x
image
დავითი ჩუთლაშვილი
ტაბის მნათობის ფენომენი: ვარსკვლავი თუ ზეგანვითარებული არამიწიერი ცივილიზაციის მეგასტრუქტურა?
უკვე შვიდ წელზე მეტია, რაც ტაბის ვარსკვლავი მეცნიერებისთვის თავსატეხს წარმოადგენს. მისი სინათლის სრულიად უჩვეულო ცვალებადობა ზოგიერთი ასტრონომის აზრით შესაძლოა არამიწიერი ცივილიზაციის კვალზე მიგვანიშნებდეს. ბოლო პერიოდში ამ კოსმოსური ობიექტის შესახებ ახალი ინფორმაციები გახდა ცნობილი, რამაც კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა.


არადა, ეს თითქოს სრულიად ნორმალური ვარსკვლავია - მზეზე 50 %-ით დიდი, 1000 გრადუსით უფრო ცხელი და ჩვენგან 1480 სინათლის წლის მანძილზე მდებარე. ამ ყოველივეს მიუხედავად ეს ობიექტი, რომლის ნუმერაციული სახელწოდება KIC 8462852-ია, წლებია, რაც აღაგზნებს უამრავი მოყვარული თუ პროფესიონალი ასტრონომის ფანტაზიას. საქმე იმაში გახლავთ, რომ ვარსკვლავის მიმართულებით დაიმზირება სპორადული, პერიოდულად დაბრუნებადი დაბნელება, რასაც არანაირი სამეცნიერო ახსნა არ გააჩნია.


ტაბის ვარსკვლავი გედის თანავარსკვლავედში მდებარეობს. მისი ბნელი ფაზა ერთიდან რამდენიმე დღემდე გრძელდება, რა დროსაც მნათობის ელვარება მთელი 22 %-ით იკლებს. მაგრამ კიდევ უფრო გამაოგნებელი ის გახლავთ, რომ მისი ელვარების კლება ერთი და იმავე მოდელის მიხედვით არასოდეს არ წარმოებს. ეს კი აბსოლუტურად უნიკალური და უჩვეულო მოვლენაა, რასაც ანალოგი არ აქვს ასტრონომიის სამყაროში.


სწორედ ამის გამო ტაბის ვარსკვლავს ასტრონომებმა “სამყაროს ყველაზე იდუმალი ციური ობიექტი” შეარქვეს.



ტაბის ვარსკვლავის აღმოჩენისთანავე გამოითქვა მოსაზრება, რომ მისი ელვარების ცვლილება არამიწიერ ცივილიზაციასთან შეიძლება ყოფილიყო კავშირში. ბევრი თანამედროვე ასტრონომი ვარსკვლავის ირგვლივ დღემდე დაისონის სფეროს არსებობას ვარაუდობს.


მიუხედავად უამრავი დაკვირვების და ანალიზისა, დაზუსტებით ჯერჯერობით არავინ იცის, თუ რატომ არის ტაბის ვარსკვლავი ასეთი უცნაური. კოსმოსური მტვერი, უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურა, უზარმაზარი კომეტა და ასტეროიდი - ეს იმ ვერსიათა არასრული ჩამონათვალია, რაც დღემდე აქტიურად განიხილება.


საბოლოოდ ტაბის ვარსკვლავის ფენომენს მხოლოდ მაშინ მოეფინება ნათელი, როცა ჩვენ საკმარისად მძლავრ ტელესკოპებს ავაგებთ საიმისოდ, რათა მისი დეტალური გამოსახულება მივიღოთ, ეს კი სულ მცირე ათწლეულების საქმეა. მანამდე კი შეგვიძლია ვიოცნებოთ და ჩვენს ფანტაზიებს სრულად მივცეთ გასაქანი.


უცხო

1
185
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
185
  
2023, 23 მაისი, 22:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1