x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
გოგონა, რომელიც საზოგადოების ნაწილს უსულოდ მიაჩნდა

სპეციალისტებისთვის ის გამარჯვების სიმბოლოდ იქცა, მორწმუნეებისთვის – ბოროტებად და ღვთის კანონების დამრღვევად. ხოლო მშობლებისთვის, საყვარელი და დიდი ხნის ნანატრი შვილი იყო.

ეს ოჯახი ისევე შეიქმნა, როგორც მილიონობით ახალგაზრდა ოჯახი მანამდე. ბრიტანელ პიტერ ბრაუნს და ლესლის ერთმანეთი შეუყვარდათ და თავიანთი ურთიერთობა დააკანონეს. შემდეგ კი, ოჯახის გაზრდაზეც დაიწყეს ფიქრი.


image


მაგრამ ქალის დაორსულების ყველა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. დრო გადიოდა, წელი წელს მისდევდა და ბოლოს, წყვილმა ექიმთან მისვლა გადაწყვიტა. ქორწინების მე–9 წლისთავზე, ლესლიმ შეიტყო, რომ უნაყოფო იყო და დედა ვერასდროს გახდებოდა. ასეთი დიაგნოზის მოსმენის შემდეგ, მან ტირილი დაიწყო და მეუღლეს დაშორება სთხოვა.

– წადი და ნორმალური ქალი მოძებნე, ვიდრე დრო ჯერ კიდევ გაქვს – უთხრა მან ქმარს.


imageპატრიკ სტეპტოუ და რობერტ ედვარდსი


მაგრამ პიტერს მეუღლესთან დაშორება არ უნდოდა და არც მამობაზე აპირებდა უარის თქმას. სამედიცინო დაწესებულებებში სიარულის და კონსულტაციის დროს, მეუღლეებმა გინეკოლოგი პატრიკ სტეპტოუ და პროფესორი რობერტ ედვარდსი გაიცნეს. მედიკოსები სწორედ იმ დროს, ხელოვნური განაყოფიერების მეთოდებზე მუშაობდნენ და ბრაუნებს ექსპერიმენტში მონაწილეობა შესთავაზეს. თუმცა, ის არ უთქვიათ, რომ მანამდე, 50–მდე ცდა უკვე ჩატარებული ჰქონდათ და ყველა უშედეგოდ დასრულდა.


imageლიზი ბრაუნი


1977 წლის შემოდგომაზე მათგან ბიოლოგიური მასალა აიღეს, სინჯარაში კვერცხუჯრედი სპერმატოზოიდთან შეაჯვარეს და უკვე გამზადებული ემბრიონი, ქალს გადაუნერგეს... და საოცრება მოხდა! ლესლი დაფეხმძიმდა.


imageლიზი მშობლებთან ერთად


მას შედეგ, რაც აღნიშნულმა ინფორმაციამ პრესაში გაჟონა, ჟურნალისტებმა წყვილზე "ნადირობა" დაიწყეს. გართულების თავიდან ასაცილებლად, ლესლი აღრიცხვაზე სხვა სახელით დარეგისტრირდა და მშობიარობამაც საიდუმლო ვითარებაში ჩაიარა.

გოგონა ქვეყანას 1978 წლის 25 ივლისს მოევლინა და მშობლებმა მას ლუიზა ჯოი (joy – «სიხარული») დაარქვეს.



image


ლესლის 24 სთ–იანი დაცვის მიუხედავად, ინფორმაცია "საოცარი" გოგონას დაბადების შესახებ, მედიაში მაინც მოხვდა... საზოგადოების აზრი ორ ნაწილად გაიყო. ერთნი ბრაუნებს ქალიშვილის შეძენას ულოცავდნენ, ხოლო სხვები, წყევლიდნენ და ღვთიური კანონების ფეხქვეშ გათელვაში ადანაშაულებდნენ. ამის მიზეზი კი, ის იყო, რომ როგორც თავად ამტკიცებდნენ, "სინჯარის ბავშვი" ღმერთის ჩანაფიქრს ეწინააღმდეგებოდა... ერთხელ ბრაუნებმა ამანათიც კი მიიღეს, რომელშიც გატეხილი სინჯარა და წითელი საღებავით დასვრილი, გამოძერწილი ემბრიონი იდო.


