x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"2004 წელს შეყვარებული დამშორდა, დრამატული იყო განშორება... ის ამერიკაში წავიდა, მე - ოზურგეთში" - რას იხსენებს გიორგი კეკელიძე?

imageეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წარსულის საკმაოდ რთულ წლებს იხსენებს, როცა თავის დამკვიდრებას ცდილობდა.



"2004 წელს შეყვარებული დამშორდა. დრამატული იყო განშორება - ისეთი უცნაური სცენარით, მხოლოდ მე რომ მემართება ხოლმე. სხვა ასაკამდე თუ მივაღწიე, ალბათ ძალიან მოსაყოლი ამბავიცაა. მერე - სიბერეში. ჰოდა, ის ამერიკაში წავიდა, მე - ოზურგეთში. უნივერსიტეტი იმ წელს დავამთავრე. წესით მაგისტრატურაში უნდა ჩამებარინება, მაგრამ საბუთების ნაცვლად იმედები ჩავაბარე ეშმაკს, სახლს დავუბრუნდი, ბავშვობის ოთახში დავწექი და ექვსი თვე მხოლოდ საჭმელს მაწვდიდა დედაჩემი. ლაპარაკიც ავუკრძალე. ვიწექი, ჭერზე წვიმისგან გამოხაზულ უცნაურ ფიგურებს რაღაც ცხოველებს ვამსგავსავდები და ვფიქრობდი, რომ ისინიც კი, უსულო და გამოგონილი არსებები ჩემზე გაცილებით ბედნიერები იყვნენ. საღამოს ფანჯარასთან მივდიოდი, ფარდას ოდნავ ვწევდი და ვხედავდი, როგორ ჭრიდა დაჩოქილი მამაჩემი ძროხისთვის ნამგლით ბალახს. ამ სცენას ვიკვიატებდი და ძილში, სიზმრებშიც ასე შრომობოდა მამა. ერთხელ, მორიგი შეღამებისას, მოულოდნელად ჩემს ოთახში ამოვიდა, საწოლის ბოლოში ჩამოჯდა, შემომხედა, მიწის და ბალახის ფერებაზელილი მტევნები გადმოატრიალა და თქვა: “დევიღალე".
თაობების დაღლა იყო მოყოლილი ამ ნათქვამში, მისი, ბაბუაჩემის, ბებიაჩემის, დიდი ბაბუის და იმის მამის და იმის დედის. უშედეგო დაღლების სერიის ტკივილი ვიგრძენი და წამოვჯექი. მეორე დილით, ცხადად მახსოვს, როგორ დავიბანე პირი, სარკეში თავს თვალს ვარიდებდი და ბოლოს მაინც ჩავიხედე. თვალი გავუყარე თვალში დარცხებულ საკუთარ თავს და გადავწყვიტე ყველა დაღლის გამო შური მეძია. მეზობელ ქალს, ნარის, რომელსაც “ბუტკა" ჰქონდა, 30 ლარი ვესესხეთ და წამოვედი თბილისისკენ. შემიფარა ჩემმა მეგობარმა ზაქარია ქიტიაშვილმა. დიდი წილი მასთან, დედამისთან და დეიდამისთან ვცხოვრობდი, იშვიათად - სასულიერო აკადემიის საცხოვრებელში ჩემს მამიდაშვილთან. მაშინ გადავწყვიტე, შემეწყვიტა ადრინდელივით სხვის კარზე კაკუნი და თვითონ ამეშენებენიბა სახლი ანუ არამეტაფორულად რომ ვქვათ, თვითონვე შემექმნა ახალი თაობის ლიტერატურული ჯგუფი. კონცეფცია მე და ზაალ ჩხეიძემ დავწერეთ. ახლა საჭირო იყო გაზეთი. გაზეთისთვის - ფული.
