x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
"თუ ვიბრიდებით, სიმღერით დავიბრიდოთ! – წამოიძახა კახიმ და “წინწყარო” წამოიწყო" - 5 საინტერესო ფაქტი კახი კავსაძის ცხოვრებიდან
image

5 ივნისს დაიბადა ქართული თეატრის და კინოს უბადლო ოსტატი, კახი კავსაძე(1935-2021), მის იუბილეთან დაკავშირებით გთვაზობთ 5 საინტერესო ისტორიას მსახიობის ცხოვრებიდან:




კახი კავსაძე 1956 წლის სისხლიან 9 მარტს იხსენებს:



***იმ დღეს, 9 მარტს დედაჩემმა მე და ჩემი ძმა არაფრით არ გაგვიშვა გარეთ. ჩაკეტა კარი, გასაღები ჯიბეში ჩაიდო და ოთახში დაგვამწყვდია. ორივე ლამის გავგიჟდით. ვიყვირეთ. ვიტირეთ. ტანსაცმელი შემოვიხიეთ. გაგიგონია? გაქვავდა დედაჩემი. ფეხს არ მოიცვლითო შინიდან. გული ცუდს მითქვამს. ორივე დაეტიეთ თქვეენს კანში, გამოგვიცხადა და ლაპარაკი მოათავა.



რა უნდა გვექნა. ჩვენი ოჯახი დასჯილი ოჯახი იყო. შიშის აჩრდილი ყველგან დაბორიალებდა. ისღა დაგვრჩენოდა, ფანჯარას მივსდგომოდით და იქიდან გვეყურებინა, რა ხდებოდა გარეთ. ჩვენი სახლი ვორონცოვის, უკაცრავად, მარქსის მოედანზე დგას, მტკვრის პირას. მტკვრის გაღმა, მადათოვის ნაკუნძულარზე, სტალინის დიდი ძეგლი რომ იდგა წინათ, უამრავი ხალხია თავშეყრილი. ამას ვხედავთ, მაგრამ ის კი არ გვესმის, რას ლაპარაკობენ, იმასაც ვხედავთ, როგორ ცვლიან ორატორები ერთმანეთს ტრიბუნაზე. რაღაც სცენებიც თამაშდება. მსახიობები, რომელნიც ლენინისა და სტალინის გრიმში არიან, ხალხს მიმართავენ. ჩვენი ცნობისმოყვარეობა უსაშველოდ იზრდება, მაგრამ რა… ტყვეობიდან თავის დაღწევა გამორიცხულია.


დაღამდა. ბედს შევეგუეთ. ჩვენ-ჩვენ საქმეს მოვკიდეთ ხელი. ფანჯარა დავივიწყეთ. თითქოს ჩვენს სახლში ყველაფერი დაწყნარდა და დამშვიდდა. სავახშმოდ ვემზადებით, რომ უცბად სახლმა ზანზარი დაიწყო, ტანკების გრუხუნი შემოვარდა ოთახში. ტყვიების ზუზუნმაც მოგვჭრა ყური. გიჟებივით ისევ ფანჯარას ვეცით. როგორც ელვა, ისე სერავს ბნელეთს ტყვიების ცეცხლი. ლანდები თავქუდმოგლეჯილი გარბიან. ყველაფერი ცხადი გახდა. გავხევდით.


მოულოდნედლად დედაჩემმა კარები გააღო და განწირული ხმით დაგვიყვირა:


წადით! წადით! ორივე წადით!


ჩვენ პირდაფჩენილნი მივჩერებივართ დედას. ვერაფერს მივხვდით. წეღან არაფერი ხდებოდა და არ გაგვიშვა. ახლა ქვეყანა იქცევა და გარეთ მიგვერეკება.


წადით! ისევ იყვირა დედამ, სადაც სხვების შვილები კვდებიან, ჩემებიც იქ დაიხოცეთ!


და ორივე გარეთ გამოგვაგდო.


მაგრამ ქუჩაში გასვლა უკვე შეუძლებელი იყო.


სადარბაზოს კარი ჩაეკეტათ. იქ ავტომატიანი სალდათები იდგნენ.


image

კახი კავსაძის მოგონებიდან




***1956 წელია. მეორე კურსზე ვართ. ჩვენი საკურსო სპექტაკლის შემდეგ მაყურებელთა დარბაზში ჩავედით და იქ გადავიღეთ ეს ფოტო... ზურიკო ქაფიანიძეს ხედავთ? აკი გეუბნებოდით, თეატრალურში რომ მოვიდა, პატარა ბიჭი იყო-მეთქი, იღლიაში ამოვიჩრიდი და ისე დავდიოდით. აი, ბატონო, ნახეთ: ხომ ვარ ზურა ქაფიანიძეზე მაღალი? არავის სჯერა, არ იქნებოდიო... არადა, ვიყავი! მერე გაიზარდა, ჩემო ბატონო! ვეხუმრებოდი: ბალახის ჭამამ როგორ გაგზარდა-მეთქი. ხორცი არ უყვარდა, მცენარეულ საჭმელს არჩევდა..."


