x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ვასილი სტალინის აღზევება, დაკავება და გაურკვეველი სიკვდილი
image


70 წლის წინ, 1953 წლის 28 აპრილს დააპატიმრეს სტალინის უმცროსი ვაჟი, ვასილი სტალინი, რომელიც 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ მალევე გარდაიცვალა 40 წლის ასაკში.ქვემოთ გაეცნობით საინტერესო დეტალებს მისი ხანმოკლე ცხოვრებიდან.



ვასილი სტალინი დაიბადა 1921 წლის 24 მარტს მოსკოვში. იგი იოსებ სტალინისა და მისი მეორე ცოლის, ნადეჟდა ალილუევას პირმშო იყო.


დედის თვითმკვლელობის შემდეგ, ვასილი ფაქტობრივად მამასაც იშვიათად ხედავდა, მისი აღზრდა ითავა ბელადის უსაფრთხოების უფროსმა, გენერალმა ნიკოლაი ვლასიკმა, ასევე მისმა ხელქვეითებმა.



დაახლოებით 17 წლის იყო, როცა კაჩინის საავიაციო სკოლაში შევიდა. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა კაცს არ მოსწონდა თეორიული სწავლებები, სინამდვილეში ის შესანიშნავი მფრინავი აღმოჩნდა. დიდი სამამულო ომის (1941-1945) დროს მსახურობდა მოსკოვის სამხედრო ოლქის საჰაერო ძალების მებრძოლ პოლკში, სადაც რეგულარულ ფრენებს ასრულებდა.

image


ომის დროს არაერთხელ მიიღო ოფიციალური შენიშვნა მამისგან და არაერთხელ დაუქვეითეს წოდება სხვადასხვა დანაშაულის გამო (მაგ: ომის დროს ვასილიმ მოაწყო თევზაობა საავიაციო რეაქტიული რაკეტებით, რის გამოც დაიღუპა მისი პოლკის ინჟინერი, ხოლო ერთ-ერთი საუკეთესო მფრინავი დაიჭრა და სამუდამოდ ვეღარ შეძლო ფრენა)


მთლიანობაში ომის დროს განახორციელა 26 საბრძოლო გაფრენა; ერთი მონაცემებით ჩამოაგდო ხუთი გერმანული თვითმფრინავი, მეორე მონაცემებით სამი, მესამეს თანახმად კი 2 პირადად და 3 ჯგუფში. დაჯილდოვდა ალექსანდრე ნევსკის, სუვოროვის მეორე ხარისხის და წითელი დროშის ორდენით.

image

ომის შემდგომ ვასილი მოსკოვის სამხედრო ოლქის საჰაერო ძალების სარდალი გახდა.


იგი სპორტის დიდი მოყვარული იყო, დააარსა მოსკოვის სამხედრო ოლქის საჰაერო ძალების ჰოკეის და ფეხბურთის გუნდები, სადაც სხვა გუნდებიდან ძლიერი სპორტსმენები გადაჰყავდა.


ასევე ვეტერანები იხსენებენ, რომ სწორედ მისი ორგანიზებით მოხდა 500 ფინური სახლის მშენებლობა, რომლებშიც მფრინავების და ავიატექნიკოსების 3 გარნიზორის ოჯახები დასახლდნენ და რომლებიც ადრე მიწურ ქოხებში და ყაზარმებში ცხოვრობდნენ. მისივე წერილობითი ბრძანებით, მან აიძულა ოფიცრები საღამოს სკოლებში ესწავლათ, რათა ყველას საშუალო განათლება მიეღო..


იგი თანამდებობიდან გაათავისუფლეს 1952 წლის ივლისში, მას შემდეგ, რაც ტუშინოს აეროდრომზე საჰაერო ფლოტის საზეიმო ღონისძიების დასრულების შემდეგ, იგი ნასვამ მდგომარეობაში მივიდა სამთავრობო მიღებაზე და უხეშად მიმართა საჰაერო ძალების მთავარსარდალ პ.ფ.ჟიგარეევს.


ამის შემდეგ, იოსებ სტალინმა გააძევა იგი დარბაზიდან და თან შეახსენა, რომ 1952 წლის 1 მაისს, წითელ მოედანზე საჰაერო აღლუმზე, რომლის ორგანიზება უშუალოდ ვასილის ევალებოდა, დაბალი ღრუბლიანობის გამო, დაშვების დროს, ორი უახლესი რეაქტიული ბომბდამშენი ილ-28 ჩამოვარდა.


მამამისის გარდაცვალების შემდეგ 1953 წლის 5 მარტს, სსრკ-ს თავდაცვის მინისტრმა ნიკოლაი ბულგანინმა მას მოსკოვიდან წასვლა და სხვა ოლქის სარდლობა უბრძანა. ვასილი სტალინმა ბრძანება არ შეასრულა, რის გამოც თანამდებობიდან დაითხოვეს და სამხედრო ფორმის ტარებაც აუკრძალეს.



