x
"საქართველოს გული" - არტურ ლაისტი

ქართულ-გერმანული ლიტერატურული ურთიერთობების შესახებ, ცხადია, ბევრი რამის თქმა შეიძლება, თუმცა მე შევეცდები ვისაუბრო ერთი ცნობილი გერმანელი მწერლისა და პუბლიცისტის, არტურ ლაისტის შესახებ, რომელიც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საქართველოში. მას ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა იმდორინდელ გამოჩენილ ქართველ მწერლებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. ის ესწრებოდა უამრავ ლიტერატურულ შეხვედრას და აქტიურად იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა საკითხების განხილვაში. არტურ ლაისტი საქართველოს დიდი მეგობარი და გულშემატკივარი იყო. ის ძალიან საინტერესოდ აღწერს ქართველ მწერლებთან ურთიერთობას და გვიყვება არაერთ საინტერესო ისტორიას. ლაისტი ილია ჭავჭავაძის უახლოესი მეგობარი იყო. ხშირად სტუმრობდა ილიას და ოლღას საგურამოში. ლაისტი კარგად იცნობდა სხვა მწერლებსა და საზოგადო მოღვაწეებსაც, როგორებიც იყვნენ: აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, ივანე მაჩაბელი, პეტრე უმიკაშვილი, გიორგი წერეთელი, და სხვა. არტურ ლაისტი მე -19 საუკუნის ერთ-ერთი გამოჩენილი მწერალი და პუბლიცისტი იყო. მან ბევრი რამ დაწერა პოლონურ, გერმანულ და ასევე ქართულ ენაზე. არტურ ლაისტი დაიბადა 1852 წელს სამხრეთ სილეზიის ქალაქ ვროცლავში. მამამისს სურდა, რომ მას იურიდიული განათლება მიეღო. ის ცოტა ხანი სწავლობდა ვროცლავის უნივერსიტეტის იურიდულ ფაკულტეტზე, თუმცა მას უფრო ლიტერატურული და პუბლიცისტური საქმიანობა იზიდავდა. აღსანიშნავია, რომ ეს პერიოდი ხასიათდება მთელი რიგი სოციალური აფეთქებებით, რაც ასევე პუბლიცისტური საქმიანობისკენ იზიდავდა ლაისტს. სილეზია წარმოადგენდა დაპირისპირებების და ომის ასპარეზს, სადაც შეიქმნა საშინელი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი, ყველაფერმა ამან კი 1871 წელს ქალაქ ვროცლავის თითქმის სრულად დაცლა განაპირობა. ლაისტის მიერ სამშობლოს დატოვების ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა სწორედ ეს ყოფილიყო. ცოტა ხნის შემდეგ მომავალ პუბლიცისტს მიიწვევენ გერმანული და პოლონური გამოცემები. არტურ ლაისტი ასევე სხვადასხვა გაზეთების თანამშრომელი გახდა, როგორიც იყო პეტერბურგული "St-Peterburger Herolde", პოლონური "Atheneium" და გერმანული "Allgemeine Zeitung". ამ დროიდან მოყოლებული, ლაისტი მუდმივად გადაადგილდება ქალაქიდან ქალაქში. მან გარკვეული პერიოდი დაჰყო ვარშავაშიც, რომელიც იმ დროს ახალგაზრდებისთვის მეტად მიმზიდველ ადგილს წარმოადგენდა. აქ სრულიად ახლებური ცხოვრება იყო. ლაისტს ყოველთვის განსაკუთრებით უყვარდა ეს ქალაქი. მან გამოაქვეყნდა საინტერესო წიგნი "Das Heutigen Polen" (ვარშავა, 1879წ). ამის შემდეგ ლაისტი კვლავ განაგრძობს პუბლიცისტურ საქმიანობას. ახლა კი შეგვიძლია მის საქართველოსთან უშუალო კავშირზე ვისაუბროთ. არტურ ლაისტი, როგორც თავად წერდა, ცნობილი გერმანელი პოეტის - ფრიდრიხ ფონ ბოდენშტედტის რჩევით დაინტერესდა საქართველოს კულტურით. გამოჩენილი გერმანელი პოეტი ლაისტმა იტალიაში მოგზაურობისას 1881 წელს გაიცნო. ის ამ პერიოდიდან იწყებს ქართული ენის შესწავლას. ეცნობა