x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ეს ამბავი არავინ იცის ჩვენს გარდა" - რას წერს შალვა რამიშვილის ყოფილი მეუღლე დათო ტურაშვილზე

image


შალვა რამიშვილის ყოფილი მეუღლე, თეა აბაშმაძე სოციალურ ქსელში მწერლ დათო ტურაშვილის შვილის პოსტს ეხმაურება და დათო ტურაშვილთან დაკავშირებით ერთ ისტორიას იხსენებს, რომელიც მის ადამიანობასა და კეთილშობილებას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს:


"ჩემი წარსული ცხოვრების ერთ-ერთ უმძიმეს პერიოდში, როცა ჩემს ოჯახს ძალიან უჭირდა, პატარა სილამაზის სალონი გავაკეთე წვალებით და რაღაცნაირად გაგვქონდა თავი. ერთხელაც, მენეჯერი მეუბნება, ვიღაც კაცი გკითხულობსო. გამოვედი და ვხედავ დათო ტურაშვილი დგას სალონის ფოიეში. დათოს კი ვიცნობდი, მაგრამ არ იყო ჩემი ახლო მეგობარი და გამიკვირდა მისი დანახვა, თუმცა სიხარულით შევხვდი და ჩამოვჯექით სალაპარაკოდ. მოვიკითხეთ ერთმანეთი, ვსაუბრობთ, ძალიან გულღია ადამიანია, ვინც იცნობთ გეცოდინებათ. ხოდა, თან ვატყობ, რომ ნერვიულობს, აშკარად რაღაც საქმეზეა მოსული და უჭირს თქმა. ბოლოს, ვეღარ მოვითმინე და ვკითხე: - ვხვდები, რომ რაღაცის სათქმელად მოხვედი და მითხარი, არ მოგერიდოს-თქო.


ჯიბიდან ამოიღო კონვერტი და დარცხვენილი სახით მაწვდის, გეხვეწები სწორად გამიგე რასაც გეტყვიო. შენზე ხშირად ვფიქრობო, წარმოვიდგენ, მე რომ დამიჭირონ, ჩემს ცოლს რა ეშველებაო, რამხელა ტვირთის ტარება მოუწევსო. ხოდა, გულმა ვეღარ მომითმინა, გუშინ ჩემი წიგნის ჰონორარი ავიღე და მინდა გადმოგცე, ცოტათი მაინც წაგეხმაროო. ეხლაც თვალწინ მიდგას, თავდახრილი როგორ მეუბნებოდა ამას, ხელში კონვერტით. ძალიან გავვოცდი, თან ცრემლები მომადგა გული ისე ამიჩუყდა.


გადავეხვიე და ვუთხარი: - მადლობა დათო, მართლა არ მჭირდება, მაქვს საკმარისი შემოსავალი-თქო. მენეჯერს აღრიცხვის ჟურნალიც კი მოვატანინე, რომ მეჩვენებინა ჩემი ყოველდღიური შემოსავალი, ბევრი არა, მაგრამ რაც იყო, ხომ იყო და მინდოდა დაენახა, რომ ასე თუ ისე ვირჩენდით თავს. - ვერ გამოგართმევ დათო, შენც ოჯახი და წვრილშვილი გყავს, მაგრამ ჩემთვის იგივეა, რომ გამოგართვი, შენც ასე ჩათვალე, რომ მომეცი ეს ფული და მშვიდად იყავი, ხომ ხედავ ფეხზე ვდგავარ და აღარ ინერვიულო ჩვენზე-თქო.


ძალიან უხერხულად იყო, არ იცოდა რა ექნა, თან ახალი გადატანილი ქონდა გულის შეტევა და ვიცოდი მისთვის არ შეიძლებოდა აღელვება. არ ვიცოდი, როგორ მეგრძნობინებინა ჩემი მადლიერება იმ ადამიანობისთვის რაც გამოამჟღავნა, რაღაც სიტყვებს ვეუბნებოდი, მადლობებს, მაგრამ მაინც უხერხულად იყო და მალევე წავიდა. ეს ამბავი არავინ იცის ჩვენს გარდა, მას მერე ალბათ 15 წელი გავიდა, მაგრამ არ დამვიწყებია, ახლაც ცოცხლად მახსოვს მისი გულწრფელი საქციელი და შეწუხებული სახე, როგორ ნერვიულობდა, რომ თავი დამცირებულად არ მეგრძნო, რადგან ფულს მთავაზობდა.



დათოს ქალიშვილის პოსტი შემხვდა ახლა, ნერვიულობს მამის მდგომარეობის გამო, შავ პიარს უგორებენო. თან ჯანმრთელობის პრობლემებიც ჰქონია თურმე დათოს და გულმა არ მომითმინა, ეს ამბავი არ მეთქვა საჯაროდ. მას მერე აღარ შემხვედრია დათო, არც მისაუბრია, მაგრამ სულ ვფიქრობდი, თუ შემხვდებოდა, კიდევ მომეხადა მისთვის მადლობა მაშინდელისთვის. მინდა იცოდეს, რომ მახსოვს მისი ადამიანობა და არაფერი შემაცვლევინებს მის მიმართ ჩემს დამოკიდებულებას. დათო არის ნამდვილი ადამიანი, გულწრფელი და მართალი.


მე არ ვარ მისი ახლო მეგობარი, რომ ვინმემ მიკერძოებაში ჩამითვალოს მისი ქება. ზუსტადაც უცხოსთან მოვიდა დასახმარებლად, თვითონ რა ჰქონდა, მაგრამ მე მიყოფდა... ეხლაც ცრემლები მომადგა ამ ამბის გახსენებისას.
მთელი გულით ვუხდი დათოს მადლობას, მაშინდელი მხარდაჭერისთვის. ეს გაცილებით მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, ვიდრე მატერიალური დახმარება. გულწრფელი თანაგრძნობა მეტს გეხმარება, ვიდრე ფული, ეს ასეა ნამდვილად. ვუსურვებ დათოს ჯანმრთელად ყოფნას და ბედნიერ საქართველოში ცხოვრებას. მინდა საჯაროდ მივმართო და ვუთხრა: - მაგრად იყავი დათო, შენნაირი ადამიანები ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას და იმ ხალხს, ვინც გაგიმხნევებია მძიმე მომენტში და გვერდში დადგომიხარ. ჩემთვის ადამიანობის მაგალითი ხარ".- წერს თეა აბაშმაძე სოციალურ ქსელში.



0
1500
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1500