x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134329
  • ვიდეო:352456
  • სურათი:508412
5 სახალისო ისტორია გივი ბერიკაშვილზე
image

დღეს, 15 მაისს დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდებოდა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მსახიობს ქართული თეატრის და კინოს ისტორიაში, გივი ბერიკაშვილს.ამ თარიღთან დაკავშირებით გთავაზობთ 5 სახალისო ისტორიას მსახიობის ცხოვრებიდან და შემოქმედებიდან.



*** მსახიობ იური ვასაძე მოგონებიდან



„კახეთში ვართ, ვიღებდით კინოფილმს “სიყვარული ყველას უნდა”. მოგეხსენებათ, ფილმი კომედიური ჟანრისაა და გადაღებაც მხიარულ ტალღაზე მიმდინარეობდა. იმ სოფელში სასტუმრო არ გახლდათ და მოსახლეობამ დაგვინაწილა თავიანთ სახლებში. კახელების სტუმართმოყვარეობა კი იცით, თან - გივი ბერიკაშვილი მაგათი კერპია. დარწმუნებული ვარ, საქართველოში რომ მდგომარეობა ოდნავ გამოსწორდება, გივის ძეგლსაც დაუდგამენ კახელები. მანამდე კი ვიღაც თაყვანისმცემლებმა ოთხი პატარა და დიდი ზომის საზამთრო აჩუქეს. - ჩააცივე ახლა იურა შენთან წყალში ეს საზამთროები, საღამოს მოვალთ გადაღებიდან და შევექცეთ. ეს ამბავი დილით მოხდა. წავიღეთ მე და ტრისტან სარალიძემ ეს საზამთროები “ნომერში” და სამი შემოგვეჭამა. დარჩა ერთი წრიპა საზამთრო და შევინახეთ წყალში დიდი ამბით გივისთვის. მოსაღამოვდა, მორჩა გადაღება, მოვლასლასდით გადაღებიდან გასავათებულები, ტრისტანი არ ჩანს, შევრჩი გივის და საზამთროს მარტო. - აბა, გამაიტა საზამთროები, - მეუბნება გივი. - რა უნდა გამოვიტანო? – დამასხა ოფლმა სიცხისგან და უხერხულობისგან ერთბაშად. რა გამოვუტანო, გასკდეს ჩემი და ტრისტანას გასახეთქი მუცლები, რა მოვიფიქრო? - ჰა, გამაიტანე, ჯო! – გამიმეორა გივიმ. ღმერთმა არ გამწირა და იდეა მომივიდა, გავლასლასდი მეორე ოთახში, გამოვიტანე ის გასაცოდავებული საზამთრო, დავდე მაგიდაზე და ვითომ აქაც არაფერი, დანას დავუწყე ძებნა. გივიმ საზამთროს შეხედა, არ მოეწონა. ეპატარავა. პატარაა და აბა, რა იქნება! ამოიღო სათვალე, მოირგო თვალზე. მაინც პატარაა! შეიშმუშნა. - რა იყო, გივი? – “შევჯექი ტყემალზე”. - კაცო, ე რა ჩემსავით პატარა გამოიტანე, უფრო დიდებიც იყო, მახსოვს. - კარგი, ბატონო, დიდს გამოვიტან, - დავავლე საზამთროს ხელი, გავიტანე მეორე ოთახში ისე, რომ ხელიდან არ გამიშვია, ამოვასველე წყალში და შემოვიტანე ისევ. - ოო, ეს კი ჯობია, მაგრამ უფრო დიდიც იყო იქა, - “ესეც” დამიწუნა გივიმ. მესამედ რომ წავიღე და შემოვიტანე, მოეწონა. აი, ეს მესმისო და გავჭერით. ვჭამდით და იცინის, - შენ მე შტერი გეგონე, მოტყუება გინდოდა და არ ჩაგივიდა ფეხი, მაინც დიდი საზამთრო გაგაჭრევინეო”.





***გივი ბერიკაშვილი, თენგიზ მაისურაძე და ლეო ანთაძე ზუგდიდში, სპექტაკლის მერე რესტორანში დაპატიჟეს. სუფრას ცნობილი ადგილობრივი კოლორიტი როსტომ ყენია უძღვებოდა. თამადას ტრადიცია ჰქონდა, რომ თანამეინახეების სახელს უცბად მოუძებნიდა ხოლმე შესაფერის რითმას და სადღეგრძელოს ლექსად ეტყოდა. დააპირა, მაგრამ გივი ბერიკაშვილმა სთხოვა, არ გაეკეთებინა ეს: გივის ერთადერთი რითმა ვირია და ვირს ხომ არ ადღეგრძელებთო...

