სხვა კობა წაქაძე - მოთხილამურე, რომელმაც მსოფლიოში სრულიად ახალი სტილი დაამკვიდრა 19 აგვისტო, 10:52
დღეს, 19 აგვისტოს დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდა ლეგენდარულ ქართველ მოთხილამურეს კობა წაქაძეს, სრულიად თამამად შეგვიძლია ვთქვათ მსგავსი სპორტსმენი თხილამურებით ტრამპლინიდან ხტომაში საქართველოს აღარ ჰყოლია.
მრავალგზის ჩემპიონი ამჟამად ბაკურიანში ცხოვრობს, გაზაფხულობით კარტოფილს თესავს, შემოდგომაზე ბალახს თიბავს და ბოსტანსაც უვლის მეუღლესთან ერთად. დაიბადა 1934 წლის 19 აგვისტოს ბაკურიანში. თხილამურებზე დგომა ბიძამ ასწავლა. პირველი დიდი წარმატება 40 და 60 მეტრიანი ტრამპლინებიდან ხტომაში სოფლის სპორტსმენთა საკავშირო პირველობაში მოიპოვა 1952 წელს. ერთი წლის შემდეგ კი საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა. კობა წაქაძეს, რომელსაც მოგვიანებით „მფრინავი ტორპედო“ შეარქვეს 54 საერთაშორისო შეჯიბრი აქვს მოგებული. 1955 წლის 31 იანვარს ის პირველი საბჭოთა სპორტსმენი გახდა, ვინც ობერსტდორფში (გერმანია) პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი მოიგო და მას შემდეგ წაქაძე თითქმის 21 წლის მანძილზე საბჭოთა კავშირის ნაკრების უცვლელი ლიდერი იყო. სსრკ ექვსგზის ჩემპიონი (1953, 1956, 1960, 1962, 1969, 1972), საბჭოთა კავშირის თასის 3-გზის მფლობელი (1968, 1970, 1972).იასპარეზა ზამთრის ოთხ ოლიმპიადაზე (1956, 1960, 1964, 1972). მთელ მსოფლიოში 335 სტარტია კობა წაქაძის ანგარიშზე. ფოტოზე:კობა წაქაძე(ცენტრში) 1962 წელი „შეჯიბრებებზე საბჭოთა კავშირიდან ქართველი მხოლოდ მე ვიყავი. ხშირად იყო ჩემი რუსად წარმოჩენის მცდელობა, მაგრამ მე ყველგან საქართველოს დროშა დამქონდა და ყველას ვაჩვენებდი, სად იყო საქართველო, სად იყო ბაკურიანი. სამწუხაროდ, მაშინ ძლიან რთული იყო გესწავლა რომელიმე უცხო ენა, გარდა რუსულისა: სკოლაში მხოლოდ რუსულს გვასწავლიდნენ, ირგვლივ მხოლოდ რუსული ისმოდა. მეც ამ ენაზე ვეკონტაქტებოდი ადამიანებს შეჯიბრებებზე“, – იხსენებს ჩემპიონი. კობა წაქაძის სტილი ერთხელ, ტრამპლინიდან ხტომისას ახალი ხერხი გამოიყენა — მთის არწივებს მიბაძა, რომლებიც მსხვერპლის მოსატაცებლად ფრთებს სხეულზე მიიკრავდნენ, კისერს წაიგრძელებდნენ და ისარივით ეშვებოდნენ დაბლა. ამ მეთოდით აშკარად უფრო შორს გადახტა. შემდეგში ეს სტილი თანდათან დახვეწა და საკავშირო თუ საერთაშორისო შეჯიბრებებში წარმატებით იყენებდა. ისე იყო ჰორიზონტალურად წინ გადახრილი, რომ სახით ლამის თხილამურების წვერებს ეხებოდა, ხელები სხეულის გასწვრივ ტანზე ჰქონდა მიტყუპებული და ისარივით მიქროდა. უცხოელმა ჟურნალისტებმა ტრამპლინიდან ამგვარ ხტომას „წაქაძის სტილი“ უწოდეს, რადგან მსოფლიოში პირველად ის ქართველმა სპორტსმენმა შეასრულა. XX სუკუნის ორმოცდაათიან-სამოციან წლებში „მფრინავ ტორპედოს“ სწორედ ამ სტილმა მოუტანა სახელი და დიდება. „არწივებს ვაკვირდებოდი ხშირად, როგორ დაფრინავდნენ. აფრენის დროს თავი დაბლა ჰქონდათ დახრილი და ფრთებს მჭიდროდ იკრავდნენ ტანზე, აფრენის მერე ნელ-ნელა შლიდნენ ფრთებს და თავსაც მაღლა სწევდნენ. ასე ვისწავლე ბუნებისგან ფრენა“, –ამბობს ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში კობა წაქაძე. ცნობილმა ამერიკელმა მწერლმა — ჯონ აპდაიკმა სახელოვან ქართველ სპორტსმენს ლექსი მიუძღვნა, რომელიც ასეთი სიტყვებით მთავრდება: „Ah, c'est beau, when Tsokadze skies!“ — „ოჰ, რა ლამაზია, როდესაც წაქაძე ჰაერშია!“ კობა წაქაძემ სპორტული კარიერა 1972 წელს 38 წლის ასაკში დაასრულა. სპორტიდან წასვლის შემდეგ საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით ორჯერ ოლიმპიურ თამაშებზე და ასევე ორჯერ მსოფლიო ჩემპიონატზე მსაჯად იმუშავა. სხვადასხვა დროს კობა წაქაძე არაერთი საერთაშორისო ტურნირის საპატიო სტუმარი იყო. ფოტოზე: კობა წაქაძე ბაკურიანში საკუთარი სახელობის მუზეუმში 182 2-ს მოსწონს
|