x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
B-2 სპირიტი: ბომბდამშენი, რომელიც 2,1 მილიარდი დოლარი ღირს
ეს ბომბდამშენი მიუხედავად არც ისე ახალგაზრდული ასაკისა (ის 1988-1997 წლებში დაამზადეს) დღემდე გვნუსხავს თავისი ფუტურისტული დიზაინით და დაუჯერებელი შესაძლებლობებით.


ეს თვითმფრინავი სტელსის ტექნოლოგიის მიხედვით არის ნაგები და თანაც იმდენად ოსტატურად, რომ რადარი მას თითქმის ვერ “ხედავს.” მისი დამზადება თავდაპირველად გათვალისწინებული იყო სსრკ-სთან ბირთვული დაპირისპირების შემთხვევაში თავდაცვის ხაზის გასარღვევად და მოწინააღმდეგის ზურგში არსებული ობიექტების გასანადგურებლად ატომური ქობინების მეშვეობით.


მის დამზადებას, გასაოცარი სიძვირიდან გამომდინარე, კონგრესსა და პენტაგონში 80-იან წლებში ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. თუმცა მომხრეები უფრო მეტი აღმოაჩნდა და ამიტომ აღნიშნული მოდელის თვითმფრინავების წარმოება მალევე დაიწყო. მაგრამ კონგრესმა მაინც მოახერხა მათი წარმოების შემცირება თავდაპირველად გათვალისწინებული 132 ერთეულიდან 21 ერთეულამდე. დღეს სწორედ ამდენი B-2 სპირიტი ჰყავთ თავანთ შეიარაღებაში შეერთებულ შტატებს.


ომი



თავდაპირველად B-2 სპირიტის თითო ეგზემპლარის ფასი 929 მილიონი დოლარი გახლდათ, თუმცა ისე ნუ ვიფიქრებთ, რომ ამ თვითმფრინავებს ამერიკელები დღეს კვლავაც 1988-1997 წლების ტექნოლოგიებზე ამუშავებენ. გასული ათწლეულების მანძილზე თითოეულმა B-2 სპირიტმა სერიოზული მოდერნიზება განიცადა, რამაც მათი თავდაპირველი ფასი 1, 2 მილიარდით გაზარდა. დღეს თითოეული აღნიშნული ავიაგამანადგურებლის ფასი 2, 1 მილიარდი დოლარია, რაც 3-ჯერ მეტია იმასთან შედარებით, სუფთა ოქროსგან რომ ყოფილიყო ჩამოსხმული ისინი.


დღეს პენტაგონის განკარგულებაში 20 ერთეული B-2 სპირიტია (2008 წელს ერთმა თვითმფრინავმა აფრენისას კატასტროფა განიცადა). აღნიშნულმა ხომალდებმა მონაწილეობა მიიღეს 1999 წელს კოსოვოს ომის დროს. მოგვიანებით ამერიკელებმა ისინი გამოიყენეს ასევე ერაყის ომსა და ავღანეთშიც.


მიჩნეულია (და თანაც არცთუ უსაფუძვლოდ), რომ B-2 სპირიტის განადგურება შეუძლებელია. ეს რომ მართლაც ასეა, ამაზე სამხედრო დაპირისპირებათა ისტორია თავად მეტყველებს: მისი ჩამოგდება დღემდე ვერცერთმა მოწინააღმდეგემ ვერასოდეს ვერ მოახერხა.


ამ ავიაგამანადგურებელს შეუძლია ცაში 21 წუთი დაჰყოს და თექვსმეტამდე 1100-კილოგრამიანი B83-ის ტიპის ბირთვული ბომბები წაიღოს თან, თუმცა მას ასევე შეუძლია 80-მდე 230-კილოგრამიანი ჩვეულებრივი ბომბის წაღება და GPS სისტემით მათი მართვა. ამხელა ტევადობა სტელსის ტექნოლოგიის მქონე სხვა არცერთ თვითმფრინავს არ გააჩნია.


გარდა ყოველივე ზემოთქმულისა, B-2 სპირიტის გამოყენება შესაძლებელია ასევე მტრის ღრმა ზურგში, დაზვერვითი საქმიანობების განსახორციელებლად. ამ თვითმფრინავების მიერ მოპოვებული ინფორმაცია ხშირად ფასდაუდებელია.


მაგრამ მაინც რატომ ღირს B-2 სპირიტი ასე ძვირი?


ომი


პენტაგონი B-2 სპირიტის მოწყობილობებში ყოველთვის სუპერმოწინავე ტექნოლოგიებს და პროგრამულ უზრუნველყოფას იყენებს. სწორედ ამიტომ არის ამ ბომბდამშენების ფასი ასე ზღაპრულად მაღალი. ამერიკის საუკეთესო ინჟინრების და ტექნიკოსების გუნდი დღედაღამ მუშაობს ამ თვითმფრინავების მახასიათებლების გასაუმჯობესებლად. ამიტომ B-2 სპირიტი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს წინ ამერიკის ნებისმიერი მოწინააღმდეგე ქვეყნის ტექნოლოგიებს.


აქედან გამომდინარე, არც მილოშევიჩს, არც სადამ ჰუსეინს და არც “თალიბანის” მეომრებს არანაირი შანსი არ ჰქონდათ, აღმოეჩინათ და გაენადგურებინათ B-2 სპირიტი. მათ უბრალოდ არ მოეძებნებოდათ შესაბამისი ტექნოლოგიები. B-2 სპირიტის წინააღმდეგ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ ასევე რუსეთსა და ჩინეთსაც. შესაბამისად ეს 20 თვითმფრინავი მეტია, ვიდრე მთელი არმიები ტანკებით, საზღვაო ხომალდებით და ჯავშანმანქანებით.

0
1243
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
1243
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0