ქართულ ლიტერატურას. ლაისტის ერთ-ერთი ახლად შეძენილი მეგობარი იყო დავით ერისთავი, რომელიც მას ქართული კულტურის გაცნობაში ეხმარებოდა. დავით ერისთავი ასევე ცდილობდა, რომ საქართველოთი დაინტერესებული უცხოელი პუბლიცისტი სხვა გამოჩენილი ქართველი მწერლებისთვის გაეცნო. არტურ ლაისტი 1882 წლის 24 იანვარს წერილს წერს აკაკი წერეთელს: "ჩემო ბატონო! ბატონმა დავით ერისთავმა სიკეთე მოიღო და მომწერა თქვენი მისამართიც. ვსარგებლობ, რათა გთხოვოთ დახმარება ზოგიერთ ლიტერატურულ საქმეში; რაც შეეხება თქვენს მშვენიერ სამშობლოს, უკვე რამდენი ხანია თვალყურს ვადევნებ თქვენი თანამემამულეების გონებრივ მოძრაობას; ვეცნობი თქვენს ისტორიას და მომავლისათვის თქვენს ღონისძიებასაც... მე მხატვრული სიტყვის მსახური ვარ, ვწერ გერმანულად და პოლონურად. მინდა ვიტვირთო ინტელექტუალური ურთიერთობების დამყარება ამ ორ ერსა და თქვენს თანამემამულეთა შორის.. ამ შრომისათვის გასაღები - ქართული ენის ცოდნაა, თუმცა მე უკვე დავიწყე მისი სწავლა, მაგრამ, მგონია, ეს დააგვიანებს ჩემს მუშაობას..." ქართველი მოღვაწეების დახმარებით ლაისტმა შეძლო გერმანულ და პოლონურ ენებზე ეთარგმნა ქართული პოეზიის ნიმუშები. 1883 წელს ლაისტმა ჟურნალ "Magazin für Literatur" - ში გერმანულ ენაზე გამოაქვეყნა წერილი ქართული ლიტერატურის შესახებ. არტურ ლაისტი ილია ჭავჭავაძეს პირველად 1885 წელს შეხვდა. ის იხსენებს: "როცა ილიას დავუახლოვდი, შევიგენი, რაოდენ დიდი სულისა და ნათელი ჭკუის კაცი იყო. ხალხში, ჩვეულებრივად, სრულ სიმშვიდეს იჩენდა. არასოდეს ცდილობდა უცნობ საზოგადოებაში ვინმე თავისი ცოდნითა და გონებით მოეხიბლა". ლაისტი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აქტიურ პუბლიცისტურ საქმიანობას ეწეოდა. პოლონეთში დაბრუნების შემდეგ გერმანელ გამომცემელს გაუგზავნა თავისი პირველი წიგნი საქართველოზე "Georgien, Natur, Sitten und Bewohner"(ლაიფციგი/Leipzig 1885წ). შემდეგ ისევ საქართველოში ბრუნდება და აგრძელებს ქართული ლიტერატურისა და კულტურის გაცნობას. ჩვენი გამოჩენილი მოღვაწეების დახმარებით დაიწყო რუსთაველის პოემის ტექსტის შესწავლა. არტურ ლაისტი თავისი მოღვაწეობით ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი წევრი გახდა. ჩვენს გამოჩენილ მოღვაწეებთან ერთად დიდ საქმეს აკეთებდა ქართული ლიტერატურისთვის. ევროპიდან საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მან განაახლა მუშაობა თავის საინტერესო წიგნზე - "Tagebuch eines Wanderers", (მოგზაურის დღიურები). ლაისტი ასევე აქვეყნებს წიგნს სახელწოდებით "ქართველი ხალხი" ("Das Georgische Volk" დრეზდენი/Dresden 1903წ). მას ძალიან აინტერესებდა ქართული პროზის განვითარების და ქართული ბიბლიოთეკების კლასიკური ევროპული ნიმუშებით შევსების საკითხები. ამ მიზნით "ივერიაში" აქვეყნებდა ვრცელ წერილებს "ფრიდრიხ შილერი", "იტალიის ხელოვნება და ლიტერატურა", "ცხოვრება და მწერლობა სკანდინავიაში" და სხვა. 1906 წელს გერმანელებთან ერთად აარსებს "გერმანელ-ქართველთა საკულტურო საზოგადოებას". იმავე წელს ლაისტის ხელმძღვანელობით გამოდის გაზეთი "Kaukasische Post". ქართველთა გერმანელი მეგობარი დაუღალავად შრომობდა ქართულ-გერმანული და ზოგადად ქართულ-ევროპული ლიტერატურული ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და მისი შემდგომი განვითარებისთვის. 