x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134039
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მცოცავი ოკუპაცია: როგორც ჰორიზონტალური, ასევე ვერტიკალური და თანაც ბრუნვადი
რამდენიმე დღის წინ მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც ქართულ პრესას თითქმის მთლიანად გამორჩა: ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევს რუსეთ-ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოში შესვლა შესთავაზა.


ყაზახეთის პრეზიდენტმა ამ შეთავაზებას “ხუმრობა” უწოდა და განმარტა, რომ მისი ქვეყანა უკვე არის ევრაზიული კავშირის წევრი, ამიტომ კიდევ უფრო მეტ დაახლოებას როგორც რუსეთთან, ასევე ბელორუსთან აღარ საჭიროებს.


ბოლო პერიოდამდე ყაზახეთი განიხილებოდა, როგორც რუსეთის სატელიტი ქვეყანა, რომელიც პუტინს ყველა იმპერიულ ახირებას უკმაყოფილებდა. მაგრამ ყაზახეთის მორჩილება მოსკოვისთვის საკმარისი არასოდეს ყოფილა.


რუსეთი არასოდეს კმაყოფილდება მიღწეულით და ყოველთვის სულ უფრო მეტ უფლებებს მოითხოვს მის მიერ დაპყრობილი და ვასალად ქცეული ქვეყნებისგან. ყაზახეთთან ლუკაშენკას მიერ დაწყებული საუბარიც (რის უკანაც რა თქმა უნდა ისევ და ისევ პუტინი დგას) რუსეთ-ბელორუსის ერთობლივ სახელმწიფოში თოყაევის მშობლიური ქვეყნის ინტეგრაციის შესახებ უდავოდ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ.



და მაინც სად მთავრდება რუსული ოკუპაცია?


რუსული ოკუპაცია მთავრდება მხოლოდ იქ, სადაც იწყება ოკუპირებული ერის და ქვეყნის სურვილი, წინააღმდეგობა გაუწიოს მას. ანუ გაიტანს შენი ოკუპანტი რუსულ კანონს? შემდეგ ამას მოჰყვება ფრენების აღდგენა. შემდეგ ევრაზიული კავშირი. შემდეგ რუსეთ-ბელორუსის ერთობლივ სახელმწიფოში შესვლა. შემდეგ გახდები რუსეთის გუბერნია. შემდეგ შემოგთავაზებენ: “მოდი, ნუ ცხოვრობ აქ, ბრატ, რა დაგიშავდება, ციმბირში რომ იცხოვრო? მე მოგცემ მიწას. ორჯერ იმაზე უფრო დიდს, ვიდრე საქართველოა. ფულსაც მოგცემ. წადი და იცხოვრე. არ წახვალ და ნახავ, რაც დაგემართება.”


ეს ყოველივე ძალიან ჰგავს სერიალ “ცხელი ძაღლის” პერსონაჟის, “ტრეზორას” გერლფრენდის სურვილს, გაფართოვდეს საკუთარი მეზობლების ხარჯზე. როგორც “ტრეზორა” სთავაზობდა 300 დოლარს ხანდაზმულ პროფესორს ვაკის საბინაო ფართში, ასევე მოგვექცევა რუსეთი ქართველებსაც ფინალურ ეტაპზე.


აქ შესანიშნავი კლიმატია, არის ზღვა, სითბო და ევროკავშირის წევრ ზღაპრულ კვიპროსამდე სულ ათასიოდე კილომეტრია. რატომ იცხოვრებს რუსი თავის ქალაქში, სადაც წელიწადში 11 თვე წვიმს და ცივა? არ ურჩევნია, აქ იცხოვროს? ეს პროცესი უკვე დაწყებულია. ბოლო ერთი წლის მანძილზე რუსეთის მოქალაქეებმა იყიდეს 15, 000 ბინა საქართველოში.


