x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ცხოველს ეროვნება არა აქვს" - ზვიად გამსახურდიას რომელი ინტერვიუ გააპროტესტა კონსტანტინე გამსახურდიამ?
image

გუშინ გავრცელდა კონსტანტინე გამსახურდიას განცხადება, სადაც პირველი პრეზიდენტის ვაჟი აცხადებს, რომ ვრცელდება ზვიად გამსახურდიას „ფეიკ“ ინტერვიუები, რომლის მიზანია საქართველოს პირველი პრეზიდენტი „რადიკალ-ფანატიკოს და მარგინალ ანტიდასავლელ მოღვაწედ წარმოაჩინონ“.


გთავაზობთ განცხადების შინაარსს:


"ისტერიულად ვრცელდება ფეიკ-ინტერვიუ, რომელიც გროზნოში ფეესბეს მიერ მივლინებულმა პეტერბურგელმა ჟურნალისტებმა შეთხზეს (გაზეთი "ნაროდნაია პრავდა"). ამ ინტერვიუში ზვიად გამსახურდია რაღაც ევრო-ამერიკულ იმპერიალიზმზე საუბრობს და ვითომ ადანაშაულებს საქართველოში მომხდარი ამბების წარმართვაში. პირველად ეს ინტერვიუ 10 წლის წინ გამოჩნდა ქსელში. ინტერვიუში იგრძნობა შევარდნაძის რეჟიმის და მოსკოვის დაკვეთა, ზვიად გამსახურდია წარმოაჩინონ რადიკალ-ფანატიკოს და მარგინალ ანტიდასავლელ მოღვაწედ, რომელიც პრიმიტიული ნაციონალიზმის წვენში იხარშება.



საერთოდ ზვიად გამსახურდიას უცნაური ბედი ხვდა წილად. თავის დროზე ის ადამიანების უფლებებს იცავდა, მაგრამ თავად მისი უფლებები, როგორც ადამიანისა, უკიდურესად დაირღვა. სიმართლის დადგენას ცდილობდა, მაგრამ თავად მისი გამონათქვამები დამახინჯდა ან მიეწერა ისეთები, რომელიც სხვებმა, მისმა ოპონენტებმა თქვეს ან სულაც პროგრამაში ჩაწერეს (როგორც მაგალითად "საქართველო მხოლოდ ქართველებს" და ა.შ.) გაყალბდა თვით მისი ამ წუთისოფლიდან გასვლის რეალური ისტორია. ფეიკ-მაისტერები დღემდე განაგრძობენ მისი ზრახვების, პოლიტიკური ნაბიჯების, მისი რეალური პოლიტიკური კურსის, მისი ბიოგრაფიის გაყალბებას.


როგორ შეიძლებოდა პეტერბურგელი ფეიკ-მაისტერების რუსულ ციხეში დაყენებული მძაღე ინფორმაციული "ბრაგა" სინამდვილე იყოს, როდესაც ძალიან მალე ზვიად გამსახურდია, როგორც დევნილი პრეზიდენტი გროზნოდან ფინეთსა და ავსტრიაში იყო ჩასული, გააკეთა უაღრესად კორექტული და მიზანმიმართული მიმართვები დასავლეთის მთავრობებისადმი, პრესკონფერენციები, გამოსვლები? და მოწვევა დიდი ბრიტანეთიდანაც ხომ მიიღო? ვერ ჩავიდოდა თუ რა, მოსკოვში? სხვა საქმეა, რომ თავად დასავლეთს არ ჰქონდა ჯერაც ერთიანი, ჩამოყალიბებული და თანმიმდევრული პოზიცია სსრკ-ს დაშლასთან და საქართველოში მომხდართან დაკავშირებით. მაგრამ ეს სხვა კაპიტელია. ზვიად გამსახურდიას რაც სწამდა და სინამდვილედ მიაჩნდა, ის ერთჯერადად არ ამბობდა - სხვადასხვა მოდიფიკაციით ვარიაციებში, სულ იმეორებდა, თუ ბეჭდვით მედიაში, თუ ელექტრონულში. ამაზე მეტყველებს მისი ოფიციალური განცხადებების, მიმართვების და ინტერვიუების ხუთტომეული, 1990-1993 წლებისა, რომელიც გამოსცა საქართველოს საპარლამენტო ბიბლიოთეკამ ე. ჯგერენაიას მეცადინებით. იქ ნახავთ ამის ბევრ საპირისპიროს. ბევრს, ერთს არა.


