x
image
დავითი ჩუთლაშვილი
ლისაბონის საშინელი მიწისძვრა: სტიქიური უბედურება, რამაც ევროპაში ღვთის რწმენა შეარყია
მიწისძვრა, რომელიც 1755 წელს პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მოხდა, ევროპის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ბუნებრივ კატასტროფად არის მიჩნეული. ამ კატასტროფამ ძირეულად შეცვალა პორტუგალიელთა და ევროპელთა დამოკიდებულება რელიგიის მიმართ.


ეს სტიქიური უბედურება 1755 წლის პირველ ნოემბერს, ყველაწმინდის დღეს, დილის ცხრა საათსა და ორმოც წუთზე მოხდა. ის 3-დან 6 წუთამდე გაგრძელდა და ქალაქის უდიდესი ნაწილი პირისაგან მიწისა აღგავა. მიწაში უზარმაზარი ნაპრალები გაჩნდა, რამაც ადამიანები და შენობები უბრალოდ გააქრო. სტიქიის სიმძლავრე 9 ბალი იყო რიხტერის შკალაზე.


ლისაბონი


მიწისძვრამ გამოიწვია პორტუგალიის ისტორიაში ყველაზე დიდი ხანძარი. ცეცხლი აალდა და პორტუგალიის დედაქალაქის უდიდესი ნაწილი შთანთქა. ათასობით შენობა გამძვინვარებულ ცეცხლში დაიფერფლა.



მიწისძვრა იმდენად ძლიერი იყო, რომ თვით მაროკოს სანაპიროზე მდებარე ქალაქებიც კი დაზიანდა, ხოლო კარიბის ზღვის კუნძულებს 4 მეტრის სიმაღლიც ცუნამმა გადაუარა.


ვინც მიწისძვრას გადაურჩა, თავზარდაცემული ლისაბონის ნავსადგურისკენ გაიქცა, თუმცა სტიქიური უბედურების დასრულებიდან 40 წუთის შემდეგ ნავსადგურს და ქალაქის ნანგრევებს უზარმაზარი ცუნამი დაესხა თავს. სანაპიროსთან გაქცეულებს კედელივით წამოყალყულმა ტალღამ მოუღო ბოლო.


დღემდე დადგენილი არ არის სტიქიური უბედურების მსხვერპლთა საბოლოო რაოდენობა. ვარაუდობენ, რომ ლისაბონის მიწისძვრას 30, 000-დან 100, 000-მდე პირი ემსხვერპლა და ეს მაშინ, როცა პორტუგალიის დედაქალაქში 275, 000 ადამიანი ცხოვრობდა. შენობათა 75 % დაინგრა, მათ შორის ბიბლიოთეკები, მეფის სასახლე, ოპერა, ეკლესიები და საკათედრო ტაძარიც კი. მხოლოდ ქალაქის ერთი ნაწილი დარჩა უვნებელი, რამაც ღმერთის არსებობის რწმენა კიდევ უფრო შეარყია…


ლისაბონი


მე-18 საუკუნის გრავიურა, რომელიც საზარელი სტიქიის მიერ იავარქმნილ ლისაბონს აღწერს


ყოვლადმოწყალე უფალს რანაირად შეეძლო ამის დაშვება?


ლისაბონის მხოლოდ ერთი ნაწილი გადარჩა სრულიად უვნებელი: ეს იყო კვარტალი, სადაც… ბორდელები იყო განთავსებული. დიახ, დიახ, ყველა ბორდელი სრულიად უვნებელი გადარჩა.


რატომ მოხდა ეს ასე, მეცნიერებს ამაზე პასუხი არ აქვთ. მათი ერთი ნაწილი ვარაუდობს, რომ სედიმენტური ფენები ბორდელთა კვარტალის ქვეშ სხვაგვარი წარმომავლობის იყო, ვიდრე ქალაქის ცენტრი. ამიტომ ყველა ის შენობა, სადაც სიყვარული ფულზე იყიდებოდა, სრულიად უვნებელი შეეგება ახალ დღეს, რომლის გათენება ქალაქის ათიათასობით მაცხოვრებლისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.


იმან, რომ ამხელა კატასტროფა ყველაწმინდის დღეს მოხდა, ამდენი ადამიანი დაიღუპა, ეკლესიები აღიგავა პირისაგან მიწისა, ხოლო ბორდელები გადარჩა, მთელი ევროპის მასშტაბით შეურყია რწმენა ადამიანებს. თვით გოეთე და კანტიც კი სვამდნენ კითხვებს, რანაირად დაუშვა ყოვლადმოწყალე ღმერთმა ამხელა უბედურებაო. ლისაბონი ხომ ევროპაში ყველაზე რელიგიური ქვეყნის დედაქალაქი იყო, სადაც ყველანაირ ქრისტიანულ წესს ყოველთვის ზედმიწევნით ასრულებდნენ!


ლისაბონის მიწისძვრის შემდეგ ევროპაში მორწმუნე ადამიანების რიცხვი მკვეთრად შემცირდა და გაიზარდა ათეისტების რაოდენობა. მოსახლეობამ თანდათან ზურგი შეაქცია ეკლესიას. სწორედ ეს მიწისძვრა გახდა ახალი ფილოსოფიური მიმდინარეობების საწყისი წერტილი, რამაც ძირეულად შეცვალა მიმდევნო საუკუნეების ევროპელთა აზროვნება.

1
245
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
245
  
2023, 30 ივნისი, 13:34
ჩუთლასვილი ეგ ლისაბონში მოხდა. სულ ევროპასი რომ გვეპატიჟები საფრანგეთში რა ხდება ხომ არ იცი?
0 1 1