საქართველო აბა გამოიცანით: ქვეყანა, რომლის ერთადერთი “მეგობარი” მისივე ოკუპანტია! 2023, 7 ივნისი, 22:12 წარმოიდგინეთ, რომ გყავთ მეგობარი. დავარქვათ მას გელა. ჰოდა, ამ გელას თქვენ წარსულში ძალიან სერიოზულად დაეხმარეთ. როცა თქვენმა საერთო მეზობელმა, ვახომ, გელა ბეისბოლის ხელკეტით ცემა და ძვლებში დაამტვრია, 4 თვის მანძილზე საავადმყოფოში მისი წოლის ხარჯს სულ თქვენ იხდიდით. გელასთვის მედიკამენტებს და საკვებსაც თქვენ ყიდულობდით. ეს კიდევ რა არის და მისი პალატის კართანაც დარაჯობდით, რომ ვახო კიდევ არ გამოჩენილიყო და ბეისბოლის ბიტით არ მიესიკვდილებინა გელა.
ჰოდა, გამოხდა ხანი, გელა გამომჯობინდა და ვახომ ახლა თქვენ დაგადგათ თვალი. თქვენს შორიახლოს რომ მიქელაძეების ოჯახი ცხოვრობს, რომლებსაც შვილი ამერიკაში ჰყავთ და რომლებიც თქვენ ხშირად გეხმარებიან ფინანსურად, ვახო ვერ იტანს და თქვენ გეუბნებათ, მაგ ხალხს ჩამოშორდი და ჩემთან იმეგობრეო. არადა, ვახოს პათოლოგიური სიმთვრალე აქვს. დათვრება და ყველას ეჩხუბება. გარდა ამისა, მეზობლებს ნივთებსაც ხშირად პარავს (ამასწინათ ჩხობაძეებთან უნიტაზიც კი მოდღლიზა და სახლში წაიღო). მიქელაძეები კი განათლებული, წესიერი, ინტელიგენტი, კეთილი და მზრუნველი ადამიანები არიან. არავისთან კონფლიქტი არ აქვთ. ჰოდა, თქვენ ვახოს უთხარით, მე შენთან არ ვიმეგობრებ და მიქელაძეებთან უნდა ვიმეგობროო. ამან ვახო გააცოფა და 24 თებერვლის ერთ ღამეს სახლში შემოგივარდათ. მიგაბათ გამათბობლის მილზე და თქვენი მეუღლე გაიტაცა. თქვენ ხელი მოგაჭრათ. მიქელაძეებმა დახმარება აღმოგიჩინეს და ვახოს მათი წყალობით ძალიან ცუდად აქვს საქმე. ტყეში იმალება, მაგრამ დღე-დღეზე დაიჭერენ. და ამ დროს თქვენი მეგობარი გელა, რომელსაც ასე დაუდექით მხარში და სიკვდილს გადაარჩინეთ, გეუბნებათ, მე მუდმივი მეგობრები არ მყავს, მუდმივი მხოლოდ ინტერესები გამაჩნია და ამიტომ ტყეში გახიზნულ ვახოსთან უნდა ვივაჭრო და კონსერვებით და გამათბობელი საშუალებებით მოვამარაგო, რათა პოლიციას არ ჩაუვარდეს ხელშიო. გეკითხებით, რა ჭკუაზე დადგებოდით და რა თვალით შეხედავდით ამის შემდეგ გელას? კიდევ იმეგობრებდით მასთან? ჰოდა, რატომ გიკვირთ, რომ უკრაინელებიც არ გვიყურებენ კარგი თვალით და ჩვენს ხელისუფლებაზე გაბრაზებულები არიან? დღეს ჩვენ მთელ მსოფლიოში მეგობრები არ გვყავს. ერთადერთი ჩვენი “მეგობარი” ჩვენივე ოკუპანტია, რომელსაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვჭირდებით, რათა საკუთარი პრობლემები ხურჯინივით ზურგზე აგვკიდოს, ხოლო როცა სამშვიდობოს გავა, ახალ-ახალი მიწები ჩამოგვაჭრას. აი ასე ვცხოვრობთ ჩვენ დღეს, უსასტიკეს დამპყრობელს და უბოროტეს მტერს ერთადერთ მაშველ რგოლად მოვევლინეთ. 131 1-ს მოსწონს 1-ს არა
|