ვინც ასეთ "ინფოებს" ავრცელებს, მისმა პატრონებმა იციან: როგორც კი საქართველო მოწყდება დასავლეთს, იგი მაშინვე დაბრუნდება 1992 -1995 წლების ბანდიტურ კოშმარში, ან შესაძლოა უარესშიც. ამას მოვლენების დღევანდელი დინამიკაც გვიჩვენებს.


გაიგეთ ფეიკ-მაისტერებო, ტროლნო ამა ცხოვრების? ცუდად ხართ ატროლებულები. ნამდვილი ქართული სამოქალაქო საზოგადოება, სახელმწიფოებრივი ცნობიერების მქონე, ერთხელ და სამუდამოდ დაასრულებს თქვენს ბოგინს.


P.S. ახლახანს აუღიათ რაღაც სხვა ინტერვიუ, სადაც პრეზიდენტი ინგლისურად საუბრობს საჭირბოროტო საკითხებზე და თარჯიმანის ხმა ისე დაადეს, რომ არ ისმის, რას ამბობს ინგლისურად, ფარავს ფაქტობრივად. არადა თარჯიმანი პირდაპირ კითხულობს "ნაროდნაია პრავდას" გაყალბებული ინტერვიუდან ადგილებს - ვითომ ამას საუბრობს პრეზიდენტი“, - აცხადებს კონსტანტინე გამსახურდია.


მაინც რა ინტერვიუზეა საუბარი? საქმე იმაშია, რომ ეს ინტერვიუ ჯერ კიდევ 2011 წელს უთარგმნია გაზეთ „განმათავისუფლებლის“ რედაქტორს ლეილა ცომაიას, გაზეთის ორიგინალიდან, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ თავის წინასიტყვაობით:


გაზეთ „Народная правда“ -ში გამოქვეყნებულ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ინტერვიუს გამო სანკტ-პეტერბურგის გაზეთ “Народная правда“-ში 1992 წლის ოქტომბერში დაიბეჭდა ზვიად გამსახურდიასა და ჯოხარ დუდაევის ინტერვიუები. ზვიად გამსახურდიას ინტერვიუ 1992 წლის 6 დეკემბერს თარგმნა და დაბეჭდა იმ დროს, ჯერ კიდევ სოხუმში საომარ მდგომარეობაში გამომავალმა ეროვნულმა გაზეთმა „აღდგომამ“ (N29) მურმან ზაქარაიასა და გიორგი სიჭინავას რედაქტორობით, სავარაუდოდ, თარგმანი უნდა ეკუთვნოდეს ნონა ქობალიას, რისთვისაც პირადად მე მათ ყველას მადლობას ვუხდი. 1992 წლის 6 დეკემბერი, კალენდრის მიხედვით არასამუშაო – კვირა დღეა, რაც მეტყველებს რედაქციის მესვეურთა პატრიოტულ დღის რეჟიმზეც. მაშინ, „აღდგომის“ ეს თავდადებული მუშაკები, ალბათ ვერც იფიქრებდნენ, რომ 18 წლის შემდგომ გამოჩდებოდნენ არაკეთილსინდისიერი, რუსეთუმე პოლიტმაქინატორები, რომლებიც თავისი საჭიროებისამებრ დაჩეხავდნენ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ინტერვიუს და მოახერხებდნენ, თანამედროვე საზოგადოებისათვის ზვიად გამსახურდია რუსეთის მოკავშირე ლიდერად წარედგინათ… პირადად მე დიდი ჯაფა დამჭირდა მომეპოვებინა ამ ინტერვიუს რუსული ორიგინალი, რისთვისაც სანკტ-პეტერბურგში ჩასვლა გახდა საჭირო, რადგან მრავალი წელია ეს გაზეთი და რედაქცია უკვე აღარ ფუნქციონირებს სანკტ-პეტერბურგში და მხლოდ იქაური ცენტრალური ბიბლიოთეკის საშუალებით მოვიპოვეთ. ამასთან დაკავშირებით ვრცელ მასალას კონკრეტული ყალბისმქნელი პიროვნებების დასახელებით გამოვაქვეყნებ ჩემი გაზეთის „განმათავისუფლებლის“ დეკემბრის ნომერში.


