x
მეტი
  • 14.11.2024
  • სტატია:138253
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511967
რატომ წავიდა და ვისთან ერთად ცხოვრობს ვახო ბიჭიკაშვილი ამერიკაში?
image

.

ყველასათვის საყვარელი მსახიობი ვახო ბიჭიკაშვილი უკვე დიდი ხანია ამერიკაში აგრძელებს ცხოვრებას. 36 წლის ასაკში სტუდენტიც გახდა, არაერთი ღონისძიების წამყვანობაც ითავა და რამდენიმე კომპანიის სოცმედიობაც შეითავსა. მართალია, თავიდან რთული იყო სამშობლოდან შორს თავის დამკვიდრება, მაგრამ როგორც თავად ამბობს, დღეს საკმაოდ დატვირთულია და ნოსტალგიისთვის დრო, პრაქტიკულად, არ რჩება.



.
– ვახო, რამდენი ხანია, რაც ამერიკაში ხარ და როგორ მიგიღო თავისუფლების ქვეყანამ?


– ოქტომბერში ორი წელი გახდება, რაც ამერიკაში ვარ. მიუხედავად იმისა, რომ პირველად არ ჩამოვედი და მანამდეც მქონდა ხშირი ვიზიტები, თავისუფლების ქვეყანამ ძალიან თავისუფლად და მშვიდად მიმიღო. აქ ბევრი ჩემი მეგობარი დამხვდა. არ არის მარტივი მარტომ იქირაო სახლი, გადასახადები იხადო, ამას დიდი ფინანსები სჭირდება. ახალჩამოსულს რაღაც პერიოდი ჩემს უახლოეს მეგობრებთან, სოსო და კოტიკო თოლორაიებთან ერთად მომიწია ცხოვრება. შემდეგ მარტო გადავედი საცხოვრებლად, ახლა კი ჩემი ბავშვობის მეგობართან ერთად ვცხოვრობ, ვისი ბავშვის ნათლიაც ვარ. სამეგობროსა და საახლობლოს ნაკლებობა არ მაქვს.

– როგორ გაირბინა ამ ორმა წელმა?

– ვხუმრობ ხოლმე: მოვერგე ამერიკულ რეალობას, თორემ ამდენ ხანს აქ რა გამაჩერებდა-მეთქი (იცინის). აქ დრო იმაზე ჩქარა გარბის, ვიდრე საქართველოში. საქართველოში ყოფნისას, სულ ვამბობდი: ძალიან ცოტა დრო მაქვს, ძალიან დაკავებული ვარ-მეთქი და ამერიკაში ყოფნისას მივხვდი, რომ ჩემს ქვეყანაში ძალიან ბევრი დრო მქონია იმისთვის, რომ საკუთარი თავისთვისაც, მეგობრებისთვისაც, ოჯახისთვისაც დამეთმო. ამერიკაში, გინდა არ გინდა, თუ არ ჩაერთე ფერხულში და იმ სიჩქარეში, რაც ამ ქვეყანას აქვს, ძალიან გაგიჭირდება. როგორც კი ჩავები ამ ფერხულში, რომ მეც იმ სიჩქარით მევლო, შესაბამისად, დრომაც ჩქარა გაირბინა, თუ არ ჩავთვლით პატარ-პატარა მომენტებს, როცა შეიძლება, ადამიანი პაუზდებოდეს.

– დაპაუზებაში რას გულისხმობ?

– დაპაუზებაში, მონატრების ფაქტორს ვგულისხმობ.

– თქვი, შესაბამისად, მეც ავჩქარდიო და დაეწიე თუ გაუსწარი დროს?

– ამერიკის დროს ვერასოდეს გაასწრებ (იცინის). ყველაზე სასურველი რიტმია, ამ ქვეყანაში მე და დრო, ერთ ნაბიჯად და ერთად თუ ვივლით. ასე რომ, გასწრებით ნამდვილად არ გამისწრია, ვერც გავასწრებ და არც ვაპირებ (იცინის). მაგრამ, იმ შესაძლებლობით, რაც აქ დამხვდა ჩემი გარემოდან, სამეგობრო წრიდან და ასე შემდეგ, შედარებით შემიმსუბუქდა ამ ფერხულში ჩაბმა.

– მახსოვს, როცა მიდიოდი ამბობდი, მალე დავბრუნდებიო, თუმცა დიდხანს მოგიწია სამშობლოდან შორს ყოფნა.

– ნამდვილად არ მქონდა განსაზღვრული ამდენი ხანი ამერიკაში დარჩენა. უბრალოდ, ისე მოეწყო ჩემი ჩამოსვლისთანავე, რომ დაგეგმილზე მეტი დრო დასჭირდა ყველაფერს. პასუხისმგებლობებს რომ იღებ და საქმეში ერთვები, დროს ვეღარ გრძნობ, ისე გარბის. თან, ამ ყველაფერს დაემატა ჩემი სასწავლო პროცესი, რომელმაც გადასწია ჩემი საქართველოში წამოსვლის ამბავი. სტუდენტური ვიზით ვარ აქ და როგორც სტუდენტს, მაქვს ვალდებულება უნივერსიტეტთან – რაღაც დროის განმავლობაში უნდა ვიყო შეერთებულ შტატებში და მერე შემეძლება თავისუფლად გადაადგილება, სადაც მინდა და როგორც მინდა. მოკლედ, რომ ამბობენ „მარადმწვანე“ სტუდენტიო, მე ეს სტატუსი გავამართლე (იცინის).