image

რეჟისორ ავთო ვარსიმაშვილის მოგონებიდან:



***“…საღამოს სოხუმის დაბომბვა დაიწყეს, აეროპორტში პილოტმა გვითხრა, სიბნელეში უნდა ავფრინდეთ, ვერ ჩავრთავ განათებას, თორემ ჩამოგვაგდებენო. საშინელი სროლა იყო. პილოტის ნიშანზე ყველანი გავიქეცით თვითფრინავისკენ, სიბნელეში შიგნით შევცვივდით და იატაკზე დავსხედით, რადგან სავარძლები არ იყო. ავფრინდით თუ არა, თვითფრინავის მიმართულებით ტრანსირებული ტყვიების წვიმა წამოვიდა. ხმას არავინ ვიღებდით, ყოველ წამს შეიძლებოდა, რომ თვითფრინავი ჩამოეგდოთ, ვუყურებდით ერთმანეთს და ვუღიმოდით.


თუ ვიბრიდებით, სიმღერით დავიბრიდოთ! წამოიძახა კახიმ და “წინწყარო” წამოიწყო. მას ეგრევე აყვა რამაზ ჩხიკვაძე, გურამ საღარაძე, ჟანრი ლოლაშვილი, ჯემალ ღაღანიძე, მედეა ძიძიგური, ეკა მამალაძე, ჯემალ სეფიაშვილი… ყველანი. მეც კი ავყევი და ასე სიმღერით გამოვფრინდით აფხაზეთიდან.


“თუ ვიბრიდებით, სიმღერით დავიბრიდოთ! ვფიქრობ ამ ფრაზაში ეტევა კახის მთელი ცხოვრება. ადამიანი დღესასწაული. ნამდვილი არტისტი! მე საზღვარგარეთაც შემიმჩნევია, თუ როგორ აყოლებენ მას თვალს ის ადამიანები, რომლებსაც კახი არც სცენაზე და არც ეკრანზე უნახავთ. ისინი აყოლებდნენ თვალს მათთვის უცნობ, ლამაზ ადამიანს, რომელიც აფრქვევდა მომხიბვლელობას, ნიჭიერებას, სიკეთეს, ოპტიმიზმს, პოზიტივს, ჯიშს. კახი კავსაძე მოსიარულე ზეიმი იყო და მასთან ურთიერთობა კი ნამდვილი ზეიმი.


ჩემო ძვირფასო, საყვარელო ბატონო კახი, დიდი მადლობა 40-წლიანი მეგობრობისთვის."



image


ფოტოზე:კახი კავსაძე, რამაზ ჩხიკვაძე, ავთო ვარსიმაშვილი და ჯემალ ღაღანიძე. სოხუმი 1991 წელი


კახი კავსაძის მოგონებიდან



***გასული საუკუნის 90-იანი წლების საახალწლო დღეებია. მე და გივი ბერიკაშვილი ერთი ჩვენი მეგობრის ოჯახს ვესტუმრეთ (ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებ) შეგვიპატიჟა. დაგვსხა და ცოლს გასძახა სუფრა გაგვიშალეო. ამის თქმა იყო და მაცივარში ჩხაკუნი ატყდა. ცოტა ხნის მერე კი რაღაცის ძირს დატყეპების ხმაც გაისმა, რასაც ქალის წამოკივლებაც ზედ დაერთო.


– რაო, ქალო, საცივი დაგივარდა? – გასძახა ჩვენმა მასპინძელმა ცოლს.


იმან კი ტრაგიკულად გამოსძახა:


– საცივი კი არა ლობიო, ლობიო დამივარდაო…


როგორც ჩვენი მეგობარი გამოგვიტყდა, ცოლ-ქმარს, თურმე, შეთანხმებული ჰქონიათ „საცივის დაღვრა“ და ლობიოთი გამასპინძლება, რადგან იმ გაჭირვების ჟამს სხვა არაფერი ჰქონდათ. იმ დღეს კი ის ერთადერთი ლობიოც დაეღვარათ.


image


კახი კავსაძე:


***ცოტა ხნის წინ თვალების ოპერაცია გავიკეთე. პროფესორმა მკითხა: „ბატონო კახი, ძალიან კარგად გამოიყურებით და ხომ ვერ გვეტყვით, რაშია საქმე?“. იქვე დაუფიქრებლად ვუპასუხე – „არასდროს, არავისი, არაფერი არ მშურს.“ ეს ფრაზა ჩემი ცხოვრების მიზანი და წესია. ისე მინდა ვიცხოვრო, რომ არავისი არაფერი არ შემშურდეს. ერთხელ იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც ძალიან შემშურდა ავთო მახარაძის მიერ ნათამაშები როლი „ჯაყოს ხიზნებში“. იმდენად მომეწონა მაგის ნამუშევარი, იმ წუთას ვუთხარი, რომ მისი მშურდა. მაშინ ბათუმში თენგიზი „მონანიების“ გადაღებას იწყებდა, ვქეიფობდით და ავთოს ვუთხარი, – დავიბოღმე, ისე კარგად შეასრულე-მეთქი.

image

0
305
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
305
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0