x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
გალაკტიონის სიცოცხლის უკანასკნელი დღეები
image


64 წლის წინ, 1959 წლის 17 მარტს პოეტების მეფემ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე..



სიცოცხლის ბოლო წლებში, გალაკტიონის ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა. დიპსომანია, ალკოჰოლური შიმშილი, სპირტიანი სასმელების ბოროტად გამოყენება – გალაკტიონის სამედიცინო გამოკვლევებში, ალკოჰოლთან დაკავშირებული ტერმინები ხშირად მეორდებოდა, 1958-1959 წლებში გალაკტიონი ოთხჯერ მოხვდა კლინიკაში.ბოლოს საავადმყოფოდან პოეტი 5 მარტს გამოწერეს.


1957 წლის 12 მარტს, ანუ თვითმკვლელობამდე სულ 5 დღით ადრე, გალაკტიონი თავის მეგობარ მხატვართან – კორნელი სანაძესთან მივიდა. იგი აღელვებული იყო. ტაბიძემ სანაძეს თავისი პორტრეტის დახატვა კატეგორიულად მოსთხოვა. მან მხატვარს ულტიმატუმიც კი წაუყენა: “ან ახლა დამხატავ, ან ვეღარასოდეს”. სანაძის მიერ შესრულებული გალაკტიონის ჩანახატი პოეტის სიცოცხლეში უკანასკნელი აღმოჩნდა. როგორც ჩანს, ამ დროისთვის პოეტს თვითმკვლელობა უკვე მყარად ჰქონდა გადაწყვეტილი. მან მხოლოდ ერთი რამ არ იცოდა: სად და როგორ მოიყვანდა ჩანაფიქრს სისრულეში.


image


თვითმკვლელობის დღეს, 17 მარტს გალაკტიონი სამკურნალო დაწესებულებაში, ე. წ. ლეჩკომბინატში მისმა ძმისშვილმა ნოდარ ტაბიძემ დილის 10 საათზე მიიყვანა.


ნოდარ ტაბიძე: “ავადმყოფობისა და დეპრესიის გამო, გალაკტიონი ბოლო პერიოდში აგრესიას იჩენდა. მაგრამ 17 მარტის დილას მშვიდად იყო. თითქმის ყველაფერში მეთანხმებოდა. პალტოს ჩაცმისას ვგრძნობდი როგორ უკანკალებდა ხელები. ასეთ დროს მისი საშველი ერთი ჭიქა არაყი იყო, მაგრამ იმ დღეს დალევა არ შეიძლებოდა, რადგან საავადმყოფოში უნდა დაწოლილიყო. გზაში უბრად მივდიოდით, სიტყვაც კი არ დასცდენია.”


ტაბიძე სამკურნალო დაწესებულების ნერვულ განყოფილებაში მოათავსეს. სანამ პოეტს საწოლს გამოუყოფდნენ ორი საათი გავიდა. კომბინატში ყველა პალატა დაკავებული იყო. ყველაზე საუკეთესო – პალატა-ლუქსი თბილისის ცენტრალური უნივერმაღის დირექტორს ეკავა.



პირველ საათზე პოეტისთვის ორადგილიან პალატაში, დამატებით, მესამე საწოლი დადგეს. პალატაში მყოფმა ავადმყოფებმა შევიწროების გამო უკმაყოფილება გამოთქვეს. გალაკტიონმა გამოიცვალა და საავადმყოფოს ხალათი მოირგო. მისი ტანსაცმელი სახლში ძმისშვილმა ნოდარ ტაბიძემ წაიღო. პოეტი სამკურნალო კომბინატის დერეფანში მარტო დარჩა.


ნოდარ ტაბიძე: “წასვლის წინ გალაკტიონი გადამეხვია და მაკოცა. უამრავი დავალება მომცა. ჭავჭავაძის ქუჩაზე, სადაც მბეჭდავთა ბიურო იყო, მბეჭდავისთვის წიგნის ნაწილი უნდა გამომერთმია. შემდეგ გამომცემლობაში უნდა გამეგო როგორ მიდიოდა მისი წიგნის ბეჭვდის საქმე. ბოლოს მთხოვა, მეორე დღეს როცა მივიდოდი, მისთვის ვეფხისტყაოსანი წამომეღო.”


ორ საათზე გალაკტიონი ნერვული განყოფილების გამგის ოთახში პირველად შევიდა. პოეტის სახელზე სავალდებულო ანკეტა გაიხსნა. იგი ტახტზე დააწვინეს და გასინჯვის სტანდარტული პროცედურა ჩაუტარეს. პულსი 84, წნევა 180/80-ზე. ტაბიძეს ჰიპერტონიისა და ათეროსკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს.


17 მარტს გალაკტიონი თავის პალატაში თითქმის არ შესულა. თვითმკვლელობამდე მთელი დრო მან დერეფანში გაატარა, სადაც საავადმყოფოს პერსონალს ესაუბრებოდა და სიგარეტს ეწეოდა. დაახლოებით 4 საათზე ნერვული განყოფილების გამგის ოთახში იგი კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე მორიგე ექიმმა სუსანა არაქელოვამ გასინჯა. 5 საათზე პოეტს თვითმკვლელობის პირველი ცდა ჰქონდა. მან სკამი აიღო და მეოთხე სართულის აივანზე გასვლა სცადა. გალაკტიონი საავადმყოფოს პერსონალმა შეაჩერა. აივანი წვიმისგან სველი იყო და სანიტარმა გარეთ გასვლა არ ურჩია. პაციენტი ტაბიძე მას უსიტყვოდ დაემორჩილა.



ექვსის ნახევარზე გალაკტიონს დერეფანში ნაცნობი მწერალი ვლადიმერ მაჭავარიანი შეხვდა, რომელიც თერაპიულ განყოფილებაში მკურნალობდა. მაჭავარიანმა ლექსების წასაკითხად იგი მესამე სართულზე მიიწვია. პოეტს მიწვევაზე უარი არ უთქვამს. თუმცა, პროცედურები მოიმიზეზა და მოგვიანებით შეხვედრას დაპირდა. ეს გალაკტიონის უკანასკნელი სიტყვები იყო.


17:50 -ზე გალაკტიონი ნერვული განყოფილების გამგის კაბინეტში მესამედ და უკანასკნელად შევიდა. საავადმყოფოს ხალათი საწოლზე დააგდო, სკამი ფანჯარასთან მიიტანა, სკამზე შედგა და ფანჯარა გამოაღო…და ცამეტი ტყვიით ცამეტ თვითმკვლელობაზე მეოცნებემ, ზუსტად 13 მეტრი იფრინა.

მოგვიანებით, ექიმებმა სიკვდილის მიზეზად, ტრავმული შოკი დაასახელეს. ხალათის ჯიბეში მას პაპიროსი რეკორდი, სამი ასანთის კოლოფი, უბის წიგნაკი, ფანქარი და 281 მანეთი უპოვეს.


image

გალაკტიონ ტაბიძის გარდაცვალების ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე ერთ თვეში, 1959 წლის 15 აპრილს, დაიხურა, რისი დამადასტურებელი დოკუმენტი, მინაწერით „მოისპოს“, ინახება საქართველოს ლიტერატურის მუზეუმში. არსად, არც ერთ პერიოდულ გამოცემაში არ დაწერილა, რომ პოეტმა თავი მოიკლა.

2
416
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
416
  
2023, 18 მარტი, 23:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 17 მარტი, 22:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2