x
მეტი
  • 10.10.2024
  • სტატია:137547
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511421
ცნობილი ქართველების სახალისო კურიოზები-(ნაწილი 6)

image

***

გალაკტიონმა სახლი სოხუმში, მთის ძირას აიშენა, საიდანაც ხელისგულივით ჩანდა პოეტის საოცნებო ზღვა.

... იქვე სანაპიროზე იყო ევკალიპტის პატარა ხეივანი, სადაც სოხუმელ სომეხს მომცრო ფარდული ჰქონდა. აქ იყიდებოდა გამაგრილებელი და სპირტიანი სასმელები, ხილი და ნაყინი. ეს ადგილი „შატალოზე“ გასული სტუდენტების ერთგვარი თავშესაფარი იყო.


ერთ დღეს, დილით, ფარდულს ეწვია პოეტი. როგორც შემდეგ გავიგეთ, წინა დღეს ჩამოსული იყო თბილისიდან, სოხუმში ჰონორარი უნდა აეღო, თუმცა რაღაც გაუგებრობის გამო თანხის გაცემა რამდენიმე დღით დაგვიანდა და გალაკტიონი უფულოდ იყო. მაგრამ წინა დღის ნაქეიფარს საოცრად უნდოდა ერთი ჭიქა არაყი გადაეკრა.

მედუქნეს ხელით ანიშნა, არაყი დამისხიო. მანაც არ დააყოვნა და მიართვა არყით სავსე ჭიქა. კარგად იყავიო, – უთხრა პოეტმა, გადაჰკრა და წავიდა. მედუქნე გაოცებული უყურებდა მისთვის უცნობ კაცს, მაგრამ ამ ბიბლიური აღნაგობის ადამიანს არაფერი აკადრა. მეორე დღე, დილით გალაკტიონი კვლავ ცარიელი ჯიბით მიადგა ფარდულს და იგივე განმეორდა: არაყი მოითხოვა, დალია და უსიტყოდ წავიდა.

იმ დღეს ჰონორარი აიღო, გაიხარა და მესამე დილას კვლავ ფარდულს მიაშურა. ამ დროს მე და ორი–სამი სტუდენტი იქვე ვისხედით, მაგიდაზე თითო კათხა ლუდი გვედგა.

გალაკტიონს მივესალმეთ, მივიწვიეთ, მაგრამ უარი გვითხრა, მეჩქარებაო. შემდეგ მედუქნეს ხელით ანიშნა, დამისხიო. ფეხზე მდგარმა დალია, შემდეგ ჩვენზე ანიშნა, ამათაც დაუსხიო.

დახლიდარმა მისი ნათქვამი შეასრულა. ამის შემდეგ გალაკტიონმა ჯიბიდან საფულე ამოიღო, ხუთი ასმანეთიანი გადათვალა და დახლიდარს მიაწოდა:

– თქვენი მადლობელი ვარ, კარგი კაცი ყოფილხართ. ეს ერთი ასმანეთიანი პირველი ჭიქისთვის, მეორე – მეორე ჭიქისთვის, მესამე – მესამისთვის, მეოთხე – იმ ყმაწვილებისთვის, ხოლო მეხუთე ასმანეთიანი იმათთვის, რომლებიც მოვლენ, დალევენ და არ გადაიხდიანო.

ჩვენ გაოგნებული ვუყურებდით დიდ პოეტს, მან კი გვითხრა:

– კარგად იყავით, ძამიკოებო!

შემდეგ კი ნელი ნაბიჯით გაუდგა თავის გზას. სახეზე სიხარული და კმაყოფილება ეტყობოდა.


(სოხუმელი სტუდენტის მოგონებიდან)






***


ჯემალ ღაღანიძე იხსენებდა: „ქუთაისში მივემგზავრებოდით, გზაზე ჩვენი ავტობუსი ორმა ახალგაზრდამ გააჩერა. ბიჭებმა მოხუცი ქალი ამოიყვანეს, თავისუფალ ადგილას დასვეს, დაემშვიდობნენ და მძღოლს სთხოვეს, ყურადღება მიექცია მოხუცისათვის. ავტობუსი დაიძრა. ქალი მძღოლს მოუბრუნდა, - შვილო, ხაშურში რომ ვიქნებით, მითხარი...

- კი, ბებო.

ამის შემდეგ ბებო აღარავის გახსენებია. კარგა ხნის შემდეგ წინა ადგილზე მჯდომმა კაცმა გამოიღვიძა და მძღოლს ჰკითხა:

- ახლა სად ვართ?

- ზესტაფონში შევდივართ.

ორივე ღრმა ძილში წასული მოხუცისაკენ შებრუნდა.

- აუ, ეს ხომ ხაშურში ჩადიოდა, რა ვქნა ახლა?! აღელდა მძღოლი და ავტობუსი გააჩერა. უკან უნდა მივაბრუნო ავტობუსი, ახლა ღამდება და გზაში ხომ ვერ დავტოვებ მოხუცს?

შეშფოთდნენ მგზავრები.

- ხალხნო, ხაშურში უნდა დავბრუნდე. სულ რაღაც ორიოდე საათს დავკარგავთ, გავუგოთ ერთმანეთს, ჩვენც ხომ ადამიანები ვართ! - თქვა მძღოლმა.

