მსოფლიო შვეიცარიის მოსახლეობის უმრავლესობა უკვე ნატოსთან დაახლოებას ემხრობა 2023, 11 ივნისი, 15:08 შვეიცარიის ნეიტრალიტეტი ვენის კონგრესიდან (1814/15) იღებს სათავეს. იმ პერიოდში ამ პატარა ალპურ რესპუბლიკას როგორც საფრანგეთი, ასევე პრუსია და ავსტრია საკუთარ გავლენის სფეროდ განიხილავდნენ და ამიტომ მის ნეიტრალიტეტს ხელს ყველანაირად უწყობდნენ. სწორედ ამიტომ 1815 წლის 20 ნოემბერს, პარიზის ხელშეკრულებით, შვეიცარია ნეიტრალური სახელმწიფო გახდა და ბოლო 208 წელია, ეს პოლიტიკა არ შეუცვლია. შვეიცარია ნეიტრალიტეტის და მიუმხრობლობის ერთგვარ მსოფლიო სიმბოლოდაც კი გადაიქცა, თუმცა რუსეთის ბარბაროსულმა აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ ამ პატარა ალპური ქვეყნის მოქალაქეებიც დააფიქრა, თუ რამდენად ღირს სამომავლოდ ნეიტრალიტეტის პოლიტიკის გაგრძელება.
შესაბამისი კვლევა ჩატარდა შვეიცარიის სამხედრო აკადემიის (MILAK) დაკვეთით, რამაც გამოავლინა, რომ უკრაინის ომის შემდეგ შვეიცარიელების ნაწილი პესიმისტურად უყურებს საკუთარი ქვეყნის (19 %, 2022 წელთან შედარებით +6 %) და მსოფლიოს (75 %, 2022 წელთან შედარებით +7 %) მომავალს. ყველაზე დიდ საფრთხეებს შვეიცარიელები ომის, კლიმატის ცვლილების და ეკონომიკური კრიზისის სახით ხედავენ. ამასთან, 2019 წელთან შედარებით გაზრდილია ნდობა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, ხოლო ჩინეთის და რუსეთის მიმართ — შემცირებული. ყველაზე შოკისმომგვრელი რაც კვლევის ავტორებისთვის აღმოჩნდა, ეს გახლდათ ქვეყნის ნეიტრალიტეტის მიმართ შვეიცარიელთა დამოკიდებულება, რაც ბოლო ორ საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე ალბათ პირველად შეიცვალა. საკუთარ უკანასკნელ 200-წლიან ისტორიაში პირველად შვეიცარიელები მხარს უჭერენ ნატოსთან მათი ქვეყნის დაახლოებას. შვეიცარიელების 55 %-ს მიაჩნია, რომ მათი სამშობლო ნატოს უნდა დაუახლოვდეს, რაც 10 %-იანი მატებაა 2021 წელთან შედარებით. ამასთან ერთად, მნიშვნელოვნად გაზრდილია შვეიცარიელების კრიტიკული დამოკიდებულება მათი ქვეყნის ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით. 12 %-ით მოიმატა იმ ადამიანების რიცხვმა, რომლებიც შვეიცარიის ევროპულ სამხედრო კავშირში ყოფნას დაუჭერდნენ მხარს. აღნიშნული კვლევა 2023 წლის 3-20 იანვარს საზოგადოებრივი აზრის კვლევითი ორგანიზაცია LINK-ის მიერ ჩატარდა, რა დროსაც 1238 შვეიცარიელი ტელეფონის მეშვეობით გამოიკითხა. ცთომილების ზღვარი ±2.8%-ია. ასე და ამრიგად, იმ პირობებში, როცა პრაქტიკულად აღარ დარჩა ევროპაში ქვეყანა, ნატოსთან დაახლოების ან მასში გაწევრიანების სურვილს რომ არ გამოთქვამდეს, იმ პირობებში, როცა ნეიტრალური ფინეთი გახდა ნატოს წევრი, ხოლო ნეიტრალური შვედეთი ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების თაობაზე, ხოლო შვეიცარიის მოსახლეობის უმრავლესობა ნატოსთან დაახლოების გზას ირჩევს, საქართველოს ხელისუფლება, უგულვებელყოფს რა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 2/3-ზე მეტის ნებას, 2008 წლის პლებისციტის შედეგებს და საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, ადგას ღალატის გზას და პრაქტიკულად აღარ გამოთქვამს არანაირ სურვილს ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში ჩვენი სახელმწიფოს გასაწევრიანებლად, რაც დამღუპველი გახლავთ ჩვენი მომავლისთვის, რადგან როგორც კი მარტოდმარტო პირისპირ აღმოვჩნდებით რუსეთის წინაშე, რუსეთი მაშინვე გადაგვსანსლავს. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ რუსეთმა გადაგვსანსლოს. 3000 წელია, რაც საქართველო არსებობს და ჩვენი არსებობა 21-ე საუკუნეში არ უნდა დასრულდეს. 42 შეფასება არ არის
|