ახლა კი ქვემოთ გთავაზობთ ზვიადის ინტერვიუს სრულ ვერსიას გაზეთ “ნაროდნაია პრავდადან”.


ლეილა ცომაია


გაზეთ „განმათავისუფლებლის“ რედაქტორი

***

ინტერვიუ ზვიად გამსახურდიასთამ. “ნაროდნაია პრავდა”, 1992 წელი

ზვიად გამსახურდია:

„ეროვნება არა აქვს ცხოველს…“



როცა სადღაც აფრიკაში ამხობენ მორიგ დიქტატორს, დაახლოებით ბოკასას ტიპისას, კაციჭამიაობაში მხილებულს, დასავლეთის განვითარებული ქვეყნების მთავრობები ამას განიხილავენ, როგორც “ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლების უხეშ დარღვევას” და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჯარებს გზავნიან.


…მაგრამ როცა საქართველოში იარაღის ძალით დაამხეს კანონიერი ხელისუფლება, მსოფლიო საზოგადოებრიობამ ეს ფაქტი შეაფასა, როგორც „ქართველი ხალხის თავისუფალი ნების გამოვლინება“.


იმის გასარკვევად, თუ რით აიხსნება დასავლური დემოკრატიის ესოდენი გულგრილობა სახელმწიფოს კანონიერი ხელისუფლების ბედისადმი, მივმართეთ თავად საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას.


– მთავრობები, რომელთაც თქვენ დემოკრატიულს უწოდებთ, სინამდვილეში კარგა ხანია განუდგნენ დემოკრატიას. დემოკრატია იქცა ცარიელ სიტყვად, რომელსაც თავის ნებაზე ატრიალებენ დასავლეთის მთავრობათა ამა თუ იმ პოლიტიკური ინტერესების შესანიღბავად. როცა ამ მთავრობებს სურთ გააძლიერონ თავიანთი გავლენა და სამხედრო ყოფნა რომელიმე რეგიონში, თავდაპირველად ცდილობენ მოისყიდონ ამ ქვეყნის ხელისფლება და თუ წინააღმდეგობას წააწყდნენ, უბრალოდ, ამხობენ მას. ასეთ შემთხვევაში მათთვის არა აქვს მნიშვნელობა დამხობილი რეჟიმის ხასიათს: დემოკრატიულია იგი, თუ ავტორიტარული. ეს მტაცებლური მიდგომა სხვა ქვეყნებისადმი დღეს საბოლოოდ დამკვიდრდა ნატოს სახელმწიფოებში.


აღსანიშნავია, რომ დასავლეთის ყველაზე მძლავრი სახელმწიფოები უკვე აღარც კი ცდილობენ შენიღბონ თავიანთი ზრახვები და აშკარად და ცინიკურად თრგუნავენ სხვა ხალხთა ნებას. სწორედ, ეს მოხდა საქართველოში.


ბატონო პრეზიდენტო, რას წარმოადგენენ ეს მსოფლიო ძალები, ესოდენ თავისუფლად რომ ერევიან უცხო სახელმწიფოთა საშინაო საქმეებში?


– კაცობრიობის მტრებს – ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით: ისინი მიზნად ისახავენ ყველა სხვა ხალხის გენოციდს; პლანეტის მთელი მოსახლეობის ერთი განსაზღვრული ჯგუფის გამოკლებით. ეს ჯგუფი მჭიდროდ არის დაკავშირებული შეერთებულ შტატებსა და ევროპასთან და მთელი ძალით მიილტვის მსოფლიო ბატონობისაკენ. ზოგადად, მე მას ევროამერიკულ იმპერიალიზმს ვუწოდებდი. მთავარ დამკვრელ ძალას მასში წარმოადგენს აშშ. შეიძლება ითქვას, სახელმწიფო გადატრიალება საქართველოში იმართებოდა ოკეანის გაღმიდან. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯ. ბეიკერის პირადი მონაწილეობით და ბუშის ლოცვა-კურთხევით.