სუფრაზე სიცილი ატყდა და ჯერაც არ დამცხრალიყო, რომ თენგიზ მაისურაძემ ბერიკაშვილს უთხრა:

– შენ კიდევ რა გიჭირს, ჩემო გივი და ანთაძემ იკითხოს, რადგან მას ლეო ჰქვიაო...




***ჯერ დაიხოცნენ მერე იქორწინეს-გივი ბერიკაშვილის მოგონებიდან


ეს სპექტაკლი ვასო გოძიაშვილის „გედის სიმღერად” იქცა. ამ გადაღებების შემდეგ სცენაზე აღარც გამოსულა და მალე გარდაიცვალა კიდეც. ერთ დღეს მივედი გადაღებაზე და ჩოჩქოლია. რა ხდება-მეთქი? გოძიაშვილმა შემოგვითვალა, გრიპია მოდებული და სახლიდან ვერ გამოვალო. საგონებელში იყო ჩავარდნილი მთელი ჯგუფი – რა ვქნათ, არ ვიცით. არადა, სხვა დროს ამ სტუდიას აღარ მოგვცემენო – ეს ერთი გადაღების დღე იყო დარჩენილი. მე ვუთხარი: ნუ ნერვიულობთ, თქვენ მიდით, ყველაფერი გაამზადეთ, დავიდიჩს მე მოვიყვან-მეთქი. წავედი. ფილარმონიასთან ცხოვრობდა. გზად აფთიაქში შევიარე, ორი ცალი პირბადე ვიყიდე, ერთი ცხვირზე ავიკარი, მეორე ხელში მეჭირა. დავრეკე ზარი. კარი თვითონ გამიღო. ვაჰ, ვაჰ, რა სწორად გიქნია, ცხვირი რომ აგიკრავსო, – ამ სიტყვებით შემომეგება. უნდა წავიდეთ-მეთქი. არა, რას ამბობ, გრიპი მინდა ახლაო? რას ამბობ, დავიდიჩ, აბა, ეს დოლბანდი რისთვის მოვიტანე, მთელი ქალაქი დოლბანდაკრული დადის-მეთქი. შენობის შიგნით კიდევ, გრიპის ვირუსი არ აღწევს, იქ დაცული იქნები. გადავიღოთ ეს ბოლო სცენა და უკანვე მოგიყვან-მეთქი. ძლივს დავითანხმე. ახლა, წარმოიდგინეთ, დოლბანდახევულები მე და ვასო რა სანახავები ვიქნებოდით, ქუჩაში რომ გამოვედით. ჩავსხედით მანქანაში და წავედით ტელევიზიაში. გზაზე გოძიაშვილმა შეამჩნია, რომ დოლბანდი არც არავის უკეთია ქუჩაში. გაგიჟდა. შენ რა, მასხრად მიგდებ?! აბა, ახლავე დამაბრუნე უკანო. უკან ვინღა დააბრუნებდა, ძლივს წამოვიყვანე. ასე მივიყვანე ბოლო გადაღებების დღეს. უკან რომ მივიყვანე, დაიწუწუნა, ახლა ზევით რა ამიყვანსო. ვუთხარი: თუმანი მომეცი და მე აგიყვან ზურგით-მეთქი... დაეჭვებულმა შემომხედა: ხუთი მანეთი არ გეყოფაო?!



