სხვა მიზანი, სიცოცხლეზე მეტი არ არის, თუმცა... (იგავი) 31 აგვისტო, 8:37 მიზანი, სიცოცხლეზე მეტი არ არის, თუმცა მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენს ცხოვრებაში. მიზნის დასახვა, ნებისმიერ ასაკში საჭიროა და მნიშვნელობა არა აქვს, სკოლა დაამთავრეთ, უნივერსიტეტი... თუ დიასახლისი ხართ, ან პენსიონერი! მხოლოდ მიზნის დასახვის შემდეგ, მივიწევთ წინ და ჩვენი ცხოვრება უფრო საინტერესო ხდება. ერთხელ უინსტონ ჩერჩილმა შემდეგი ფრაზა თქვა: "ვხედავ მიზანს – ვერ ვხედავ წინააღმდეგობას!" მიზნის დასახვისას, შეიძლება, ერთნი წინააღმდეგობას ვერც ხედავდნენ... და ის შემდეგ გამოჩნდეს, ან იქნებ, წინააღმდეგობა თავიდანვე ჩანს, მაგრამ, შესაძლოა, ის იმდენად დიდი და გადაულახავი არ აღმოჩნდეს, როგორც გვგონია. ყველა შემთხვევაში, ნებისმიერი მიზანი, ძალისხმევად ნამდვილად ღირს... და ისევ ჩერჩილს თუ დავესესხებით, წარმატება, მხოლოდ წინააღმდეგობების გადალახვით მიიღწევა. აქ კი, მიზნის შესახებ, იგავს გთავაზობთ, რომელიც გვაჩვენებს, თუ რამდენად საჭიროა მისი დასახვა, ხოლო შემდეგ, პერსპექტივის შეფასება. "ერთხელ მშვილდოსნობის სახელოვან მწვრთნელთან, ნიჭიერი მსროლელი მივიდა, რომ თავისი უნარები უფრო დაეხვეწა. მწვრთნელმა ახალი მოსწავლე ბორცვზე აიყვანა, რომლიდანაც ფართო ხედი იშლებოდა და უთხრა: – იქ რას ხედავ? – თან ხელი სამიზნისკენ გაიშვირა. მოსწავლემ მაშინვე უპასუხა: – ვხედავ ტყეს, მდინარეს, ხეს და სამიზნეს, მწვრთნელო. მწვრთნელი წავიდა და მოსწავლეს მთელი 2 კვირის მანძილზე არ დალაპარაკებია. ამის შემდეგ, მან ისევ აიყვანა სპორტსმენი ბორცვზე და ისევ ჰკითხა: – ახლა რას ხედავ? ახალგაზრდამ კი, უპასუხა: – ვხედავ ტყეს, მდინარეს, ხეს და სამიზნეს, მასზე... – მცირე პაუზის შემდეგ, მწვრთნელს ჰკითხა – და ვარჯიში როდის უნდა დავიწყოთ! – ახალგაზრდა კაცი ვერ ხვდებოდა, რატომ არ იწყებდა მასწავლებელი მის წვრთნას. მწვრთნელმა ამოიოხრა და ახალგაზრდას უთხრა: – ნახევარი წლის მანძილზე, ამ მდელოზე ამოდი და იმ ადგილისკენ იყურე, რომელიც გაჩვენე. ამის შემდეგ, მწვრთნელმა მას ზურგი აქცია და წავიდა. გავიდა დრო და იმ ადგილზე, ისინი ერთმანეთს ისევ შეხვდნენ. სპორტსმენმა მწვრთნელს შეხვედრისთანავე უთხრა: – მე ტყის ყველა ხეს ვხედავ, მასწავლებელო! ვხედავ მის ყველა ტოტს, ფრინველს, რომელიც სამიზნეს სიახლოვეს დაფრინავს!.. და ვარჯიშისთვის და წვრთნისთვის მზად ვარ! ხოლო, მწვრთნელმა უპასუხა: – ამ ველზე, ყოველ დღე, ისევ მოდი ხოლმე, ერთი წლის მანძილზე და ისევ იყურე იქითკენ, საითაც მე მიგითითე – ეს თქვა და წავიდა. ახალგაზრდა კი, იმ ადგილზე ყოველდღიურად მიდიოდა და იმ ადგილისკენ იყურებოდა, საითაც მწვრთნელმა მიუთითა. ერთი წლის შემდეგ, მწვრთნელი მივიდა ბორცვზე და აღმოაჩინა, რომ მოსწავლეს ბორცვის ძირში ეძინა. მან ის გააღვიძა და ჰკითხა: – იმას თუ ხედავ, რა ხეებია ტყეში? – არა – უპასუხა მოსწავლემ – ტყეს ვერ ვხედავ. – მდინარეს თუ ხედავ? – ისევ ჰკითხა მწვრთნელმა. – არა, მე აღარც მდინარეს ვხედავ – უპასუხა ახალგაზრდამ. – ფრინველებს ხედავ, სამიზნეს ირგვლივ რომ დაფრინავენ? – არა – ისევ უპასუხა მოსწავლემ და თავი აქეთ–იქით გაიქნია. გაკვირვებულმა მწვრთნელმა წარბები მაღლა ასწია და ჰკითხა: – მაშ რას ხედავ? – მხოლოდ სამიზნეს... და მეტი არაფერს. მწვრთნელს გაეცინა და უთხრა: – ისროლე, დრო მოვიდა. ახალგაზრდამ მშვილდი მოჭიმა და ისარი გასტყორცნა. ის სტვენით, შორს გაფრინდა და სამიზნეს ზუსტად შუაში ჩაერჭო. მწვრთნელმა მას მხარზე ხელი დაადო და უთხრა: – მართალი ხარ, მიზანზე მნიშვნელოვანი არაფერია." ახლა კი, ისევ ჩერჩილის ციტატას დავუბრუნდეთ: "ვხედავ მიზანს – ვერ ვხედავ წინააღმდეგობას!" – ეს ნამდვილად რომ კარგი დევიზია, მიზანსწრაფული ადამიანებისთვის. იგავის აზრი კი მარტივია: თუ მიზანი სწორედ არის განსაზღვრული, საკმაოდ ამბიციურია და ადამიანი მისკენ მიისწრაფვის – ის უფრო მარტივად მიიღწევა, ხოლო წინააღმდეგობები, – შეუმჩნეველი ხდება. არხის სხვა სიახლეები:* ფოტოები ვატიკანის არქივიდან – ნაცისტების მიერ, ეგვიპტესა და ანტარქტიდაზე აღმოჩენილი არამიწიერი არტეფაქტები* ძველეგვიპტური პაპირუსი, რომელიც ჩვენი ცივილიზაციის უცხოპლანეტელებთან კონტაქტის შესახებ ინფორმაციას შეიცავს* თუ რელიგიის ხაზს გავყვებით, შესაძლოა ადამიანი, მართლაც ვიღაცის მიერ იყოს შექმნილი – ადამიანის არამიწიერი გენები* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ75 1-ს მოსწონს
|