ბეიკერმა პირდაპირ მოუწოდა პუტჩისკენ საქართველოს ბანდიტურ-ოპოზიციურ დაჯგუფებებს (ამერიკაში ჩინებულად იცოდნენ, რომ ოპოზიცია საქართველოში კრიმინალური მაფიისა და ყოფილი პარტოკრატებისაგან შედგებოდა). ბეიკერმა მკაფიოდ მიანიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ უჭერდა მხარს საქართველოში არსებულ რეჟიმს და არაფრით დაეხმარებოდა მას. სცენარი გადატრიალებისა, რომელიც აშშ-მ მოაწყო საქართველოში, ადრე არაერთგზის გამოუყენებია ამ ქვეყანას პლანეტის სხვა რეგიონებში.


– რით ვერ დაიმსახურა თქვენმა ხელისუფლებამ დასავლეთის კეთილგანწყობა?


– ჩვენ მივესწრაფვოდით დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას, არ დავემორჩილეთ დასავლური სახელმწიფოების დიქტატს, არ ვიქეცით მათი ინტერესების მსახურად, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ არ დავუშვით, რომ საქართველო დასავლეთის კოლონიად ქცეულიყო.


დასავლეთს კი მხოლოდ ისეთი ხელისუფლება აძლევდა ხელს, რომელიც უსიტყვოდ აღასრულებდა მის ნებას. ეს იქცა ერთ-ერთ მიზეზად სამხედრო გადატრიალებისა და ხელისუფლებაში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (ცრუ) აგენტისა და ევროამერიკული იმპერიალიზმის პირდაპირი აგენტის ე. შევარდნაძის მოსვლისა.


მაგრამ დასავლეთის წყრომას ჩვენს მიმართ კიდევ ერთი მიზეზი ჰქონდა. სახელმწიფოს სათავეში მოსულნი, ჩვენ ვესწრაფვოდით ეროვნული კულტურის აღორძინებას, ხალხის შეკავშირებას ეროვნული სულისკვეთებით, რათა მას მთელი სიღრმით გაეცნობიერებინა, რომ გაცილებით ძველი ისტორია აქვს, ვიდრე ბევრ ევროპელ ხალხს… ჩვენი პოლიტიკის ეს ეროვნული ორიენტაცია არ იწვევდა სწორედ საერთოევროპული სახლის მესვეურთა აღტაცებას, რადგან ოფიციალური დასავლეთი (მხედველობაში მაქვს ხელისუფლებანი და არა ხალხები) ებრძვის ყოველგვარ ეროვნულ მოძრაობას. მათი მიზანია, გაანადგურონ ერის ნება საერთოდ და შექმნან ერთიანი მსოფლიო კონგლომერატი, სათავეში-მსოფლიო ხელისუფლებით. ამ მსოფლიო მთავრობამ უნდა განაგოს ქვეყნიერება და დაამყაროს ე.წ. ახალი მსოფლიო წესრიგი. ახალი მსოფლიოს წესრიგის არსია: განადგურება ყველა სახელმწიფოს (ქრისტიანული იქნება ის თუ მუსულმანური, რელიგიას ისინი არ ანიჭებენ მნიშვნელობას) დამოუკიდებლობისა, გენოციდი ამ ქვეყნების მოსახლეობისა და საბოლოო დამორჩილება მთელი პლანეტისა.


ძალები, რომელთაც ეკისრება მსოფლიო ხელისუფლების ბატონობის შემზადება, სხვა ქვეყნებს განიხილავენ მხოლოდ რესურსების თვალსაზრისით. მათი მიზანია, ეს ქვეყნები თავიანთი ხალხებით, მთავრობებით, კულტურებითურთ აქციონ უბრალოდ ტერიტორიებად, სადაც მოსახლეობას დატოვებენ მხოლოდ მსოფლიო ელიტისათვის საჭირო რაოდენობით. ამასთან, სრულიად დემორალიზებულს, მზადმყოფს მისი ინტერესების სამსახურისადმი.