1907 წლის 21 აგვისტოს ლაისტი უკანასკნელად შეხვდა ილიას. "9 სექტემბერს სიონის ტაძრისაკენ გათენებიდანვე აუარება ხალხი დაიძრა. ეკლესიიდან ილიას წმინდა ცხედარი ცხვედაძემ, ანტონ ფურცელაძემ და არტურ ლაისტმა გამოასვენეს. უკან მისდევდა გულმდუღარე ხალხი. ერთი გრძნობითა და აზრით გაერთიანებულ ქართველთა ასეთი თავყრილობა ას წელზე მეტი ხანია სიონის ეკლესიის გალავნის კედლებს აღარ ენახა- წერდა პრესა". მოგვიანებით, უკვე 1919 წელს "საქართველოს რესპუბლიკის წერა-კითხვის გამავრცელებელ" საზოგადოებას თხოვნით მიმართა ლაისტმა დაებეჭდათ მისი მოგონებები, თუმცა პირველად ვერ შეუსრულეს ეს თხოვნა. მოგვიანებით, ქართული კულტურის მხარდამჭერების, თედო სახოკიას და ალექსანდრე აბაშელის ძალისხმევით გამოიცა პირველი წიგნი - არტურ ლაისტის "საქართველოს გული", რომლის წაკითხვის დროსაც, მიხვდებით თუ რაოდენ დიდი იყო ავტორის ინტერესი ქართული კულტურის მიმართ. ავტორი აღწერს ქართულ სახლს და ბაღს, ხალხურ პოეზიას, ბუნებას, ქართულ იუმორს, ქართულ სოფელს, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს და ა.შ. წიგნში ასახულია გამოჩენილი ქართველი მწერლების მოღვაწეობა. ასევე საინტერესოდ არის გადმოცემული მწერალთა შეხვედრებზე გამართული საუბრები, რომელთაც, როგორც აღვნიშნე, ძალიან ხშირად ესწრებოდა არტურ ლაისტი. წიგნს ბოლოსიტყვაობა და შენიშვნები დაურთო თეიმურაზ ფირალიშვილმა. არტურ ლაისტის ჩანაწერებიდან შეგვიძლია ზოგი რამ გავიხსენოთ: "ერთხელ მე, ილია ჭავჭავაძე და ნიკო საგურამოში წავედით. დიასახლისი ქ-ნი ოლღა სადილად გველოდა. უკვე ხუთი საათი იყო, რომ მივედით. ნიკო, ჩვეულებრივ, მადიანად შეექცეოდა. საღამოს 9 საათზე, როდესაც ჩაის მაგიდას მივუსხედით, ნიკოს დაავიწყდა, რომ ნასადილევი იყო და ყურში ჩამჩურჩულა: მადაზე ვარო. რამდენიმე წუთის შემდეგ ქ-ნი ოლღა დაეკითხა, ხილს ხომ არ ინებებთო - მადლობას მოგახსენებთ, - მიუგო მან, - მე ხილს მხოლოდ ვახშმის შემდეგ გიახლებითო. რადგანაც გვიან ვისადილეთ დიასახლისი ვახშმის მომზადებას არ შედგომოდა, მაგრამ ხიზანიშვილს უმალვე მიუხვდა. და მაშინვე შეუდგნენ მწვადების შეწვას. მე და ილიას კი ამან სიცილი მოგვგვარა"(არტურ ლაისტი, "საქართველოს გული"). ხშირად სტუმრობდნენ უცხოელი მოღვაწეები საქართველოს და ქართველ მწერლებს. თავად ილია ჭავჭავაძეც არაერთ უცხოელ სტუმარს შეხვედრია და უსაუბრია მათთან. ლაისტის ჩანაწერებში ვხვდებით ასეთ ამბებს, "1897 წლის ივლისში საგურამოში ილიასთან სტუმრად იყვნენ ცნობილი ექიმი-პროფესორი ბერტელიონი - პარიზიდან, პროფესორი ბოსკო - რომიდან და რუსი მწერალი ვასილ ველიჩკო. სტუმრებისთვის რომ ესიამოვნებინა, ილიამ მოაწყო ურმით მოგზაურობა ზედაზნის მონასტერში, სადაც ხის ქვეშ მწვანეზე ვისადილეთ. ჩვენ თვალწინ გადაშლილი იყო მცხეთა, არაგვისა და მტკვრის შესართავი და თბილისი. კავკასიონის მთებმა ყველაზე მეტი აღტაცება პროფესორ ბოსკოს მოჰგვარა. იგი დაბრუნებისას მცხეთაში ავიდა მაღლა მთაზე, რომ ერთხელ კიდევ დამტკბარიყო მყინვარის დიდებული სურათით". "1898 წელს საგურამოში ილიას ეწვია ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორი