x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როდესაც ქორწილი კოშმარად იქცევა: მწარე სიმართლე ბავშვთა ქორწინების შესახებ (+10 ფოტო)

image


ქორწილი-ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი და საინტერესო მოვლენაა ადამიანის ცხოვრებაში, რომელსაც ბევრი ჩვენგანი მოუთმენლად ელის, მაგრამ როგორ იგრძნობდით თავს ახალგაზრდა ასაკში მშობლებს რომ ეიძულებინა თქვენთვის ოჯახის შექმნა? სამწუხაროდ, მილიონობით გოგონასთვის მთელს მსოფლიოში ეს მწარე რეალობაა, ხოლო აფრიკისა და აზიის ზოგიერთ ქვეყანაში - ეს სტანდარტული პრაქტიკაა, მაგრამ როგორ ცხოვრობენ ეს გოგონები ქორწილის შემდეგ?

image


რას საქმიანობენ ან როგორია მათი ყოფა დაოჯახების მერე? დღევანდელ პოსტში სწორედ ბავშვთა ქორწინების ტრაგიკულ შედეგებს გაგაცნობთ, რომელიც ფოტოგრაფ სტეფანი სინკლერის მიერ კამერაზე იქნა აღბეჭდილი და დოკუმენტირებული, რათა ადამიანებისთვის ნათლად ეჩვენებინა არასრულწლოვანთა ყოფის უმძიმესი შედეგები.


image


ქორწილის დღე ყველა ადამიანის ცხოვრებაში მხიარული და დასამახსოვრებელი უნდა იყოს, თუმცა მილიონობით გოგონასთვის მთელს მსოფლიოში ეს დღე ყველაზე სევდიანად იქცევა, რადგან ისინი იძულებულნი არიან ძალიან ახალგაზრდა ასაკში გათხოვდნენ. ყოველდღიურად 18 წლამდე 37000 გოგონა იძულებულია მამის ან თუნდაც ბაბუის ასაკის კაცზე გათხოვდეს. 51 მილიონი მოზარდი მთელს მსოფლიოში 18 წლამდეა გათხოვილი, ხოლო მხოლოდ ავღანეთში, გოგონების 57% იძულებულია 16 წლამდე გათხოვდეს.


image


ამერიკელი ფოტოჟურნალისტი სტეფანი სინკლერი, რომელიც გენდერული თანასწორობისა და ადამიანის უფლებების საკითხებზეა სპეციალიზირებული ამ საკითხს თავისი კამერის საშუალებით 8 წელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღბეჭდავდა.


image



"ბავშვთა ქორწინების შესახებ პროექტი 2003 წელს დავიწყე, კერძოდ კი, მას შემდეგ რაც გავიცანი გოგონები, რომლებმაც ავღანეთში თავი დაიწვეს. შევამჩნიე, რომ ბევრი გოგონა, რომელმაც თავი დაიწვა, ძალიან პატარა ასაკში იყო გათხოვილი, ზოგიერთი სქესობრივი მომწიფებამდეც კი. ჩავთვალე, რომ ჩემი მოვალეობა იყო გამერკვია რა უბიძგებდა ამ გოგონებს თავის დაწვისკენ", - განაცხადა ფოტოხელოვანმა. სტეფანის ფოტოები დამთვალიერებლში ახალგაზრდა პატარძლების არასაშურველი ცხოვრების შესახებ ღრმა ემოციებს იწვევს.


image


უცნობ მამაკაცზე დაქორწინება - ყველაზე ცუდი არ არის, რაც ამ გოგონებს ელით. ყველა საქორწინო ცერემონიის დასრულების შემდეგ ისინი განათლების მიღების უფლებას კარგავენ, ხშირად საკუთარი ქმრების მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ხდებიან და იძულებულნი არიან გააჩინონ ბავშვები ჯერ კიდევ სქესობრივი მომწიფების პერიოდში.


image


გოგონების უმეტესობა ვერ ბედავს ქმრებს წინ აღუდგეს და ასეთ ქორწინებაში მთელი ცხოვრება რჩება. ისინი კი, ვინც გაქცევას ბედავს, ხშირად მეძავის სტატუსით ბორდელებში ხვდებიან. ბავშვთა ქორწინების პრობლემა მსოფლიოში სერიოზული სოციალური პრობლემაა, რომლის მიზეზებიც მრავალფეროვანია და ხშირად კულტურულ ტრადიციებთან, განათლების დაბალ დონესთან და ეკონომიკურ არასტაბილურობასთან ასოცირდება. ხშირად მამები თავიანთ ქალიშვილებს საკვების ან ფულის გამო ყიდიან, თუმცა ამ პრობლემის გადაჭრის იმედი არსებობს.


image


მაგალითად, 11 ოქტომბერს მსოფლიო გოგონების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, რომლის მიზანია ბავშვთა ქორწინების გლობალური პრობლემის შესახებ ცნობიერების ამაღლება და გოგონების დაცვის გაძლიერება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ სამართლიანად მოითხოვა ბავშვთა ქორწინების შეწყვეტა და განაცხადა: "დაე, გოგოები იყვნენ გოგოები, და არა პატარძლები".


image


სრულიად წარმოუდგენელია რამდენად განსხვავებულად ცხოვრობს კაცობრიობა 21-ე საუკუნეში, ვინ იცის როდის დაისადგურებს გარკვეული ბალანსი მაინც ყველა ხალხის კეთილდღეობაში? იმედი ვიქონიოთ რომ ადრე თუ გვიან მსოფლიოში საყოველთაო გენდერული თანასწორობა დამყარდება, რაც უმეტეს ქვეყნებში ესოდენ დიდ პრობლემას წარმოადგენს.


image











0
440
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
440