image


საზოგადოების მღელვარება ამ საკითხთან დაკავშირებით, მეტ–ნაკლებად, მას შემდეგ ჩაცხრა, რაც კარდინალმა ალბინო ლუჩანიმ (რომის პაპი იოანე პავლე I) საჯაროდ განაცხადა, რომ ბავშვს მშვიდი პირადი ცხოვრების უფლება ჰქონდა, რადგან მისი მშობლებისთვის, ეს შვილის გაჩენის ერთადერთი გზა იყო.


ლიზი ჩვეულებრივი გოგონა იყო და თანატოლებისგან არაფრით განსხვავდებოდა. თუმცა არა, სხვაობა მაინც იყო – ის გამუდმებით, ყურადღების ქვეშ იმყოფებოდა. გოგონას პრობლემები ჰქონდა სკოლაშიც, რადგან იმ დროს, ჯერ კიდევ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც არ ესმოდათ, თუ რა იყო ინ ვიტრო განაყოფიერება. გოგონას დასცინოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ის ლაბორატორიაში აწყობილი რობოტი იყო.


image


თუმცა, ლიზი მსგავს დამცირებაზე არ რეაგირებდა. მითუმეტეს, რომ იმ პერიოდისთვის, აღნიშნული მეთოდით, უკვე 30–ზე მეტი ბავშვი იყო დაბადებული, ხოლო მისი და, ამ სიაში, მე–40 იყო...

წელს ლიზის 45 წელი შეუსრულდება. გათხოვილია და 2 ვაჟიშვილის დედაა. ბავშვებთან არის დაკავშირებული მისი პროფესიული საქმიანობა – პირველი "სინჯარის ბავშვი", დიდი ხნის მანძილზე, ძიძად მუშაობდა.


image


ერთადერთი, რაზეც ლიზის გული სწყდება, ის არის, რომ იმ ადამიანებმა, რომლებმაც მას სიცოცხლე აჩუქეს, აღიარება ძალიან გვიან მოიპოვეს: რობერტ ედვარდსმა ნობელის პრემია, ხელოვნური განაყოფიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, 2010 წელს მიიღო, ანუ წარმატებული ექსპერიმენტიდან, 32 წლის შემდეგ. მაშინ ის უკვე მოხუცი და ავადმყოფობით იმდენად დაუძლურებული იყო, რომ ჯილდოს მისაღებად ვერც კი მივიდა.

დღეს, ხელოვნური განაყოფიერების მეთოდით, მილიონობით ადამიანი იბადება. თუმცა, ეს საკითხი, მორალური თვალსაზრისით, ბევრისთვის ჯერ კიდევ ღია და აქტუალურია.


image

არხის სხვა სიახლეები:


* მეცნიერებმა უძველესი ცივილიზაციების დაღუპვის მიზეზი დაასახელეს

* მონსტრები თუ ჩვეულებრივი ადამიანები? – მესამე რაიხის ყოველდღიურობა (20 ფოტო)

* ყველაზე დიდი და ყველაზე პატარა გველი დედამიწაზე

* რაც არ უნდა გავაკეთოთ, აუცილებლად გამოჩნდება ვიღაც, ვინც არ დაგვეთანხმება...

* მეგალითური ნაგებობები, ცივილიზაციის კატეგორიები და ჩვენი ადგილი რეიტინგში, განვითარების დონის მიხედვით

* რას ნანობდა სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ალბერტ აინშტაინი?

* დედამიწაზე ჩვენამდე გოლიათები ცხოვრობდნენ



2
1014
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1014
  
2023, 23 მარტი, 22:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 21 მარტი, 23:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2