***ზურაბ ქაფიანიძის მოგონებიდან


„მიუხედავად იმისა, რომ კინოფილმ „ლონდრეში” მცირე ეპოზიდური როლი მაქვს, მასში მონაწილეობამ დიდი სიხარული მომანიჭა. გადაღების პროცესი ძალიან მხიარულად მიმდინარეობდა და ზოგჯერ, გივი ბერიკაშვილი ცოტას ეშმაკობდა კიდეც, რაც არცაა გასაკვირი. ის ხომ, ფაქტობრივად, შიშველ ეშმაკს განასახიერებდა... ფილმში ერთი სცენაა, რომელიც სულ რამდენიმე წამი გრძელდება. გივი შედის ქალების აბანოში და მას აწივლებული, შიშველი ქალები სხვადასხვა ნივთს ესვრიან. ამ სცენის გადასაღებად, რეჟისორმა თამაზ მელიავამ სამხატვრო აკადემიის „ნატურშიცები” მიიწვია, რომლებიც დედიშობილა ბანაობდნენ გოგირდის აბანოში. ამ სცენის გადაღებას ესწრებოდნენ მხოლოდ გივი, ოპერატორი გიორგი კალატოზიშვილი და რეჟისორი თამაზ მელიავა. დანარჩენებს იქ შესვლა აკრძალული გვქონდა, რადგან ასე ისურვეს „ნატურშიცებმა.” წესით, ეს სცენა მაქსიმუმ ორ დუბლში უნდა ჩატეულიყო. სინამდვილეში კი, მის გადაღებას ოცი დუბლი და რამდენიმე კილომეტრი ფირი დასჭირდა. დუბლს ის აფუჭებდა, რომ როგორც კი გივი აბანომდე მიაღწევდა, წაიქცეოდა და ყველაფერი თავიდან იწყებოდა. მეოცე დუბლის წინ, თამაზ მელიავა დაემუქრა გივის: თუ კიდეც წაქცეულხარ, როლიდან მოგხსნი და სხვას ავიყვანო. მეორე დუბლი გივიმ მშვიდობიანად ჩაათავა და მხოლოდ ფილმის დასრულების მერე გამომიტყდა:

– ბიჭო, განა მართლა ფეხი მიცურდებოდა და ვვარდებოდი, განგებ ვაკეთებდი. იქ, ისეთი ტანწერწეტა „ნატურშიცები” იყვნენ, რომ მათ სხეულს თვალს ვერ ვწყვეტდიო.

ასეთი ოხერია გივი და ისე ოსტატურად ეშმაკობდა, რომ მთელი გადამღები ჯგუფი გააბითურა.





***ზესტაფონელი ვირი- გივი ბერიკაშვილის მოგონებიდან



ჩემი სიდედრი ხონელი იყო, სიმამრი – ქუთაისელი. ცოლი ახალი მოყვანილი მყავდა და ჩავედით ხონში, ცოლის ბიძაშვილებთან. იმერლებმა ახალი სიძე თუ არ წაახდინეს და ბაჟეში თავი არ ჩააყოფინეს, ისე რა მოასვენებთ... ხან ცოტა არაყს გამირევდნენ, ხან ღვინოს მოიპარავდნენ. რიგრიგობით ეცემოდნენ ბრძოლის ველზე. ლეილას შეეცოდა ცოცხლად გადარჩენილები და სთხოვა, მოეშვით ამ ჩემს ქმარს, კახელია, თქვენ ამის დამთრობი არ ხართ და, მოგკლავთ, თქვე უბედურებოო... ღვინით რომ ვერ მაჯობეს, კახელებზე ანეკდოტების მოყოლა დაიწყეს. ცოტა ხანს ვუსმინე, ვუსმინე და მერე ვუთხარი: მეც მოგიყვებით ერთ ანეკდოტს კახელებზე-მეთქი. კახელმა თელავიდან ვირი წამოიყვანა ქუთაისში გასაყიდად. მიდიან, მიდიან, გადაიარეს ნახევარი საქართველო და ზესტაფონში უცებ გაწვა ვირი. „ადე, ვირო! ადე, ვიროს” ძახილით აიკლო კახელმა იქაურობა. გამოესარჩლა ვირს ერთი ზესტაფონელი კაცი: პირუტყვი როა და ხმას ვერ გცემს, ამიტომ უნდა მოკლაო?! წადი, თქვენი ასე და ისეცო, – წაუკახურა თელაველმა და ვირის ცემა განაგრძო. გაბრაზდნენ იმერლები, ეს შენი კახელი კარგად მიტყიპეს და თავის ვირთან მიაგდეს. ცოტა ხნის შემდეგ, ოდნავ ჭკუაზე მოსულმა კახელმა ვირს გადახედა და უსაყვედურა: ამოდენა ბიძაშვილები თუ გყავდა ზესტაფონში, თელავში ვერ მითხარიო?..

3
1610
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1610
  
2023, 22 მაისი, 23:21
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 19 მაისი, 23:33
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 17 მაისი, 23:14
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3