საზოგადოება „რუსები სულ ამოდიან, არანაირ დაძაბულობას არ გვიქმნიან, თბილად, სიყვარულით, მერე მიდიან“ - მლეთის ლომისის ტაძრის წინამძღვარი 2023, 26 ოქტომბერი, 17:06
.
დღეს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძემ სოფელ მლეთაში ჩავიდა და ლომისის წმინდა გიორგის ტაძართან დაკავშირებით ისაუბრა. გუშინ გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ ადგილზე რუსი სამხედროები არიან ასულები.
.
ჯაღმაიძემ თქვა, რომ რუსი ოკუპანტები ადგილზე 2009 წლის შემდეგ პატრულირებენ და კვირაში ერთხელ ან ორჯერ ადიან. იგივე გაიმეორა ადგილზე მცხოვრებმა ერთადერთმა ბერმაც, რომელიც იქ მთელ წელს ატარებს. ანდრია ჯაღმაიძემ Facebook-ზე live-ში საუბრისას კომენტარის გაკეთება სთხოვა ლომისის ტაძრის წინამძღვარს, მამა დავით ბურდულს, რომელიც უვლის ქვედა ტაძარსაც და ზედასაც, რომელიც ქედზეა. . სასულიერო პირი ამბობს, რომ რუსი სამხედროები იქ სულ ადიან, არანაირ დაძაბულობას არ უქმნიან სასულიერო პირებს, "ყოველთვის რაღაცნაირად თბილად, სიყვარულით მერე მიდიან". "ძალიან საფრთხილო თემაა ამ საზღვარზე ასეთი განცხადებები და მე მინდა ვთხოვო ჟურნალისტებსაც, რომ როდესაც რაღაც რეპორტაჟს აკეთებენ, რომ ძალიან ფრთხილად გააკეთონ ეს რეპორტაჟი, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ე.წ დროებითი საზღვარია და ძალიან სიფრთხილეა საჭირო, რომ ზედმეტი გაღიზიანება აღარ გავაკეთოთ ჩვენ. ესენი სულ ამოდიან ასე, ჩვენ არანაირი დაძაბულობას არ გვიქმნიან ისინი, ყოველთვის რაღაცნაირად თბილად, სიყვარულით მერე მიდიან. ასეთი განცხადებები, რომელიც გავიდა ერთ-ერთი ტელევიზიის არხზე, უფრო მეტ დაძაბულობას შეგვიქმნის ჩვენ აქ და ჩვენი თხოვნაა შემდეგში ჟურნალისტებმა გაითვალისწინონ ეს საკითხი", - ამბობს მამა დავით ბურდული. . "საქმე იმაშია, რომ 2009 წლიდან ეს სასაზღვრო პატრული ამოდის ამ ტერიტორიაზე. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ქსნის ხეობის ოკუპაციის შემდეგ, ახალგორის რაიონის ოკუპაციის შემდეგ, პირობითი, ე.წ. საზღვარი ამ ქედზე გაატარეს რუსმა სამხედროებმა. პირობითი საზღვარი და ე.წ. ადმინისტრაციული ზოლი სწორედ ამ ჩვენს წმ. გიორგის ტაძარსა და დამხმარე ნაგებობას შორის გადის. კვირაში ერთხელ ან ორჯერ აქ ამოდის პატრული, ქედის იქითა მხარეს უკვე არის ქსნის ხეობა და აქედან ჩანს კიდეც რუსული ბაზა, მათ მორიგეობა აქვთ აქ და ამოდიან, ეს გუშინდელი გავრცელებული კადრებიც ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა. უცნაურობა ერთი ის იყო, რომ რუსმა სამხედროებმა აქ ამოსვლისას ააფრინეს დრონი, თუმცა დრონიც არ არის იშვიათი შემთხვევა, ბაზიდან ყოველთვის შეუძლიათ ამ დრონის აფრენა და ყოფილა ასეთი შემთხვევები, ამ ტერიტორიის დათვალიერება დრონის საშუალებით ხდება მუდმივად, და როგორც გითხარით, ეს არის სასაზღვრო ზოლი და ამიტომ აქ, ამ სასაზღვრო ზოლზე ყოველთვის არის გარკვეული საფრთხეები", - თქვა ჯაღმაიძემ. ჯაღმაიძემ "მთავარი არხი" გააკრიტიკა და თქვა, რომ გუშინდელ სიუჟეტში ადგილი ჰქონდა მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას. მან ისაუბრა სოფელ კირბალში ქართულ ტაძარზე, რომლის კარიც რუსმა სამხედროებმა აჭედეს: . "ლომისის ტაძარი რამდენიმეა საქართველოში. გუშინდელ "მთავარ არხზე" გასულ რეპორტაჟში საუბარი იყო, რომ ლიმისის ტაძრის კარი არის აჭედილი, მოსახლეობისგან აღებულია ინტერვიუ, სადაც ისინი ამბობენ, რომ არ შეუძლიათ ტაძარში შესვლა და შემდგომ ეს კადრები გადმოდის, მლეთის, ლომისის წმინდა გიორგის ტაძარზე, სიუჟეტიდან გაუგებარი ხდება რომელ ტაძარზეა ლაპარაკი, საერთოდ არ არის ნახსენები ის სოფელი, რომელსაც ჰქვია კირბალი, სოფელ კირბალში არის სწორედ ეს ტაძარი", - თქვა ჯაღმაიძემ. მისი თქმით, "რაღაც პერიოდის წინ" ამ ტაძარში გადასვლა შესაძლებელი იყო, წელსაც იყვნენ ჩვენი მომლოცველები, "მაგრამ ვიღაცამ იქ ააფრიალა ქართული დროშა, რაც გახდა მიზეზი იმისი, რომ მიეღოთ უფრო მკაცრი ზომები რუს სამხედროებს, აეჭედათ კარები და შეეზღუდათ იქ შესვლა". . ჯაღმაიძე ამბობს, რომ ასეთი ტაძრები რამდენიმეა გორის რაინში - სოფელი აძვი, წმ გიორგის ტაძარი, სოფელი ქერე კვირაცხოვლობის სახელობის ტაძარი, "ამიტომ, ყოველგვარი დაუფიქრებელი, გაუცნობიერებელი განცხადება, აღრევა სახელების, აღრევა ადგილების, გადანაცვლება რაღაც მოვლენების, საფრთხეს უქმნის ისედაც დაძაბულ გარემოს". 63 შეფასება არ არის
|