იყო, მისი ვერპოვნა და ღამისგათევა ყარაულის ვაგონში და იმ ყარაულთან შუაღამისას სტუმრების მოსვლა, მათი სმა და თვალის გამოპარება ჩემკენ, როგორც გაუგებარი მაწანწალისკენ, ვითომ რომ მეძინა და მათკენ იქით ვაპარებდი თვალს და გულში ვტიროდი. ვტიროდი მერეც, როცა ნასესხები ფულით მანდარინები ვიყიდეთ აჭარა-გურიაში და აზერბაიჯანის საზღვარზე ნაწილი დაგვილპა, ნაწილი მოგვპარეს. გაზეთისთვის იყო ეს საქმეც წამოწყებული. მოკლედ ბევრი მარცხი და არდანებება. ერთხელ, სასულიერო აკადემიის საცხოვრებლის შეგუებულ ლოგინზე მიგდებულს, მამა დავითმა, იგივე გელამ, მითხრა; მოდი, შორენასთან მიდი ჩემი სახელით და ეგებ ცოტა წაგეხმაროსო ამ ამბავში. გულისხმობდა პატრიარქის სამდივნოს უფროსს, შორენა თეთრუაშვილს. ავდექი და წავედი, ჭკუა დამიშლიდა თუ ხასიათი? მოსაცდელში მცირე რიგი იყო, ჩემს წინ ორი ქალი იჯდა, ერთი მათგან, ნატო შავლაყაძე, გამესაუბრა და გურიასთან გამოვძებნეთ კავშირი. ამ ლაპარაკში მისი მოსვლის მიზეზიც მითხრა - რუსთავის ციხეში პროექტს ვიწყებთ, პატიმრებს ქართულ ლიტერატურაზე პატარა გაკვეთილები უნდა ჩავუტაროთ და ერთი მათგან ქალბატონი შორენას თანაშემწეა, რეზო შარაბიძე (ახლაც იქ მუშაობს, საპატრიარქოში) და მეორეს ვეძებთ, ცხადია, ბიჭი უნდა იყოს, ფილოლოგი და არც ციხეში შესვლის უნდა ეშინოდესო. წინა მთელი წელი სამსახურს ვეძებდი და აგერ უცებ - ბიჭი, ფილოლოგი, ციხეში შესვლის დიდად არმოშიში ჩემი მძებნელის წინაშე ვიჯექი და მეტი სასწაული რაღა გინდათ? ვიყვირე, კაცო, სად ეძებთ, აგერ ვარ, ლიტერატურაც ვიცი, ლექსებსაც ვწერ და ლაპარაკიც მეხერხება ცოტა-მეთქი! ქალბატონ შორენასთან აღარც შევსულვარ და ასე დავიწყეთ მე და რეზომ გაკვეთილების ჩატარება რუსთავის ციხეში.
მერე ზაალი ჩავრთე ამ საქმეში და იქაური ხელფასით გამოვეცით პირველი გაზეთი - "ლ'ილ". ფრანგულად კუნძულს ნიშნავს ლ'ილ. მთავარ რედაქტორად გამოგონილი პერსონაჟი რაფაელო მიურა “დავნიშნეთ". არაერთი ნომერი გამოვეცით და უამრავი ნიჭიერი ავტორი გამოვაქეყნეთ იმ თაობის. მერე ელექტრონულ ბიბლიოთეკა lib.ge - დ გადავაკეთეთ.
ამ სიგრძე ამბავი კი გუშინდელი გზავნილის გამო მოგიყევით - ერთმა გოგომ მოულოდნელი ნახატი გამომიგზავნა, 2005 წელს რომ დაუხატავს. “ლ'ილ" - ის გამოა ეს სურათი შექმნილი, იმ საღამოების გამო, უნივერსიტეტის 93-ე აუდიტორიაში რომ ვმართავდით. თმების დროა ის დრო, კეპის არა. იქვე დეკანატის სარკეში ვიჩეჩავდი “მოდურად", მანერული ნაბიჯებით შევდიოდი სავსე დარბაზში და კიდევ უფრო მანერული ხმით მიმყავდა საღამო. მოკლედ დიდი ეპოქაა ჩემი ცხოვრების ეს ნახატი და მომინდა თქვენც გენახათ."
0
66
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
66
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0