ამ ზრახვათა განხორციელებას მხოლოდ ხალხთა ეროვნული თვითშეგნება და ეროვნული სახელმწიფოების შექმნა შეიძლება აღუდგეს წინ. ამიტომ ებრძვის დასავლეთი ეროვნულ მოძრაობებს, ამიტომ ცდილობს ეთნიკური კონფლიქტების გაჩაღებას და ომების პროვოცირებას. მაგალითად, იუგოსლავიაში მიმდინარე ომი მათი ნამოქმედარია. ეს შემთხვევით სტიქიურად აალებული კონფლიქტი კი არ არის, არამედ მიზანმიმართულად გაჩაღებული ომი, რომელშიც უნდა დაიფერფლოს ეროვნული იდეის მატარებელი ხალხები.


დღეს დასავლეთს იუგოსლავიის მოდელი დასავლეთიდან გადააქვს კავკასიაში, ხელოვნურად მწვავდება ეროვნებათაშორისი დაძაბულობა. შემდგომში ხან აქ, ხან იქ აფეთქებული ლოკალური კონფლიქტები დასავლეთს მისცემენ საბაბს პირდაპირი სამხედრო ჩარევისათვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ძალთა სახით. სულ ახლახან გაკეთდა განცხადება, რომ ნატო ქმნის სწრაფი რეაგირების ძალებს, ასი ათასი კაცის შემადგენლობით, რომელიც ჩაერევა მსოფლიოს ნებისმიერ რეგიონში მიმდინარე მოვლენებში. ფრიად საყურადღებოა, რომ ამასთან დაკავშირებით მოხსენებულ იქნა კავკასია და იუგოსლავია.


ასეთია არსი ახალი მსოფლიო წესრიგისა და დასავლეთის პოლიტიკის, რომელიც მიმარტულია მსოფლიოს ყველა ხალხის თვითმყოფადობისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ.


– ბატონო პრეზიდენტო, თქვენ განზრახული გქონდათ ისეთი სახლემწიფოს აშენება საქართველოში, რომელიც ორიენტირებული იქნებოდა ეროვნული ინტერესებისაკენ. რა მიგაჩნიათ უმთავრეს პირობად ეროვნული სახელმწიფოს აშენებისათვის?


– პირველ რიგში, აუცილებელია შემუშავება ისეთი მექანიზმისა, რომელიც უზრუნველჰყოფს ქვეყანაში მოსახლე ყველა ეროვნების ურთიერთთანხმობის მიღწევას, ეროვნულ უმცირესობათა უფლების განუხრელ დაცვას.


ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ შინაგანი სტაბილურობის მიღწევა შეუძლებელია ძალადობისა და ეროვნულ უმცირესობათა დათრგუნვის გზით. აუცილებელია გადასვლა ერთ სახელმწიფოში ეროვნებათა თანაარსებობის ისეთ ფორმაზე, რომელიც ხელსაყრელი იქნება ყველასათვის, როგორც ეკონომიკის სფეროში, ისე ეროვნული კულტურის შენარჩუნების უსაფრთხოების თვალსაზრისით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიო კოსმოპოლიტური ძალები, რომლებზედაც ვლაპარაკობთ, უსათუოდ შეეცდებიან რომელიმე ეროვნების უკმაყოფილება გამოიყენონ სახელმწიფოს დარღვევისათვის. ეს მათი ნაცადი და ქმედითი ხერხია. თვითგამორკვევის პრინციპი რასაკვირველია, არ უნდა დავიდეს აბსურდამდე; მაგალითად, თუ დღეს რუსეთში ვოლგისპირელმა გერმანელებმა გერმანული სახელმწიფოს შექმნა მოინდომეს, ეს ყოვლად დაუშვებელ მოთხოვნად უნდა შეფასდეს.


– რატომ ქმნიდით მაინც და მაინც ეროვნულ სახელმწიფოს? საერთოდ, რაში სჭირდება ადამიანს ეროვნება, თქვენი თვალსაზრისით?


