x
image
ლურჯი თოლია
მერკური რეტროგრადულ მოძრაობაში გადადის - რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და რისგან უნდა შევიკაოთ თავი უახლოეს პერიოდში?
2-25 აპრილი- მერკური რეტროგრადულ მოძრაობაში გადადის
რეტრო მერკური
2 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით კომუნიკაციისა და ინფორმაციის მმართველი პლანეტა, მერკური ე.წ. რეტროგრადულ მოძრაობაში იქნება.


მერკური პასუხისმგებელია კომუნიკაციაზე, კონტაქტებზე, აზროვნებაზე, მეტყველებაზე, ინფორმაციაზე, ხელშეკრულებებზე, საბუთებზე, მგზავრობაზე, სწავლაზე, ვაჭრობასა და ნათესაურ კავშირებზე, შესაბამისად, ყველა პროცესი, რომელიც ამ თემებთანაა დაკავშირებული, შესაძლოა გარკვეული შეფერხებებით წარიმართოს.


რადგან მერკური ფეთქებადი და პირდაპირი ნიშნის, ვერძის ზონაშია, გააკონტროლეთ თქვენი საუბარი და ემოციური რეაქციები, ნუ იქნებით აგრესიული, მოუხმეთ დიპლომატიას. ისედაც, რეტროგრადული მერკურის დროს რთულდება ურთიერთგაგება, კონსენსუსის მიღწევა, ყველა თავისას ამბობს, თავის პოზიციაზეა და არ ესმის ოპონენტის.


მერკურის რეტროგრადულობის დროს როგორც წესი უამრავი ჭორი, არასწორი ინფორმაცია, უზუსტობაა მოსალოდნელი.



რთულდება ასევე ახალი ცოდნის მიღება, კონცენტრირება, სამუშაოში ჩართვა, გულის დადება. ადამიანი მოუსვენარი, გაფანტული, აფორიაქებულია.


რეტროგრადული მერკური ხელს არ უწყობს ახალ წამოწყებებს და ნაცნობობას, გვაიძულებს წესრიგი დავამყაროთ ჩვენს აზრებში, ურთიერთობებსა და კონტაქტებში.


ამ პერიოდში ჩვენი ქმედებები თითქოს ფერხდება, საქმეებში წინაღობებია, თითქოს უძრაობაში გადავდივართ. შეეცადეთ არანაირ მნიშვნელოვან ხელშეკრულებას ან საბუთებს არ მოაწეროთ ხელი, მით უფრო, თუ ეს შენაძენს, ან ზოგადად ვაჭრობის სფეროს ეხება – დიდია ალბათობა რაღაც ისე არ წავიდეს, როგორც გეგმავდით.


მერკურის რეტროგრადიული მოძრაობისას ხშირად ფუჭდება, ან ურევს ტექნიკა, მაგრამ ნუ იჩქარებთ ახლის შეძენას, თუ არის საშუალება გადადეთ 3 კვირით, რეტროგრადულ მერკურზე ნაყიდი ტექნიკა, შესაძლოა ადვილად გაფუჭდეს.


გზებზე სიფრთხილე მართებთ როგორც ქვეითად მოსიარულეებს, ასევე მძღოლებს, ვინაიდან შესაძლოა საცობების წარმოქმნა, დაბნეული, არაადეკვატური ქცევა სხვათა მხრიდან, შესაბამისად, არის მეტი ავარიული სიტუაციის წარმოქმნის ალბათობა.


ჯანმრთელობის მხრივ ყურადღება მართებს სასუნთქ გზებს, ალერგიას, თავის ზონას, ნერვულ სისტემას, ხელებს. თუ სასიცოცხლო ჩვენება არ არის, სჯობს 27 აპრილამდე გადადოთ ქირურგიული ჩარევა, მკურნალობის დაწყება ან კვლევები, მაგრამ თუ მკურნალობა უკვე დაწყებულია, ან ოდესმე ბოლომდე არ იმკურნალეთ, ახლა საუკეთესო დროა ექიმთან ვიზიტის ჩასანიშნად.


სამაგიეროდ, ამ პერიოდში კარგი იქნება დაუმთავრებელი, გაწელილი საქმეების დასრულება, მოუწესრიგებელი საბუთების მოწესრიგება, ადრე მიცემული სიტყვის შესრულება, თაროზე შემოდებული, მივიწყებული დისერტაციის ან წიგნის წერის გაგრძელება.


თუ თქვენი სასიყვარულო ურთიერთობის დაწყება მერკურის რეტროგრადულ პერიოდს ემთხვევა, დიდი ალბათობით ეს ურთიერთობა მალე დასრულდება. ნუ გამოცდით ბედს, პირველი პაემანი სჯობს 28 აპრილის შემდეგ დაგეგმოთ.


ამ პერიოდში შესაძლოა ძველმა ნაცნობებმა შეგახსენოთ თავი და ახალი ფურცლიდან დაიწყოს ურთიერთობა (თუმცა, შესაძლოა დროებით) და ასევე, თუ წარსულში რაღაც მიზეზეზთა გამო გაწყდა ვინმესთან ურთიერთობა და გაგრძელება გსურთ - ურთიერთობების აღდგენა შეგიძლიათ ამ პერიოდში სცადოთ.


პერიოდი შედარებით კარგია ადამიანებისთვის, ვისაც ჰოროსკოპში რეტრო მერკური ჰყავს, მათ უამრავი ახალი შესაძლებლობა მიეცემათ. მათთვის პირიქით, ერთ – ერთი საუკეთესო პერიოდი დგება.


ამ პერიოდში შესაძლოა ბევრი საინტერესო იდეა მოგვივიდეს თავში, შესაძლოა ახლებურად შევხედოთ იმ საკითხებს, რაც დიდი ხანია თავში გვიტრიალებდა და ახლა უკვე რეალიზების საერთოდ სხვა გზები დავინახოთ. ახლა სჯობს ეს პერიოდი დახვეწის, დამუშავებისთვის გამოვიყენოთ, გვეძლევა შანსი ახლებურად შევხედოთ წარსულის გეგმებს, იდეებს, მიზნებს, ხოლო 8 მაისის ახალმთვარეობის შემდეგ დავიწყოთ მათი განხორციელება.


ასტროლოგი ქეთი ვაწაძის პროგნოზი

0
31
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0