რუსეთის მიერ ფრენების აღდგენაც, რუსული კანონიც და რუსეთთან სავაჭრო ბრუნვის ზრდაც, არის ზუსტად ისეთივე მცოცავი ოკუპაცია, როგორც ბორდერიზაცია და რუსეთის მოქალაქეების მიერ ბინების შეძენა თბილისსა და ბათუმში. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ბინების შეძენა და ბორდერიზაცია ჰორიზონტალური მცოცავი ოკუპაციაა (რადგან კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალებს მოიცავს), ხოლო რუსული კანონი და ფრენების აღდგენა, რაც ჩვენს სუვერენიტეტს და უსაფრთხოებას პირდაპირ ეხება — ვერტიკალური.


ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ ჩემი შეფასება გადაჭარბებულია და ფრენები უბრალოდ მხოლოდ ფრენებია, ხოლო რუსული კანონი უბრალოდ კანონი იყო და მეტი არაფერი. მაშინ იმისათვის, რომ თვალები აგეხილოთ, ერთ ყოფით მაგალითს მოგიყვანთ:


წარმოიდგინეთ, რომ მამაკაცი ხართ და თქვენს მომხიბლავ მეუღლეს, რომელიც ქალია, სურს მუშაობის დაწყება ფირმაში, რომლის გენერალური დირექტორი ცნობილი მექალთანეა და გამუდმებით ახორციელებს თანამშრომელი ქალების სექსუალურ შევიწროებას. თქვენ იცით, რომ ამ კომპანიის გენერალური დირექტორი არცერთ თანამშრომელ ქალს არ უშვებს ხელიდან ისე, რომ მასთან სექსი არ ჰქონდეს. გეკითხებით, გაუშვებდით თქვენს მომხიბლავ მეუღლეს აი ასეთი მამაკაცის კომპანიაში სამუშაოდ?


ანუ თავისთავად იმაში, რომ ქალმა დაიწყოს მუშაობა რომელიმე კომპანიაში, ცუდი სრულებით არაფერია, მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა კომპანიის ხელმძღვანელი პირი საკუთარ ძალაუფლებას სექსუალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად იყენებს?


ასეთ შემთხვევაში ხელფასი უკვე აღარ არის რეალურად ხელფასი, რომელსაც ქალი საკუთარი შრომის სანაცვლოდ იღებს. არამედ ეს არის უკვე თანხა მასთან სექსუალური კავშირის დასამყარებლად. ასეთი კომპანიაც აღარ არის უკვე კომპანია, არამედ ეს არის ჰარამხანა, სადაც გენერალური დირექტორის სექსუალური ჟინის დაკმაყოფილების ობიექტები მუშაობენ.


სწორედ ასეა რუსეთიც. რუსეთი არ ხარჯავს ერთ რუბლსაც კი არსად, თუ მის ხარჯვას რაიმე შორსმიმავალი ქვეტექსტი არ გააჩნია.


რუსეთის მოქალაქის მიერ შენთვის ფინჯან ყავაში და ნაჭერ ხაჭაპურში გადახდილი ლარიანები თუ ორლარიანები არ არის უბრალოდ მხოლოდ ლითონის ჩხრიალა ხურდა ფული. ეს არის ტყვიები, მომავალში გულში რომ დაგეძგერება. რუსული შოკოლადი ან რუსული ორცხობილა საწამლავია, შენს ბავშვებს მომავალს რომ მოუშხამავს, ხოლო რუსი ტურისტების სეირნობა შენი ქალაქის ქუჩებში არ არის უბრალოდ ვიღაც გულუბრყვილო უცხოელების სეირნობა, არამედ ეს არის მტრული სახელმწიფოს სამხედრო ქვედანაყოფის სადაზვერვო რეიდი.


მე მსურს, რომ ყველაფერს სწორედ ამგვარად შევხედოთ. მე მსურს, რომ საკითხის რეალური არსი რაც შეიძლება სწრაფად დავინახოთ. თორემ დღეს თუ არ გამოვფხიზლდით, ხვალ შეიძლება ჩვენი გამოფხიზლება უკვე ძალიან იყოს დაგვიანებული.


ომი

0
40
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0