– სწორედ, ეროვნული თვითშეგნება აქცევს ადამიანს ადამიანად. ეროვნება არა აქვს ცხოველს, სარწმუნოება და ეროვნება ის ძირითადი თვისებებია, რომელნიც ადამიანს სხვა სულიერისაგან განასხვავებენ და მისთვის ამ განმასხვავებელი თვისებების წართმევა უმძიმესი დანაშაულია ადამიანის წინაშე, დასაწყისი მისი, როგორც პიროვნების, დეგრადაციისა. დენაციონალიზაცია წინაპართა და წარსულის უარყოფა, ადამიანის სრული მოკვეთაა ეროვნული ფესვებისაგან. კაცი ადამიანურ არსს მხოლოდ თავისი ეროვნული კულტურის წიაღში ინარჩუნებს, ამიტომ ადამიანის კულტურა განუყრელად არის დაკავშირებული მის ეროვნებასთან; იგი მშობლიური კულტურის მეშვეობით ეზიარება მსოფლიო ცივილიზაციას. ამდენად დენაციონალიზაცია ადამიანისა და დენაციონალიზაცია ქვეყნისა წყვეტენ მათ კავშირებს დანარჩენ სამყაროსთან და დაუცველს ტოვებენ მსოფლიო მასშტაბით ორგანიზებული კოსმოპოლიტური ძალების წინაშე.


– რა ძალები აღუდგნენ ეროვნული სახელმწიფოს შექმნას თვით საქართველოში?


– საქართველოში ინტელიგენციის გარკვეულ ნაწილს ნომენკლატურულს უწოდებენ. კულტურის ეს მოღვაწენი დიდი პრივილეგიებით სარგებლობდნენ საბჭოურ წლებში და ახლაც ახალ პრივილეგიებს გამოდევნებულები მზად არიან ზურგი აქციონ მშრომელი ხალხის ინტერესებს. ამჯერად ისინი ე. შევარდნაძის გარშემო დაირაზმნენ.


იგივე ნაწილი ინტელიგენციისა ძალზედ მჭიდროდაა დაკავშირებული ჩრდილოვანი ეკონომიკის სამყაროსთან, მაფიასთან. არსებითად, ჩვენთან, საქართველოში, მათ შორის არც არის რაიმე განსხვავება. ისინი ისე განუყრელად შეზრდიან ერთმანეთს, რომ ერთ პიროვნებაში ხშირად შერწყმულია ინტელიგენტიც და დანაშაულებრივი სამყაროს ავტორიტეტიც.საზოგადოების ამ ფენის ერთობ მკაფიო წარმომადგენელია ჯაბა იოსელიანი, მისი ყაიდის ადამიანები, შეიძლება ითქვას, ახალი ჰიბრიდებია ჩვენი დროისა. საქართველოში, საბჭოთა ხელისუფლების წლებში წარმოიქმნა მთელი კლასი ასეთი ჰიბრიდებისა.. სწორედ, ისინი ჩაუდგნენ სათავეში და განახორციელეს გადატრიალება.


ერთნი საქართველოში მომხდარს ახასიათებენ, როგორც “ბურჟუაზიულ რევოლუციას”, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს; საქართველოში არ არსებობს ბურჟუაზია, არის მხოლოდ მაფია და საქართველოში სწორედ “მაფიოზური რევოლუცია” მოხდა.


– რით აიხსნება დასავლეთის ესოდენ გაზრდილი ინტერესი კავკასიის მიმართ?


– ეს რეგიონი ძალზედ მნიშვნელოვანია გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, კავკასიის მფლობელი ფლობს ახლოაღმოსავლეთსაც და აზიასაც. ეს, სხვათაშორის, მუდამ ესმოდათ დასავლეთის ქვეყნებს, რის გამოც ბრძოლა კავკასიისათვის უძველესი დროიდან მიმდინარეობდა მათსა და რუსეთს შორის.


წმინდა სამხედრო თვალსაზრისით კავკასია წარმოადგენს ხიდს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, რომელიც მეტად აუცილებელია ორივე მხარისათვის.


რუსეთიც კავკასიას ოდითგანვე განიხილავდა, როგორც მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ პლაცდარმს, მაგრამ რუსეთი დღეს სუსტდება და ამიტომ დასავლეთი მიისწრაფვის ხელიდან გამოსტაცოს მას ინიციატივა, თავისი გავლენა გაავრცელოს ამ რეგიონში და ბოლოს და ბოლოს მოახდინოს მისი ოკუპაცია. მაგრამ ეს შეუძლებელია კავკასიის სრული “ბალკანიზაციის” გარეშე. სწორედ ამ გეგმის ხორცშესხმისათვის – კავკასიის მეორე ლიბანად გადაქცევისათვის არის გამოგზავნილი შევარდნაძე. მან, მაგალითად, ამასწინათ პირდაპირ მოუწოდა ნატოს ჩაერთოს კავკასიის საქმეში.


