x
მეტი
  • 08.10.2024
  • სტატია:137500
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511411
რატომ ითვლება ინდოეთში წმინდა ცხოველად სწორედ ძროხა და არა ძაღლი ან ცხენი?

image


ინდოეთის ტერიტორიაზე არსებობს ცხოველი, რომლის უფლებები, თავისუფლება და უსაფრთხოება ისევეა დაცული როგორც თავად ამ ქვეყნის მცხოვრებლების. სამხრეთ აზიაში მდებარე ამ სახელმწიფოში ასეთ ცხოველად - ძროხა ითვლება. იქ ამ რქოსან საქონელს თაყვანს სცემენ, მათ არ კლავენ და არც მის ხორცს მიირთმევენ, ხოლო წმინდა პირუტყვისთვის ზიანის მიყენების ნებისმიერი ფიქსირებული მცდელობა კანონით მკაცრად ისჯება. მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთში ძროხების სიწმინდის შესახებ ბევრს სმენია, ცოტამ თუ იცის რატომ იქნა არჩეული სწორედ ეს კონკრეტული ცხოველი სპილოს, კატის ან ცხენის ნაცვლად. არსებობს ორი თეორია, თუ რატომ შეიძინეს ძროხებმა ქვეყანაში ასეთი მნიშვნელოვანი სტატუსი.




რელიგიური ვერსია


image


ინდოეთის მილიარდნახევარი მოქალაქის უმრავლესობა ინდუიზმის მიმდევარია. ამ რწმენის მიხედვით ძროხას წმინდა ხასიათი გააჩნია, თუ რელიგიურ ვერსიას გავყვებით, მაშინ უფრო სწორია იმის თქმა, რომ ძროხა არა ინდური, არამედ უფრო ინდუისტური წმინდა ცხოველია. ნეპალში ძროხა ასევე წმინდა ცხოველად ითვლება, და შეიძლება ეს იმასთან იყოს დაკავშირებული რომ ნეპალელების უმეტესობა - ინდუიზმის მიმდევარია, და არა ბუდიზმის.


image


უძველესი ინდუისტური ტექსტები ინახავს ინფორმაციას წმინდა ძროხის, სურაბჰის შესახებ, რომელიც ნებისმიერ სურვილს ასრულებდა. არსებობს ლეგენდა, რომლის თანახმადაც მსოფლიოს ყველა ძროხაში არსებობს სურაბჰის სულის ნაწილი და თუ მას სწორად შესთხოვთ, ნებისმიერ ძროხას შეუძლია ადამიანის სურვილის ასრულება. ინდუსები ძროხას წმინდა ცხოველად მიიჩნევენ, რადგან მას მორწმუნის სამოთხეში მოხვედრა შეუძლია. ინდუიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღმერთი - შივა - ძროხის ყურიდან დაიბადა და არა ცხენზე ან ჯორზე, არამედ ნანდის ხარზეა მოკალათებული, რომელიც ასევე ინდური რელიგიის სიმბოლოა.




პრაქტიკული ვერსია


image


ინდოეთში ძროხები შეუცვლელი არსებები არიან როგორც სოფლის მეურნეობაში, ასევე ქვეყნის მაცხოვრებლების ყოველდღიურ ცხოვრებაში. მსხვილ რქოსან პირუტყვს დიდი სარგებელი მოაქვს ინდოელებისთვის, რადგან იძლევიან რძეს, რომლის გარეშეც ადგილობრივ მოსახლეობას სიცოცხლე უბრალოდ არ შეუძლია. რძეს აძლევენ ბავშვებს და ჩვილებს, თუ დედებს არ შეუძლიათ შვილები საკუთარი რძით გამოკვებონ. მისგან ამზადებენ ასევე ზეთს რელიგიური რიტუალებისთვის, რძის საშუალებით აყენებენ ჩაის და უბრალოდ სვამენ მას დიდი რაოდენობით. ინდოელები ძროხას "გაუ-მატას" უწოდებენ, რაც სიტყვასიტყვით "დედა - ძროხას" ნიშნავს. ძროხები ასევე შეუცვლელები არიან სოფლის მეურნეობაშიც. რიგით ფერმერს ტრაქტორის ან სხვა ტექნიკის შეძენა არ შეუძლია, ამიტომ მიწის დასამუშავებლად როგორც წესი, ის შრომისმოყვარე ძროხებს იყენებს. რქოსან პირუტყვს ცხენების ნაცვლად ადამიანების ან საქონლის გადასატანადაც იყენებენ.


image


მნიშვნელოვანი რესური, რასაც ძროხები ასევე იძლევიან - ფეკალიაა. გარდა იმისა, რომ ის შესანიშნავ სასუქს წარმოადგენს, ინდოელებმა მას საინტერესო და სასარგებლო დანიშნულებაც უპოვეს - ისინი ძროხების ექსკრემენტებისგან საწვავს ამზადებენ, რომელიც კარგად იწვის და თავისი კვამლით მწერებსაც ფანტავს. ინდოეთის ტერიტორიაზე ძროხებს შეუძლიათ თავი დაცულად იგრძნონ, რადგან რელიგია ინდუსებს ხორცის (კერძოდ, ძროხის) ჭამის უფლებას არ აძლევს. ბევრი მცხოვრები, რომელიც ინდუისტურ დოგმებს მიჰყვება, ვეგეტარიანელია, თუ ძროხა ხალხმრავალ ქუჩაზე გასვლას და იქ დადგომას გადაწყვეტს, ვერავინ გაბედავს მის გაძევებას ან შეშინებას, მაშინაც კი, თუ ცხოველი ხანგრძლივ საცობს შექმნის და მოძრაობას გაართულებს. იმის გამო, რომ ინდოეთში ძროხების მოკვლა მკაცრად აკრძალულია, ისინი ქალაქებში დიდი რაოდენობით სრულიად თავისუფლად სეირნობენ, მაწანწალა ძროხებს ხშირად კვებავენ, რათა დამშეულებმა საკვები სავაჭრო დახლებიდან არ მოიპარონ ან შიმშლისგან არ დაიხოცონ.










0
512
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
512