– ამერიკაში ცხოვრება არ ჯდება იაფი. სწავლის პარალელურად, რას საქმიანობ?

– კონკრეტული სამსახური არ მაქვს, ქართულ კომპანიებზე ვმუშაობ. აქ არსებული ქართული კომპანიებიდან მაქვს შეკვეთები და სოციალური განხრით ვმუშაობ. ასე რომ, რამდენიმე კომპანიის სოცმედია ვარ, რომლებსაც სარეკლამო რგოლებს ვუკეთებ. ასევე, გვაქვს ჩვენი „ჯეოპროდაქშენი“, გასართობით-შემეცნებითი არხი „იუთუბიზე“, რომელიც აქ მოღვაწე წარმატებულ ქართველებზე აკეთებს სიუჟეტებს და აცნობს მათ ფართო საზოგადოებას სხვადასხვა ქვეყანაში. ამასთანავე, ქორწილები, ივენთები, სხვადასხვა ღონისძიებები, ნათლობები, წვეულებები, სადაც მიწვევენ წამყვანად და ჩვეულებრივად, ვაგრძელებ იმ პროფესიას, რაც საქართველოში მქონდა. რადგან ვსწავლობ, არ მაქვს მუშაობის უფლება იმ დატვირთვით, როგორც სხვა ემიგრანტები მუშაობენ. გამოყოფილ საათებში კი, რასაც უნივერსიტეტის შემდეგ ვახერხებ, ჩემს საქმეს ვაკეთებ და ვმუშაობ. მოკლედ, ჯვარი მწერია და ჯერჯერობით ყველაფერი იდეალურადაა. თუმცა, რასაკვირველია, სირთულეებიც არის.

– ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ტელევიზიას, სადაც საკმაოდ დიდი პერიოდი იმუშავე, სხვა ხიბლი აქვს.

– დიდი ხანი რომ ტელევიზიაში მუშაობ და კამერის წინ დგახარ, არ არის მარტივი მის გარეშე ყოფნა. მენატრება ჩემი საქმიანობა, რასაც ცოტა დრო ნამდვილად არ დავუთმე – 25 წელი ვიმუშვე ტელევიზიაში. ჩემთვის დღემდე საყვარელი სფერო და საქმიანობაა. რასაც აქ ვაკეთებ, ამ სფეროდან შორს არ არის, მაგრამ ის პრაქტიკული ტელევიზია, მაინც სულ სხვაა და რა თქმა უნდა, მაქვს მონატრება ადამიანების, ურთიერთობების, რაც საქართველოში ამდენი ხნის განმავლობაში მქონდა. პირველი ექვსი თვე, როცა ემიგრაციაში იწყებ ცხოვრებას, ადამიანისთვის, ერთგვარი სულიერი კარანტინის პერიოდია. შეიძლება, კონკრეტული ქართული კერძი არ მოგენატროს, რადგან აქაც არანაკლებადაა ყველაფერი და არც ბუნებითა და სილამაზით ჩამორჩება, მაგრამ გენატრება მეუღლე, შვილები, მშობლები, თანამშრომლები, მეგობრები, საყვარელი ადამიანები. უფრო, დღესასწაულებზე მაქვს შემოტევები, როცა მინდა, მეგობრებთან ჩაჯდომა, ცოლ-შვილთან ერთად დასასვენებლად წასვლა. როცა მინდა, ჩემს გვერდით იყვნენ ადამიანები, ვინც ყველაზე მეტად მიყვარს. შვილებთან სოციალური ქსელით ყოველდღიური, საათობრივი კომუნიკაცია მაქვს, მაგრამ მათი სითბური ენერგია მაკლია. ის ნაღდი და ცოცხალი ენერგეტიკა, რაც მათ სიახლოვეს მოაქვს და მათგან ჩახუტებით მოდის. სხვა გზა არ არის. ახლა მამოძრავებს მიზნები და გეგმები, რომელიც უნდა შევასრულო. ამ მიზნებისკენ სწრაფვამ შემიმსუბუქა სიშორე და უერთმანეთობა.

– როგორც მივხვდი, ჯერჯერობით ჩამოსვლას არ აპირებ.

– ველოდები დოკუმენტაციის რაღაც ნაწილს, რომელიც სასწავლო პროცესთან ერთად დასრულდება და მერე შემეძლება, დასვენების პერიოდში საქართველოში ჩამოვიდე. ერთი სიტყვით, იმდენად ბევრი საქმე, ვალდებულება და პასუხისმგებლობა მაქვს აღებული, რომ რაღაც პერიოდი, აქეთ მომიწევს ყოფნა.

.

თბილისელები

0
754
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
754
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0