საზოგადოება
"ნუ ატეხეთ ჭყლოპინი და ნუ ავრცელებთ დეზინფორმაციას!” - ვის მიმართავს ნიკა გვარამია
23 სექტემბერი, 20:45

"მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია სამეცნიერო აკადემია "ფაზისის" მიერ ეროვნული ბანკის საბჭოში დანიშნულ ნანა ყეინიშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:
"ნუ ატეხეთ ჭყლოპინი და ნუ ავრცელებთ დეზინფორმაციას! ყეინიშვილი ნანა არა უბრალოდ ფაზისის აკადემიის, არამედ ფაზისის საერთაშორისო აკადემიის წევრია. იხ. ჩამონათვალში!
TV Imedi დაუყოვნებლივ გვამხილე ყველა და გამოდე ნანას აკადემიკოსობის საბუთი სასწრაფოდ, თორემ შეერყა ქალს რეპუტაცია ამერიკის აგენტების ღლიცინის წყალობით!"– ვკითხულობთ ნიკა გვარამიას ფეისბუქგვერდზე.
"ფაზისის" აკადემიის ხელმძღვანელის გია კვეშელავას თქმით, ყეინიშვილი არც მათი წევრია და არც აკადემიკოსის ტიტული მიუნიჭებიათ მისთვის:
"ჩვენი წევრი არ არის და არც არასდროს ყოფილა. აკადემიკოსის სტატუსი ჩვენ არ მიგვინიჭებია, არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს წევრობა. ოქროს საწმისის ჯილდოებს და დიპლომებს ჩვენ არ გავცემთ". - განაცხადა "ფაზისის" აკადემიის ხელმძღვანელმა გია კვეშელავამ.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს არსებულ ორ ვაკანტურ ადგილზე პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი აირჩია. ნანა ყეინიშვილის კანდიდატურას 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, თეიმურაზ ხომერიკს კი უმრავლესობის 82-მა წევრმა.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად ეროვნული ბანკის საბჭოში 9 წევრის ნაცვლად, მხოლოდ 7 წევრია. მათგან სამმა - საბჭოს ვიცე-პრეზიდენტებმა საბჭოდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს. პაპუნა ლეჟავას, არჩილ მესტვირიშვილისა და ნიკოლოზ გაგუას გადადგომაზე ინფორმაცია ბიურომ ცნობად დღევანდელ სხდომაზე მიიღო. კანონის გათვალისწინებით, ისინი საბჭოს წევრობას ორ თვეში - 21 ნოემბრიდან დატოვებენ. საბჭოს კიდევ ერთ წევრს დეკემბერში უფლებამოსილების ვადა ეწურება.