– როგორ აფასებთ რუსეთის დღევანდელ ხელისუფლებას და მის პოლიტიკას კავკასიაში?


– ხელისუფლება, რომელიც ღალატობს საკუთარ ხალხს, ვერ იქნება სხვა ხალხთა მოყვარე.


…რუსეთის პოლიტიკა დიდ ზიანს აყენებს არა მხოლოდ კავკასიის ხალხებს, არამედ თავად რუსეთის სამომავლო ინტერესებსაც. ასე მაგალითად, ელცინის ხელისუფლება არ სცნობს ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკების დამოუკიდებლობას. იგი ვერ ამჩნევს, რომ ამით ამწვავებს ანტირუსულ განწყობილებას რეგიონში. ამ დროს კი საკმარისია, რუსეთმა სცნოს მთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობა, რომ მათი სახით მყისვე შეიძენს ყველაზე ერთგულ მეგობრებს, რადგან აქ მკაფიოდ განასხვავებენ ელცინსა და რუსეთის სახელმწიფოს, და პირველისადმი აშკარად არაკეთილგანწყობის საპირისპიროდ გარკვეულ მისწრაფებას განიცდიან რუსეთისადმი, როგორც მფარველისადმი დასავლური ექსპანსიისაგან.


– ბატონო პრეზიდენტო, თავად თქვენ როგორ ეკიდებით რუსეთს?


– ძალიან კარგად. ვიმედოვნებ, არც თქვენ აიგივებთ ელცინსა და რუსეთს! მმართველები მოდიან და მიდიან, ქვეყანა კი რჩება. მე მიმაჩნია, რომ როლი, რომელსაც დღეს რუსეთი ასრულებს კავკასიაში, არ შეესაბამება მისსავე ინტერესებს და ოკეანის გაღმიდან აქვს თავსმოხვეული.


ჩემთვის არ არის უცხო პრორუსული განწყობა. მე მუდამ მივესწრაფვოდი მჭიდრო კავშირს რუსეთთან და ვოცნებობდი, საქართველოს ჰყოლოდა ბუნებრივი მოკავშირე ამ თავისი დიდი აღმოსავლელი მეზობლის სახით, მაგრამ ეს არ აძლევდა ხელს დასავლურ სამყაროს და მის მორჩილ ხელისუფლებას რუსეთისა. ისინი განაგრძობენ ეთნიური კონფლიქტების გაჩაღებას კავკასიაში. შედეგად, ჩვენ ვდგავართ ამ კონფლიქტების დიდ ომში გადაზრდის სავსებით რეალური საფრთხის წინაშე.


მე იმედი მაქვს კონფლიქტებში ჩათრეული ხალხების; პირველ რიგში, რუსი ხალხის საღი აზრისა და გონიერებისა. ვიმედოვნებ, იგი შეიგნებს, თუ ვინ და რა ინტერესების კარნახით უბიძგებს რუს ჯარისკაცებს ახალი კავკასიური ომის უფსკრულისაკენ. ამ ომში ვერც ერთი მხარე ვერ იქნება გამარჯვებული. მხოლოდ დასავლეთი მოითბობს ხელს ახალი ომის ალზე.მე მწამს ხალხთა სიბრძნისა. ეს არის უკანასკნელი, რამაც უნდა გვიხსნას კატასტროფისაგან.


“ნაროდნაია პრავდა”
1992 წელი

image


4
428
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
428
  
2023, 18 მარტი, 22:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 17 მარტი, 22:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 16 მარტი, 21:35
https://www.youtube.com/watch?v=XYRuU0rmEKg
2023, 16 მარტი, 16:39
რავი სხვა ერები სტუმრები ხართო და ნება იბოძეთ და სტუმრებივით მოიქეცითო ვიდეოა ჩაწერილი და მონტაჟია ვითომ?
0 1 4