ზოგი თანახმა იყო, ბევრს არ ეჭაშნიკა, მაგრამ გაჩუმდნენ. ავტობუსი ხაშურში დაბრუნდა.

- ბებო, გაიღვიძე, ხაშურში ვართ! - ომახიანად შეუძახა მძღოლმა.

როგორც იქნა დიდი წვალებით გააღვიძეს ბებო. მოხუცმა ჩანთაში ხელების ფათური დაიწყო, წამლები ამოიღო, წყალი მოითხოვა, წამლები დალია და ისევ საზურგეზე გადაწვა.

- ბებო, ხაშურში ვართ, ხაშურში - გაუმეორა მძღოლმა.

- ჰო, შვილო, ქადები უნდა მეყიდა და გადავიფიქრე, წავედით, მეც ქუთაისში მივდივარ...

ამის თქმა იყო და მთელი ავტობუსი წყალს დაეძებდა გულწასული მძღოლის მოსასულიერებლად....”



***

კონსტანტინე გამსახურდია ეროვნული ბიბლიოთეკის ხშირი სტუმარი იყო. დარბაზში ერთსა და იმავე მაგიდასთან ჯდომა ჰყვარებია. ომის მძიმე დღეებში ბიბლიოთეკის დირექტორი სანდრო ეული (ქურიძე) იყო. მის კაბინეტშიც ხშირად უნახავთ ბატონი კონსტანტინე. ერთხელ პოეტი იოსებ გრიშაშვილი სწორედ იმ დროს შევიდა დირექტორთან და რომელიღაც ჟურნალი სთხოვა სახლში წასაღებად, როცა კონსტანტინეც იქ იყო. სანდრო ეულმა სასტიკი უარი უთხრა. განაწყენებულმა პოეტმა კაბინეტი დატოვა.

რატომ უთხარი უარი ასეთ საყვარელ კაცს, ხომ იცი, როგორ უყვარს წიგნები? - ჰკითხა კონსტანტინემ.

- ზუსტად მაგ მიზეზით. შეეცდება, აღარ დამიბრუნოს ჟურნალი. გარდა ამისა, არ მიყვარს, როგორც პოეტი. ის რა პოეზიაა, სადაც ავტორი საქვეყნოდ ყვირის, რომ უყვარს ქალის ფეხის თითების კოცნა.

- მეც ვარჩევდი, ქალის ფეხის თითები დამეკოცნა, ვიდრე კომუნისტების ერთი ბინძური ადგილი, როგორც ამას ზოგი პოეტი სჩადის, - ირონიით შეუნიშნავს მწერალს.


***

რამაზ ჩხიკვაძე : „მე და გია ბადრიძე თანაკლასელები ვიყავით და მთაწმინდაზე, ვაჟთა სკოლაში (ამჟამად 47-ე სკოლა) ვსწავლობდით. ისტორიას ცნობილი პედაგოგი თემურ ერისთავი გვასწავლიდა. მეცხრე კლასში ისტორიის გამოცდა გვქონდა და მომავალში ისტორიის ასპირანტურა დამთავრებულმა გიამ იზარმაცა და საგამოცდოდ მოუმზადებელი მოვიდა. ერისთავთან კარნახი გამორიცხული იყო. ეგრევე აგდებდა გარეთ, ამიტომ საგონებელში ჩავვარდით. გამოსავალი ისევ გიამ მოძებნა და მითხრა:

– მუნჯურად მიკარნახე. თემური ვერც ვერაფერს გაიგებს და ვერც მიხვდებაო.

საქმე ის იყო, რომ მთაწმინდელ გია ბადრიძეს ერთი სომეხი მეზობელი ჰყავდა ძია ისაკა, რომელიც დაბადებიდან ყრუ-მუნჯი იყო და სწორედ მასთან „დავამუღამეთ“ ჟესტების ენა. მე ჭკუაში ჩამიჯდა გიას ოინი და დავთანხმდი. გამოცდა რომ დაიწყო, პირველი გია გავიდა დაფასთან. აიღო ბილეთი და საკითხები ხმამაღლა წაიკითხა. მე ბოლო მერხზე ვიჯექი და მიდი მოვდივარ, შევუბერე... მე გამწარებული ვიქნევ ხელებს, გია კი – დინჯად ჰყვება. სამივე საკითხი რომ ჩავაბულბულეთ, ერისთავმა ხელით მიხმო. გია ბადრიძის გვერდით დამაყენა და მუნჯურად მოგვახალა ასეთი ფრაზა: ორივეს ორიანი, ყმაწვილებო! წადით და გადაბარებაზე მოდით, მაგრამ ხელების ქნევა აღარ დამანახვოთო.

როგორც გაირკვა, ბატონი თეიმურაზი ადრე ყრუ-მუნჯთა სკოლის დირექტორი ყოფილა და ჟესტების ენა საუცხოოდ იცოდა“.


"ცნობილი ქართველების სახალისო კურიოზების" წინა ნაწილები იხილეთ <<ამ ბმულზე>>

0
1020
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1020
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0