იგი დააპატიმრეს 1953 წლის 28 აპრილს და ბრალი წაუყენეს ცილისმწამებლური განცხადებების გამო, რომლებიც მიზნად ისახავდა კომუნისტური პარტიის ლიდერების დისკრედიტაციას. გარდა ამისა, გამოძიება მას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, ფიზიკურ ძალადობას, ინტრიგას ედავებოდა, რის შედეგადაც ადამიანები დაიღუპნენ. გამოძიება ორწელიწადნახევარი გაგრძელდა, მთელი ამ ხნის განმავლობაში ის პატიმრობაში იმყოფებოდა. გამოძიების დროს ვასილიმ აღიარა ყველაფერი, მათ შორის ყველაზე სასაცილო ბრალდებებიც.


ვასილი სტალინს „ანტისაბჭოთა პროპაგანდის“ გამო 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.


სასჯელს ვლადიმირის ცენტრალში იხდიდა, როგორც "ვასილი პავლოვიჩ ვასილიევი". მისივე თხოვნით დაინიშნა ციხის მეურნეობის მექანიკოსად. როგორც ციხის მორიგე ალექსანდრე მალინინი იხსენებდა, სტალინი კარგი ხარატი იყო, იგი გადაჭარბებით ასრულებდა გეგმას. მან ასევე გაიხსენა, რომ იქ ხელსაწყოების შოვნა რთული იყო და მისი თხოვნით, მისმა მეუღლემ ჩამოუტანა ორი მძიმე ჩემოდანი საჭრელებით და სახარატე ჩარხის სხვა აქსესუარებით.


ვასილი ციხეში მძიმედ დაავადდა, ფაქტობრივად ინვალიდი გახდა.


აპროტესტებდა დაუსაბუთებელ დაკავებას, მან არაერთხელ მისწერა წერილები ხრუშჩოვს, ვოროშილოვს, ბულგანინს და სხვებს მისი საქმის შესწავლის მოთხოვნით . წერილები უადგილო იყო, რადგან 1956 წელს გაიმართა სკკპ XX ყრილობა, სადაც დაგმობილი იყო სტალინის კულტი.


ციხიდან 1960 წლის 9 იანვარს, დროზე ადრე გაათავისუფლეს, შეხვდა ნიკიტა ხრუშჩოვს. 21 იანვარს თავდაცვის მინისტრმა შეცვალა 1953 წლის ბრძანება. რედაქტირების შემდეგ, დოკუმენტში ეწერა, რომ ვასილი თავისით განთავისუფლდა არმიიდან;მას სამოთახიანი ბინა მისცეს მოსკოვში და პენსიაც დაუნიშნეს.


1960 წლის 6 აპრილს ვასილი სტალინი კვლავ დააპატიმრა კგბ-მ „ანტისაბჭოთა საქმიანობის გაგრძელების გამო“. ეს გამოხატებოდა ჩინეთის საელჩოში ვიზიტით, სადაც მან თითქოს "ანტისაბჭოთა ხასიათის ცილისმწამებლური განცხადება გააკეთა". ის კვლავ ციხეში დააბრუნეს „სასჯელის დარჩენილი ნაწილის მოსახდელად“. ვასილი სტალინმა მთელი წელი ლეფორტოვოს ციხეში გაატარა.



1961 წლის 28 აპრილს გაათავისუფლეს ციხიდან.. თუმცა, სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1961 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით, იგი 5 წლის ვადით გადაასახლეს ქალაქ ყაზანში, რომელიც დაკეტილი იყო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. მას აგრეთვე აეკრძალა მოსკოვსა და საქართველოში ცხოვრება.



ვასილი სტალინი (ჯუღაშვილი) გარდაიცვალა 1962 წლის 19 მარტს. ექიმების თქმით, ალკოჰოლური მოწამვლისგან .


თუმცა კაპიტოლინა ვასილიევამ, მისმა მესამე მეუღლემ, რომელიც მის დაკრძალვას ესწრებოდა, ეჭვქვეშ დააყენა ალკოჰოლური მოწამვლის ვერსია და აღნიშნა, რომ ექსპერტიზა არ ჩატარებულა.


მწერალმა და დრამატურგმა ედვარდ რაძინსკიმ არ გამორიცხა, რომ ძალადობრივი სიკვდილს ჰქონდა ადგილი.


1962 წლის 21 მარტს ვასილი სტალინი ყაზანში, არსკის სასაფლაოზე დაკრძალეს.


image


0
299
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
299
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0