x
მეტი
  • 06.12.2023
  • სტატია:132162
  • ვიდეო:357617
  • სურათი:506758
რა იმალება “არაფრის” მიღმა? - ყველაზე ფანტასტიკური დასკვნები სიმართლე აღმოჩნდა
“არაფრის” კონცეფცია უკვე ათასწლეულების მანძილზე აქტიურად განიხილება მეცნიერების და ფილოსოფოსების მიერ. მაგრამ რამდენად რეალურია მისი არსებობა? რა დგას “არარას” მიღმა?


უახლესი სამეცნიერო კვლევების შედეგებზე დაყრდნობით თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ “არაფრის” არსებობა რეალურად ილუზიაა. “არაფერი, ” როგორც ასეთი, არ არსებობს. თვით იმ შემთხვევაშიც კი, თუ რომელიმე ჰერმეტული ჭურჭლიდან უმძლავრესი ჰაერტუმბოს გამოყენებით მატერიის თითოეულ ატომს ამოვტუმბავთ და დარჩენილ ვაკუუმს მინუს 273, 16 გრადუსზე (კელვინის აბსოლუტური ნული) გავაციებთ, მასში მაინც იარსებებს “რაღაც.” ამ “რაღაცას” თანამედროვე სამეცნიერო ენაზე კვანტური ქაფი ეწოდება. ეს ქაფი უაღრესად აქტიურია. მასში გამუდმებით ჩნდება და ქრება უთვალავი განსხვავებული ბუნების ნაწილაკი.


რანაირად შეიძლება ნაწილაკი თან არსებობდეს და თან არ არსებობდეს? კვანტურ სამყაროში ეს შესაძლებელია. იქ შესაძლებელია, კატა თან მკვდარი იყოს და თან ცოცხალი. ეს მართლაც ფანტასტიკური ამბავია, მაგრამ სრულიად რეალური.


ერთ-ერთ ფუნდამენტურ კვანტურ პრინციპს ჰაიზენბერგის არაბასრულობის პრინციპი ეწოდება. ამ პრინციპის თანახმად სუბატომური ნაწილაკების მდებარეობის და მოძრაობის იდეალური სიზუსტით გაზომვა შეუძლებელია.



თქვენ შეიძლება გაზომოთ ნული, მაგრამ აღმოაჩენთ, რომ ნული ყოველთვის ნული არ გახლავთ. ის დროის მცირე მონაკვეთში ყოველთვის ნულზე მეტია.


ამ ფანტასტიკურ ფაქტს თუ აინშტაინის ცნობილ განტოლებას, E = mc 2-ს დავუმატებთ, რეალობა კიდევ უფრო ფანტასტიკური მოგვეჩვენება. აინშტაინის განტოლების თანახმად ჩვენ ვიცით, რომ ენერგია მატერიაა და პირიქით. ამ მოცემულობის კვანტურ თეორიასთან კომბინირებით კი აღმოჩნდება, რომ იმ ადგილზე, რომელიც სრულიად ცარიელი გვეგონა, მატერია ძალიან მცირე ხნით სრულიად არაფრისგან ჩნდება, უკვალოდ უჩინარდება და დროებით ელემენტარული ნაწილაკების კვალს ქმნის.


ამრიგად, ცარიელი სივრცე კვანტურ დონეზე სულაც არ გახლავთ ცარიელი. პირიქით, ის ძალიან ცოცხალი და ჰიპერაქტიური ადგილია, სადაც გამუდმებით ჩნდებიან და ქრებიან ელემენტარული ნაწილაკები, ზუსტად ისე, როგორც ქაფი ჩნდება ახლად გახსნილი ლუდის ტოლჩის თავზე.


დღესდღეობით კვანტური ქაფის არსებობა სამეცნიერო ექსპერიმენტების მეშვეობით უტყუარად დადასტურებული ფაქტია. ის საბოლოოდ 2001 წელს დადასტურდა, როცა კაზიმირის ეფექტის ნამდვილობა შემოწმდა. ამიტომ ჩვენს თაობას უკვე დაბეჯითებით შეუძლია თქვას, რომ “არაფრის” არსებობა სრულიად არარეალურია და “არარა” ფაქტიურად არც არსებობს.


ქაფი

2
571
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
571
  
11 აპრილი, 23:10
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

11 აპრილი, 1:06
ლაო ძი საუკუნეების წინ წერდა თავის ,, დაო დე ძინ"-ში, რომ ყველაფრის წარმომქმნელი დიადი სიცარიელეა ანუ არაფერი...... დოქს თიხისგან აკეთებენ, მაგრამ დოქის არსი მასში არსებულ სიცარიელეშია..............
0 1 2