x
image
ერეკლე ცოცანიძე
დაჩის - გახსოვდეს, შენ ჩვენი შვილი ხარ და არა ჩვენი საკუთრება, 

image




მა შვიდი წლის წინ ამ დღეს დაიბადე.

რომ გნახე სულ პატარა, გაწუწული წიწილასავით იყავი, ახლა უკვე დიდი ბიჭი ხარ და ჩემი საუკეთესო ძმაკაცი.ყველაზე მეტად ახლა მინდა შენს გვერდით ვიყო, შორსაც არ ვარ კაცმა რომ თქვას, სულ რამოდენიმე კილომეტრში, კახეთის ერთ ერთი საუკეთესო სასტუმროს რეცეფშენში ვზივარ, სტუმრებს ვუღიმი, ხვალ საღამომდე ვერ გნახავ. შევყურებ შენს ფოტოს ჩემი სამუშაო კომპიუტერის ეკრანზე და ვფიქრობ რა მინდა გითხრა.

ყველაზე დიდი რაც მინდა გისურვო ეს შრომისმოყვარეობაა, მალე მეორე კლასში მიხვალ, შენი სამუშაო იარაღი ამ წუთას წიგნი და რვეულია, რადგან სწავლა ნათელი და ლაღი მომავალის საძირკველია, ფუნდამენტი, რომელიც ხვალ განსაზღვრავს შენი თავისუფლების ხარისხის. თავისუფლება კი ჩემი აზრით ადამიანის ყველაზე დიდი მონაპოვარია, როცა ხარ საკუთარი თავის ღმერთი და თავად განსაზღვრავ ცხოვრების ხაზს. მე და დედა ყოველთვის შენს გვერდით ვიქნებით, ჩვენი სიცოცხლის ბოლომდე, მაგრამ გახსოვდეს, შენ ჩვენი შვილი ხარ და არა ჩვენი საკუთრება, ამიტომ არასოდეს თქვა უარი შენს სურვილებზე აან ოცნებებზე ჩვენს გამო, ჩვენი აზრის, განსხვავებული სურვილის, ან ფინანსური მდგომარეობის გამო. რადგან არაფერია უფრო ლამაზი სანახავი ვიდრე ცაში აჭრილი ფრთაგაშლილი არწივი. შენ ახლა მართვე ხარ, შენი ფრთები კი განათლება და შრომისმოყვარეობაა, თუ გაზრდი მათ მაშინ შეგეძლება შეკრა თავისუფლების კამარა, შემდეგ სხვებს დაეხმარო დაფრთიანებაში და ემსახურო სამშობლოს.

სამშობლო, ეს ყველაზე დიდი ღირებულებაა, რაც ღმერთმა გვაჩუქა, როგორც ამბობენ თავისი სამყოფელი დაგვითმო უფალმა ქართველებს, ჩვენ კი ჩვენივე ნებით ისე დავამსგავსეთ აქაურობა ჯოჯოხეთს, თითქოს იქ ერთხელ უკვე ვართ ნამყოფები. რა პროფესიის მატარებელი, ან რამხელა თანამდებობის პირიც არ უნდა გახდე, იცოდე ყველაზე დიდი სირცხვილი და უკეთური საქციელი სამშობლოს ღალატია. მე მახსოვს მამაჩემი რომელიც შავბნელ 90 იანებში ისტორიის სწორ მხარეს იდგა და თავისი სიტყვით და საქმით, არც მე ვნანობ იმ დღეებს, თვეებს და წელიწადნახევრიან პატიმრობას, როცა ვიდექი იქ სადაც ვთვლიდი რომ საქართველოს ვჭირდებოდი, მე და შენც მოვასწარით ერთად ისტორიის სწორ მხარეს დგომა და იმედი მაქვს ასევე გააგრძელებ და ასწავლი შენს შვილებს წლების შემდეგ რომ ყველაფრის გაცვლა, გაყიდვა და გაქირავება შეიძლება, სამშობლოს გარდა. მინდა იცხოვრო ისე რომ შენც დადო ერთი აგური იმ საქართველოს მშენებლობაში სადაც გაჭირვებული და დაუცველი არ იარსებებს, მანამდე კი, პატივი ეცი იმ ადამიანს ვისაც ხედავ რომ შენზე მეტად უჭირს, თუ სიცივეში მდგარ მოხუცს, ხეიბარს ან ბავშვს დაინახავ, რომელიც ხურდას თხოულობს, გაიხადე ქურთუკი თუნდაც ის სულ ახალი ნაყიდი გქონდეს მსოფლიოში ყველაზე ძვირ მაღაზიაში, მოაცვი მას და წამოდი სახლში, ღმერთი აუცილებლად დაინახავს ამას და უფრო მეტი წყალობით გიპასუხებს.


სალამი და ღიმილი არ მოაკლო ადამიანებს, რადგან დღეს რაც ყველაზე მეტად გვაკლია პოზიტივია, ეცადე დაადნო ქუჩაში მოსიარულე ადამიანების თვალებში ყინული.

კვირაში ერთხელ მაინც, ადექი რიჟრაჟზე და ქალაქის ქუჩებში გაიარე, ნახე სიცხესა და ყინვაში როგორ ასწრებენ მეეზოვები მზის ამოსვლას და ალიონს სუფთა ქალაქს ახვედრებენ. პატივი ეცი მათ შრომას, და შრომას ყველა იმ ადამიანისა რომელიც სხვებზე ზრუნავს.

მშობლები ხშირად ვცდებით შვილებთან და სწორი გზისკენაც მივანიშნებთ, მაგრამ შენ საკუთარი გზა, საკუთარი ორიენტირი უნდა აიღო და გაჰყვე მას, რადგან ჯობია საკუთარ შეცდომებზე ისწავლო ვიდრე მარიონეტად იქცე საზოგადოების ხელში. საზოგადოება, ეს ის ხალხია, რომელმაც შენს შესახებ ყველაფერი შენზე უკეთ იცის. ისინი გაგკიცხავენ, ხანდახან დაგცინებენ, ზურგს შეგაქცევენ, მაგრამ არასოდეს გახადო საკუთარ სურვილზე მნიშვნელოვანი თუ რას იტყვის ხალხი შენზე. რადგან მათი აზრი არასოდეს იქნება განმსაზღვრელი შენი მეგობრებისთვის, ანუ იმ ადამიანებისთვის ვინც ბურჯებად დაუდგება შენი ცხოვრების აღმავალ კიბეს.

და ბოლოს, მხოლოდ ერთადერთი სურვილი მაქვს. სიცოცხლეშიც და სიცოცხლის შემდეგაც დაე გიყვარდეს შენი მშობლები ისე რამდენადაც ამას დავიმსახურებთ.

მამაშენი



0
69
შეფასება არ არის
ავტორი:ერეკლე ცოცანიძე
ერეკლე ცოცანიძე
69
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0