კარლ ლემან-ჰაუპტი, ავტორი სერიოზული გამოკვლევებისა წინა აზიის წარსულიდან. ქართველ პოეტთან ყოფნა მან დაწვრილებითა და საინტერესოდ გადმოგვცა ჯერ გერმანულ ჟურნალში "Die Hilfe" - ში და შემდეგ კავკასიიდან სპარსეთ-მესოპოტამიაში მისი მოგზაურობის ვრცელ აღწერაში. როცა ილია 1900 წელს ბერლინში იყო, მან ინახულა პროფესორი ლემან-ჰაუპტი, რომელიც ილიასადმი წრფელი გრძნობით იყო გამსჭვალული. ილიას ტრაგიკული სიკვდილის გამო მან ბერლინის ერთ დიდ გაზეთში ნეკროლოგი მოათავსა ილიას პიროვნებისა და მისი მოღვაწეობის შესახებ". ავტორზე დიდი გავლენა მოახდინა ვაჟა-ფშაველას პოეზიამ და თავად ვაჟას პიროვნებამ. განცვიფრებულია პოეტის მიერ ბუნების აღწერით. ლაისტი შემდეგნაირად ახასიათებს: "ვაჟა-ფშაველას სიმღერებში ბუნება შედუღებულია ადამიანის სიცოცხლესთან. ასეთი ადამიანი, პირველად ყოვლისა, თვით ვაჟა არის. ის ადამიანის ტანჯვა-სიხარულს თანაუგრძნობს მთელი თავისი სულიერი სიღრმით. მისი სიმღერები, მიუხედავად მათი თავისებური მხატვრული ენისა, სავსენი არიან სადა, ბუნებრივი კილოთი, მსმენელს ხიბლავენ წყნარი სიამით, თანაგრძნობითა და აღტაცებით". "ჩემთვის ვაჟა-ფშაველას მარტო სახელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს სახელი პოეტურ აზრს მინათებს მუდამ როგორც ფრიგიის მეფე მიდასი ყველაფერს ოქროდ აქცევდა, ვაჟაც ყველაფერს პოეზიად აქცევს". არტურ ლაისტი, რა თქმა უნდა, უყურადღებოდ ვერ დატოვებდა "ვეფხისტყაოსანს" და ამ გენიალური პოემის შესახებაც გვიზიარებს თავის მოსაზრებას, "ლაიფციგის უნივერსიტეტის პროფესორი ჰოლდაკი თავის წიგნში "ორი ქვაკუთხედი საქართველოს სახელმწიფოებრიობისა" გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ვეფხისტყაოსანი თავიდან ბოლომდე მიმართულია მსხვილ ფეოდალთა წინააღმდეგ და დაწერილია სახელმწიფოს მთლიანობის დასაცავად. ლაისტიც ეთანხმება ამ მოსაზრებას და უფრო მეტსაც ამბობს: "დაე, სხვებმა თქვან, თითქოს თამარი უყვარდა და მხოლოდ მისმა სიყვარულმა დააწერინა "ვეფხისტყაოსანიო", მე ამ აზრს არ ვიზიარებ და პოემაში კიდევ უფრო ამაღლებულ აზრს ვხედავ". იქვე დასძენს, "რუსთაველმა გაუსწრო თავის დროს და თავის ერს საუკუნეთა განმავლობაში მოევლინა, როგორც ქართული კულტურის ზნეობრივი და გონებრივი ძალა". ავტორი ასევე გადმოგვცემს ცნობებს საქართველოში შემოსული ევროპელი მისიონერების შესახებ. მიმოიხილავს მე-18 საუკუნის საქართველოს სოციალურ-პოლიტიკურ მდგომარეობას და სხვა. როგორც აღვნიშნე, არტურ ლაისტი აღწერს აბსოლუტურად ყველაფერს, რაც ქართულ კულტურასთან არის დაკავშირებული. ბევრი უცხოელი მოგზაური თუ საზოგადო მოღვაწე აღფრთოვანებულა საქართველოს ბუნებით და ქართული კულტურით. უცხოელი მოგზაურებისთვის საქართველოს ბუნება ხშირად გამხდარა ინსპირაციის წყარო, რაც მათივე ჩანაწერებიდან ჩანს. ბევრი მათგანი იმდენად მოხიბლულა ნანახით, რომ ქართული ენის შესწავლაც დაუწყიათ. არტურ ლაისტი კი იყო საქართველოს გერმანელი მეგობარი, რომელმაც თავისი მოღვაწეობით დიდი წვლილი შეიტანა ქართული კულტურისა და ლიტერატურის განვითარებაში.

image

0
24
შეფასება არ არის
ავტორი:გიორგი ბოლქვაძე.
გიორგი ბოლქვაძე.
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0