მუსიკა "ნუცა ყოველთვის განიცდიდა, რომ შეიძლებოდა ვინმე შემყვარებოდა... ერთხელ მითხრა, დედიკო, თუ შენ გათხოვდები, მე შენთან აღარ დავწვებიო" - ნუცა ბუზალაძის დედა 2023, 18 აპრილი, 13:45 დღეს ქართული საზოგადოების ყურადღება ნუცა ბუზალაძისკენაა მიპყრობილი, მისთვის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი დღეა, მას მხარდაჭერა სჭირდება სიმღერის კონკურსზე American Idol -ში. ამ ფონზე გთავაზობს ინტერვიუს ნუცა ბუზალაძესთან და დედამისთან ნინო კანკავასთან, რომელიც ჟურნალ "სარკეში" 2021 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა, ავტორი გახლავთ ია ქუთათელაძე. “ყველაფერს შენთვის ვაკეთებ” – ასე მიმართა მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ დედას კონკურს “ამერიკის ვარსკვლავიდან”. ნუცა ნინო კანკავასთვის ერთადერთი შვილი და განუზომელი ბედნიერებაა. მეუღლესთან გაშორების შემდეგ პირადი ცხოვრების აწყობაზე არასდროს უფიქრია. მთელი ძალა, სიყვარული, ენერგია მის აღზრდას მოანდომა. ნუცა ბუზალაძე და ნინო კანკავა “სარკეს” ესაუბრნენ. ნინო: ნუცა საკეისრო კვეთით გავაჩინე და ექიმმა მითხრა, კი არ ამოვიყვანეთ, თვითონ ამოხტაო. მუსიკალურ ნიჭს აღმოჩენა არ სჭირდებოდა, პირდაპირ ზედაპირზე იყო. სადაც კი გაიგებდა მუსიკის ხმას, იქითკენ გარბოდა. თავისთავად გამოიკვეთა, რომ ნუცას სიმღერა და მუსიკა უნდა ესწავლა. -ძალიან ახალგაზრდა იყავით, როცა მეუღლეს გაშორდით. მხოლოდ ნუცა იყო მიზეზი, რომ მეორედ არ შექმენით ოჯახი? ნინო: სიყვარულით გავთხოვდი. ნუცას მამა შესანიშნავი გარეგნობის იყო, სიმპათიური, კარგად მღეროდა. იმდენად მომხიბვლელი მამაკაცი იყო, რომ მუდმივად ქალების ყურადღების ცენტრში ექცეოდა. ჩვენ სხვა უთანხმოება არ გვქონია, უბრალოდ ჩემთვის აუტანელი გახდა მასზე შეყვარებული ქალების იერიში. ნუცა 4 წლის იყო, როცა დავცილდით. შვილი მამაჩემმა გამაზრდევინა დიდი სითბოთი, ყურადღებით და მზრუნველობით. ნუცა ყოველთვის განიცდიდა, რომ შეიძლებოდა ვინმე შემყვარებოდა. ერთხელ ისიც კი მითხრა, დედიკო, თუ შენ გათხოვდები, მე შენთან აღარ დავწვებიო. მართალი რომ გითხრათ, არასდროს მქონია ოჯახის მეორედ შექმნის სურვილი. ვფიქრობდი, რომ ყველა მამაკაცი ქალების მოყვარული იყო. ნუცა იყო ჩემი ბედნიერება და სხვა არაფერი მჭირდებოდა. არ ვნანობ, რომ ასე ვიცხოვრე. პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ვკითხულობდი ლექციებს, დისერტაციას ვწერდი, ყველაფერი მივატოვე და მთლიანად ნუცას აღზრდაზე გადავერთე. ნუცა არის უფლის საჩუქარი! ჩემი შრომა ასმაგად და ათასმაგად დამიბრუნდა. ნუცა: მინდოდა, დედა მხოლოდ ჩემი ყოფილიყო. კატეგორიულად ვთხოვდი, არასდროს ეფიქრა მსგავსი რამ. ახლა ვიცი, ეგოისტურად მოვიქეცი, შეიძლებოდა დედა ამ მხრივაც ბედნიერი ყოფილიყო. დედა არის ერთადერთი ადამიანი, ვისაც ვერასდროს ვეტყვი ტყუილს, საერთოდაც არ მჩვევია ტყუილები.(განაგრძე კითხვა) 204 2-ს მოსწონს
|