის ნაქეიფარს საოცრად უნდოდა ერთი ჭიქა არაყი გადაეკრა.
მედუქნეს ხელით ანიშნა, არაყი დამისხიო. მანაც არ დააყოვნა და მიართვა სავსე ჭიქით არაყი. კარგად იყავიო, – უთხრა პოეტმა, გადაჰკრა და წავიდა. მედუქნე გაოცებული უყურებდა მისთვის უცნობ კაცს, მაგრამ ამ ბიბლიური აღნაგობის ადამიანს არაფერი აკადრა.
მეორე დილით კვლავ ცარიელი ჯიბით მიადგა გალაკტიონი ფარდულს და იგივე განმეორდა: არაყი მოითხოვა, დაუსხეს, დალია და უსიტყვოდ წავიდა. იმ დღეს ჰონორარი აიღო, გაიხარა და მესამე დილას კვლავ ფარდულს მიაშურა. ამ დროს მე და კიდევ ორი-სამი სტუდენტი იქვე ვისხედით, მაგიდაზე თითო კათხა ლუდი გვედგა. გალაკტიონს მივესალმეთ, მაგიდასთან მივიწვიეთ, მაგრამ უარი გვითხრა, მეჩქარებაო.
შემდეგ მედუქნეს ისევ ხელით ანიშნა, დამისხიო. ფეხზე მდგარმა დალია, შემდეგ ჩემზე და ჩემს მეგობრებზე ანიშნა, ამათაც დაუსხიო. დახლიდარმა მისი ნათქვამი შეასრულა. ამის შემდეგ ჯიბიდან საფულე ამოიღო, ხუთი ასმანეთიანი გადათვალა და დახლიდარს მიაწოდა:
– თქვენი მადლობელი ვარ, კარგი კაცი ყოფილხართ. ეს ერთი ასმანეთიანი პირველი ჭიქისთვის, მეორე – მეორე ჭიქისთვის, მესამე – მესამისთვის, მეოთხე – იმ ყმაწვილებისთვის, ხოლო მეხუთე ასმანეთიანი იმათთვის, რომლებიც მოვლენ, დალევენ და არ გადაიხდიანო.
ჩვენ გაოგნებულები ვუყურებდით დიდ პოეტს. მან კი გვითხრა:
– კარგად იყავით, ძამიკოებო!
შემდეგ კი ნელი ნაბიჯით გაუდგა თავის გზას. სახეზე სიხარული და კმაყოფილება ეტყობოდა''
ოთარ ჭურღულიას მოგონება წიგნიდან - „გალაკტიონოლოგია“.
0
189
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
189
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0